მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

23. თხოვნის შესახებ, რომელიც სახარების კითხვის შემდეგ აღევლინება

 

სახარების წაკითხვის შემდეგ დიაკვანი მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს. ლოცულობენ მშვიდად, გულში. თავად მღვდელმსახური საკურთხეველში ლოცულობს, რომ ღმერთმა ხალხის ლოცვა შეისმინოს, შემდეგ კი ხმამაღლა განადიდებს უფალს და ამ სადიდებელში ხალხსაც აერთიანებს.

მაგრამ სახარების შემდეგ რომელი ლოცვაა განსაკუთრებით შესაფერისი? ლოცვა სახარების დამცველთათვის, სახარებაში მინიშნებული ქრისტეს კაცთმოყვარეობის მიმბაძველთათვის. ვინ არიან სახარების დამცველები? ეკლესიის წინამძღვარნი, ხალხის მწყემსნი, წესრიგის დამცველნი, ვინაიდან ისინი აღთქმას იცავენ, ერთგულად ასრულებენ და ქადაგებენ სახარებაში დაწერილს და მოციქულის მიხედვით მის შემდეგ ქრისტეს ვნების დაკლებას აღასრულებენ (კოლ. 1:24), რადგან მის სამწყსოს მწყემსავენ ისე, როგორც მას ესათნოება. ისინი აგრეთვე წმიდა სახლების აღმშენებლები და მზრუნველები და სათნოებათა მასწავლებლები არიან; და თუკი ვინმე რამენაირად სასარგებლოა ეკლესიის საერთო საქმისთვის, სასულიერო პირებისა და საგნებისთვის, მაშინ, რასაკვირველია, ისინი ამ დასში დგანან და საერთო ლოცვის ღირსნი არიან.

საბოლოოდ, ღვთისმსახური განიზრახავს რა ძღვნისკენ გადანაცვლებას, რასაც მოუნათლავთა (რომელთაც კათაკმევლებსაც ვუწოდებთ, რადგან ქრისტიანობა მხოლოდ მოსმენით მიიღეს, რამდენადაც ეს დარიგებით არის შესაძლებელი) დასწრება არ შეშვენის, ღვთისმსახური ჯერ მათთვის ლოცულობს, შემდეგ კი გამოყოფს მათ მორწმუნე ქრისტიანთაგან. ის ლოცვით ითხოვს, დროულად ნათლობის მიღებით მათ სრულყოფილებას მიაღწიონ. ლოცვის მიზანი - ღვთის დიდებაა: "რათა ესენიცა ჩვენთანავე ადიდებდნენ ყოვლადპატიოსანსა და დიდადშვენიერსა სახელსა შენსა", - ამბობს იგი.

ასამაღლებლის გამოთქმის შემდეგ, რომლის მიერ მორწმუნეთა მთელი დასი მიიღო, იგი სხვა ლოცვას აღასრულებს, რომელშიც თავდაპირველად ღმერთს მადლობს, რადგან მის წინაშე დგომის ღირსი გახდა და მას თავისთვისაც და სხვებისთვისაც ხელებს აღუპყრობს; შემდეგ სთხოვს, ამის აღსრულება ყოველთვის წმიდა სინდისით შეაძლებინოს. ამ ლოცვის მიზანია - ღვთის დიდება; "რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება", - ამბობს იგი. ჩვეულებისამებრ, ხალხთან ერთად ასამაღლებელს რომ აღასრულებს, მღვდელმსახური კვლავ გულში ლოცულობს თავისთვის და ხალხისთვის, რათა წმიდა ტრაპეზთან დაუსჯელად წარდგეს: წარდგეს წმიდად სულისა და ხორცის ყოველგვარი შეგინებისგან, ხოლო მისთანა ერთგულნი მლოცველნი ღირსნი გახდნენ დანაშაულისა და გაკიცხვის გარეშე საიდუმლოს ზიარებისა და ზეციური სასუფევლის ღირსყოფისა. ლოცვის მიზანი კვლავაც - ღვთის დიდებაა, რის მისაღწევადაც პავლემ მოგვიწოდა, ყველაფერი ვიღონოთ, თქვა: "ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ" (1 კორ. 10:31). დაე, ჩვენი მარადიული მიზანი ღვთის განდიდება იყოს. მიწათმოქმედები თავიანთი შრომის მიზნად ნაყოფის შეგროვებას მიიჩნევენ, რისთვისაც ხალისიანად შრომობენ; ვაჭრები - მოგებას; სხვანი - სხვა რამეს; ხოლო თქვენ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ღვთის დიდება ეძებეთ, ვინაიდან ჩვენ მეუფის სწორედ ამ მსახურებისთვის მოწოდებული მონები ვართ; ამ მსახურებისთვის შეგვქმნა მან, ხოლო შემდეგ - გამოგვისყიდა. ამიტომაც ხედავ, რომ ეკლესია ყოველთვის ზრუნავს ღვთის დიდებაზე და ამ სიტყვას მუდამ აცხადებს; ამ დიდებას ყველაფერში ხოტბას ასხამს, ყველგან მას ხედავს და ყველაფერს მისთვის აღასრულებს: ლოცვებსაც, შენდობასაც, საიდუმლოებებსაც, შეგონებასაც - ყოველივე წმიდას.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი