მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

27. ძღვნის კურთხევისა და მადლიერების შესახებ, რომელიც მას წინ უძღვის

 

რაღა რჩება მას, ვინც ამგვარად კარგად და წმიდად არის განწყობილი, თუ არა მადლიერებით მიმართოს ყოველი სიკეთის მომნიჭებელ უფალს? ამრიგად, პირველი მღვდლის მიბაძვით, რომელმაც ზიარების საიდუმლოს შეტყობინებამდე ღმერთსა და მამას მადლობა შესწირა (ლუკ. 22:17), მღვდელმსახური წმიდა ძღვნის კურთხევის აღსასრულებელი ლოცვების წინ ღმერთისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მამის მიმართ მადლობას შესწირავს: "ვმადლობდეთ უფალსა". და როდესაც ყველანი დათანხმდებიან და გალობენ: "ღირს არს და მართალ", - ის ღმერთს მადლობას თავადაც შესწირავს; მას შემდეგ, რაც აღამაღლებს მას, ქებას შეასხამს მასა და მის ანგელოზებს, გამოთქვამს მადლიერებას ყოველი სიკეთისთვის, რომელიც უფალმა დასაბამიდან მოგვანიჭა, დასასრულს კი, გამოთქვამს რა ჩვენდამი მაცხოვრის გამოუთქმელი და მუდმივი მზრუნველობის შესახებ, ღვთისმსახური პატიოსან ძღვენს აკურთხებს და მთელ მსხვერპლს აღასრულებს. როგორ? აუწყებს იმ საშინელი სერობის შესახებ, ისევე, როგორც მაცხოვარმა ვნების წინ თავის წმიდა მოწაფეებს ასწავლა: როგორ აიღო სასმისი, როგორ მიიღო პური და შესწირა რა მადლიერება, აკურთხა და გამოთქვა ის სიტყვები, რომლითაც აჩვენა, რომ ეს საიდუმლოა. სწორედ ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მღვდელმსახური მიწამდე იხრება, ლოცულობს და ითხოვს, წინამდებარე ძღვნისთვის უფლის მხოლოდშობილი ძის, ჩვენი მხსნელის, ღვთაებრივ გამონათქვამებს იყენებს, რათა ყოვლადწმიდა და ყოვლისშემძლე ღვთის სული გადმოვიდეს მათზე, გარდასახოს პური თავად ქრისტეს პატიოსან და წმიდა ხორცად, ხოლო ღვინო - მის პატიოსან და წმიდა სისხლად.

ამ სიტყვების შემდეგ მღვდელმსახურება დამთავრებული და დასრულებულია; ძღვენი კურთხეულია, მსხვერპლი განმზადებულია, სამყაროს ცოდვებიათვის დაკლული დიადი და წმიდა ტარიგი თვალსაჩინოდ დევს წმიდა ტრაპეზზე. ქრისტეს სხეული პური უკვე აღარ არის მხოლოდ ჭეშმარიტი ძღვნის სახე, იგი არა მხოლოდ რაღაც გამოსახულებაა გამომხსნელი ვნებებისა, როგორც სურათზე, არამედ თავად ჭეშმარიტი ძღვენია, თავად ყოვლადწმიდა მეუფის ხორცია, რომელმაც ჭეშმარიტად მიიღო ყოველი ყვედრება, ცემა, ჭრილობები, ნერწყვა და ნაღველის გემო - ჯვარცმული, ფერდგანგმირული, "რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე კეთილი იგი აღსარებაი" (1ტიმ. 6:13). მსგავსად ამისა, ღვინოც სწორედ განგმირული სხეულიდან გადმოსული სისხლია. ეს ის ხორცი და ის სისხლია, რომელიც სულიწმიდით ერთ, წმიდა ქალწულისგან შობილ, დაფლულ, მესამე დღეს აღდგომილ, ზეცად ამაღლებულ და მამის მარჯვნივ მჯდომარე სხეულთან არის შეერთებული.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი