მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

15. ანტიფონებისა და მათი მიმდინარეობისას წარმოთქმული ლოცვების შესახებ

 

იმ დროს, როდესაც დიაკვანი თხოვნას აღავლენს და ღვთისმოსავი ხალხი ლოცულობს, მღვდელი საკურთხევლის შიგნით ჩუმად წარმოთქვამს ლოცვას იქ მყოფი მრევლისა და წმინდა სახლისთვის, რათა ღმერთისგან მდიდარი წყალობა და მადლი გადმოვიდეს მათზე, და დაურთავს მიზეზს, რის გამოც თვითონაც ითხოვს და ღმერთს თავისი სიმართლის გამო შეუძლია მოსცეს - იმიტომ კი არა, რომ მლოცველები არიან ამის ღირსნი და გვაქვს მისი მიღების უფლება, არამედ იმიტომ, რომ ღმერთს "შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა". შენი დიდების გამო, - ამბობს ღვთისმსახური, - გევედრები, რადგან ამგვარი კაცთმოყვარეობის გამოვლენა ჩვენთვის, უღირსთათვის, - შენი დიდებაა. ნეტარი დავითის სიტყვების თანახმად: "ნუ ჩუენთვის, უფალო, ნუ ჩუენთვის, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაი" (ფს. 113:9).

უფალო, ჩვენ კი არა, შენს სახელს მართებს დიდება. ამიტომაც, ლოცვის წაკითხვის შემდეგ, რათა განასრულოს დიდება, ყველასთვის გასაგონად წარმოთქვამს, რომ ამ ქება-დიდებამ სადიდებელი გალობის ყველა მონაწილემდე მიაღწიოს და მთელმა ეკლესიამ ადიდოს უფალი. და, ჭეშმარიტად, მსმენელნი მისი სადიდებლის თანამონაწილენი ხდებიან, ვინაიდან, როდესაც მღვდელმსახური ასამაღლებელს ამბობს, ყოველი მორწმუნე ამტკიცებს: "ამინ". წარმოთქვამენ რა ამ სიტყვას, მოძღვრის მთლიან სიტყვას იმეცნებენ.

შემდეგ ღვთისმსახური წმინდა ფსალმუნის კითხვას იწყებს, ხოლო იქ მყოფნი განასრულებენ მას ბოლომდე, გალობენ რა წმინდა წინასწარმეტყველთა ღვთივშთაგონებულ გამონათქვამებს. "კეთილ არს აღსარებად უფლისა და გალობად შენდა, მაღალო" (ფს. 91:1). აი, დასაწყისისთვის შესაფერისი სიტყვა, რადგან თავად გალობის შესახებ ნათქვამია, რომ ის არის სიკეთე. ეს, რასაკვირველია, ყველა საგალობლის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ. მღვდელი ამბობს: სიკეთეა აღსარება ანუ მადლიერება, ქება-დიდება.

როდესაც ეს და მთელი ფსალმუნი წესისა და რიგისაებრ წაიკითხება, დიაკვანი მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს - კვლავ უბრძანებს, თხოვნა აღავლინონ.

ამასთან, როდესაც მორწმუნეები ფსალმუნთგალობის შემდეგ ლოცულობენ, მღვდელმსახური ჩუმად ევედრება ღმერთს მთელი ეკლესიისთვის, კერძოდ კი, წმინდა ღვთის სახლის მშვენიერების მოყვარეთათვის. ვინც მის განდიდებას ყველანაირად ცდილობს, დაე, ისინიც განდიდებულ იყვნენ მისთვის. ამასთან ღვთისთვის შესაფერის მიზეზზე მიგვითითებს: "რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა". მისი თქმით, დიდება მეფეებსაც აქვთ, რომელნიც, როდესაც მოესურვებათ, მაშინ შეიმოსებიან ბრწყინვალებით; მაგრამ შენ მარადიული მეფე ხარ, შენია სიმტკიცე და შენი არს სუფევა.

ასამაღლებლის, როგორც მიზეზის, ყველა მორწმუნის გასაგონად აღვლენისა და მათი უფლის სადიდებელში მონაწილეობის დადასტურების (იგულისხმება საპასუხო "ამინ") შემდეგ ღვთისმსახური კვლავ ფსალმუნთგალობას იწყებს, ხოლო მორწმუნეები კვლავაც დაასრულებენ მას და შემდეგ, როგორც ზევით აღინიშნა, დიაკვნის ბაგეებით უფალს თხოვნას აღუვლენენ.

ღვთისმსახური კვლავაც მასთან ერთად მლოცველი მორწმუნეებისთვის ლოცულობს, რათა თითოეულმა მათგანმა უფლისგან ის სარგებელი მიიღოს, რასაც თავისთვის ითხოვს, და უფრო მეტიც - მათთვის მარადიულ ცხოვრებას გამოითხოვს. ამის მიღების მიზეზად ღვთის სახიერებასა და კაცთმოყვარეობას ამატებს და მას შემდეგ, რაც ამ დასასრულს ყველასთვის გასაგონად გამოთქვამს, იწყებს მესამე ფსალმუნთგალობას, რომლის დროსაც ეკლესიის მსახურთა, მნათეთა, საცეცხლურისა და ყველა ტრაპეზის მსახურის თანხლებით გამობრძანდება სახარება. მას დიაკვანი გამოაბრძანებს, ხოლო თუ დიაკვანი არ არის - მღვდელი.

მღვდელი საკურთხეველში შესვლამდე ჩერდება კარის სიახლოვეს და სანამ ფსალმუნთგალობა აღესრულება, უფალს ევედრება, მასთან ერთად საკურთხეველში წმინდა ანგელოზებიც შევიდნენ და შეუერთდნენ ღვთისმსახურებას, მიიღონ მონაწილეობა ღვთის ქება-დიდებაში და ურთავს ამის მიზეზს: რადგან მას შვენის დიდება და თაყვანისცემა ადამიანთაგანაც და ანგელოზთაგანაც, ვინაიდან სწორედ ამას ნიშნავს "ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა" - ყოველი არსებისაგან, ვისაც უფლის დიდება და თაყვანისცემა შეუძლია.

ამ ლოცვით მღვდელი შედის საკურთხეველში და სახარებას წმინდა ტრაპეზზე დააბრძანებს.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი