ამ საგალობლის წინ ღვთისმსახური უფალს ევედრება, შეიწიროს ეს გალობა და მგალობლებს მადლი გარდამოუვლინოს. რომელი მადლი? გალობის შესაბამისი, მათი სულებისა და სხეულების განმწმენდი, ცოდვათა შენდობის მომცემი, რათა ისინი სიწმინდით ემსახურონ უფალს უკუნისამდე. და მიზეზს ამატებს: "ღმერთო წმიდაო, რომელი წმიდათა შინა განისვენებ", რადგან ჭეშმარიტად წმიდისთვის არის თვისობრივი წმიდანებისთვის სიხარული და მათთვის სიწმიდის მონიჭება. ამის გამოცხადებას ღვთისმსახური ასამაღლებელს ურთავს, რითაც წმიდა კრებულს სამწმიდაოს გალობის ნიშანს აძლევს; ისიც, ჩვეულებისამებრ, ამთავრებს ასამაღლებელს სიტყვით "ამინ" და გალობას იწყებს.
გალობის შემდეგ კი ღვთისმსახური ყველას მოუწოდებს, არ იდგნენ დაუფიქრებლად და უდარდელად, არამედ გულისყური მიაპყრონ იმას, რაც აღესრულება და იგალობება, ვინაიდან ამას ნიშნავს სიტყვა: "მოხედეთ". შემდეგ ყველასთვის მშვიდობას გამოითხოვს და ახსენებს "სიბრძნით", რომლითაც საიდუმლოს უნდა მივაყურადოთ. რა არის სიბრძნე? ღვთისმსახურებისთვის შესაფერისი ფიქრები, რომლითაც რწმენით აღვსილებმა, ყოველგვარი ადამიანურის გარეშე უნდა უყურონ და მოისმინონ აღსრულებული და წარმოთქმული. სწორედ ეს არის ქრისტიანული სიბრძნე და ამგვარია იმ სიტყვის მნიშვნელობა, რომელსაც ღვთისმსახური ღვთისმსახურებისას მრავალგზის წარმოთქვამს მორწმუნეთა მიმართ; აი, ამგვარ ზრახვებს გვახსენებს იგი, რადგან, არცთუ იშვიათად, ერთი გამონათქვამით მთლიან აზრს ვახსენებთ ერთმანეთს და მსმენელთა სულებში განვაახლებთ მას.
რისთვის არის საჭირო შეხსენება? გულმავიწყობის ძალა დიდია და ადამიანურ ვნებათაგან ვერც ერთი მასავით ხშირად და ადვილად ვერ სძლევს ადამიანს. ამიტომ, როდესაც აუცილებელია ჯეროვანი აზრებით დგომა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, წმიდა გალობისა და მოქმედებების მოსმენა და ჭვრეტა (რაც ადვილი არ არის), რათა უნაყოფოდ არ ვესწრებოდეთ მას და დრო ამაოდ არ დავკარგოთ, საჭიროა, თავი თვითონ აღვიგზნოთ და თავად გამოვფხიზლდეთ; ასევე საჭიროა გარეგნული შეხსენება, რათა გულმავიწყობით გამუდმებით შეპყრობილი და ამაო იმედით გატაცებული გონების აღდგენა კვლავაც შევძლოთ.
იგივე სურს წმიდა ძღვნის საკურთხეველში შებრძანებისას აღვლენილ საგალობელს, რადგან გამონათქვამი - "ყოველივე მსოფლიო დავუტევოთ ზრუნვა" - სწორედ ამას ნიშნავს. შეგონებაა შეძახილიც: "შეგვიწყალენ!"
რა შეგონება? მას სურს, ჩვენ ღვთისა და საიდუმლოებათა წინაშე მსახურებაში არა ზმორებით, არამედ გულმოდგინებით წარვდგეთ და ყოველგვარი კეთილკრძალულებით გვეჭიროს თავი, ვხედავთ, წარმოვთქვამთ თუ ვისმენთ რაიმეს წმიდა ლოცვებიდან და ამ მონდომებისა და კეთილკრძალულების უპირველეს ნიშანს გამოვხატავდეთ გამართული სხეულით - დამსხდარნი კი არა, არამედ ფეხზე მდგომნი, რადგან ამგვარია მლოცველის სახე, ამგვარია მსახურის სახე, რომლებიც ბატონის თითოეულ მოძრაობას გაფაციცებით აკვირდებიან, რომ მაშინვე შეასრულონ ბრძანება, მზად იყვნენ მსახურებისთვის. და ჩვენ ხომ უფალს უმნიშვნელოვანესსაც ვევედრებით, ყველა სახის მსახურებაში მსახურები ვართ.
ამგვარია ამ სიტყვების მნიშვნელობა.