მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

19. მესამე ანტიფონის განმარტება

 

შემდეგი კი თითქოს უკვე მოსული და გამომჟღავნებული უფლის შეგებებად გვევლინება, ამიტომ არის დადგენილი და იგალობება სახარების გამობრძანებისა და გამოჩინებისას, რითაც ქრისტე მოგვესწავება. ხოლო წინასწარმეტყველს ამ საგალობლის გალობისას თვალწინ ქრისტეს სული ევლინებოდა, რაც განსაკუთრებით მისი სიხარულიდან და მხიარულებიდან ჩანს, რითაც ისიც სავსედ გამოიყურებოდა და რისი ზიარებისკენაც სხვას ყველას მოუწოდებდა: "მოვედით, უგალობდეთ უფალსა" (ფს. 94:1). უფლის მოსვლამდე ადამიანს შეუძლებელია გახარებოდა, რადგან სიხარული მხოლოდ ქრისტემ მოგვიტანა და თუკი დედამიწაზე ვინმე ხარობდა მის მოსვლამდე, ხარობდა ის, ვინც მის საიდუმლოს ეზიარა. ამგვარად უხაროდა აბრაამს: "აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაითა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა" (იოან. 8:56), თავად დავითსაც: "იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა" (ფს. 50:14), ვინაიდან როგორი სიხარულიც ჰქონდა ქრისტესადმი ცოდვამდე, იმავე სიტკბოებით ლოცულობდა უფლისადმი, როდესაც ეს სიხარული დაკარგა ცოდვის შედეგად.

ამიტომ სიტყვებით: მოდით, განვიწმინდოთ, - სინათლის მოსვლის შესახებ გვაუწყა; ხოლო სიტყვებით: მოდით, გავიხაროთ უფლით, - გვიჩვენებს, რომ იგი გამოჩნდა და სიხარული მოგვიტანა.

შემდეგ მას მაცხოვარსა და უფალს უწოდებს. ხოლო ქრისტეს წმინდა წერილი მაცხოვარსა და მხსნელს იმიტომ უწოდებს, რომ ღვთაებრივი ჰიპოსტასებიდან მხოლოდ ძე იყო ჩვენი ხსნის აღმსრულებელი და მისით აღსრულდა ყოველივე. ამგვარად თქვა პავლემაც: "თავისა მიერ თვისისა განწმედაი ცოდვათა ჩუენთაი ყო" (ებრ. 1:3), რაც თავადაც გამოხატა კეთილი მწყემსის სახით, რომელმაც სხვები კი არ გაგზავნა დაკარგული ცხვრის საძიებლად, არამედ თავად ეძებდა და მონახა, აიყვანა და ბეჭებით მიუყვანა (მამას) (ლუკ. 15:4-5); ამიტომ მიიღო თავისი მსახურებისთვის შესაფერისი სახელი - იწოდა რა იესოდ (მათ. 1:21).

"აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდით მას" (ფს. 94:2) - აქ პიროვნებაში უფლის მოვლინება იგულისხმება. ნუ დავიწყებთ მისი პიროვნების ჭვრეტას, როდესაც უკვე სახლში შემოვა, არამედ გავიდეთ მასთან რწმენით შესაგებებლად ანუ სადიდებლად და ფსალმუნებით შევძახოთ - მივანიჭოთ ღმერთის შესაფერი პატივი. მან ისურვა მონის სახით მოსვლა (ფილიპ. 2:7); მაგრამ ჩვენ, დაე, ნუ დავივიწყებთ მასში ხელმწიფეს; არ ვცდუნდეთ მისი სხეულით, მოვლენილის მიუხედავად; დაე, ნუ გაგვიტაცებს უმაღლესზე უმდაბლესი ფიქრებით კვება, რადგან ამ სხეულში დაიფარა მთელი დედამიწის დიადი მეფე (მეუფე) - "ღმერთი დიდ არს უფალი და მეუფე დიდ არს ყოველსა ქუეყანასა ზედა" (ფს. 94:3). ყოველივე ამას წინასწარმეტყველი შემდეგში ღვთისთვის შესაფერის ხოტბას უმატებს.

ასეთია წინასწარმეტყველური გამონათქვამები და ასევე დროულად იგალობება ისინი.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი