მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

24. პატიოსანი ძღვნის საკურთხეველში შებრძანება

 

შემდეგ ღვთისმსახური ხმამაღლა წარმოთქვამს ასამაღლებელს და მიემართება ძღვნისკენ, მოწიწებით აღმართავს თავამდე და გამოდის. ამგვარად შეაბრძანებს მას საკურთხეველში და საგანგებოდ მშვიდად და აუჩქარებლად მიდის ტაძარში. თავად მორწმუნეები კი გალობენ და სრული თავმდაბლობითა და კრძალულებით მის წინაშე მოიდრიკებიან, ითხოვენ, ძღვნის აღმართვისას მოიხსენიოს ისინი. ხოლო ის მნათეებისა და საცეცხლურის წამძღვარებით მიდის და ამგვარი წესით შედის საკურთხეველში.

ეს საჭიროების გამო აღესრულება, რადგან საჭიროა სამსხვერპლოდ მიძღვნილი ძღვნის საკურთხეველში შებრძანება და დადება. ამასთან, ეს უდიდესი კრძალულებითა და კეთილწესიერებით უნდა შესრულდეს. ასევე მეფენი, როდესაც ღვთისადმი ძღვნის მირთმევას მოისურვებენ, ამ საქმეს სხვებს კი არ ანდობენ, არამედ თვითონ მიაქვთ და შეაქვთ, ადგათ რა თავზე გვირგვინი.

ეს შეიძლება აღნიშნავდეს ქრისტეს უკანასკნელ მოვლინებასაც, რომლითაც განსაკუთრებით აღენთო ებრაელთა სიძულვილი, და მაცხოვრის სამშობლოდან იერუსალიმში შესვლასაც, სადაც მას თავი ძღვნად უნდა მიერთმია, და ხალხის საქებარი შეძახილების თანხლებით მის ქალაქში შესვლასაც (მათ. 21:7-11).

ამ დროს ღვთისმსახურს ფეხქვეშ უნდა გავეგოთ თხოვნით, რათა ლოცვებში მოგვიხსენიოს, რადგან არ არსებობს სხვა ხერხი თხოვნისა, რომელსაც ესოდენ დიადი ძალა ჰქონდეს და იმდენად მტკიცე იმედს გვაძლევდეს, როგორსაც ამ საშინელი მსხვერპლით წარმოდგენილი საშუალება, რომელმაც უწმინდურება და უშჯულოება უანგაროდ განწმინდა.

ხოლო ის, ვინც ფეხქვეშ ეგება ძღვნით გამომავალ ღვთისმსახურს და შემობრძანებულ ძღვენს, როგორც თავად ქრისტეს ხორცსა და სისხლს, ისე ეთაყვანება და მოეკიდება, ის არამართებლურად იქცევა, ურევს რა ამ შებრძანებას პირველშეწირული ძღვნით შებრძანებაში, ვინაიდან არ იცის, რა განსხვავებაა ამ ორ მღვდელმსახურებას შორის. ამ შებრძანების დროს ძღვენი ჯერ არ არის ნაკურთხი და სრულყოფილი, ხოლო იმ მღვდელმსახურებაში სრულყოფილი და კურთხეულია: იგი ქრისტეს ხორცი და სისხლია.

ეს ასეა.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი