მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

14. ღმერთისთვის თავის მიძღვნა

 

ყველაფრის შესახებ ლოცვის შემდეგ ღვთისმსახური ღმერთისთვის თავის მიძღვნას მოგვიწოდებს შემდეგი სიტყვებით: "ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ".

ღმერთისთვის თავის მიძღვნა ყველასთვის როდი შეადგენს ჭეშმარიტ სიკეთეს: ამისათვის მარტო თქმა (თავს მთლიანად უფალს ვუძღვნიო) არ არის საკმარისი, ამასთან ღვთის ნებაც უნდა გქონდეს; აუცილებლად საჭიროა სითამამე (კადნიერება), ხოლო სითამამე სუფთა სინდისიდან მოდის, როდესაც ჩვენი გული არ გვარცხვენს (1 იოან. 3:21), როდესაც ვზრუნავთ იმაზე, რაც ეხება უფალს და ამ ზრუნვასთან ერთად გვძულს ის, რაც პირადად ჩვენ გვეხება. აი, მაშინ ჭეშმარიტად ვთავისუფლდებით საკუთარ თავზე ზრუნვისგან და თავს მთლიანად მივანდობთ ღმერთს მტკიცე რწმენით, რომ ის მიგვიღებს მასზე მინდობილებს და დაგვიცავს. ამისათვის საკმაო სიბრძნე და ძალაა საჭირო, ამიტომ ჯერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და წმინდანთა მთელ დასს მივმართავთ თხოვნით, ხოლო შემდეგ ვუძღვნით საკუთარ თავს უფალს, რადგან აღნიშნული სიტყვები ნიშნავს: მხმობელი, პირველ რიგში, ითხოვს რწმენის ერთობას და სულიწმინდის ზიარებას, ხოლო შემდეგ საკუთარ თავს, ერთმანეთს და მთელ ჩვენს სიცოცხლეს მივუძღვნით ღმერთს.

რა არის ეს რწმენის ერთობა? "კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა" (იაკ. 1:8), - ამბობს წერილი. ორგული ადამიანი გაუბადავია, არაფერზე მყარად არ ჩერდება, ორივე მხარეს გადაიხრება და არც ერთ და არც მეორე მხარეს მყარად არ მიემართება. რწმენის ერთობა კი ამის საწინააღმდეგოს აღნიშნავს - სიმტკიცეს, შეუპოვრობას, ურყეობას, რადგან ვისაც მტკიცედ სწამს, მან საგნის შესახებ ერთი რამ იცის: ის ან არის, ან არა; გარდა ამისა, მერყევი ხან ერთ და ხან მეორე მხარეს ირხევა, ამას მოწმობს თვით ეს სიტყვაც.

აი, რას ნიშნავს რწმენის ერთობა: ეს არის ურყეობა, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ორგულობა.

ხოლო სულიწმინდის ზიარება მის მადლს აღნიშნავს; ის ზიარებად იმიტომ იწოდება, რომ მას შემდეგ, რაც ქრისტემ ჯვრით ჩვენსა და ღმერთს შორის აღმართული კედელი დაარღვია (ეფ. 2:14), შეშვენის, შეაერთოს და აღადგინოს მათი ურთიერთობა, ვინც ერთმანეთისგან განშორებული იყო და ვისაც არაფერი ჰქონდა საერთო, დააახლოვოს ისინი და ურთიერთობა აღუდგინოს; აი, ეს აღსრულდა მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლით. აქედან არის წმინდა ნათლობაც, და გაიხსნა ულევი ღვთაებრივი მადლის ყველა წყარო, გავხდით ღვთაებრივი ბუნების თანამონაწილენი (2პეტ. 1:4), - ბრძანებს ნეტარი პეტრე.

ამრიგად, მას, ვისაც სურს, ჭეშმარიტად მიუძღვნას უფალს თავი, მტკიცე რწმენა და სულიწმინდის დახმარება სჭირდება.

ჩვენ კი უფალს ვუძღვნით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ერთმანეთსაც, რადგან, სიყვარულის კანონის მიხედვით, უნდა ვეძებოთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ის, რაც სჭირდებათ სხვებსაც (1 კორ. 10:24).

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი