"სამწმიდაოს" გალობის შემდეგ მოციქულთა წიგნი იკითხება, შემდეგ კი, როდესაც ეკლესია უფალს სადიდებელ ჰიმნს აღუვლენს, თავად სახარებაც.
მაგრამ რატომ განვადიდებთ ღმერთს წმიდა წერილის კითხვის წინ? იმიტომ, რომ ასე უნდა მოვიქცეთ ყოველთვის, როდესაც იგი თავის წყალობას გვიგზავნის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა უდიდეს წყალობას ვიღებთ. ასეთია, მაგალითად, ღვთაებრივი სიტყვების მოსმენა. თუმცა სამოციქულოს დროს ჩვენ თხოვნით გალობას აღვავლენთ, რადგან ვუმატებთ: "შეგვიწყალენ"; ხოლო სახარების კითხვისას ასამაღლებელს თხოვნის გარეშე წარმოვთქვამთ, რათა ვიცოდეთ, რომ სახარებით ქრისტე მიგვენიშნება, რომლის მპოვნელთ ყოველივე აქვთ, რადგან სიძე შინაა, ყველაფრის მქონეს კი არ სჭირდება რაიმეს თხოვნა. ასე რომ სიძის კანონიერი შვილებისთვის უხერხულია მარხვაც კი, რადგან მათთან სიძეა (მათ. 5:19), მხოლოდ მისი თაყვანისცემა და განდიდებაა აუცილებელი. ამგვარივეა ანგელოზთა საგალობელი, როგორც მას წინასწარმეტყველები გადმოგვცემენ; ისიც ამავე მიზეზით მხოლოდ გალობაა და თავისუფალია ყოველგვარი თხოვნისგან.
მაგრამ რას ნიშნავს აქ წმიდა წერილის კითხვა?
თუ დანიშნულების გაგება გინდა, მაშინ, როგორც ითქვა, კითხვა გვამზადებს და გვწმენდს დიდი კურთხევის წინ საიდუმლოს აღსრულების გზით. ხოლო თუ მნიშვნელობას ეძიებ, მაშინ იგი უფლის გამოცხადებას მოასწავებს, რომელიც მან თავისი მოვლინების შემდეგ მალევე გამოაჩინა. სახარება თავდაპირველად დახურული გვეჩვენება და უფლის მოვლინებას აღნიშნავს, როდესაც იგი მამის ნებით მდუმარებაში მოგვევლინა და მაშინ როდესაც თავად არაფერს ქადაგებდა, ხმა მღაღადებლისა თან სდევდა (მათ. 3:17). ხოლო სახარების კითხვა უკვე ნიშანია მაცხოვრის სრულყოფილი გამოცხადებისა, რომლის დროსაც იგი განცხადებულად ესაუბრებოდა ყველას და თავის თავში არა მხოლოდ ის გამოავლინა, რასაც თვითონ ამბობდა საკუთარ თავზე, არამედ ისიც, რის თქმასაც მოციქულებს ასწავლიდა, აგზავნიდა რა მათ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან (მათ. 10:6). ამისთვის იკითხება მოციქულთა წერილები და თავად სახარება.
რატომ არ იკითხება სახარება უფრო ადრე? რადგან თავად უფლისგან გამოჩენილი გამოცხადების ნიშნები უფრო სრულყოფილია, ვიდრე მოციქულთა მიერ გამოთქმული. და რადგან უფალმა უცაბედად არ გამოუჩინა ხალხს ის, თუ როგორია იგი თავისი ძალით და როგორია თავისი წყალობით (რადგან ეს მის მეორედ მოსვლას ეხება), არამედ ნაკლებად ცხადიდან მეტად ცხადისკენ განვლო გზა, ამიტომ მისი თანდათანობითი გამოცხადების ჩვენების მსურველთათვის ბუნებრივია სახარების წაკითხვამდე მოციქულთა წერილების კითხვა.