აუცილებელია, ჯერ ფსალმუნთგალობის სიტყვები ნაწილებად განვიხილოთ.
წინასწარ აღვნიშნოთ, რომ ქრისტეს მნეობა როგორც თვით საიდუმლო მსხვერპლით, ასევე იმ მოქმედებებითა და სიტყვებით მოგვესწავება, რომლებიც წინ უძღვის და მოსდევს მსხვერპლს.
მსხვერპლი უფლის სიკვდილს, აღდგომასა და ამაღლებას გვაუწყებს, რადგან პატიოსან ძღვნად მაცხოვრის აღმდგარი და ზეცად ამაღლებული სხეული გარდაიქმნება.
ის, რაც წინ უძღვის მსხვერპლს, სიკვდილის წინა მოვლენებს მიგვანიშნებს: მოვლინებას, გამოჩენასა და მხსნელის მიერ კაცობრიობის გამოხსნის მსახურების შედგომას; ხოლო მსხვერპლის შემდგომი გვახსენებს მამის აღთქმას (ლუკ. 24:49), როგორც თავად ამბობდა, ე.ი. მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლას, მათი საშუალებით ხალხის მოქცევასა და უფალთან ურთიერთობაში შეყვანას.
მთლიანი საიდუმლო თითქოს ისტორიის ერთიანი სხეულია, რომელიც დასაწყისიდან დასასრულამდე სიმწყობრესა და მთლიანობას ინარჩუნებს.
ფსალმუნები, რადგანაც საიდუმლოს დასაწყისში იგალობება, ქრისტეს მნეობის წინა პერიოდს აღნიშნავს, ხოლო რაც მის შემდგომ აღესრულება, კერძოდ, წმინდა წერილის კითხვა და სხვა, შემდგომ პერიოდზე მიგვანიშნებს.
მართალია, სხვა რამ დასახელდა ფსალმუნთგალობის მიზეზად (მომზადება და განწმენდა საიდუმლოსთვის) და სხვა - წმინდა წერილისა, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს იმას, რომ ამ უკანასკნელს პირველის ძალა ჰქონდეს და ერთისგანაც და მეორისგანაც მორწმუნეები განიწმინდონ და მნეობაც მოგვესწავოს. კაბა, ერთი მხრივ, ჩაცმის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და სხეულს ფარავს, ხოლო, მეორე მხრივ, შემოსილი პიროვნების საქმიანობას, ცხოვრებასა და ღირსებას აღნიშნავს. ასევეა აქაც: რადგანაც გალობით წარმოთქმული და წაკითხული ზოგადად წმინდა წერილია და ღვთივსულიერი სიტყვა, მკითხველსა და მგალობელს განწმენდს; ხოლო რადგან ამგვარია არჩეული და ასეა დადგენილი, მას სხვა ძალაც აქვს - იგი ქრისტეს მოსვლასა და მისი საქმეების რიგითობას მოასწავებს. არა მხოლოდ ნაგალობევი და წაკითხული, არამედ აღსრულებულიც თავისთავად აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნილებასაც და ქრისტეს ღვაწლის ან ვნების რაიმე საქმესაც გვაუწყებს. მაგალითად, საკურთხეველში სახარების შებრძანება და პატიოსანი ძღვნით შესვლა აუცილებლობით აღესრულება: პირველი - იმისათვის, რომ სახარება იქნეს წაკითხული, ხოლო უკანასკნელი - რათა მსხვერპლი შეიწიროს; მაგრამ ორივე მოქმედება უფლის გამოცხადებასა და მოვლინებასაც აღნიშნავს: პირველი საწყის ანუ ბუნდოვან და არასრულყოფილ მოვლინებაზე მიგვანიშნებს, ხოლო მეორე - სრულყოფილსა და საბოლოოზე. თუმცა საიდუმლოს აღსრულებისას არის იმგვარი მოქმედებებიც, რომელთაც საჭიროების დაკმაყოფილების სახე არ გააჩნია, არამედ მხოლოდ მინიშნებისთვის სრულდება, ასეთია - ლახვარი და მისით პურის გახვრეტა, პურზე ჯვრის ნიშნის გამოსახვა და წმინდა ძღვენში წყლის ჩასხმა. მსგავსს სხვა საიდუმლოებებშიც ბევრს შეხვდებით: ასე მაგალითად, ნათლობისას ვინც იბანება, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა გაიხადოს და შეტრიალდეს დასავლეთისკენ, გაიწოდოს ხელები და შეჰბეროს. ამას და სხვა ამდაგვარს არ შეაქვს საიდუმლოში რაიმე არსობრივად აუცილებელი, მაგრამ მის მიმღებს უნერგავს იმ სიძულვილსა და მტრობას, რომელიც უნდა გვქონდეს ბოროტის მიმართ და ასწავლის, რომ ის, ვისაც ღირსეულ ქრისტიანად ყოფნა სურს, ყოველნაირად უნდა განუდგეს ეშმაკს.
ყოველივე ზემოთქმულის ამგვარად გააზრების შემდეგ შევუდგეთ ღვთისმსახურების ნაწილების განხილვას. მას მხსნელის მნეობის სახე აქვს.
უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ ფსალმუნთგალობა