მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

17. პირველი ანტიფონის განმარტება

 

ქება-დიდებისკენ პირველი მოწოდება დამწყებთ შეეფერებათ. ის ამბობს: "კეთილ არს აღსარებად უფლისა". ეს არის ღმერთისა და მამისადმი და ამასთან მხოლოდშობილისადმი მიმართული გალობა. "კეთილ არს აღსარებად უფლისა და გალობად შენდა, მაღალო" (ფს. 91:1). ის უზენაესს მამას უწოდებს, ხოლო მხოლოდშობილს - უფალს. "კეთილ არს ძისადმი გალობა და შენდამი, მამაო". რას ნიშნავს ეს? ეს არის შესავალი შემდგომი დიდებისა. ამ საგალობლით აღევლინა მამისა და ძისადმი ერთობლივი დიდება. როგორ? გვეუწყოს ძის საქმეები, რომელთა მეშვეობითაც მამა განედიდება.

რა მიზეზი არსებობს ხოტბისა? უსუსურება (ფილიპ. 2:7) და უძლურება (2 კორ. 8:9) ძისა, მის მიერ ხორციელად აღსრულებული საქმეები და ვნება. აქ არის წყალობა და ჭეშმარიტება (ფს. 91:3). წყალობა, რადგან მტრისა და მოწინააღმდეგისგან საცოდავად დამარცხებულნი, თავისი სიკეთითა და კაცთმოყვარეობით არ უგულებელგვყო და არა მარტო ჩვენი სიგლახაკისადმი თანაგრძნობა გამოხატა, არამედ ჩვენი გასაჭირისა და სიკვდილის თანამონაწილეც გახდა და არა მარტო იმ მომაკვდინებელი დაცემისგან აღგვადგინა, არამედ სასუფევლისა და უდიდესი წყალობის ღირსი გაგვხადა. ამიტომაც ამბობს პავლე: "ხოლო რაჟამს სიტკბოებაი და კაცთმოყუარებაი გამოჩნდა მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაი" (ტიტ. 3:4), სწორედ მაშინ გაცხადდა პირველად, რაოდენ დიდია იგი. ხოლო უფალმა სიტყვებით: "ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე" (იოან. 3:16) - განმარტა, რომ ეს სიყვარული უსაზღვროა.

ამიტომაც უწოდებს მნეობას ფსალმუნი წყალობას.

ხოლო ჭეშმარიტებად - იმიტომ, რომ ყველაფერ ძველს მასთან მიმართებით უცქერის როგორც აჩრდილსა და ხატებას. ამიტომ წინასწარმეტყველი საკუთარ თავზე საუბრისას ჭეშმარიტად ამბობს: "ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა" (ფს. 131:11). რა არის აქ ფიცის საგანი? უფლის ხორციელად მოვლინება და ცხოვრება. "ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა" (ფს. 131:11), რითაც თავად მხსნელისკენ მიგვითითებს. საიდან ჩანს ეს? ამის შესახებ გაბრიელი გვასწავლის, როდესაც ქალწულს გამოუთქმელ შობას აუწყებს და შთააგონებს, როგორი იქნება შობილი: "მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს. და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული" (ლუკ. 1:32,33).

ხოლო თავად ჭეშმარიტებად სამსჯავრო და სიმართლე იგულისხმება. რატომ? იმიტომ, რომ მაცხოვარმა ჭეშმარიტებით დაამარცხა ცოდვა და მოაკვდინა ეშმაკი და ეს გადაჭარბებული ძალითა და გამარჯვების ძლევამოსილებით კი არ აღასრულა, არამედ მსჯავრითა და სიმართლით, როგორც ნათქვამია: "სიმართლე და განკითხვა არს განმზადება საყდრისა შენისა" (ფს. 88:14). შენც შენს სამართალში მოწინააღმდეგეზე მოსამართლის განაჩენით იმარჯვებ. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი: "ახლაა ამ წუთისოფლის სამსჯავრო; ამ წუთისოფლის მთავარი ახლა გარეთ განიდევნება" (იოან. 12:31).

ნეტარი დიონისე, რომელმაც ეს იცის, ამბობს, რომ ღვთაებრივი წყალობის მიუწვდომელმა კაცთმოყვარეობამ დაარღვია მიდრეკილება ჩვენზე ხელმწიფე ხროვისა, ე.ი. ეშმაკებისა, არა ძლევამოსილი ძალით, არამედ - მსჯავრითა და სიმართლით.

და რადგან საქებარი არა მარტო წყალობა და ჭეშმარიტებაა, არამედ სიმართლე და მსჯავრიც, ფსალმუნთმგალობელი ამატებს: "რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი, და არა არს სიცრუე მის თანა" (ფს. 91:15).

"კეთილ არს, მითხრობად ცისკარს წყალობა შენი და ჭეშმარიტება შენი ღამედ-ღამედ" (ფს. 91:2). საჭიროა, დღედაღამ ვადიდოთ უფალი, - ამბობს იგი, - რადგან სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები: "ცისკარს და ღამედ-ღამედ". სხვა ადგილას იგივე გამოიხატება სიტყვით: "უკუნისამდე".

ასეთია პირველი ანტიფონის მნიშვნელობა.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი