მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

რომაელთა მიმართ ეპისტოლის განმარტება

თარგმანი ეფუძნება ორიგინალის მინისეულ გამოცემას

 

პირველი ჰომილია

 

“პავლე, მონა იესო ქრისტესი, ხმობილი მოციქული, განჩინებული ღვთის სახარებისთვის, რაც წინასწარ აღთქმულ იქნა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმინდა წერილებში” (1-2)

 

ა. თუმცა მოსემ ხუთი წიგნი დაწერა, არსად გვაუწყა თავისი სახელი, არცთუ იმათ, მის შემდგომ რომ იყვნენ და მისი შემდგომი წიგნები დაწერეს, ისევე როგორც არც მათებ, იოანემ, მარკოზმა და ლუკამ, მაშინ როცა ნეტარი პავლე ყველგან ეპისტოლეებში თავის სახელს გვიწესებს წინ. მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ ისინი გვერდით მყოფებს სწერდნენ და ზედმეტი იყო წარედგინათ თავისი თავი, იქვე იყვნენ რა, ხოლო ეს შორს მყოფთა მიმართ აგზავნიდა თავის ნაწერებს, და აგზავნიდა ეპისტოლის სახით, რის გამოც საჭირო იყო სახელის დართვა.6 ხოლო თუ ამასვე არ აკეთებს იგი ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, ესეც - მისივე კეთილგონივრულობის კვალობაზე, რადგან სიძულვილით იყვნენ რა მის მიმართ სავსე, დასაწყისშივე რომ არ ესმინათ მისი სახელი და ამ მიზეზით არ დაეხშოთ გულისკარი მისი სიტყვისთვის, სწორედ სახელის დაფარვის გზით მოისიბრძნა7 მან მათი გულისყური.

 

რაც შეეხება წინასწარმეტყველთ, და სოლომონსაც, რომლებმაც თან დაურთეს თავიანთი სახელები, ახლა უკვე თქვენ გიტოვებთ იმის ძიებას, რად მოხდა, რომ ზოგმა დაურთო, ზოგმა კი - არა, რადგან არ არის მართებული, ჩემგან ისწავლოთ ყოველივე. დიახ, თავადაც გაისარჯეთ და ეძიეთ, რომ არ გახდეთ უფრო მცონარნი.

 

“ პავლე, მონა იესო ქრისტესი” (1.1):

 

რა მიზეზით უცვალა ღმერთმა მას სახელი და საულად მყოფს რად უნდა პავლედ? იმიტომ, რომ, თუნდაც ამით, არ ყოფილიყო იგი უფრო ნაკლები მოციქულებზე, არამედ ის, რაც გამორჩევით ჰქონდა მოციქულთა თავს, მასაც ჰქონდა მიღებული და, ამისდაკვალად, შექმნოდა კიდეც საფუძველი მათთან მეტი შემოყვსებისა. ხოლო “ქრისტეს მონად” არცთუ მარტივად თქვა მან თავისი თავი, რადგან მრავალია მონობის სახე. კერძოდ, ერთია მონობა შემოქმედებისდაგვარად, რის კვალობაზეც ასეა თქმული: „ყოველივე მონაა შენი“ (ფს. 118.91); ამისვე გამო ესეც თქმულა: „ჩემი მონა ნაბუქოდონოსორი“ (იერ. 25.9), ვინაიდან ქმნილება მონაა შემოქმედისა. მეორე სახეა რწმენისაგანი, რის შესახებაც ნათქვამია: „მადლობა ღმერთს, რადგან მონები ვიყავით ცოდვისა, მაგრამ ისმინეთ გულისაგან ის სახე მოძღვრებისა, რომლისადმიც გადაცემულ იქმენით, და განთავისფლებულნი ცოდვისაგან დაემონეთ სამართლიანობას“ (რომ. 6.17-18). შემდეგი სახეა მოღვაწეობისაგანი, რის კვალობაზეც თქმულია: „მოსე, ჩემი მსახური, აღესრულა“ (ისუ. 1.2). მართალია, ყველა იუდეანი მსახური იყო, მაგრამ გამორჩეულად მოსე გაბრწყინდა მოღვაწეობით.8

 

ამრიგად, ვინაიდან პავლე მონა იყო მონობის ყველა სახეობის მიხედვით, უდიდესი ღირსების სანაცვლოდ განაწესებს იგი ამას, როდესაც ამბობს: “მონა იესო ქრისტესი”, წინ წამოსწევს რა, ზეამსვლელი ქვემოდან ზემოთ, განგებულების9 სახელდებებს. მართლაც, სახელი „იესო“ მოჰქონდა ანგელოზს, ციდან მოსულს, რაჟამს უფალი ქალწულისგან იშვებოდა, ხოლო „ქრისტე“ ანუ „ცხებული“ ითქმის ცხებისგან, რაც აგრეთვე ხორცისა იყო. მაგრამ იტყვიან: რომელი ზეთით მიიღო ცხება? ზეთით არა, სულით იცხო. დიახ, იცის წერილმა თვით ამგვართა სახელდებაც ქრისტეებად (ცხებულებად), რადგან როდესაც ცხება ხდება, უპირატესი სულიწმინდაა. ზეთიც ამიტომ მოიღება. მაგრამ წერილი სად უწოდებს ქრისტეებად, ესე იგი ცხებულებად, იმათ, რომლებსაც ზეთით ცხება არ მიუღიათ? იქ, სადაც ამბობს: „ნუ შეეხებით ჩემს ქრისტეებს (ანუ ცხებულებს) და ჩემს წინასწარმეტყველთა შორის ნუ იუკეთურებთ“ (ფს. 104.15). იმ დროს ხომ საცხებელი ზეთი არც მზადდებოდა?10

 

“ხმობილი მოციქული” (1.1):

 

ყველგან “ხმობილად” უწოდებს თავის თავს, რითაც წარმოაჩენს საკუთარ მადლიერებას და, აგრეთვე, იმას, რომ არათუ ეძიებდა და ჰპოვა, არამედ ხმობილ იქნა რა, მივიდა და დამორჩილდა. წმინდანებსაც ასე უწოდებს იგი: „ხმობილი წმინდანები“ (I კორ. 1.2), თუმცა ესენი ხმობილ იქნენ, რომ მათ მიერ რწმენოდათ სხვებს, მაშ, კი სხვაც განეჩინა: მოციქულობა11, რაც არის საქმე, აღსავსე აურაცხელი სიკეთით, საქმე - ყოველგვარ ნიჭზე უმჯობესი და ამ ნიჭთა თავის თავში გარემომცველი. ან კი ნუთუ ეგების უფრო მეტი ითქვას მასზე, თუ არა ის, რომ რასაც იქმოდა მოსული ქრისტე, ეს ყოველივე მათ გადასცა და განვიდა? ამასვე ღაღადებს პავლე, აღამაღლებს რა მოციქულთა ღირსებას და ამბობს: „ქრისტეს გამო (რაც ნიშნავს: „ქრისტეს ნაცვლად“) ვდესპანობთ, ისე თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენ მიერ“ (II კორ. 5.20).

 

“განჩინებული ღვთის სახარებისთვის” (1.1):

 

ისევე როგორც ამათუიმ სახლში ყველა წევრი სხვადასხვა საქმეს ემსახურება, ამგვარადვე ეკლესიაშიც სახეზეა მსახურებათა სხვადასხვაგვარი დაყოფანი. ამასთან, მე მგონია, რომ ამ ადგილას არა მხოლოდ საქმისადმი განკუთვნილობა მოესწავება, არამედ ისიც, რომ ძველთაგანვე და ზემოდან იყო პავლე ამ საქმისთვის განწესებული. იერემიაც ამბობს, რომ სწორედ ასე ითქვა მის შესახებაც ღვთისგან: „საშოდან შენს გამოსვლამდე განგწმინდე შენ, ხალხთა წინასწარმეტყველად დაგადგინე შენ“ (იერ. 1.5). ამიტომ, რადგან თავმოთნე და ყოვლითურთ გასულდიდებულ ქალაქს სწერდა პავლე, ყოველმხრივ წარმოაჩენდა კიდეც თავის ხელდასხმულობას ღვთისგან და რომ სწორედ ღმერთმა უხმო მას და ღმერთმავე განაჩინა, ამას კი იმ მიზნით მოქმედებდა პავლე, რომ მათთვის ღირსსარწმუნო და ადვილად მისაღები გაეხადა თავისი ეპისტოლე.

 

“ღვთის სახარებისათვის” (1.1):

 

ნათელია, რომ არც მხოლოდ მათე არის მახარებელი და არც - მარკოზი, ისევე როგორც არცთუ მარტოოდენ იგია მოციქული, არამედ - ესენიც, თუმცა გამორჩევითად სწორედ პავლე ითქმის მოციქულად, მათე და მარკოზი კი - მახარებლად. ამასთან, პავლე “სახარებად” უწოდებს თავის მოციქულობას არათუ მხოლოდ აღსრულებულ სიკეთეთა გამო, არამედ - სამერმისოთა. მაგრამ როგორ ამბობს იგი, რომ ღმერთი იმახარობლება მის მიერ, თქვა რა: „განჩინებული ღვთის სახარებისთვის“? მამა ხომ სახარებათა უწინარესაც ცხადი იყო? დიახ, ცხადი იყო იგი, თუმცა მხოლოდ იუდეველთათვის და არა, სათანადო წესით, ყველა ამათთვის. არც იცოდნენ, რომ მამა იყო იგი და ბევრი რამ უღირსიც წარმოსახეს მასზე მაშინ. ამიტომაც თქვა ქრისტემ, რომ „მოვლენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები“, და რომ „მამა ეძიებს ამგვარ თაყვანისმცემლებს მისას“ (ინ. 4.23). მაგრამ მოგვიანებით მამაც ძითურთ გამოუჩნდა მთელ ქვეყნიერებას, რაც, მაშ, წინდაწინ აღმოთქვა ქრისტემ, როდესაც თქვა: „რათა შეგიცნონ შენ, მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი, და ის, ვინც მოავლინე - იესო ქრისტე“ (ინ. 17.3), პავლე კი, სახელსდებს რა „ღვთის სახარებად“ თავის ღვაწლს, წინასწარვე სწორ მიმართულებას აძლევს მსმენელს, რადგან არ მოსულა უფალი, რომ მას, წინასწარმეტყველთა მსგავსად, ეუწყებინა მჭმუნვარე რამ, კერძოდ: ბრალდებანი, გაკიცხვანი, დამსჯელობანი, არამედ - სახარებანი და სახარებანი ღვთსა, მყარ და შეუძრავ სიკეთეთა ურიცხვი საუნჯენი,

 

“რაც წინდაწინ გააცხადა მან თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმინდა წერილებში” (1.2):

 

ფსალმუნიც ამბობს: „უფალი მისცემს მეტყველებას იმათ, რომლებიც მახარებლობენ ფრიადი ძალით“ (ფს. 67.12), და კიდევ: „რაგვარ მშვენიერია მშვიდობის მახარებელთა ფეხნი“ (52.7).

 

ბ. ხედავ სახარების სახელსაც და სახესაც, ცხადად წარმოჩენილს ძველ აღთქმაშიც? მართლაც, არა მხოლოდ სიტყვებით ქადაგებულად ამბობს მას პავლე, არამედ - საქმეებითაც, რადგან არათუ კაცობრივი იყო იგი, არამედ - საღვთოც, გამოუთქმელიც და ყოველგვარ ბუნებაზე აღმატებულიც. თუმცაღა კიცხავდნენ სახარებას როგორც თითქოსდა ახალშემოღებულს, ელინებზე უძველესად და წინასწარმეტყველთა მიერ წინდაწინ აღწერილადაც გამოაჩინებს მას პავლე. მაგრამ თუ დასაბამიდანვე არა იქნა იგი მოცემული ღვთისგან, ეს - იმათ გამო, რომლებსაც არ სურდათ მისი მიღება, თუმცა კი ვისაც სურდა, ისმინა კიდეც, რადგან თქმულია: „აბრაამი, თქვენი მამა, განიხარებდა, რომ ეხილა ჩემი დღე, და იხილა და განიხარა“ (ინ. 8.57). მაშ, როგორ ამბობს მათე, რომ „მრავალ წინასწარმეტყველს და მართალს სწადდა იმის ხილვა, რასაც თქვენ ხედავთ და ვერ იხილეს“ (მთ. 13.17)? მათ ვერ იხილეს, - ამას ამბობს მათე, - თავად სხეული და თვით სასწაულები ისე, როგორც თქვენ ხედავთ და გესმით, თვალხილულად.

 

დააკვირდი ჩემთან ერთად, რაოდენი ჟამის უწინარეს წინაქადაგებულ იქნა იგი. დიახ, ოდეს ღმერთი დიად საქმეთა წინაგანმზადებას განიგულვებს, წინამაუწყებლობს კიდეც მათზე ფრიადი დროით უწინარეს, რომ გაგვიწვრთნას ყური ამ საქმეთა შესაწყნარებლად, რაჟამს ისინი აღსრულდება.

 

“წმინდა წერილებში” (1.2):

 

არა მხოლოდ ამბობდნენ წინასწარმეტყველნი, არამედ წერდნენ კიდეც, რასაც ამბობდნენ, და არა მხოლოდ წერდნენ, არამედ საქმეებითაც დაგვისახავდნენ, როგორც მაგალითად, იმას, თუ როგორ წაიყვანა აბრაამმა ისააკი, როგორ აღამაღლა მოსემ გველი, როგორ განავრცო მან ხელები ამალეკზე, როგორც შეწირა პასექის კრავი.

 

“მისი ძის შესახებ, დავითის თესლისგან ხორციელად შობილისა” (1.3).

 

ამას რას მოქმედებ, ჰოი პავლე? თუმცა კი აამაღლე და ზეაიყვანე ჩვენი სულები, წარმოგვისახე საქმენი დიდნი და გამოუთქმელნი, “სახარებად” რომ თქვი და “ღვთის სახარებად”, ამასთან, წინასწარმეტყველთა მწყობრიც შემოიყვანე და გამოგვიჩინე ყველა მათგანი სამერმისოთა მქადაგებლად მრავალი წლით უწინარეს, - ამათ შემდგომ კი კვლავ როგორღა ქვედაგვიზიდავ დავითისკენ? ნუთუ ვინმე კაცზე გვესაუბრები, მითხარ მე, იესეს ძე რომ განუჩინე მამად? და როგორღაა ზემოთქმულთა ღირსი ეს სიტყვები?

 

ფრიად ღირსია, “რადგან, - ამბობს, - ლიტონი კაცის შესახებ როდია ჩვენი სიტყვა! ამიტომაც დავურთე: “ხორციელად”, მივანიშნე რა, რომ სულიერადაც არის მისივე შობა”.

 

მაგრამ რატომ დაიწყო პავლემ აქედან, ხორციელისგან, და არა იქიდან, უაღმატებულესთაგან?

 

იმიტომ, რომ აქედანვე დაიწყო მათემ, ისევე როგორ ლუკამ და მარკოზმა, რადგან ზეცისკენ ჩვენი წარმართვის მზრახველს მართებს წარგვმართავდეს ქვევიდან ზევით. თვით საქმეც ხომ ასე განეგო: ჯერ, მაშ, კაცად იხილეს იგი ამქვეყანაზე და შემდეგღა შეიცნეს ღმერთად. ასე რომ, რა სახითაც მისცა სწავლება უფალმა, იმ სახითვე კვალავს მისი მოწაფეც იქ მიმავალ გზას. ამრიგად, პირველ რიგში ხორციელ შობას ამბობს იგი, თუმცა არა იმიტომ, რომ მართლა პირველი იყო ეს, არამედ იმიტომ, რომ ამისგან იმ სულიერისკენ აუძღვეს მსმენელს.

 

“განსაზღვრებულისა ღვთის ძედ, ძალით და სიწმინდის სულით, მკვდრეთით აღდგომის შედეგად, - რომელიც არის იესო ქრისტე” (1.4):

 

ბუნდოვანია ეს ნათქვამი სიტყვათშეთხზულობისა გამო. ამიტომაც, გვმართებს მისი დანაწევრება. მაშ, რას ნიშნავს, რასაც ამბობს პავლე? დავითისგან შობილს ვქადაგებთო, გვეუბნება. ეს ცხადია, მაგრამ ღვთის ძეც რომ არის ის, ვინც განკაცდა, საიდანღა ჩანს? პირველ რიგში - წინასწარმეტყველთაგან. ამიტომაც ამბობდა: “რაც წინასწარ აღთქმულ იქნა თავის წინასწარმერტყველთა მიერ წმინდა წერილებში” (1.2; კნინი როდია მტკიცებულების ეს სახე). შემდეგ, ამასვე გვისაბუთებს თვით შობის გვარიც, რაც პავლემ თავად გააცხადა, როდესაც თქვა: “დავითის თესლისგან ხორციელად” (1.3), ვინაიდან დაარღვია უფალმა ბუნების რჯული. მესამეც, იგივე დასტურდება იმ სასწაულთაგან, მან რომ აღასრულა, მოგვცა რა ამით ფრიადი ძალმოსილების მტკიცებულება, რადგან ამას ნიშნავს: “ძალით” (1.4). მეოთხეც, ეგევე წარმოჩნდება სულიწმინდისგან, ვინც მან მისდამი მორწმუნეებს მიუბოძა და ვის მიერაც ყველას წმინდაყოფს იგი. ამიტომ ამბობს პავლე: “სიწმინდის სულით” (1.4), ვინაიდან მხოლოდ ღმერთს შეეძლო ამგვარ ძღვენთა მიმადლება. და მეხუთეც, ამისვე მტკიცებულება გვაქვს უფლისმიერი აღდგომისგან, რადგან თავად იგია პირველი და ერთადერთი, თავისი თავი ვინც აღადგინა, რაზეც მანვე თქვა, რომ სწორედ ეს არის, ყველაზე მეტად, კმასაყოფელი ნიშანდება თვით ურცხვინოთა დასადუმებლად, რადგან „დაარღვიეთ, - ამბობს, - ეს ტაძარი და სამ დღეში აღვმართავ მას“ (ინ. 2.19), აგრეთვე: „როდესაც ამამაღლებთ მე მიწისგან, მაშინ შეიცნობთ, რომ მე ვარ“ (ინ. 7.28), და კიდევ: „ეს თაობა ნიშანს ეძებს და არ მიეცემა მას ნიშანი, თუ არა ნიშანი იონასი“ (მთ. 12.39).12

 

რა არის, მაშ, “ განსაზღვრებულისა” (1.4)?

 

იგივეა, რაც: „განცხადებულისა“, „გამოჩინებულისა“, „შერაცხილისა“, ანუ „აღსარებულისა“ ყველას და ყველაფრის აზრისა და განსჯის კვალობაზე, კერძოდ - წინასწარმეტყველთაგან, უჩვეულო ხორციელი შობისგან, სასწაულთამიერი ძალმოსილებისგან, სულისგან, რომლის მიერაც სიწმინდე ბოძებულჰყო, აღდგომისგან, რითაც დაამხო მან სიკვდილის ტირანია.

 

“რომლის მიერაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა დასამორჩილებლად სარწმუნობისადმი”(1.5).

 

იხილე მადლიერება მონისა! სურს ჰქონდეს არა თავისი თავისგან რაიმე, არამედ მეუფისგან - ყოველივე. და, ცხადია, სულმა მისცა მას ეს. ამიტომ ამბობდა უფალი: “ბევრი რამ მაქვს სათქმელი თქვენთვის, მაგრამ არ ძალგიძთ იტვირთოთ ახლა, მაგრამ როდესაც მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, გაგიძღვებათ თქვენ ყოველი ჭეშმარიტებისკენ” (ინ.16.12-13), და კიდევ: „განმიკუთვნეთ მე პავლე და ბარნაბა“ (საქ. 13.2). ასევე, კორინთელთა მიმართ პავლე ამბობს, რომ „ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს კი ცოდნის სიტყვა იმავე სულისამებრ“ და რომ „იგი განყოფს ყოველივეს, როგორც ნებავს“ (I კორ. 12.8-11), ხოლო მილეტელებს როდესაც საჯაროდ უქადაგებდა, ეუბნებოდა: “... სადაც დაგადგინათ თქვენ სულიწმინდამ მწყემსებად და ეპისკოპოსებად“ (საქ. 20.28).

 

ხედავ, სულისას ძისად ამბობს და ძისას სულისად?

 

“მადლი და მოციქულობა” (1.5):

 

ეს ნიშნავს: “ჩვენი წარმატება როდია, რომ ვართ მოციქულნი, რადგან არათუ ფრიადი გარჯილობისა და შრომის ფასად ვიწილხვედრეთ ეს ღირსება, არამედ მადლი მივიღეთ და ზეგარდმო საბოძვარის კუთვნილება გახდა ეს წარმატება”13.

 

“დასამორჩილებლად რწმენისადმი” (1.5):

 

გ. მაშ, არათუ მოციქულები იყვნენ წარმატების მოქმედნი, არამედ - მათი გზამკვლევი მადლი, რადგან მართებდათ მათ მიმოვლა და ქადაგება, დარწმუნება კი საქმე იყო მათში მოქმედი ღვთისა, როგორც ლუკამაც თქვა „განაღო მათი გულები“ (საქ. 16.14), და კიდევ: „რომლებისთვისაც მიცემული იყო ღვთის სიტყვის სმენა“ (?).

 

“დასამორჩილებლად” (1.5):

 

არ უთქვამს: „გამოსაკვლევად და დასამტკიცებლად“, არამედ: “დასამორჩილებლად”, რადგან „არ მოვივლინეო, - ამას ამბობს, - სამსჯელოდ, არამედ იმის გადასაცემად, რაც მომებარა“. მართლაც, როდესაც მეუფე განაჩინებს რასმე, მსმენელებს ნათქვამთა განჩხრეკა და მიმოწვლილვა როდი მართებთ, არამედ - მხოლოდ მიღება. მოციქულებიც სწორედ ამიტომაც მოივლინნენ, რომ რაც ისმინეს, ის თქვან და არათუ თავის მხრივაც დაურთონ რამე. ჩვენ კი, მათ შემდგომ, გვმართებსღა ვირწმუნოთ. მაგრამ რის შესახებ უნდა ვირწმუნოთ?

 

“მისი სახელის შესახებ” (1.5):

 

არა იმგვარად, რომ მის არსებას ჩავეძიებოდეთ, არამედ - მის სახელს ვერწმუნებოდეთ14, რადგან ეს სახელი იყო, სასწაულთ რომ იქმოდა, ვინაიდან „იესო ქრისტეს სახელით, - ამბობს პეტრე,- ადექ და იარე“ (სქ. 3.6). თვით ამ სახელს, რათქმაუნდა, რწმენა სჭირდება, რადგან განჯით არვის ძალუძს აღასრულოს ამგვარი რამ.

 

“ყველა ხალხში, რომელთა შორის ხართ თქვენც, ხმობილნი იესო ქრისტესი” (1.5-6):

 

რაღაა ეს? განა პავლემ ყველა ხალხს უქადაგა? იერუსალიმიდან რომ ილირკიამდე „განისრბოლა“ მან და აქედან რომ თვით მიწის კიდეებამდე განვიდა კვლავ, თავადვე ცხადყოფს ამას რომაელებისადმი მინაწერში, მაგრამ თუკი ყველას ვერ მიეახლა, ამის გამო სიცრუე როდია, რაც მან თქვა, რადგან არათუ მარტოოდენ თავის თავზე ამბობდა იგი, არამედ თორმეტი მოციქულის შესახებაც და ყველა იმის მიმართაც, რომლებიც მათ შემდეგ ქადაგებდნენ მოძღვრებას. ამასთან, არც, სახელდობრ, მის მამხილებლად შეძლებდა ვინმე დაენახა ზემორე სიტყვა, თუკი, ცხადია, გულისხმაჰყოფდა გულმოდგინებას მისას და იმას, რომ აღსრულების შემდეგაც არ ცხრება იგი მთელ ქვეყანაზე ქადაგებისგან. შეიცან აგრეთვე, რაზომ აღამაღლებს იგი ამ ძღვენს15 და რაოდენ დიდად და პირველზე16 ფრიად უმაღლესად გამოაჩინებს მას. მართლაც, თუკი ძველი ღვწანი ერთი ერის მიმართ იყო, ამან, მაშ, მიწაც და ზღვაც მოიზიდა.

 

მაგრამ ესეც განჭვრიტე ჩემთან ერთად, თუ რაგვარ ჰგიეს პავლეს სული განშორებულად ყოველგვარი მლიქვნელობისგან, რადგან იგი, ესიტყვებოდა რა რომაელებს, რომლებიც თითქოსდა ქვეყნიერების რამ მწვერვალზე იყვნენ დაბრძანებულნი, არარას მისცემდა მათ მეტს სხვა ხალხებთან შედარებით, არცთუ ის უთქვამს, რომ რაიმეთი, თუნდ სულიერად, მეტნი ხართო, თუმცა კი სწორედ ისინი მპყრობელობდნენ და მეფობდნენ მაშინ. პირიქით, “ისევე როგორც, - ამას ამბობს, - ვქადაგებთ სხვა ხალხთა მიმართ, ამგვარადვე - თქვენს მიმართაც”, თანააღრიცხავს რა მათ სკვითებთან და თრაკილებთან ერთად. მართლაც, ამის ცხადყოფა რომ არ ნდომოდა, მაშ, ზედმეტი იქნებოდა, რაც მათ უთხრა: “რომელთა შორის ხართ თქვენც” (1.6), მოქმედებს კი ამას იმიტომ, რომ შემუსროს მათი ქედმაღლობა, დაფუშოს მათი გაბერილობა და ასწავლოს მათ სწორპატივობა სხვა ხალხებთან. ამიტომაც დაურთო ეს სიტყვები: “რომელთა შორის ხართ თქვენც, ხმობილნი იესო ქრისტესი” (1.6), ესე იგი: „რომლებთან ერთად ხართ თქვენცო“. არ უთქვამს მას, რომ უფალმა უხმო „სხვებს თქვენთან ერთად“, არამედ „თქვენ სხვებთან ერთად“.

 

“თუ , მაშ, - ამას ამბობს პავლე, - ქრისტეში არ არის არც მონა და არც თავისუფალი17, ბევრად უფრო არც მეფეა მასში და არც მდაბიო, რამეთუ ხმობილნი ხართ თქვენც და არათუ თქვენით მოსულნი”.

 

“ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთივ შეყვარებულთ, ხმობილ წმინდანათ, მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი ღმერთი-მამის და უფალ იესო ქრისტესგან” (1.7):

 

ხედავ, რარიგ მიწყივ ურთავს სიტყვა „ხმობილს“? მართლაც, ამბობს: „ხმობილი მოციქული“ (1.1), „რომელთა შორის ხართ თქვენც ხმობილნი“ (1.6), „ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ხმობილთ“ (1.7). ცხადია, ამას ფუჭსიტყვაობის გამო როდი მოქმედებს იგი, არამედ მოსურნეა შეახსენოს რომაელებს ქველმოქმედება [ღვთისა]18, რადგან შესაბამისად იმისა, რომ მორწმუნეთა შორის, წესისამებრ, იყვნენ როგორც გამგებელთა და კონსულთაგანნი, ასევე ღარიბნი და მდაბიონი, მოციქულიც, განაგდებს რა უთანასწორობას პატივთა ნიშნით, ერთიან მოკითხვას მიუვლენს ყველას. მართლაც, თუკი უსაჭიროესთა და სულიერთა შორის მონათა და თავისუფალთა წინაშე ზიარად დაიგება ყოველივე, როგორც მაგალითად, ღვთისმიერი სიყვარული, ხმობილობა, სახარება, ძეობილობა, მადლი, მშვიდობა, სიწმინდე და სხვა ამგვარი, როგორღა არ იქნებოდა უკიდურესი უგუნურება ამქვეყნიურ საქმეთა მიხედვით იმათ დაცალკევება, რომლებიც ღმერთმა შეაერთა და უმჯობესთა შორის თანაწორად პატივდებულჰყო?

 

ამიტომ, ეს ნეტარიც, შესავლიდანვე რომაელთა ამ მძიმე სენის განმდევნელი, სიკეთეთა დედისკენ მიმართავს მათ, რაც არის მდაბალცნობიერება19. სწორედ ამან გახადა უფრო კარგი თვით მონებიც, დამოძღვრა რა, რომ არას ავნებდათ მათ მონობა, თუ ექნებოდათ ჭეშმარიტი თავისუფლება. ამანვე ზომიერებისკენ განამზადა უფლებამოსილნი, ასწავლა რა მათ, რომ არას არგებდათ თავისუფლება რწმენის საქმეთა უწინამძღვროდ. ამასთან, რათა განისწავლო, რომ ამის მოქმედს აღრევა კი არ შემოჰქონდა და ყოველივეს თანაშერევა, არამედ ურჩეულესი განყოფაც რომ კარგად უწყოდა, სწორედ ამიტომ, მარტივად კი არ მისწერა ყველა რომაელს, არამედ განსაზღვრულად “ღვთივ შეყვარებულთ” (1.7).

 

აი, ეს არის ურჩეულესი განმრჩეველობა, რითაც ცხადყოფს, თუ საიდან არის წმინდამყოფელობა.

 

დ. მაშ, საიდან არის წმინდამყოფელობა? სიყვარულისგან! მართლაც, თქვა რა მან: “შეყვარებულთ” (1.7), იქვე დასძინა: “ხმობილ წმინდანთ” (1.7), რითაც ცხადყო, რომ აქედან გვაქვს წყარო ყოველი სიკეთისა, “წმინდანებად” კი მორწმუნეებს უწოდებს ყველგან.

 

“მადლი თქვენდა და მშვიდობა” (1.7):

 

ჰოი მოკითხვავ, ურიცხვ კეთილთა დამტევნელო! ქრისტემაც ხომ პირველ სიტყვად სწორედ ამის თქმა განუწესა მოციქულებს სახლში შესვლისას. პავლეც, ამიტომ, ყველას მიმართ აქედან იწყებს, - მადლიანად და მშვიდობიანად, რადგან არათუ კნინი რამ შუღლი განაქარვა ქრისტემ, არამედ - მრავალთხზული, ნაირგვარი და ხანგრძლივი, რაც აღსრულდა არა ჩვენეული დამაშვრალობით, არამედ მისეული მადლის მიერ.

 

ამრიგად, რადგან სიყვარულმა მადლი გვიბოძა, მადლმა - მშვიდობა, მოკითხვის წესად პავლეც მათვე განაჩინებს და ლოცულობს, რომ შენარჩუნდნენ ურყევად და შეუძრავად (რათა შემდეგშიც არ აღიძრას ახალი შუღლი), და სთხოვს მბოძებელს მათ მყარად დაცვას, როდესაც ამბობს:

 

“მადლი თქვენდა მშვიდობა ჩვენი ღმერთი- მამის და უფალ იესო ქრისტესგან” (1.7)20.

 

აჰა, აქ „-გან“ საერთოა მამისა და ძისთვის, რაც უიგივდება სიტყვას: „მისგან“. არ უთქვამს პავლეს: „მადლი თქვენდა და მშვიდობა ღმრთი-მამისგან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ“, არამედ: “ღმერთი-მამის და ჩვენი უფალის იესო ქრისტესგან”.

 

ჰოი, რაოდენ იმძლავრა ღვთის სიყვარულმა! მოშუღარნი და შეურაცხმყოფელნი მყისვე წმინდანები და ძეები გახდნენ, რადგან როდესაც ღმერთს „მამად“ უხმო ძენი გააცხადა, ხოლო რაჟამს „ძენი“ თქვა, სიკეთეთა მთელი საუნჯე გამოაჩინა21.

 

მაშ, დავშთეთ ღირსნი საბოძვარისა ღვაწლის ჩვენებით, მშვიდობისა და სიწმინდის დაცვით, რადგან წუთიერია სხვა ღირსებანი, განქარვებადნი სოფელთან ერთად, ფასით სყიდულნი22, რის გამოც არათუ ღირსებებად უნდა თქვას ვინმემ, არამედ ოდენ - ღირსებათა სახელებად, რომლებსაც შთამბეჭდავს ხდის სამოსელთა გარემოსხმულობა და შუბოსანთა ასაბიის პირმოთნეობა, ხოლო ეს კი - სიწმინდისა და ძეობილობის საბოძვარი, ვითარცა ღვთისგან მოცემული, სიკვდილისგანაც არ განირღვევა, არამედ იგი ამქვეყნადვე გვაცისკროვნებს და, ამავე დროს, თან მიგვყვება სამერმისო ცხოვრებისკენაც. მაშ, ვინც იმარხავს ძეობილობას, ვინც ზედმიწევნით იცავს სიწმინდეს, თვით დიადემამოსილზე და პორფიროსანზე ბევრად უფრო ცისკროვანია და ნეტარი, რადგან იგი ამქვეყნადაც სიწყნარით იშვებს, ტკბილ იმედებთან თანაშეზრდილი, და არა აქვს რა მშფოთვარებისა და წრტიალის არაგვარი რამ მიზეზი, მოუკლებელი სიამით ილხენს, რადგან სიხარულს და სიხალისეს ძალაუფლების სიძლიერე როდი იწვევს ანთუ სიმდიდრე დოვლათისა ან ხელმწიფობის სიდიადე ან ბრგე სხეული ან ტაბლა-სუფრის დიდი სიუხვე ან სამოსელთა შემკულობა ან კიდევ სხვა რამ კაცობრივი, არამედ მხოლოდ - წარმატება სულისმიერი და ზნესრულობა23. ის, ვინც ამაში წარემატა, თუნდაც ძაძით იყოს მოსილი და შიმშლთან მორკინალობდეს, სიხარულშია უფრორე მეტად ვიდრე მავანნი, ფრიად შვებულნი. სწორედ ამიტომ, ვინც იცის, რომ ბოროტება არის მის სულში, თუნდა მოიხვეჭოს მთელი სიმდიდრე, ყველა სხვაზე უბადრუკია. ამიტომვეა, რომ მუდამჟამს შიმშილში და სიშიშვლეში მცხოვრები პავლე, თანაც გვემული დღენიადაგ, იმათზე მეტად იხარებდა და ილხენდა, იმჟამად რომ მეფენი იყვნენ. აქაბიც ხომ, მეფედ მყოფი და ყოველგვარი განცხრომით სავსე, იმ ცოდვის შემდეგ, რაც ჩაიდინა, გმინავდა და მწუხარებდა, მისი სახე კი, ცოდვამდეც და ცოდვის შემდეგაც, მჭმუნვარე იყო (შდრ. III მფ. 21.4; 21.27).

 

ამრიგად, თუ გვსურს სიამით დავტკბეთ, ყოვლის უადრეს ბოროტებას განვერიდოთ და ვესწრაფოდეთ სათნოებას, რადგან სხვაგვარად არავის ძალგვიძს სიხარულთან თანაშეტკბობა, თუნდაც ავიდეთ სამეფო ტახტზე. პავლესგანაც ამიტომ თქმულა: „ხოლო ნაყოფი სულისა არის: სიყვარული, სიხარული და მშვიდობა“ (გალ. 5.22).

 

მაშ, ეს ნაყოფი ვზარდოთ ჩვენში, რომ ვიშვებდეთ იმ სიხარულით, მისგან რომ არის, და მივეახლოთ სამერმისო სასუფეველს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომელთან ერთად დიდება მამას სულიწმინდითურთ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

 


 

შენიშვნები:

 

6 - "პავლეთა" განმარტების ექვთიმესეულ თარგმანში ვკითხულობთ: "ვინაჲთგან შორიელთა მიუწერდა და უფროჲსღა ჰრომაელთა, რომელნი ჯერეთ არღა ეხილნეს, ამისთჳს თავსა ზედა თჳსა [ნუსხ. და გამოც.: "თჳსსა"] სახელი დააწესა" (პავლეს ეპისტოლეთა განმარტება, გამოკრებული იოანე ოქროპირისა და სხვა წმინდა მამათა თხზულებებიდან, თარგმნილი ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა, თბ. 2003, გვ. 14; ქვემოთ ეს გამოცემა მითითებული გვაქვს, როგორც: "ექვთ."); შდრ. იმავე ძეგლის ეფრემისეული თარგმანი: "შორიელთა მიმართ მისწერს, ამისთჳს დასწერს სახელსა თჳსსა" (სამოციქულოს განმარტება, გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმინდა მამათა თხზულებებიდან, თარგმნილი ეფრემ მცირის [კარიჭის- ძის] მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვა დაურთო ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა, თბ. 2006, გვ. 14; ქვემოთ ეს გამოცემა მითითებული გვაქვს, როგორც: "ეფრ.").

 

7 - "მოისიბრძნა" - ე.ი. ბრძნული მოხერხებით მოიპოვა. შდრ. ბერძნ. ἐσοφίσατο.

 

8 - შდრ. ექვთ.: "მრავალ არიან მონებისა ღმრთისა სახენი და ყოველნივე იგი აქუნდეს პავლეს ერთად. მონებაჲ არს, რამეთუ დაბადებულ იყო ღმრთისაჲ; მეორედ სარწმუნოებითა იყო მონა მისა; და მესამედ - მოციქულებითა" (დასახ. გამოც. გვ. 14; ქვემოთ ეს გამოცემა მითითებული გვაქვს როგორც "ექვთ.").

 

9 - შდრ. ექვთ.: "რომელსა იგი პირველ სავლე ეწოდებოდა, პავლედ შეიცვალა და ვითარცა ყოვლითავე მსგავს იქმნა თავსა მის მოციქულთაჲსა პეტრესა, არცა ამით დააკლდა მისსა საქმესა, რამეთუ ვითარცა მას სიმონ ეწოდებოდა და პეტრე ეწოდა, ეგრეთვე ამას სავლე ეწოდებოდა და პავლე ეწოდა" (დასახ. გამოც. გვ. 14); შდრ. ეფრ.: "რომელი-იგი (სახელი, ე.ჭ.) მას (მოციქულს, ე.ჭ.) ამისთჳს შეეცვალა უფლისა მიერ სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა არც ამით რაჲთმე ნაკლულევან იყოს პეტრესგან, თავის მი მოციქულთავსა, რომელსა-იგი სიმონობაჲ პეტრედ შეეცვალა" (დასახ. გამოც. გვ. 14).

 

10 - შდრ. ექვთ.: "იესუ კაცობრივისა ბუნებისა მისისა სახელი არს, ხოლო ქრისტე "ცხებულად" გამოითარგმანების და მოასწავებს ღმრთეებასა მას მხოლოდშობილისასა და სულსა წმიდასა, რომლისა მიერ ცხებულ იქმნა კაცებაჲ უფლისაჲ; არა ვითარ სხუანი იგი, პირველთა ჟამთა ცხებულნი, რომელნი მადლსა მას ოდენ მიიღებდეს საღმრთოსა! ხოლო მის თანა ყოველმანვე სავსებამან ღმრთეებისამან დაიმკჳდრა და ეწოდა ქრისტე. იესუ უკუე კაცებისა მისისა სახელი არს, ხოლო ქრისტე რაჟამს თქუას ვინ, ღმრთეებასაცა მოასწავებს და კაცებასა" (დასახ. გამოც. გვ. 14); შდრ. ეფრ.: "იესუდ უწოდს უფალს ჩუენსა კაცებისათჳს, ხოლო ქრისტეს - საცხებელისა მისთჳს სულისა" (დასახ. გამოც. გვ. 14).

 

11 - შდრ. ექვთ.: "აღიარებს, ვითარმედ: წოდებულ ვარ უფლისა მიერ და არა ნებსით მოუჴედ ქრისტესა, არამედ იგი გამომიჩნდა და მიწოდა. ხოლო იტყჳს ვითარმედ “მოციქული”, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არათუ სარწმუნოებად ოდენ მიიწოდა ქრისტემან, არამედ მოციქულებადცა" (დასახ. გამოც. გვ. 14); შდრ. ეფრ.: "და “ჩინებულ” რაჲ თქუას, ამას ცხადჰყოფს, ვითარმედ ზეგარდამოჲთა წოდებითა ჩინებულ არს, ხოლო ჩინებულ არს არა სხუად რადმე, არამედ მოციქულებად" (დასახ. გამოც. გვ. 14).

 

12 - შდრ. ექვთ. (ტექსტი ყველაზე სრულად და გამართულად დაცულია B ნუსხაში, რომლის მიხედვითაც მოგვაქვს ციტატა): "მოციქულისაჲ: რომელი-იგი გამოჩნდა (1.40); თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: საცნაურ იქმნა ჩუენ შორის და დაემტკიცა: (I) წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და (II) საკჳრველისა მის მიერ ქალწულისაგან შობისა მისისა და (III) ძალისა მისგან სასწაულთა მისთაჲსა და ადგომითა მისითა" (დასახ. გამოც. გვ. 15; BC ნუსხებში ერთვის საყურადღებო ტექსტი, რასაც ვიმოწმებთ უფრო მართებული B-ს მიხედვით: "(IV) სულისა მის მიერ, რომლითა მოგუცა სიწმიდე და (V) აღდგომისა მიერ, რომლითა დაჴსნდა მძლავრებაჲ სიკუდილისაჲ. ამის ყოვლისა მიერ გამოჩნდა ჩუენ შორის, ესე იგი არს, იცნობა, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ არს და მის მიერ ვიჩინეო მე მოციქულად, რამეთუ იტყჳს თავსა თჳსსა “ჩინებულად მოციქულად” (1.1; შესაბამის ადგილას თვით ექვთ.-თანვე გვაქვს “წოდებული მოციქული”, ხოლო "ჩინებული" იქვე მოხმობილია ტრადიციული "რჩეულის" სანაცვლოდ: “ჩინებული სახარებასა მას”; დასახ. გამოც. გვ. 15; ეფრემთან ორივეგან ტრადიციული ტერმინთშესატყვისობაა დაცული: “ჩინებული მოციქული”; “რჩეული სახარებასა მას”), რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა თავით თჳსით მოიღო მოციქულებაჲ, არამედ ჩინებითა და წოდებითა ქრისტესითა" (დასახ. გამოც. გვ. 15; დავძენთ, რომ, BC-ის გარდა, სხვა ნუსხებში მოტანილი ციტატის ვრცელი მონაკვეთი სიტყვებიდან: "სულისა მის მიერ" ბოლომდე შენაცვლებულია ორი სიტყვით: "აღდგომითა მით", რაც აღნიშნულ გამოცემაში ძირითად ტექსტადაა მიჩნეული); შდრ. ეფრ.: "ვინაჲ საცნაურ არს, ვითარმედ ძე ღმრთისაჲ არს განჴორციელებული ესე? პირველად უკუე - წიგნებითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა; მეორედ - სახითა მით უთესლოდ მუცლადღებისაჲთა, რაჟამს დაჰჴსნნა შჯულნი ბუნებათანი, იშვებოდა რაჲ ნათესავისაგან აბრაჰამისსა; მესამედ - ძალითა სასწაულთაჲთა, რომელთა ჰყოფდა; მეოთხედ - სულისა მისგან სიწმიდისა, რომელი მოჰფინა ჩუენ ზედა, რამეთუ ჭეშმარიტად ღმრთისა შემსგავსებული არს ნიჭი ესე; მეხუთედ - აღდგომითა მით, რომლითა-იგი მან პირველად აღადგინა თავი თჳსი, ვითარცა უფალმან და მეუფემან ყოველთამან" (დასახ. გამოც. გვ. 14).

 

13 - შდრ. ექვთ.: "ესე იგი არს, ვითარმედ არა ჩუენითა რაჲ[თ]მე სათნოებითა მოვიღეთ მოციქულებაჲ, არამედ მისითა მადლითა უსასყიდლოდ" (დასახ. გამოც. გვ. 16); შდრ. ეფრ.: "ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა თჳსთა წარმატებათაგან მომიღებიეს მადლი მოციქულებისაჲ, არამედ ყოველივე მადლისა და ნიჭისა მისისაჲ არს და არა ჩემ მიერ შრომით მოგებული" (დასახ. გამოც. გვ. 14).

