მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

13. რას ნიშნავს მუდმივი ლოცვა წყალობისათვის

 

გამოვიკვლიოთ, თუ რატომაა, რომ როდესაც მღვდელმსახური ლოცვისას მრავალ და სხვადასხვა რამეს ითხოვს, მის წინაშე მყოფი მორწმუნენი მხოლოდ შეწყალებისთვის ლოცულობენ და ყოველთვის ამ ერთადერთი თხოვნით მიმართავენ ღმერთს?

პირველ რიგში, იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ ითქვა, თხოვნითი ლოცვა თავის თავში მადლიერებასა და სინანულს მოიცავს. ამასთან, ღმერთისგან წყალობის თხოვნა - მისი სასუფევლის ძიებას ნიშნავს, რომელიც ქრისტემ მძებნელს აღუთქვა და არა მარტო სასუფეველი, არამედ ამასთან ერთად ყველაფერი ის, რაც გვესაჭიროება; ამიტომაცაა, რომ ეს ერთი ლოცვაც საკმარისია, როგორც შუამდგომლობის ძალის მქონე.

კითხულობენ, საიდან ჩანს, რომ ღვთის მოწყალება მის სასუფეველს ნიშნავსო.

იქიდან, რომ როდესაც ქრისტე საუბრობს მოწყალესთვის განმზადებულ ჯილდოზე, რომელსაც მისი წყალობით მიიღებენ, ერთგან ამბობს, რომ ისინი შეწყალებულნი იქნებიან, ხოლო მეორეგან - რომ სასუფეველს მიიღებენ. ასე რომ, ერთი და იგივე გამოდის: მისგან მიიღებენ წყალობას ანუ სასუფევლის მემკვიდრეობას. "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ" (მათ. 5:7), - ამბობს იგი.

ხოლო სხვა ადგილას, თითქოს საკუთარ თავს განმარტავს და გვიჩვენებს, რას ნიშნავს "შეწყალებულ იქნა", ამბობს: ,,მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით" (მათ. 25:34), - იგულისხმებიან მოწყალენი.

სხვა მხრივ, თუკი ვინმე მოწყალე ადამიანთაგან აღსრულებული საქმეების მიხედვით მოისურვებს ღვთის მოწყალე საქმეებზე დასკვნის გამოტანას, აღმოაჩენს, რომ იგი სწორედ სასუფევლის მიცემას ნიშნავს. რას აკეთებენ მოწყალენი? "მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე" (მათ. 25:35), - ამბობს მაცხოვარი. ასე რომ, ვისაც ქრისტე შეიწყალებს, მას თავის ტრაპეზს შესთავაზებს. რა ტრაპეზია ეს? "რაითა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და სასუფეველსა შინა ჩემსა" (ლუკ. 22:30). რათა იცოდე, როგორი ნათელმოსილი იქნება ეს ტრაპეზი, რომ ეს არ არის მონათა ტრაპეზი, არამედ მეფეთა, ყურადღება მიაქციე იმას, თუ ვინ იმსახურებს იქ: თავად ის - ყველას მეუფე. "მოირტყნეს და დასხნეს იგინი, წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ" (ლუკ. 12:37), - ამბობს წმიდა წერილი.

და იგი შემოსავს შეწყალებულ ადამიანს, თუკი ის შიშველია. ანუ სამეუფო სამოსელს მისცემს? დიახ, შემოსავს თავისი საკუთარი სამოსით; ხოლო მას, ჭეშმარიტ მეფეს, არაფერი აქვს მონური, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ, მის მონებს, არაფერი გვაქვს საკუთარი, სამეფო. აი, ეს არის "საქორწინო სამოსელი" (მათ. 22:12), რომლით შემოსილნიც უსათუოდ სასუფეველში უნდა იყვნენ, რადგან მეფეს საფუძველი არ ექნება, სასახლიდან საყვედურით გამოყაროს ისინი.

კიდევ რა? ის მათთვის თავის საცხოვრებელს გახსნის, შეიყვანს მასში და მოასვენებს, რადგან ამბობს: "უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე" (მათ. 25:35). მაგრამ ვინც ამგვარი წყალობის ღირსი გახდება, ის უკვე მონა კი არა, შვილია, რადგან წმიდა წერილი ამბობს, რომ "მონამან არა დაიმკვიდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკვიდროს უკუნისამდე" (იოან. 8:35); "ხოლო უკუეთუ შვილ, მკვიდრცა, მკვიდრ ღმრთისა თანა და თანამკვიდრ ქრისტესა" (რომ. 8:17).

ამრიგად, ქრისტესგან წყალობის თხოვნა - მისგან სასუფევლის მოთხოვნას ნიშნავს.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი