მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

26. რწმენის აღმსარებლობის შესახებ, იმის შესახებ, ამის შემდეგ რას შეაგონებს მორწმუნეებს ღვთისმსახური, ასევე რის შესახებ ლოცულობს იგი და რას პასუხობენ ისინი

 

შემდეგ ღვთისმსახური ყველას მოუწოდებს გამოაცხადონ, რა იციან ღმერთის შესახებ და რა სწამთ - გამოაცხადონ ჭეშმარიტი სიბრძნე, რომლის შესახებაც საუბრობს მოციქული: "ხოლო სიბრძნესა ვიტყვით სრულთა მათ მიმართ; ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა" (1 კორ. 2:6), რომელიც ვერ იცნა სოფელმა, ანუ ამ სოფლის ბრძენებმა, რომელთაც გრძნობისმიერ შეცნობაზე მეტი და უმაღლესი არაფერი იცოდნენ და უკეთესი შეცნობის რაობა საერთოდ არ სწამდათ. მოგვიწოდებს, რომ ამ სიბრძნეს გავუხსნათ ყველა კარი - ჩვენი ბაგეები და ყურები. ბრძანებს: "სიბრძნით მოხედეთ".

შეუნელებლივ წარმოთქვით იგი, მოისმინეთ და ეს სიზარმაცით კი არა, გულმოდგინებითა და საკუთარ თავზე დაკვირვებით მოიმოქმედეთ - და ისინი მთელ მრწამსს - რწმენის სიმბოლოს წარმოთქვამენ. შემდეგ მღვდელმსახური ამბობს: "ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით". ამის აღმსარებლობისას ნუ შეგვაცბუნებს ერეტიკოსთა ლაქლაქი; ვიდგეთ შიშით, რადგან დიდი საფრთხე ემუქრება მათ, ვინც სულს ამ რწმენასთან დაკავშირებული რაიმე ეჭვით კვებავს. ამრიგად, მტკიცედ ვიდგეთ რწმენაში, - ამბობს იგი, - დაე, ღმერთისადმი ძღვნის შეწირვა გონივრულად აღვასრულოთ. რას ნიშნავს გონივრულად? მშვიდობით, - ამბობს, - წმიდა ამაღლება მშვიდობით შევწიროთ. გახსოვდეთ უფლის სიტყვა: "უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ, ვითარმედ ძმაი შენი გულძვირ რაიმე არს შენთვის, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა, და მაშინ მოვედ და შესწირე შესაწირავი შენი" (მათ. 5:23,24). მორწმუნეები კი პასუხობენ: არა მარტო მშვიდობით, არამედ ძღვნის წილ თავად მშვიდობას და სხვა მსხვერპლს შევწირავთ; მშვიდობას მას შევწირავთ, ვინც თქვა, რომ: "წყალობაი მნებავს და არა მსხუერპლი" (ოს. 6:6). ხოლო წყალობა მტკიცე და წმიდა მშვიდობის ნაყოფია, რადგან როდესაც სულს არავითარი ვნება არ აღაშფოთებს, მაშინ მას ხელს არაფერი უშლის, წყალობით აივსოს. და არა მხოლოდ წყალობა, არამედ "მსხვერპლი ქებისა" (ფს. 49:14).

როდესაც ისინი ამას იტყვიან, მღვდელმსახური იმას გამოითხოვს, რაც ყველაზე მეტად ღვთაებრივია და მნიშვნელოვანი: "მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა". ხოლო მორწმუნენი იმავეს მღვდელმსახურისთვის გამოითხოვენ, ერთმანეთისთვის ლოცვით მოწოდების მცნების მიხედვით (იაკ. 5:16), მას პასუხობენ: "სულისა შენისა თანა".

ეს ლოცვა ნეტარი პავლეს წერილიდან არის აღებული (2 კორ. 13:13). ის წმიდა სამებისაგან წყალობას გამოითხოვს ჩვენთვის, "ყოველივე მოცემული კეთილი ზეგარდამო არს გარდამოსულ" (იაკ. 1:17); ხოლო წყალობა თითოეული ნეტარი ჰიპოსტასიდან განსაკუთრებული სახელით სახელდება: ძისაგან - მადლი, მამისაგან - სიყვარული, სულისაგან - ზიარება. ვინაიდან ჩვენ ჩვენი არაფერი მიგვიტანია, არამედ განსჯასაც კი დავექვემდებარეთ, ძე თავად იქცა ჩვენს მხსნელად, "რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთვის მოკუდა" (რომ. 5:8), ამიტომ მისგან ჩვენი მოხედვა მადლია. რაკი მამა ძის ვნების მეშვეობით კაცობრიობას შეურიგდა და მტრები შეიყვარა, ამიტომ მისი ჩვენდამი სიკეთე სიყვარულად იწოდება (ეფ. 2:4), ხოლო რადგან მეგობრებად ქცეულ მტრებს შეშვენოდათ ღვთაებრივ სიკეთეთა წყალობის მონაწილედ გახდომა, ამიტომ ამას მოციქულებზე გარდამოსული სულიწმიდა აღასრულებს, ამიტომაა, რომ ხალხზე მისი მადლი ზიარებად იწოდება.

მაგრამ შეიძლება ვინმემ თქვას: ყოველი ეს სიკეთე მაცხოვრის მოსვლით უკვე მოცემული გვაქვს, ამიტომ რაღა საჭიროა, იმაზე ვილოცოთ, რაც უკვე მონიჭებული გვაქვს? პასუხი თვალსაჩინოა - კერძოდ, რადგან ეს მადლი მივიღეთ, არ დავკარგოთ, არამედ ამ მონიჭებული მადლით უკუნისამდე ვისარგებლოთ. ამიტომაც არ თქვა: დაე, ყველა თქვენგანს მოგეცეთ, რადგან უკვე მოცემულია, არამედ: "იყავნ თქვენ ყოველთა თანა". დაე, ნუ განგეშორებათ მოცემული მადლი.

ამგვარი ლოცვის ღირსი გახადა რა მორწმუნეები და ამგვარად მათი სულები აღამაღლა რა მიწიდან, მღვდელმსახური მათ გულისწადილს აღამაღლებს და ამბობს: "ზეგვაქვდინ გულნი"; "ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა" (კოლ. 3:2); ხოლო მორწმუნენი, ეთანხმებიან რა ამას, პასუხობენ, რომ მათი გულები იქ არის, სადაც ჩვენი საუნჯეა, "სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე" (კოლ. 3:1) - "გუაქვს უფლისა მიმართ".

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი