რა არის ამის სისწორის თავმდები?
მაცხოვარმა თავად ბრძანა: ეს არის ხორცი ჩემი, ეს არის სისხლი ჩემი; თავად მოუწოდა მოციქულებს, მათი საშუალებით კი მთელ ეკლესიას ამის აღსრულებისკენ. "ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა" (ლუკ. 22,19). მაგრამ არ მოგვიწოდებდა ამის აღსრულებას, თუკი არ მოისურვებდა ჩვენთვის ამის აღსასრულებლად ძალების მონიჭებას. რა ძალაა ეს? ეს არის სულიწმიდა - ძალა, რომელმაც ზევიდან აამხედრა მოციქულები, იმის თანახმად, რაც უფალმა გამოუცხადა მათ: "ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალიმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით" (ლუკ. 24:49). ეს არის იმ გარდამოსვლის საქმე: რადგან ერთხელ გადმოსულს, მას არ დავუტოვებივართ, არამედ ჩვენთან სუფევს და ყოველთვის ჩვენთან დარჩება. სწორედ ამისთვის მოავლინა იგი მაცხოვარმა, დაე, ჩვენთან იყოს უკუნისამდე "სული იგი ჭეშმარიტებისაი, რომელი სოფელსა ვერ ხელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს" (იოან. 14:17). სწორედ ის აღასრულებს მღვდელმსახურის ხელებითა და ბაგეებით საიდუმლოებებს.
უფალმა მხოლოდ სულიწმიდა კი არ მოგვივლინა, არამედ თავადაც აღგვითქვა ჩვენთან საუკუნოდ ყოფნა (მათ. 28:20). მაგრამ ნუგეშინისმცემელი ჩვენთან უხილავად იმყოფება, რადგან სხეულს არ დაატარებს; ხოლო უფალი განიჭვრიტება კიდეც და წმიდა და საშინელ საიდუმლოებებში თავის დანახვის ნებასაც გვაძლევს, რადგან ჩვენი ბუნება მიიღო და უკუნისამდე ატარებს.
ამგვარია განმწმენდელი ძალა, ამგვარია მღვდელი: ერთხელ მიძღვნილს და მსხვერპლად შეწირულს, კურთხევა არ შეუწყვეტია, არამედ ის ჩვენთვის ამ მსახურებას უწყვეტად აღასრულებს და ამიტომ ღმერთის წინაშე მუდმივ შუამდგომლად რჩება, რის გამოც ნათქვამია: "შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა" (ფს. 109:4).
ამიტომაც მორწმუნეებს ძღვნის კურთხევასა და სხვა საიდუმლოებების მიმართ ეჭვი არ აქვთ, თუმცა ისინი მღვდელმსახურის მხრიდან მიძღვნითა და ლოცვებით აღესრულება.