მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

25. იმის შესახებ, რაც ძღვნის შებრძანებისას აღესრულება, ლოცვებისა და მღვდელმსახურის მიერ ხალხის დარიგების შესახებ

 

მღვდელმსახური ძღვენს ტრაპეზზე დააბრძანებს, ხოლო თავად, რადგან უკვე საიდუმლო მსახურებას უნდა შეუდგეს და საშინელი მსხვერპლის შეხებას განიზრახავს, კეთილ განწყობილებას იქმნის, ლოცვებით იწმინდება და მღვდელმსახურებისთვის ემზადება. და მხოლოდ თვითონ კი არა, მრევლსაც განაწყობს ამ მადლისთვის ლოცვით, ურთიერთსიყვარულითა და რწმენის აღმსარებლობით. სწორედ ამაში მდგომარეობს უფლისგან მცნებად მოცემული მომზადება, როდესაც გვითხრა: "ამისთვის თქუენცა იყვენით განმზადებულ" (მათ. 24:44), ვინაიდან აქ რწმენაც არის და საქმეც; რწმენა აღმსარებლობით გამოჩნდება, საქმე - სიყვარულის მეშვეობით, რომელიც ყოველგვარი კეთილი საქმის დასასრული და ყოველგვარი სათნოების გვირგვინია.

მაგრამ ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით. თავიდან მღვდელმსახური დამსწრე მორწმუნეებს მოუწოდებს, ილოცონ იმისთვის, რაც ამ დროს აუცილებელია: "წინადაგებულთა ძღვენთათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ", - ამბობს იგი. უფლის მიმართ წინადაგებულისთვის ვილოცოთ, რათა ძღვენი იკურთხოს და დასაწყისში შეთავაზებული დასასრულამდე იქნეს მიყვანილი. ამ ლოცვის შემდეგ იგი სხვა რამესაც გვთავაზობს, რისთვისაც ღვთისადმი ლოცვა გვმართებს და საბოლოოდ მოგვიწოდებს, უფალს საკუთარი თავიც, ერთმანეთიც და მთელი სიცოცხლეც მივუძღვნათ. ღმერთისადმი გულში აღვლენილი ლოცვის დასასრულს კი, ჩვეულებისამებრ, ყველას გასაგონად წარმოთქვამს და აღამაღლებს უფალს და ხალხს ასამაღლებლით მიიახლებს, ურთიერთის მშვიდობისთვის ლოცულობს და ყველას ამისკენ მოუწოდებს. ვინაიდან სიტყვებს "მშვიდობა ყოველთა" ამატებს: "ვიყვარებოდეთ ურთიერთას". ხოლო რადგან ერთმანეთისთვის ლოცვა მოციქულთა მცნებაა (იაკ. 5:16), ამიტომ ხალხი ლოცულობს მისთვის იმავე სიმშვიდის მონიჭებისთვის სიტყვებით: "სულისა შენისათანა". ვინაიდან ერთმანეთის სიყვარულს ღვთის სიყვარული მოსდევს, ხოლო ღვთის სიყვარულს ღვთისადმი სრულყოფილი და ცოცხალი რწმენა ერთვის, ამიტომ სიყვარულისკენ მოწოდების შემდეგ მღვდელმსახური უმალვე რწმენის აღმსარებლობაზე საუბრობს: "რათა ერთობით აღვიარებდეთ", - და მორწმუნეები წმიდა სამებას მოუხმობენ, რომელიც ღმერთად უნდა ვაღიაროთ.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი