მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

20. სახარების გამობრძანებისა და სამწმიდა გალობის შესახებ

 

როდესაც ამას გალობენ, ღვთისმსახური, დგას რა ტრაპეზის წინ შუაში, აღამაღლებს სახარებას - ამით გამოხატავს უფლის მოვლინებას, როდესაც მან თავის გამოაშკარავება დაიწყო, რადგან სახარება ქრისტეს ნიშნავს, ისევე როგორც საწინასწარმეტყველო წიგნები იწოდებიან წინასწარმეტყველებად. აბრაამი მდიდარს ეუბნება: "ჰქონან მოსე და წინასწარმეტყველნი" (ლუკ. 16:29), ანუ მათი წიგნები.

ხოლო როდესაც ის, ვისზეც წინასწარმეტყველნი აუწყებდნენ, თავად მოევლინა და გამოაცხადა თავი, მათი სიტყვებისადმი ყურადღებას აღარავინ მიიჩნევს აუცილებლად. ამიტომაც სახარების გამოჩენით წინასწარმეტყველება წყდება. იმ წუთიდან იმას ვგალობთ, რაც ახალ აღთქმას მიეკუთვნება: ან ყოვლადწმინდა დედა ღვთისას ვადიდებთ, ან სხვა წმინდანებს ვუგალობთ, ან თავად ქრისტეს ვადიდებთ მისი მოვლინების გამო, მოვლინების შემდეგ ვნების გამო, მისი საქმეების გამო, რომელთაც ეკლესია თითოეულს ცალ-ცალკე აღნიშნავს.

შემდეგ თავად ღმერთს ვადიდებთ სამებაში, როგორად აღიარებაც მაცხოვრის მოსვლამ გვასწავლა. ეს საგალობელი მიღებულია ანგელოზებისგან, ნასესხებია წინასწარმეტყველის ფსალმუნთა წიგნიდან, დადგენილია ქრისტეს ეკლესიისგან და მიძღვნილია სამებისადმი, რადგან სიტყვა "წმიდა", სამგზის წარმოთქმული, ანგელოზთა სიტყვაა (ესა. 6:3 და გამოც. 4:8); "ღმერთო", "ძლიერო" და "უკვდავო" კი ნეტარი დავითის სიტყვებია, როდესაც ამბობს: "სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა" (ფს. 41:2); ხოლო დადგინება და შეერთება ამ უკანასკნელისა პირველთან და "შეგვიწყალენ ჩვენ" ლოცვის დამატება ეკლესიის საქმეა, რომელიც ერთ ღმერთს სამებაში ემორჩილება და აღიარებს, რათა ნაწილობრივ გვიჩვენოს ძველი და ახალი აღთქმის თანხმობა, ის, რომ ზეციური და ამავე დროს მიწაზე შობილი ქრისტეს მოვლინებით ანგელოზები და ადამიანები ერთ ეკლესიას, ერთ გუნდს წარმოადგენენ. ამიტომ სახარების გამოჩენისა და საკურთხეველში შესვლის შემდეგ ამ საგალობელს ვგალობთ, თითქოსდა ვღაღადებთ: შენ, ჩვენთან მოსულო, ანგელოზებთან ერთად დაგვაყენე და მათ გუნდს შეგვაერთე.

ეს ასეა.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი