მაგრამ რაც ითქვა და აღსრულდა პურზე და რითაც მიგვენიშნა უფლის სიკვდილი, მხოლოდ გამოსახულებასა და მსგავსებას წარმოადგენდა, ხოლო პური კვლავ პურად დარჩა, იქცა მხოლოდ ღვთის ძღვნად და ამიტომაც გამოხატავს უფლის სხეულს მისი ცხოვრების პირველ პერიოდში, რადგან თავიდან ისიც ძღვენი იყო, როგორც ზემოთ ითქვა. ამ მიზეზით ღვთისმსახური თან ურთავს პურს და აღასრულებს მასზე იმ სასწაულებს, რაც უფლის სხეულზე აღსრულდა იმ დროს, როდესაც იგი ახალშობილი და ბაგაში მწოლიარე იყო. აღმართავს რა მასზე ეგრეთ წოდებულ ვარსკვლავს, ამბობს: "მოვიდა ვარსკვლავი და დაადგრა ადგილსა მას, სადა იყო ყრმა იგი" (მათ. 2:9); აგრეთვე იმეორებს სიტყვებს, რომლებიც იმ დრომდე დიდი ხნით ადრე გამოთქვეს წინასწარმეტყველებმა და რომლებიც მხოლოდ ღმერთს შეეფერება იმისათვის, რომ ხალხმა მისი სხეულისა და გარეგნობის გამო დამამცირებელი წარმოდგენა არ შეიქმნას, მისი ღვთაებრიობისთვის შეუფერებელი: "სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს" (ფს. 32:6), "უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა; შეიმოსა უფალმა ძალი და გარე შერტყა" (ფს. 92:1) და "დაფარნა ცანი შვენიერებამან მისმან და ქებითა შენითა აღივსო ქვეყანა" (აბაკ. 3:3).
ამბობს რა ამას, მღვდელი აფარებს ძღვენს - პურსა და ბარძიმს პატიოსანი დაფარნებით და აკმევს ყოველი მხრიდან, ვინაიდან ხორცშესხმული ღმერთის ძალა გარკვეული დროის განმავლობაში, სასწაულების აღსრულებამდე და ზეციდან მოწმობამდე, დაფარული იყო; მაგრამ ისინი, ვინც იმდენად ბრძენი იყო, რომ მასზე შეეძლო ეთქვა: "უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა" და მას უსადაგებს სხვა ამგვარ, ღმერთისთვის საკადრის გამონათქვამებს, ცნობდნენ მას, პატივს სცემდნენ როგორც ღმერთს და განარჩევდნენ იმ საფარველს, რომელიც მას ფარავდა. სწორედ ამას გამოხატავს მღვდელმსახური, ამბობს რა ძღვნის დაფარებისას: "დაგვიფარენ ჩვენ საფარველითა ფრთეთა შენთათა" და აკმევს ყოველგან.
ამ სიტყვებისა და მოქმედებების შემდეგ მღვდელმსახური უფალს იმისთვის ევედრება, რომ ამ ღვთისმსახურებაში ყოველივემ უფალს დანიშნულებისამებრ მიაღწიოს; შემდეგ მიემართება ტრაპეზისკენ და ამ სიწმინდის წინაშე მდგარი იწყებს თავად ღვთისმსახურებას.