მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

სიტყვა მეხუთე

 

1. თუ რა გამოცდილი უნდა იყოს ჭეშმარიტებისათვის ბრძოლაში მოძღვარი, ამაზე უკვე საკმარისად ვილაპარაკე. ახლა ორიოდ სიტყვის თქმა იმ საგანზეც მინდა, რომელიც მრავალი ხიფათის მიზეზად იქცევა ხოლმე. უფრო სწორად, დამნაშავე ეს საგანი კი არა, ისინი არიან, ვინც არ იცის მისი კეთილად გამოყენება, თვითონ მას კი მრავალი სიკეთის მოტანა შეუძლია, თუ საქმეს თავიანი და მოშურნე კაცი მოჰკიდებს ხელს. რა საქმეა ეს? ესაა დიდი ღვაწლი საკრებულოებში ხალხის წინაშე საუბრისა. ჯერ ერთი, სამწყსოს უმეტესად არ სურს მოსაუბრეს ისე შეხედოს, როგორც მოძღვარს, მოწაფის მდგომარეობაზე მაღლა დგება, და საერთოდ სანახაობაზე მოსულის როლს არჩევს. როგორც სანახაობებზე იყოფიან ჯგუფებად და ერთნი ერთის მხარეს იჭერენ, მეორენი კი მეორისას, აქაც სწორედ იგივე ხდება, როგორადაც არიან განწყობილნი მოსაუბრის მიმართ, იმის მიხედვით ისმენენ. სიძნელე მარტო ეს კი არა, სხვაცაა. თუ რომელიმე მოსაუბრემ თავის სიტყვებს სხვისი აზრიც მიუმატა, უფრო მეტ საყვედურს იმსახურებს, ვიდრე სხვისი ქონების მიმტაცებელი; ხშირად ნამდვილად რომ არავის არაფერს დასესხებია, მასზედაც კი უჩნდებათ ასეთი ეჭვი. რაღა სხვის ნააზრევზე ვლაპარაკობ? ხშირად კაცი საკუთარსაც ვერ იყენებს. ადამიანები უმეტესად სარგებლობის კი არა, სიამოვნების მისაღებად უსმენენ მოძღვარს, თავი ტრაგიკოსების ან კათარისტების წარმოდგენაზე ჰგონიათ, ჩვენს მიერ ზედმეტად მიჩნეული კაზმულსიტყვაობა კი მათთან ისევე ფასობს, როგორც სოფისტებთან.

 

 

2. ამგვარად, აქაც ჩვენნაირ უძლურს რომ ბევრად აღემატება, ისეთი სულით ძლიერი კაცია საჭირო, მან უნდა შეძლოს ხალხის არიდება უჯერო და უსარგებლო სიამოვნებას, უნდა მიაჩვიოს სასარგებლო საუბრის მოსმენას, და თვითონ კი არ უნდა გახდეს ხალხის გულისთქმათა სათამაშო, არამედ უნდა გაუძღვეს და დაიმორჩილოს იგი. ამას მხოლოდ ორი რამით თუ მიაღწევს კაცი: ქების უგულვებელყოფით და სიტყვის ძალით. ერთი მათგანიც რომ აკლდეს, უმისოდ მეორეც უსარგებლო იქნება. თუ მისი მოძღვრება, ვინც ქება მოიძულა, არ არის “მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ” (კოლ. 4,6), ასეთი კაცი კარგავს ხალხის პატივისცემას და არას არგებს თავისი დიდსულოვნება. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ტაშსა და დიდებას ეტრფის, ხალხსაც და საკუთარ თავსაც საკმაო ვნებას მოუტანს, რადგან ქება-დიდების სიყვარულით შეპყრობილი ეცდება მსმენელის საამებლად ილაპარაკოს და არა სულის სარგოდ. ვთქვათ, პირველი არ არის ქების სიყვარულით შეპყრობილი და არც კაცთმოთნეობის გამო იქმს რაიმეს, მაგრამ თუ ლაპარაკი არ შეუძლია, ვერც არგებს ხალხს, რადგანაც უმწეოა ქადაგების დროს. მეორეს კი, ქება-დიდება რომელსაც უყვარს, თუმცა შეუძლია სულის სარგო რამ უთხრას ხალხს, მაგრამ ტაშისცემას დახარბებული მხოლოდ იმას სთავაზობს, რაც მათ ყურთასმენას ეამება.

 

 

3. ამგვარად, კარგ მოძღვარს ეს ორივე სიკეთე უნდა გააჩნდეს, რათა ერთის უქონლობამ მეორეც არ განაქარვოს. ვთქვათ, ვინმე უზრუნველად მცხოვრებთ ამხილებს ხალხის წინაშე და ამ დროს აირია, წაიბორძიკა, გააწითლა სიტყვის სიმწარემ – მის ნათქვამს მყისვე დაეკარგება მნიშვნელობა. მხილებულნი მასზე შურს იმით იძიებენ, რომ სასაცილოდ აიგდებენ უმწეო მჭერმეტყველებისათვის და ამით საკუთარი ნაკლის მიჩქმალვას შეეცდებიან. ამიტომ მოძღვარი კარგ მეეტლესავით უნდა იყოს დახელოვნებული ორივე საქმეში, რათა საჭიროებისამებრ გამოიყენოს ერთიცა და მეორეც. სრულიად უნაკლოს ყველანაირი უფლება ენიჭება ხელქვეითთა დასჯისაც და განთავისუფლებისაც, უამისოდ კი ასეთი ხელისუფლების მოპოვება ძნელია. სხვაფრივ, დიდსულოვნება მხოლოდ ქება-დიდების არად ჩაგდებას როდი გულისხმობს, ის სხვა საგნებზეც ვრცელდება, რათა სიკეთე ნაკლული კი არა, სრულყოფილი იყოს.

 

 

4. კიდევ რას უნდა ვეკრძალვოდეთ? შურსა და სიძულვილს. მეტისმეტად არ უნდა გვეშინოდეს უსამართლო ბრალდებებისა (წინამძღვარს კი უსათუოდ მოელის განუსჯელი ყვედრება) და არც მთლად უნდა უგულვებელვყოთ ისინი, თუნდაც ცრუ იყოს ეს ბრალდებები, თუნდაც ცუდი ადამიანებისგან წამოსული, მაშინვე უნდა ვცადოთ მათი ჩახშობა. ვინმეს შესახებ კარგი ან ცუდი აზრის არსებობას ყველაზე მეტად განუსჯელი ხალხი უწყობს ხელს, მას წესად აქვს დაუფიქრებელი მოსმენა და ლაპარაკი, განურჩევლად იმეორებს ყველაფერს და ჭეშმარიტება სულ არ ანაღვლებს. ამიტომ არ უნდა უგულებელვყოთ ხალხი, ცუდი ეჭვები აღმოცენებისთანავე უნდა დავთრგუნოთ, და თუნდაც ჩვენი მაბრალებელი ყველაზე უფრო უგუნური ადამიანები იყვნენ, მაინც უნდა შევძლოთ მათი დარწმუნება. არაფერი უნდა გამოგვრჩეს ისეთი, რასაც უკუღმართი აზრის გაქარწყლება შეუძლია. თუ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ და მაბრალობლები მაინც არ მოეგებიან გონს, მაშინ კი მართლაც აღარაფერი დაგვრჩენია მათი უგულვებელყოფის გარდა. ვისაც ამგვარი უსიამოვნებები სძლევს, ის ვერასოდეს იქმს რაიმე შესანიშნავსა და საქებარს. სასოწარკვეთილებამ და განუწყვეტელმა მოუსვენრობამ კაცი შეიძლება გატეხოს, არაქათი გამოაცალოს. მღვდელი, როგორც მამა თავის მცირეწლოვან შვილებს, ისე უნდა ექცეოდეს სამწყსოს წევრებს. პატარების წყენა, ტირილი და მათგან მოყენებული შეურაცხყოფა ჩვენში სიძულვილს არ იწვევს, დიდად არც მათი ალერსი გვაღელვებს. მღვდელიც ამის მსგავსად, არც ქებამ და არც უსამართლო კიცხვამ არ უნდა შეაშფოთოს. ძნელია ეს, ძნელი და ვფიქრობ, შეუძლებელიც. არ ვიცი, ყოფილა კი ოდესმე ქვეყნად მოკვდავთაგანი, ვისაც სმენია თავისი ქება და არ გახარებია. და ვისაც ეს უხარია, იმას, რა თქმა უნდა, ენატრება კიდეც ქების გაგონება და უსათუოდ სძლევს სევდა და სასოწარკვეთა, ნაღველი და მოწყინება დაეუფლება, როცა ქება მოაკლდება. მდიდრები, ვიდრე ქონება აქვთ, მოლხენით არიან, გაღარიბდებიან და ბედს უჩივიან, ფუფუნებას მიჩვეულნი სიღატაკეს ვერ ეგუებიან. ქებას დახარბებულნიც ასე არიან: მათ ერთგვარი სულიერი შიმშილი მხოლოდ მაშინ კი არ სტანჯავთ, როცა კიცხავენ, არამედ მაშინაც, თუ იშვიათად აქებენ, ანდა თუ ყური მოჰკრეს სხვების ქებას. როგორ ფიქრობ, რამდენი შრომისა და უსიამვონების გადატანა მოუწევს ასეთი ვნებით შეპყრობილ ადამიანს, რომელიც სწავლების ღვაწლს შესდგომია? შეუძლებელია, ზღვა ხანდახან მაინც არ აღელდეს, და ასეთი კაცის სული ზრუნვამ და მწუხარებამ რომ არ აამღვრიოს, ესეც შეუძლებელია.

 

 

5. ვისაც სიტყვის ძალა აქვს მინიჭებული (ასეთი კი ცოტაა), იმასაც კი განუწყვეტელი შრომა მართებს. კაცს სიტყვის ძალა დაბადებიდან როდი დაჰყვება, იგი სწავლის შედეგია, და თუ მუდმივი მეცადინეობით და გულმოდგინებით არ იხვეწება, ამ ხელოვნებამ უდიდეს სრულქმნილებასაც რომ მიაღწიოს, მაინც შეიძლება განქარდეს. ამგვარად, ფრიად განსწავლულნი უფრო მეტადაც უნდა შრომობდნენ, ვიდრე ნაკლებად განათლებულნი, რადგან მათ უდებებას სხვადასხვა შედეგი მოჰყვება – განსწავლულთა უდებება გაცილებით საზიანოა. უმეცართ არავინ გაკიცხავს, თუ განსაკუთრებულს ვერაფერს იტყვიან, მჭერმეტყველებით განთქმულნი კი დიდ ყვედრებას იმსახურებენ, თუ ყოველთვის მათზე გავრცელებული აზრის შესაფერისად ვერ ილაპარაკეს. თანაც პირველთ უბრალო წარმატებისთვისაც შეიძლება დიდი ქება ხვდეთ წილად, განსწავლულნი კი, თუ ვერ შეძლეს სიტყვებით ხალხის შეძვრა და გაოცება, ქებას კი არა, გაკიცხვას დაიმსახურებენ. ხალხი სიტყვას შინაარსის კი არა, მქადაგებელზე არსებული აზრით აფასებს. ამიტომ კარგი მჭერმეტყველი ყველაზე გულმოდგინედ უნდა შრომობდეს. ის თავს ვერ იმართლებს კაცთა ბუნების საერთო ნაკლით, ყველაფრის ცოდნა და მოსწრება შეუძლებელიაო, და თუ მისი საუბრები არ შეეფერება მასზე არსებულ მაღალ აზრს, უმალ ხალხის გაკიცხვას და დაცინვას დაიმსახურებს. იმას არავინ ფიქრობს, რომ უეცრად მოსული სასოწარკვეთილება, შფოთვა, ზრუნვა და ხშირად მრისხანება გონებას უბნელებს ადამიანს, სიცხადეს აკლებს მის სიტყვებს. და საერთოდაც, კაცი ხომ ვერ იქნება ყოველთვის ერთნაირი, და ყველაფერსაც ხომ ვერ მოასწრებს, ხანდახან ისიც ბუნებრივია, რომ შესცოდოს, საკუთარ თავზე სუსტიც აღმოჩნდეს.

 

ეს, როგორც გითხარი, ნაკლებად ანაღვლებთ. ადანაშაულებენ მქადაგებელს და ისე მსჯელობენ მასზე, როგორც ანგელოზზე. და საერთოდ, ასეთია ადამიანი: მოყვასის დიდსა და მრავალრიცხოვან სათნოებებს არაფრად აგდებს, ხოლო როგორც კი რაიმე თუნდაც უმნიშვნელო, როდის-როდის მომხდარი შეცდომა გამჟღავნდება, იმას მაშინვე გამოჩხრეკს, მყისვე მოეჭიდება და აღარ ივიწყებს. სწორედ ამ მცირესა და უმნიშვნელოს დაუჩრდილავს მრავალი დიდი კაცის სახელი.

 

 

6. ხომ ხედავ, ჩემო კეთილო და საკვირველო კაცო, სიტყვით ძლიერს რომ განსაკუთრებული გულმოდგინებაც უნდა ჰქონდეს და ამასთან ერთად ისეთი მოთმინება, რომელიც სულაც არ ესაჭიროება ჩემს მიერ ადრე მოხსენიებულებს. მრავალნი შეაიწრებენ მას უბრალოდ და უმიზეზოდ, თუმცა არ გააჩნიათ რაიმე ხელჩასაჭიდი, მაგრამ იმისთვის ემტერებიან, ყველა პატივს რომ სცემს. მხნედ უნდა მოვითმინოთ მათი ბილწი სიძულვილი. ისინი არც კი ცდილობენ წყეული, უმიზეზო სიძულვილის მალვას, აგინებენ და კიცხავენ ადამიანს, არც ფარულ ცილისწამებას თაკილობენ და არც აშკარა მტრობას. თუ სული ყოველი ასეთი უსიამოვნებისთანავე წუხილსა და მრისხანებას მიეცემა, ვერაფრით ვერ შეინარჩუნებს სიმხნევეს და სევდა მოაუძლურებს. შეურაცხმყოფელნი მარტო თვითონ როდი ებრძვიან ღირსეულს, არამედ ცდილობენ სხვისი ხელითაც იმოქმედონ, ვინმე ისეთს ამოირჩევენ, სიტყვის თქმაც რომ არ შეუძლიათ, ქება-დიდებით აავსებენ და ისეთ სათნოებებს მიაწერენ, სულ რომ არ გააჩნია. ზოგი ამას უგუნურებით სჩადის, ზოგი კიდევ უმეცრებისა და შურის გამო, უღირსის განსადიდებლად კი არა, ღირსეულის დასამცირებლად. მხნე კაცს მხოლოდ მათთან როდი უხდება ბრძოლა, არამედ ხშირად მთელი ხალხის უმეცრებასთანაც. შეუძლებელია, ყველა მსმენელი განათლებული იყოს, ხშირად კრებულის უმეტესობა უბირი ხალხია, დანარჩენები მათ კი აღემატებიან, მაგრამ მაღალი მჭერმეტყველების ცოდნისაგან მაინც შორს არიან, და ერთი-ორი კაცი თუ მოიძებნება ისეთი, ეს ცოდნა რომ გააჩნდეს. ამიტომ ხდება, კარგ მჭერმეტყველს რომ ნაკლებ ტაშს უკრავენ, ხანდახან საერთოდ არც არავინ აქებს. მხნედ უნდა დავუხვდეთ ასეთ უსამართლობას, თუ უმეცრებით მოსდით, მივუტევოთ, თუ შურის გამო იქცევიან ასე, დავიტიროთ, ვითარცა საბრალონი და ბედშავნი, და გვწამდეს, რომ ჩვენს ძალას ვერც ერთი დააკლებს რამეს, ვერც მეორე. კარგი მხატვარი, თავისი ხელოვნებით სხვებზე აღმატებული, როცა დაინახავს, რომ მხატვრობაში სრულიად გაურკვეველი ადამიანები მის მიერ დიდი გულმოდგინებით დახატულ სურათს სასაცილოდ იგდებენ, სულით არ უნდა დაეცეს და არ უნდა იფიქროს, სურათი მართლა ცუდიაო, და არც უვარგისი სურათი უნდა მიიჩნიოს საოცრად და შესანიშნავად მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ძალიან მოსწონთ უმეცართ.

 

 

7. კარგი მხატვარი თვითონ უნდა იყოს თავის ქმნილებათა მსაჯული, მათ მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს კარგი ან ცუდი, როცა თავად შემოქმედის გონება გამოუტანს ამ ქმნილებებს ამა თუ იმ მსჯავრს; უცხოთა უმართებულო და მცდარ აზრზე ფიქრიც კი არ ღირს. ასევე უნდა იქცეოდეს მოძღვრობის ღვაწლს შედგომილი: არ უნდა უგდებდეს ყურს ქებას, და არც მისმა მოკლებამ უნდა დააღონოს, თავისი სწავლებანი ისე უნდა შეადგინოს, რომ ღმერთს სათნო-ეყოს (ეს უნდა იყოს მისი წესი და ერთადერთი მიზანი სწავლებისა, და არა ტაში და ქება-დიდება), თუკი ადამიანები ქებას ასხამენ, ნუ უარყოფს მას, თუ არა და ნუ ეძებს და ნუ მისტირის, რადგან საკმარისი და საუკეთესო ნუგეშისცემა ამ შრომისთვის ის იქნება, თუ მოძღვარი იგრძნობს, რომ თავის სწავლებას ღვთის სათნოდ წარმართავს.

 

 

8. მართლაც, ის, ვინც განუსჯელ ქება-დიდებას ეტრფის, ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებს ვერც მრავალი ღვაწლის, ვერც სიტყვის ძალის შედეგად, რადგან ხალხის უგუნური კიცხვის ვერ-დამთმენი სული სიმხნევეს კარგავს და სიტყვის დახვეწის ხალისი უქრება. ამიტომაც ყველაზე მეტად უნდა ვეცადოთ მოვიძულოთ ქება-დიდება, უამისოდ შეუძლებელია სიტყვის ძალის შენარჩუნება. და იმ კაცსაც კი, რომელსაც სრულიად არ გააჩნია ძალა სიტყვისა, არანაკლებ ესაჭიროება ქების მოძულება, რადგან ხალხისგან თუ ქებას ვერ ეღირსა, უსათუოდ ჩავარდება მრავალ ცოდვაში. მჭერმეტყველებით განთქმულთ რომ ვერ გაუტოლდება, ვეღარ გადაურჩება მათდამი მტრობას, შურს, ამაო ყვედრებას და სხვა უმსგავს ვნებებს, და ყველაფერს იკადრებს, სულსაც კი წაიწყმედს, ოღონდაც მოიპოვოს დიდება კაცთაგან. გარდა ამისა, საკმარისი გულმოდგინებითაც ვეღარ შეუდგება ამ ღვაწლს, რადგან სულს ერთგვარი უძლურება შეიპყრობს. დიდი შრომის გაწევამ და ამის წილ მცირე ქების მიღებამ შეიძლება მართლაც მოქანცოს და დააძაბუნოს კაცი, რომელსაც ჯერაც არ მოუძულებია ქება.

 

მიწადმოქმედი, როცა იძულებულია ქვიანი და უნაყოფო მიწა დაამუშაოს, მალე დაანებებს თავს საქმეს, თუ შრომა ძალიან არ უყვარს და შიმშილისა არ ეშინია. თუ ისინი, რომელთაც დიდი ძალა აქვთ სიტყვისა, მაინც განუწყვეტლივ უნდა მეცადინეობდნენ ამ ძალის შესანარჩუნებლად, მაშ რაღა ითქმის წინასწარ მოუმზადებელ კაცზე, რომელმაც ამაზე სიტყვის წარმოთქმის დროს უნდა იფიქროს? რა სიძნელეები, რამდენი უსიამოვნება და შფოთვა უნდა დაითმინოს ამ დროს, მცირე წარმატება მაინც რომ მოიპოვოს. და თუ ვინმე ისეთმა მოიხვეჭა ამ საქმეში სახელი, ვინც მის შემდეგ აირჩიეს ანდა მასზე უფრო დაბალი ხარისხი აქვს, მაშინ ხომ ღვთაებრივი სული უნდა ჰქონდეს, სიძულვილმა და ურვამ რომ არ შეიპყროს. როცა კაცი უფრო მაღალ ხარისხშია და მასზე დაბლა მდგომი რაღაცით აღემატება, ამის მხნედ გადატანა ჩვეულებრივ სულს (და არც ჩემს სულს) არ ძალუძს – ეს ანდამატის სიმტკიცის კაცთა თვისებაა. ეს უსიამოვნება კიდეც ასატანია, როცა მჯობნი თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანია, მაგრამ თუ იგი კადნიერიცაა, ამაყიც და პატივმოყვარეც, მაშინ პირველს ყოველდღე სიკვდილს ანატრებინებს, ისე გაუმწარებს სიცოცხლეს; ამას აშკარა ქედმაღლობითაც მიაღწევს და ფარული დაცინვითაც, თანდათან ჩამოართმევს ხელისუფლებას, შეეცდება ყველა სფეროში შეავიწროვოს და ყოველთვის ექნება მტკიცე დასაყრდენი, რადგან სიტყვაც უჭრის, ხალხიც კეთილადაა მისდამი განწყობილი და სამწყსოც მის მხარეზეა. განა არ იცი, რომ ქრისტიანებს მჭერმეტყველების მიმართ დიდი სიყვარული გაეღვიძათ, და რომ მჭერმეტყველნი დიდ პატივში არიან არა მხოლოდ წარმართებთან, არამედ “სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა” (გალ. 6,10). ვინ გადაიტანს სირცხვილს, როცა მისი ლაპარაკის დროს ყველა დუმს, ყველას უმძიმს მოსმენა, სიტყვის დამთავრებას ისე მოელიან, როგორც დასვენებას, მეორეს კი, ძალიანაც რომ გაუგრძელდეს სიტყვა, მოთმინებით უსმენენ, წუხან, როცა ის ოდნავ შეყოვნდება და მრისხანება იპყრობთ, როცა ის გაჩუმებას დააპირებს?

 

ყოველივე ამას შენ გამოუცდელობით უმნიშვნელოდ მიიჩნევ, მაგრამ ამან შეიძლება გულმოდგინება ჩაუკლას და სულის სიმხნევე დაუკარგოს კაცს, და ამ საფრთხეს მხოლოდ მაშინ გადაურჩება, თუ თავისუფალია ყველა ადამიანურ ვნებათაგან, თუ ესწრაფვის დაემსგავსოს უხორცო ძალებს, რომლებიც არც შურს ემონებიან, არც დიდებისმოყვარებას, არც რაიმე სხვა სისუსტეს. თუკი მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც დათრგუნავს ამ მოუხელთებელ, დაუძლეველ და მძვინვარე მხეცს ანუ ხალხის ქება-დიდებას და მას მრავალრიცხოვან თავებს დააყრევინებს, ან უფრო უკეთ, ვინც ძირშივე ჩაახშობს ამ ბოროტებას, ის შეძლებს ყველა თავდასხმის მოგერიებას და თვითონ ისეთივე უვნებელი დარჩება, როგორც მყუდრო ნავსაყუდელში მყოფი, ხოლო ვისაც დიდებისმოყვარეობისთვის თავი ჯერაც ვერ დაუღწევია, ის სულს იმძიმებს მრავალგვარი ბრძოლით, განუწყვეტელი შფოთით, ურვითა და ბევრი სხვა ვნებით. ბევრი სხვა სიძნელეც არსებობს ისეთი, რაზედაც ის, ვისაც სინამდვილეში არ გამოუცდია ისინი, ვერ ილაპარაკებს.

 


 

წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი