მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

რომაელთა მიმართ ეპისტოლის განმარტება

თარგმანი ეფუძნება ორიგინალის მინისეულ გამოცემას

 

წინასიტყვაობა

 

ა. მიწყივ ვისმენ რა ნეტარი პავლეს ეპისტოლეთა აღმოკითხვას, - ყოველ კვირაში ორგზის, ხშირად კი სამგზის, და ოთხგზისაც, რაჟამს წმინდა მარტვილთა ხსენებას აღვასრულებთ, ერთი მხრივ, ვხარობ და ვიშვებ სულიერი საყვირით, აღვემართები და, ჩემთვის ძვირფასი ხმის შემცნობი, სურვილით ვიწვი, ფიქრებში წარმოვისახავ რა მას თითქოსდა თანამყოფად და ვხედავ რა თანამესიტყვედ, ამასთან, მეორე მხრივ, მწუხარება და ტკივილი მაქვს იმის გამო, რომ ყველა როდი იცნობს ამ მამაკაცს1, რაგვარადაც ხამს იცნობდნენ, არამედ ესოდენ უმეცარნი არიან მის შესახებ მავანნი, რომ არცთუ ეპისტოლეთა რიცხვი უწყიან ჯეროვნად, ეს კი ხდება არა უსწავლელობის რამ მიზეზით, არამედ - იმისდა კვალად, რომ არ ნებავთ მათ მიწყივ სჯა-ბაასობდნენ ამ ნეტართან.

 

დიახ, ჩვენც ჩვენი მხრივ, რაც კი ვიცით, თუ რამ ვიცით, ბუნებაკეთილობისა2 და გონების სიმახვილის წყალობით როდი შეგვიცნია, არამედ - მიწყივ თანაშემსჭვალვით ამ მამაკაცთან და მისდამი ფრიადი თანაშეტკბობით. მართლაც, სატრფოსეულნი მეტრფეთ უწყიან სხვათა უწინარეს, არიან რა გულითადად მათზე მზრუნველნი. ეს გაგვიცხადა ამ ნეტარმაც, როდესაც უთხრა ფილიპელებს: „ისევე როგორც მმართებს მე, მოფიქრალი ვიყო თქვენზე, რადგან მყავხართ ჩემს გულში, როგორც, აგრეთვე, ჩემს ბორკილებში, სახარების დაცვასა და განმტკიცებაში“ (ფილ.1.7). ამიტომ, თქვენც, თუკი იწადებთ იმას, რომ გულმოდგინედ ყური უგდოთ აღმოკითხულს, არ დაგჭირდებათ არავინ სხვა, რადგან უტყუარია ქრისტეს სიტყვა, რომელიც ამბობს: „ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ თქვენ“ (მთ. 7.7). თუმცა კი რადგან თქვენ, აქ ჩვენდამი შემოკრებილთა უმეტესობამ, თავს იდეთ შვილების აღრზდა, ცოლებზე ზრუნვა და სახლის მოვლაპატრონობა, ამ მიზეზით კი აღარ ძალგიძთ თქვენი თავი სრულად უძღვნათ ამ ღვაწლს, იმისთვის მაინც აღემართენით, სხვათა მიერ მოკრებილი რომ შეითვისოთ და ესოდენი გულმოდგინება განუკუთვნოთ ნათქვამთა სმენას, რაოდენსაც თუნდ დოვლათის შოვნაზე ავლენთ. რათქმაუნდა, სამარცხვინოა მხოლოდღა ამის მოთხოვნა თქვენგან, მაგრამ ესეც ხომ კარგი იქნება, ეგზომ ღვაწლს თუ მაინც აჩვენებთ, ვინაიდან სწორედ აქედან, - წმინდა წერილთა უმეცრებისგან, - ურიცხვი რამ ბოროტება ამოტოტვილა. დიახ, აქედან აღმოცენდა მწვალებლობათა მრავალგვარი ბიწიერება. აქედანვეა უსაზმნო ყოფა, აქედანვეა უსარგებლო დამაშვრალობა. ისევე როგორც ამა სინათლეს დაკლებულნი ნაბიჯს სისწორით წინ ვერ დგამენ, ამგვარადვე საღვთო წერილთა სხვის მიმართ ვერ გამზერილნი, როგორც, მაშ, უმძიმეს წყვდიადში მსვლელნი, ფრიად იიძულებიან მიწყივ სცოდავდნენ, და ჩვენი ხვედრიც ეს რომ არ გახდეს, სამოციქულო ნასიტყვობათა შუქს გავუხსნათ თვალნი, ვინაიდან თვით მზეზე მეტად გაბრწყინდა მისი ენა და გარდაემატა იგი სხვას ყველას მოძღვრების სიტყვით, რადგან დაშვრა რა მათზე ზეჭარბად, მადლიც ფრიადი მოიხვეჭა სულიწმინდისა, თუმცა ამას მარტოოდენ ეპისტოლეთა კვალობაზე როდი ვამტკიცებ, - საქმეთაგანაც. მართლაც, თუ სადმე ჟამი იყო ერის წინაშე ქადაგებისა, ასპარეზს ყველგან მას უთმობდნენ. ამიტომ იქნა ჰერმესადაც მიჩნეული ურწმუნოთაგან ვით ენამჭევრი3.

 

აწ კი, განვიზრახავთ რა ამ ეპისტოლესთან მიახლებას, უნდა ითქვას, აგრეთვე, დროის შესახებ, როდესაც ის დაიწერა, რადგან არათუ, როგორც მრავალნი მიიჩნევენ, უწინარესია იგი ყველა სხვაზე, არამედ მხოლოდ იმათზეა უდარესი, რომლებიც რომიდან იქნა გაგზავნილი, ხოლო სხვებზე უფრო გვიანდელია, თუმცა არა - ყველაზე, რადგან კორინთელთა მიმართ ორივე ეპისტოლეც მასზე ადრე გაიგზავნა, რასაც ცხადყოფს ის მინაწერი, ამ უკანასკნელს ბოლოსკენ რომ ერთვის, ამბობს რა ასე: „ახლა კი მივდივარ იერუსალიმში, რომ ვემსახურო წმინდანებს, რადგან მაკედონიამ და აქაიამ ისათნოვეს, საბოძვარი რამ გაეცათ იერუსალიმში მყოფი ღარიბი წმინდანებისთვის“ (რომ. 15.25-26). მეორე მხრივ, კორინთელთა მიმართ გზავნილში ასე ამბობდა იგი: „თუ ეღირება, რომ მეც წავიდე, წამოვლენ ჩემთან ერთად“ (I კორ. 16.4), თქვა კი ეს იმათ შესახებ, როჭიკი რომ მიჰქონდათ იქ. აქედან აშკარაა, რომ კორინთელებს რაჟამს სწერდა, გაურკვეველი იყო მისი ეს წასვლა, ხოლო რომაელთა მიმართ მიწერისას უკვე გადაწყვეტილი იყო. ამის დადგენით ცხადი ხდება, რომ ეს ეპისტოლე იმათზე გვიანდელია. ამასთან, თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლენიც კორინთელთა მიმართ მიწერილებზე უადრესი მგონია, რადგან მისწერა რა იმათაც უწინარესვე, მათთანაც ჩამოაგდო სიტყვა მოწყალებაზე, როდესაც თქვა: „ხოლო ძმათმოყვარეობის შესახებ არ გვჭირდება მოწერა თქვენთვის, რადგან თქვენვე ხართ განსწავლულნი ურთიერთისადმი სიყვარულში და ამასვე აღასრულებთ ყველა ძმის მიმართ“ (I თეს. 4.9-10). მხოლოდ შემდეგ მისწერა მან კორინთელებს, რასაც ცხადყოფს მისგან თქმული: „რამეთუ ვიცი მე თქვენი გულმოდგინება, რითაც ვემოქადულები მაკედონელებს თქვენ გამო, რომ აქაია განმზადებულია შრშანდლიდან, და თქვენეულმა მოშურნეობამ მრავალნი აღანთო“ (II კორ. 9.2). ამ სიტყვებით ცხაყო, რომ პირვლებს მათ ეუწყათ ამის შესახებ. ასე რომ, ეს ეპისტოლე იმ ეპისტოლეებზე გვიანდელია, თუმცა კი პირველია რომიდან გაგზავნილთა შორის, ვინაიდან ჯერაც არ იყო მოციქული ფეხშედგმული რომაელთა ქალაქში, როდესაც დაწერა მან იგი. აი, ამას ცხადყოფს, ამბობს რა: „რამეთუ მწადია თქვენი ხილვა, რომ სულიერი ნიჭი გაგიყოთ თქვენ“ (რომ. 1.11). ხოლო რომიდან უკვე ფილიპელებს მისწერა. ამიტომაც თქვა: „მოკითხვას გითვლით თქვენ ყველა წმინდანი, განსაკუთებით კი კეისრის სახლეულნი“ (ფილ. 4.22). ასევე ებრაელებსაც აქედან მისწერა. ამიტომაც თქვა, რომ იტალიიდან მოიკითხავდნენ მათ ყველას (ებრ. 13.24). ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეც, - ისიც კი, - რომიდან გაგზავნა ბორკილდებულმა, რაც უკანასნელი მგონია ყველა სხვა ეპისტოლეზე. დასასრულიდანაა ცხადი ესეც: „რამეთუ მე უკვე შევიწირები, - ამბობს, - და ჟამი ჩემი განსვლისა დადგა“ (II ტიმ. 4.6), ხოლო მან რომ იქ დაასრულა სიცოცხე, ცხადია ყველასთვის. ფილემონისადმი მიწერილიც, - დიახ ისიც, - უკანასკნელია, რადგან უკიდურეს სიბერეში დაწერა იგი. ამიტომაც თქვა: „როგორც პავლე მოხუცებული, აწ კი ბორკილდებულიც ქრისტე იესოსი“ (ფლმნ. 9). მეორე მხრივ, რათქმაუნდა, კოლასელთაზე უწინარესია რომაელთა მიმართ მიწერილი. ესეც ასევე დასასრულიდან ხდება ცხადი, რადგან მისწერს რა კოლასელებს, ეუბნება: „ტვიქიკე ყოველივეს გაცნობებთ თქვენ, რომელიც გამოვგზავნე ონისიმესთან, - სარწმუნო და საყვარელ ძმასთან, - ერთად“ (კოლას.4.7-9), ონისიმე კი ის იყო, ვისზეც მისწერა მან ფილემონს. და რომ არ იყო იგი სხვა - მხოლოდღა თანამოსახელე, - ცხადია არქიპესგანაც, რადგან ვინც თანაშემწედ განიკუთვნა მოციქულმა ონისიმეზე სათხოვარში, რაჟამს მისწერდა ფილემონს, მასვე კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში ამ სიტყვებით აწვევს ღვაწლისკენ: „უთხარით არქიპეს: გაუფრთხილდი იმ მსახურებას, რაც მიიღე, რომ აღასრულო იგი“ (კოლ. 4.17). მგონია, აგრეთვე, რომ გალატელთა მიმართ ეპისტოლეც უწინარესია რომაელთა მიმართ მიწერილზე.

 

ხოლო ის, რომ წიგნებში სხვაგვარია ეპისტოლეთა მიმდევრობა, არაფერია გასაკვირი, ვინაიდან თორმეტი წინასწარმეტყველიც დროის მხრივ თანაშემდგომი როდი იყო, არამედ ურთიერთს ფრიად დაშორებული, თუმცა ისინი წიგნების რიგში მიჯრით არიან დაწესებულნი. დიახ, ანგეაც, ზაქარიაც და სხვებიც ეზეკიელისა და დანიელის შემდეგ წინასწარმეტყველებდნენ, ისევე როგორც ბევრი მათგანი - იონას, სოფონიას და ყველა სხვის შემდგომ, თუმც კი, მიუხედავად ამისა, თანაშეერთებულნი არიან ყველა მათგანთან, რომლებსაც ესოდენი ჟამით ემიჯნებიან.

 

 

ბ. ნურავინ ჩათვლის ამას უსარგებლო გარჯილობად, ნურც ზედმეტად ურგებ საქმედ - ამგვარ კვლევას, რადგან არამცირედით შეეწევა ჩვენს საძიებელს ეპისტოლეთა დროის გარკვევა. მართლაც, როდესაც ვხედავ, რომ მოციქული რომაელებსა და კოლასელებს ერთსა და იმავეზე ერთგვაროვნად როდი მისწერს, არამედ, ერთი მხრივ, რომაელებს - ფრიადი დამთმობლობით, როდესაც, მაგალითად, ეუბნება: „ხოლო რწმენაში უძლური შეიწყნარეთ,- არა ფიქრთა განსჯით. მავანს სწამს ყველაფრის ჭამა, მაგრამ უძლური მწვანილეულს ჭამს“ (რომ. 14.1-2), კოლასელებს კი, მეორე მხრივ, იმავეზე - არა ამგვარად, არამედ უფრო მეტი სიტყვახსნილობით4, ამბობს რა: „რამეთუ თუკი მოკვდით ქრისტესთან ამა სოფლის სტიქიონთაგან, რად ექვემდებარებით ბრძანებებს როგორც ცოცხლები ამ სოფელში: ”არ შეეხო, არც გასინჯო, არც მიეკარო; ყველაფერი ეს გახრწნადია ხმარებაში” ... არათუ რამ პატივად ხორცის სისავსისათვის?“ (კოლ. 2.20-23). სხვას ვერას ვპოვებ მიზეზად ამგვარი განსხვავებისა, თუ არა - მოვლენათა დროს, რადგან პირველად დამთმობლობა იყო საჭირო, მაგრამ შემდგომში - უკვე აღარ. სხვაგანვე ყველგან შესაძლოა ამის მოქმედად ჩანდეს იგი. მისებრ იქცევა, როგორც წესი, მკურნალიცა და მასწავლებელიც, რადგან მკურნალი, მაგალითად, ერთნაირად როდი ეპყრობა, ერთი მხრივ, იმათ, ახლახანს რომ დასნეულდნენ, მეორე მხრივ კი - მკურნალობის სასრულთან მისულთ, ისევე როგორც მასწავლებელი - ერთი მხრივ, ახალმოსწავლე აღსაზრდელებს, მეორე მხრივ კი - უფრო სრულყოფილ სწავლებათა მსაჭიროებელთ.

 

ამრიგად, პავლე, გზავნიდა რა სხვების მიმართ ეპისტოლეს, რაღაც მიზეზით ანთუ მიზნით იყო აღძრული (და ცხადყოფს ამას, ეუბნება რა, ერთი მხრივ, კორინთელებს: „ხოლო რის შესახებაც მომწერეთ მე...“, მეორე მხრივ კი, გალატელებსაც კვლავაც იმავეს წარმოუჩენს თვით შესავლიდან, ისევე როგორც მთელი შემდგომი ეპისტოლიდან), მაგრამ ამათ კი, - რომაელებს, - რადღა მისწერს და რა მიზეზით? ხომ ნათლად სწამებს მათ შესახებ, სიკეთით რომ არიან სავსე, რომ აღავსებთ მათ ყოველი ცოდნა, რომ შეუძლიათ განსწავლონ სხვანიც. მაშ, რის გამო მისწერა მათ? „იმ მადლის გამო,- ამბობს,- რაც მომეცა მე, რომ ვიყო მე მსახური იესო ქრისტესი“ (რომ. 15.15-16). ამიტომაც, თავშივე თქვა: „ვალდებული ვარ, ჩემი გულმოდგინებისამებრ, რომ თქვენც, რომში მყოფთ, გახაროთ“ (რომ. 1.14-15). მართლაც, მისი სიტყვები, როგორც, მაგალითად, ის, რომ შეუძლიათ მათ სხვათა განსწავლაც, და კიდევ მსგავსნი, უმალ ხოტბაა და მოწონება, თუმცა კი, ცხადია, საჭიროება წერილთამიერი განმართვისა მათთვისაც იყო. ამიტომ, ვინაიდან ჯერაც არ იყო მისული მათთან, ორმაგად განმართავს იგი ამ მამაკაცებს: ნაწერთა სარგებლითაც და მისი მისვლის მოლოდინითაც. აი, ამგვარია ეს წმინდა სული5, რომელმაც შემოსწერა ქვეყნიერება და თავის თავში მოიცვა ყველა, შერაცხა რა უდიდესად სწორედ ის თანამონათესავეობა, რაც საღვთოა, და, როგორც მშობელმა, შეიყვარა ყველა მათგანი, უმალ კი ყველა მამაზე უმეტესად აჩვენა მათდა მიმართ შვილთმოყვარეობა, რამეთუ ეგზომია სულიწმინდის მადლი, სძლევს რა ხორციელ ტკივილებს და უმხურვალესად აჩენს რა წადილს. უპირატესად, სწორედ ესაა შესამჩნევი პავლეს სულთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც რამ ფრთოსნად გარდაქმნილი სიყვარულისგან, მიწყივ გარეუვლიდა ყველას, ისე რომ არსად დაიყოვნება, არცთუ შეჩერდებოდა, რადგან ისმინა რა ქრისტესგან თქმული: „პეტრე, გიყვარვარ მე? დამწყსე ჩემი ცხვრები“ (ინ. 21.65), რითაც უფალმა განცხადებულჰყო უდიდესი განჩინება სიყვარულისა, სწორედ ეს აჩვენა მანაც ზეჭარბად, და ჩვენც, მაშ, ვბაძავთ რა პავლეს, გვმართებს, თუმცა-კი არა მთელ ქვეყანას, მთელ ქალაქებს ანდა ხალხებს, თითოეული თავის ოჯახს, ცოლსა და შვილს, მეგობარსა თუ ახლობელს განვმართავდეთ. ნურავინ მეტყვის: “უსწავლელი ვარ და უვიცი”. არავინ იყო პეტრეზე უსწავლელი, არავინ იყო პავლეზე უვიცი. ამას ხომ თავად აღიარებს და არც რცხვენია, როდესაც ამბობს: „თუმცა კი უვიცი ვარ სიტყვით, მაგრამ არა ცოდნით“ (II კორ. 11.6). აი, ამ უვიცმა და იმ უსწავლელმა ურიცხვ ფილოსოფოსს სძლიეს და მრავალი მჭერმეტყველი დაადუმეს, იქმოდნენ რა ამ ყოველივეს საკუთარი გულმოდგინებითა და ღვთიური მადლით. მაშ, რა გამართლება უნდა გვქონდეს ჩვენ, თუკი ოც კაცსაც ვერ შევეწევით, ვერცთუ ჩვენს სახლეულს ვასარგებლებთ; მხოლოდ საბაბია ამგვარი რამ და თავის მართლება, რადგან არც უვიცობა და არც უსწავლელობა არ შეაბროკოლებს მოძღვრებას, არამედ - მცონარება და ძილი. მაშ, განვიდევნოთ ამგვარი ძილი და მთელი ძალით ვუქომაგოთ ჩვენს ნაწილებს, რომ ჩვენ, ღვთის მოშიშებით ჩვენს ახლობელთა განმსწავლელნი, ამქვეყნადაც შვებულნი ვიყოთ სიწყნარეში, იმქვეყნად კი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარებით, ურიცხ სიკეთეს შევეზიაროთ, რომლის მიერ და რომლისა თანა დიდება მამას სულიწმინდითურთ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 


 

შენიშვნები:

 

1 - "მამაკაცი" - ბერძნულში სახეზეა სწორედ "მამაკაცი" (ἀνήρ) და არა ზოგადად "კაცი" (ἄνθρωπος). ამ ტერმინთან დაკავშირებით, როგორც უკვე აღვნიშნავდით, საყურადღებოა წმ. იოანე დამასკელის "გარდამოცემის" 63-ე თავზე (სათაურით: "ღმერთმამაკაცებრივისა მოქმედებისათჳს") წმ. ეფრემ მცირის მიერ დართული სქოლიო, რომელშიც შავი მთის დიდი ღვთისმეტყველი ხაზს უსვამს წმ. დიონისე არეოპაგელის მიერ შექმნილი ტერმინ "ღმერთმამაკაცის" უჩვეულობას ქართველი მკითხველისთვის, რის მიზეზადაც ხსენებულ მოღვაწეს ის მიაჩნია, რომ ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში თავიდანვე არ განხორციელდა ბერძნული ἀνήρ-ის მართებული შესატყვისის ("მამაკაცის") დამკვიდრება. დავიმოწმებთ ეფრემ მცირის შესაბამის განმარტებას: "უკუეთუ რადმე დაგიმკჳრდებოდეს “ღმერთ-მამაკაცი” უჩუეველობისათჳს ენისა, ესე მას აბრალე, ვის “ნეტარ არს მამაკაცი” “ნეტარ არს კაცად” დაუწერია და არა მაშინვე შუენიერი და უცხოჲ სახელი მოუპოვებია, რაჲთამცა დაჩუეულ ვიყვნეთ" (წმ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თბ. 2000, გვ. 208; შდრ. ჟურნ. "გზა სამეუფო", 1995, I, გვ. 4, სქ. 4).

 

2 - "ბუნებაკეთილობა" - შდრ. ბერძნ. εὐφυϊα.

 

3 - შდრ. διὰ τὸ τοῦ λόγου κατάρχειν.

 

4 - "უფრო მეტი სიტყვახსნილობით" - შდრ. µετὰ πλείονος παρρησίας. ბერძნული παρρησία, რაც, საზოგადოდ ნიშნავს "თავისუფალ, გაბედულ მეტყველებას" (πᾶν - "ყოველი", ρῆσια - "მეტყველება"), საეკლესიო აზრით გულისხმობს წმინდანისადმი ღვთივმიგებულ განსაკუთრებულ პატივს, როდესაც ესა თუ ის განღმრთობილი მოღვაწე საღვთო კადნიერებით აღივსება და თავისუფლად, სიტყვახსნილად იწყებს საღვთოთა შესახებ მეტყველებას.

 

5 - ე.ი. პავლე მოციქული.

 


 

სარჩევი > > > შემდეგი თავი