 

14 - შდრ. ექვთ.: "არა ჯერ-არსო გამოწულილვაჲ ბუნებისა და არსებისა ღმრთისაჲ, არამედ მორჩილებად სარწმუნოებით... ვითარმედ მოგუეცა ჩუენ მოციქულებაჲ სახელისა მისისათჳს, რაჲთა ვასწავოთ კაცთა სახელისა მისისა რწმუნებაჲ და არა ბუნებისა და არსებისა მისისა გამოძიებაჲ" (დასახ. გამოც. გვ. 16); შდრ. ეფრ.: "არა ჯერ-არს გამოძიებაჲ და გამოწულილვაჲ ბუნებასა და არსებასა მისსა, არამედ მხოლოდ სარწმუნოებით და მორჩილებით მოქმედებაჲ ნებათა და ბრძანებათა მისთაჲ... აწ გუასწავებს, ვითარმედ არა არსებისა მისისა გამოძიებაჲ, არამედ სახელისა მისისა მიმართ ოდენ რწმუნებაჲ მოცემულ არს ჩუენდა შემეცნებად და ზედამიწევნით [ყოველთა] უწყებად" (დასახ. გამოც. გვ. 14).

 

15 - ე.ი. მოციქულობას.

 

16 - ე.ი. ძველი აღთქმისეულზე.

 

17 - იგულისხმება სოციალურად თავისუფალი, არა-მონა.

 

18 - შდრ. ექვთ.: "რაჟამს “ჩინებაჲ” თქუას, გამოაჩინებს ღმრთისა ჩუენისა სახიერებასა, რომელმან მტერქმნილნი ესე ესრეთ შეგჳყუარნა, რომელ “ჩინებულად სიწმიდისად” გჳწოდნა" (დასახ. გამოც. გვ. 17); შდრ. ეფრ.: "ამისთჳს ზედაჲსზედა აქცევს სიტყუასა მას “ჩინებულობისას”, რაჲთა მოგუაჴსენნეს ქველისმოქმედებანი ღმრთისანი ჩუენა მომართ, რომელმან-იგი პირველ მოსლვად ჩუენდამდე ჯერ-იჩინა თჳთწოდებით მიყვანებაჲ ჩუენი მისსა" (დასახ. გამოც. გვ. 17).

 

19 - შდრ. ταπεινοφροσύνη.

 

20 - სხვაგვარი განმარტებანია ექვთიმესა და ეფრემის თარგმანებში. შდრ. ექვთ.: "რამეთუ ვერვინ შემძლებელ არს საქმეთა თჳსთა მიერ ცხორებად, უკუეთუ არა მადლმან ღმრთისამან უსასყიდლოდ აცხოვნოს. ამისთჳს იტყჳს ნეტარი პავლე, ვითარმედ: თქუენთანამცა არს მადლი იგი, რომელი მოგუცა სიყუარულმან ღმრთისამან, და მშჳდობაჲ იგი, რომელი ქმნა ქრისტემან ჩუენ შორის" (დასახ. გამოც. გვ. 16); შდრ. ეფრ.: "ვინაჲთგან ვერვინ განმართლდების საქმეთაგან თჳნიერ მადლისა მისისა, ამისთჳს მადლსა და მშჳდობასა ზოგად უფლისა მიერ მოცემულად დაუმტკიცებს მათ" (დასახ. გამოც. გვ. 14).

 

21 - შდრ. ექვთ.: "ეჰა საკჳრველი, ვითარი საქმე ქმნა სიყუარულმან ღმრთისამან ჩუენ თანა, რამეთუ რომელნი-ესე მტერ და შეურაცხ ვიყვენით, მეყსა შინა წმიდა და შვილ ღმრთისა ვიქმნენით, და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: “მადლი თქეუნდა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა”, რამეთუ რაჟამს მამაჲ თქუას, ძეთა მოასწავებს, ხოლო რაჟამს ძეობაჲ მოგუცეს მისი, ესე თავი არს ყოველთა კეთილთაჲ" (დასახ. გამოც. გვ. 16; აღვნიშნავთ, რომ ციტატაში დადასტურებული მრავლობითი "ძეთა" სახეზეა მხოლოდ B ნუსხაში, თან აქაც, სხვა ნუსხათა მსგავსად, ჯერ ყოფილა "ძესა" და შემდეგ მომხდარა მისი შეცვლა მრავლობითის ფორმით, როგორც ჩანს, მართებული დედნის საფუძველზე, რადგან, ერთი მხრივ, კონტექსტითაც უთუოდ მრავლობითია გამართლებული, რადგან საუბარია არა ძე ღმერთზე, არამედ ადამიანებზე, მადლით ღვთის ძეებზე, მეორე მხრივ კი მრავლობითი გვაქვს ბერძნულშიც: ὅταν γὰρ πατέρα καλέσῃ, υἱοὺς ἐδήλωσεν: ὅταν δὲ υἱοὺς εἴπῃ, ἅπαντα τῶν ἀγαθῶν τὸν θησαυρὸν ἀνεκάλυψε. ეს ფაქტიც ადასტურებს ჩვენ მიერ ზემოგამოთქმულ აზრს B ნუსხის განსაკუთრებული ღირსების შესახებ, რაც აღნიშნულ გამოცემაში, სამწუხაროდ, სრულად შეცნობილი და ძირითად ტექსტში ასახული ვერ არის); ნაკლებ თანმხვედრია ეფრ.: "და სახელითა მამისაჲთა შვილებისა მადლსა მოაჴსენებს, რომელი მოგუცა ღმერთმან მამამან ძისა მიერ თჳსისა - უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა" (დასახ. გამოც. გვ. 17).

 

22 - შდრ. "ამის სოფლისა პატივნი საწუთრო არიან და წარმავალ, საფასითა ყიდულნი და კაცთა მიერ მოკუდავთა მოცემულნი. ამისთჳს არცა ღირს არიან პატივად სახელისდებად" (წმ. იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ, III, თბ. 1998, გვ. 467).

 

23 - ბერძნ. συνειδὸς ἀγαθόν (სიტყ. "კეთილი სინდისი").

 


 

წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი