წმიდა იოანე ოქროპირი
სიტყვა მეექვსე1. რაც გითხარი, ეგ ყველაფერი აქ, ამ სოფელში მოგველის, მაგრამ როგორი ასატანი უნდა იყოს ყოფა იქ, სადაც პასუხს ყველაზე, ვინც კი მოგვანდეს, სათითაოდ გვაგებინებენ? იქ ხომ სირცხვილით არ შემოიფარგლება სასჯელი, მარადიული სატანჯველი გველის. “დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ” (ებრ. 13,17). უწინაც მითქვამს, არც ახლა დავდუმდები. სულს მიძრწუნებს მაგ მუქარის შიში. და თუკი მავანმა, რომელმაც აცდუნა მხოლოდ ერთი მცირედთაგანი და “უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა”; და ყოველნი, რომელნი ჰგუმენ ძმათა უძლურ გონებასა, ამით ქრისტეს წინაშე სცოდავენ (მთ. 16,6; I კორ. 8,12), მაშინ რა სასჯელი უწევთ, რა მოელით იმათ, რომელთაც ერთი, ორი და სამი კი არა, უამრავი კაცის სული დაღუპეს? გამოუცდელობით მათი გამართლება არ იქნება, არცოდნასაც ვერ მოიმიზეზებენ, არც ასეთი მობოდიშება უშველით: გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, იძულებულნი ვიყავითო. ასეთნაირი თავის მართლება, რომც იყოს შესაძლებელი, ეს უმალ ქვეშევრდომს შეჰფერის საკუთარი ცოდვების თავის მართლებისას, ვიდრე წინამძღვარს სხვისი ცოდვების გასამართლებლად. რატომ? რატომ და მავანთა უდებების გამოსწორებისა და ბოროტთან მომავალი ბრძოლის ჟამიერად ცნობისათვის დადგინებული ვეღარ იმართლებს თავს უცოდინრობით და ვერ იტყვის: საყვირის ხმა არ გამიგია, ომის დაწყების ჟამი ვერ ვცანო. იგიო, ეზეკიელი ამბობს, იმისთვისააო სწორედ დადგინებული, რომ თავად ჩაჰბეროს სხვების გასაგონად საყვირს და ამცნოს მათ მომავალი უბედურება. რატომ ელის კაცს თუნდაც ერთი ადამიანის დაღუპვის შემთხვევაშიაც გარდუვალი სასჯელი – “და ებგურმან უკეთუ იხილოს მახჳლი მომავალი და არა საყჳრ-სცეს საყჳრსა და არ დაუნიშნოს ერსა, და ერმან არა დაცვა-ყოს და ზედამოსრულმან მახჳლმან მიიღოს მათგან სული, იგი უკუე ცოდვისათჳს თავისა თჳსისა მიღებულ იქმნა, ხოლო სისხლი მისი ჴელისაგან ებგურისა გამოვიძიო.” (ეზ. 33,6). ნუღარ მითრევ ესოდენ განულტოლველ პასუხისმგებლობაში. ჩვენ ხომ ჯარის წინამძღოლობასა და მიწიერ მუფებაზე არა გვაქვს საუბარი, არამედ საქმეზე, რომელიც ანგელოზებრივი სათნოების მქონეს თუ ძალუძს.
2. მზის სხივზე წმიდა სული უნდა ჰქონდეს მოძღვარს, წამითაც რომ არ მიატოვოს სული წმიდამ, იმის თქმა რომ შეძლოს: “ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე” (გალ. 2,20). თუკი უდაბნოში მცხოვრებთ ქალაქის, ბაზრისა და იქაურ ხმაურს განშორებულთ გამუდმებით, როგორც ნავსაყუდელში, ისე მიუციათ თავი მყუდროებისათვის და ესეც კი არ უკმარიათ საკუთარი ცხოვრების უსაფრთხოებისათვის, ამიტომაც უამრავ სხვა კრძალვის საშუალებებს მისცემიან და ყოველმხრივ მოუზღუდავთ თავი, უდიდესი სიფრთხილით ცდილან ყველაფრის ლაპარაკს და კეთებას, რათა უდიდესი სასოებითა და ჭეშმარიტი სინდისით, რამდენადაც შესწევს კაცს ამის უნარი, შესძლონ მიახლება უფლისა, როგორ გგონია, რა ძალა და სიმტკიცე უნდა ჰქონდეს სულიერ მოძღვარს, რათა დაიცვას სული ყოველგვარი არაწმიდებისაგან და დაუზიანებლად შეინარჩუნოს მშვენება თავის სულისა? მას გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება, ვიდრე იმათ და ვისაც დიდი სიწმიდე სჭირდება, იგი უფრო მეტად აღმოჩნდება ხოლმე შესვარვის საფრთხის წინაშე, თუკი მთელი ძალისხმევითა და გამუდმებული მღვიძარებით არ გახდა სული თავისი ამ საქმეთაგან შეუვალი.
მშვენებას პირისახისას, საამო მიხვრა-მოხვრას, გამართულ სიარულს, სინაზეს ხმისას, ღაწვთა და თვალთა შეფერვას, გრუზა თმის ნაწნავს, სურნელს მისას, სამოსს ძვირფასს, ნაირ-ნაირ ოქროს სამკაულს, სილამაზეს ძვირფასი თვლებისას, ნელსაცხებელთა კეთილსურნელებას და ყოველივე იმას, რასაც ასე მიელტვის მდედრთა სქესი, ძალუძს სულის შეშფოთება, თუკი მტკიცე უმანკოებით არ იქნა სული დაცული. ისე კი, ყოველივე ეს რომ შფოთვას იწვევს, სულ არაა გასაკვირი. მაგრამ ეშმაკს რომ სულის მოწყლვა და ვნება, ამით კი არა, ამის საწინააღმდეგოთიც კი ძალუძს, ესაა საოცრად გაუგებარი და გასაკვირი. ზოგი, ამ მახეს თავდაღწეული, სრულიად განსხვავებულ, სხვა ბადეში აღმოჩნდა. შეუხედავთ პირ-სახე, მოუვლელი თმა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი, ულაზათო გარეგნობა, უხეში სიტყვა-პასუხი, გაუმართავი ლაპარაკი, მოუხეშავი სიარული, უსიამო ხმა, გაჭირვებული ყოფა, შეურაცხი შესახედაობა, მიუსაფრობა და სიმარტოვე – ყოველივე ეს თავიდან სიბრალულს აღძრავს კაცში, შემდეგ კი საბოლოოდ დაღუპავს კიდეც მას.
3. ბევრნი, ოქროს ნივთებს, ნელსაცხებლებს, ტანსაცმელსა და სხვა ამგვარ ბადეებს გაქცეულნი, რაც უკვე ვთქვი, ამათგან განსხვავებულ სხვა მახეებში ადვილად გაბმულან და დაღუპულან. თუკი კაცის სულს ბრძოლისა და ყოველმხრივი განსაცდელის მიზეზი უხდება სიღატაკეცა და სიმდიდრეც, სილამაზეცა და უბრალო გარეგნობაც, ზრდილიცა და უხეში სიტყვა-პასუხიც, და საერთოდ ყველაფერი, რაც კი ჩამოვთვალე, მაშინ რამ უნდა დაამშვიდოს ესოდენ უამრავი ბადეთა შორის მყოფი? სად პოვოს თავშესაფარი, იმაზე არაფერს ვამბობ, ძალით რომ დაუპიროს ვინმემ ცდუნება (ამისაგან თავის დაღწევა არც ისე ძნელია), რომ გადაარჩინოს სული თავისი არაწმიდა გულისთქმათაგან აღძრულ შფოთვას? პატივზე, უამრავი ჭირის მიზეზზე, არაფერს ვამბობ. უმანკოების დამარხვით, მდედრთაგან მონიჭებული პატივის ზემოქმედება ერთგვარად სუსტდება, მაგრამ მათ ხშირად დაუმარცხებიათ კაცი, რომელსაც ჯერაც ვერ უსწავლია გამოუდმებული მღვიძარება ასეთ მზაკვრობათა წინააღმდეგ; ხოლო მამაკაცთაგან მონიჭებულ პატივს თუ ვინმე დიდი გულგრილობით არ მოეკიდება, მას ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ვნება – მონური კაცთმოთნეობა და უგუნური მზვაობრობა დაეუფლება. ერთის მხრივ, ის იქნება მაქებელთა წინაშე იძულებით დამცირებული, მეორე მხრივ კი, ამ ხალხისაგან მიღებული პატივით გამედიდურებული მდაბიოთა წინაშე. ასე მიექანება იგი უგუნურების უფსკრულს. ამის შესახებ უკვე ვილაპარაკე და რა ვნებაა ამისაგან მოსალოდნელი, საკუთარი გამოცდილების გარეშე, კარგად ამას ვერავინ გაიგებს. და არა მარტო ეს, ბევრი სხვა გარდაუვალი ხიფათიც ელის ხალხში მყოფს. ჰოდა ყოველივე ამისაგან უდაბნოს მოყვარული თავისუფალია, თუკი რომელიმე ცოდვილმა გულისთქმის აყოლით რაიმე მსგავსი წარმოიდგინა, ეს წარმოდგენა სუსტია ხოლმე და ადვილადაც ქრება, რადგან გაჩენილ ალს თვალი ვერ კვებავს გარედან. მონაზონი მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს პასუხს და თუ მაინც უწევს ვინმეზე ზრუნვა, მცირეა მათი რიცხვი. და თუნდაც მრავალი იყოს, თუმცაღა, როგორც წესი, ისინი გაცილებით ცოტანი არიან ეკლესიის მრევლთან შედარებით, მათზე ზრუნვა წინამძღვარს მაინც გაცილებით უადვილდება არა მარტო რიცხობრივი სიმცირის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ყოველივე ამსოფლიურისაგან ისინი თავისუფალნი არიან, მათ არც შვილზე უწევთ ზრუნვა, არც ცოლზე. წინამძღვრის სრულ მორჩილებაში იმყოფებიან, მოსახერხებელი ხდება საერთო საცხოვრებელში ყოფნა, სადაც შესაძლებელია ყველა ცოდვის შემჩნევა, გამოძიება და გამოსწორება. სათნოებათა მოპოვებას ცოტათი როდი უწყობს ხელს წინამძღვართა ასეთი გამუდმებული თვალყური.
4. მღვდელთა უმეტესი ნაწილი, ამათგან განსხვავებით, ამსოფლიური საზრუნავითაა შეიწრებული, ამის გამო სულიერი ცხოვრების საქმეთა წარმართვისათვის ისინი ნაკლებად არიან განწყობილნი. ამიტომაც მოძღვარმა, რომ იტყვიან, უნდა დღენიადაგ სიტყვა თესოს, რათა სხვა თუ არაფერი, განუწყვეტელი დამოძღვრით მაინც განმტკიცდეს მსმენელში სწავლება. გარდარეული სიმდიდრე, დიდი უფლებამოსილება, ფუფუნებისაგან შობილი უზრუნველობა და ბევრი სხვაც, აშთობს ნათესს; ხშირად კი ისეა სარეველა მოდებული, რომ თესლს ზედაპირამდეც ვერ მიუღწევია. მეორეს მხრივ, უზომო მჭმუნვარება, სიღარიბეს მოყოლილი გაჭირვება, განუწყვეტელი წუხილიცა და სხვაც, ზემოჩამოთვლილის საწინააღმდეგო, უშლის ხელს ღვთაებრივ საგნებზე დაფიქრებას. და რაც ცოდვებს შეეხება, მოძღვრისათვის მათი მცირე ნაწილიც კი არ იქნება ცნობილი, ან რაინაირად ეცოდინება, როცა მრევლის უმეტესობას სახითაც ვერ ცნობს? ხალხთან დაკავშირებული მისი ვალდებულებები ასეთ მოუხერხებელ პირობებთანაა გადაწნული. და თუკი ვინმე დაეპირება მისი ვალდებულების ღვთის წინაშე გამოკვლევას, ნახავს, რომ ის (მონაზონი) ვალდებულებები, ამასთან შედარებით – არაფერია; იმდენად დიდსა და მოსწრაფე გულმოდგინებას მოითხოვს ეს უკანასკნელი.
ის, ღმერთს რომ მთელი ქალაქის, ქალაქი რამ მათქმევინა, მთელი მსოფლიოს ცოცხალთა და მიძინებულთა ცოდვების შენდობას ევედრება, თავად ის, როგორი უნდა იყოს? ჩემი აზრით, ამ ლოცვისათვის, მოსესა და ილიას კადნიერებაც არაა საკმარისი. იგი ისე შეუვრდება უფალს, თითქოს მამააო ყოველთა, თითქოს მას მიანდესო ყოველი სოფელი, ისე თხოვს და ევედრება იგი ყველასათვის ომებისა და ამბოხებების შეწყვეტას, მშვიდობასა და კეთილდღეობას, ყოველგვარი მძიმე განსაცდელის ჟამს, კერძო იქნება ეს თუ საყოველთაო, მსწრაფლ შემწეობას. ამიტომ ყველას, ვისზედაც ლოცულობს, ისე უნდა აღემატებოდეს იგი ყველაფერში, როგორაც წინამძღოლი თავის მფარველობის ქვეშ მყოფთ. და როცა ის მოუხმობს სული წმიდას, აღასრულებს საშინელ მსხვერპლშეწირვას და ხშირად მიეახლება კიდეც ყოველთა მეუფეს, მითხარი ერთი, ვის გვერდით დავაყენოთ ეს კაცი, როგორი სიწმიდე და ღვთის მოშიშება უნდა მოვთხოვოთ მას? აბა, დაფიქრდი, რა ხელებმა უნდა აღასრულოს ასეთი მსახურება, რა ენამ უნდა წარმოსთქვას ასეთი სიტყვები, ვისზე (სულზე) სუფთა და ნათელი უნდა იყოს სული, მიმღებელი სული წმიდის ესოდენი მადლისა? ამ დროს ანგელოზები წარუდგებიან მღვდელს, გარს შემოერტყმის სამსხვერპლოს ზეციურ ძალთა მთელი კრებული და ღაღადებს, მასზე მდებარეს სადიდებლად, ის მოქმედებები, რაც მაშინ აღესრულება, საკმარისია ამის სარწმუნებლად.
ოდესღაც ასეთი ამბავი მოსვისმინე ერთი კაცისაგან. ხუცესი ყოფილა ერთი, საოცარი კაცი, გამოცხადებების არა ერთხელ მხილველი, მას უამბია, ერთხელ ასეთი ჩვენების ღირსი გავხდიო: სწორედ ღვთის მსახურების ჟამს უცებ, დაუნახავს (რამდენადაც ეს მისთვის შესაძლებელი იყო), სიმრავლე ანგელოზთა, ნათლით ყოფილან მოსილნი, სამსხვერპლოს გარშემო, თავდახრილნი, ვითარცა მოლაშქრენი მეფის წინაშე წარდგომილნი, ისე მდგარან. მე მჯერა ეს. გარდა ამისა, სხვამაც მიამბო, მავანისაგან მოსმენილი კი არა, არამედ თავად გამხდარა ღირსი იმის დანახვისა და გაგებისა, თუ რა ელის ამ სოფლიდან განსასვლელად მომზადებულს, თუკი ის წმიდა სინდისით ეზიარა წმიდა საიდუმლოს, უკანასკნელი ამოსუნთქვისთანავე, თურმე ანგელოზები შემოეხვევიან გარს, წაუძღვებიან აქედან მიმავალს. შენ კი ვერ მოგითმენია და გინდა მიზიდო სული ჩემი ესოდენ წმიდა საიდუმლოს და ჭუჭყიან სამოსში მყოფს მღვდლის ღირსების მონიჭებას მიპირებ.
ასეთნი კი ქრისტემ განაგდო თანამოსაუბრეთა საზოგადოებიდან. ისე უნდა ბრწყინავდეს მოძღვრის სული, ვითარცა სხივი მსოფლიოს მანათობელი. ჩემს სულს კი არაწმიდა სინდისის წყვდიადი აკრავს, იგი მუდმივად ამ ბნელშია ჩაძირული, არ ძალუძს, ოდესმე მაინც შეხედოს კადნიერებით მეუფეს თვისას. მღვდელი მარილია სოფლისა (მთ. 5,13). შენ უზომოდ გიყვარვარ და შემეჩვიე, მაგრამ ჩემი უგუნურება და გამოუცდელობა ყველაფერში, შენს გარდა, ვინ აიტანოს?
მღვდელი, რომელიც შეიქმნება ღირსი ასეთი დიდებული მსახურებისა, მხოლოდ სუფთა კი არა, ფრიად კეთილგონიერი და ბევრ რამეში გამოცდილიც უნდა იყოს, ერისკაცთა ნაკლებად როდი უნდა იცოდეს საერო ამბები, ამასთან, მთაში მცხოვრებ მონაზონზე უფრო მეტად უნდა იყოს ყველაფრისგან თავისუფალი. და რადგანაც მას უწევს ურთიერთობა კაცებთან, რომელთაც ჰყავთ ცოლები, ზრდიან შვილებს, განაგებენ მონათ, ფლობენ დიდ სიმდიდრეს, აღასრულებენ საზოგადო საქმეებს და მინიჭებული აქვთ ხელისუფლებაც, ამდენად იგი მრავალმხრივი კაციც უნდა იყოს, ვამბობ მრავალმხრივი-მეთქი, და არა ცრუ, მზაკვარი და პირფერი, არამედ აღსრულებული უდიდესი თავისუფლებითა და გამბედაობით, თუმცა დათმობაც უნდა შეძლოს; მდგომარეობის მიხედვით თავმდაბალიც უნდა იყოს და მკაცრიც. ყველა ქვეშევრდომთან ერთნაირი მოქცევა არ ივარგებს. განა ექიმმა ერთი წამალი უნდა იხმაროს ყველანაირი ავადმყოფის განკურნებისას, ან მენავისთვის ერთი ხერხის ცოდნა კმარა ქარებთან ბრძოლისას?
ეკლესიის ხომალდს გამუდმებული ქარები ააღელვებენ ხოლმე, ეს ქარები მხოლოდ გარედან როდი შემოიჭრებიან, არამედ შიგნითვე აღიძვრიან და ამიტომაც მოეთხოვება მღვდელს უდიდესი ყურადღება და გამებდაობა.
5. ყველა ეს მრავალმხრივი მოქმედება ერთი მიზნისაკენ, ღვთის დიდებისა და ეკლესიის აღშენებისაკენაა მიმართული. დიდია ღვაწლი და შრომა მონაზონისა. მაგრამ ეს შრომა ვინმემ რომ მოძღვრის კარგად წარმართულ შრომას შეუდაროს, იმხელა განსხვავებას იპოვის მათში, რა განსხვავებაცაა მეფესა და ჩვეულებრივ ერისკაცში. თუმცა მონაზონთ დიდი შრომა უწევთ, მაგრამ ამ ღვაწლში მონაწილეობს სულიც, სხეულიც, უკეთ რომ ვთქვათ, დიდი ნაწილი სხეულის მეშვეობით სრულდება და თუ იგი არ იქნა მაგარი, გულმოდგინება გულმოდგინებად დარჩება, საქმედ არ იქცევა. ფიცხელ მარხვას, მიწაზე წოლას, მღვიძარებას, დაუბანლობას, მძიმე შრომასა და ასე შემდეგ, რაც სხეულის მოუძლურებას ემსახურება, უნდა ანებოს თავი, თუკი სხეული არაა მაგარი და ვერ უძლებს განკაფვას. აქ კი წმიდა სულიერი მსახურებაა და ამ სათნოების გამოსავლენად სხეულის სიჯანსაღე არაა აუცილებელი. განა გვიხსნის ჩვენ სხეულის სიმაგრე სიამაყისაგან, მრისხანებისა და კადნიერებისაგან? ჩვენ ხომ მღვიძარენი, უმანკონი და თავმდაბალნი უნდა ვიყოთ, ხომ უნდა გაგვაჩნდეს ყველა ეს თვისება, რაც ნეტარმა პავლემ ჩამოთვალა ჩინებული მოძღვრის დახატვისას? (I ტიმ. 3,2).
იგივეს ვერ ვიტყვით მონაზონთა სათნოებების შესახებ. ხალხის წინაშე სანახაობების მომწყობთ ხომ ჭირდებათ – თოკი, ბორბლები და ხმლები; სიბრძნისმოყვარეს კი მთელი თავისი მოღვაწეობა სულში აქვს გადატანილი და გარეგნული არაფერი სჭირდება. აქაც ასეა სწორედ. მონაზონს ჯანსაღი სხეული და შესაფერისი საცხოვრებელი სჭირდება, ისეთი, ძალიანაც რომ არ იყოს ხალხისაგან მოწყვეტილი და თან უდაბნოს სიმყუდროვეც გააჩნდეს, თანაც ჰაერის კეთილშეზავებულობაც არ უნდა მოაკლდეს, რადგან ისე არაფერი ვნებს მარხვისაგან მოუძლურებულთ, როგორც კეთილშეუზაველობა ჰაერისა.
6. იმაზე არ დაგიწყებ ეხლა ლაპარაკს, თუ როგორ იჭირვიან მონაზონნი სამოსის შეძენაზე, გამოკვებაზე, ისინი ხომ თავად ზრუნავენ საკუთარ თავზე. მოძღვარს კი არ ადგას ეს გასაჭირი, უზრუნველად ცხოვრობს (სამწყსოში), ურთიერთობებით, რომელიც მას არ ვნებს; შემეცნებულს იგი სულის საგანძურში ათავსებს. თუ ვინმე ხალხისაგან განშორებასა და თავის თავში განმარტოებას მიელტვის, ეს თავადაც მოთმინების ნიშნად მიმაჩნია და მაინც, ეს არაა სულიერი მხნეობის დამაჯერებელი საბუთი. მესაჭის ხელოვნება ნავთსაყუდელში როდი შეიმჩნევა. მაგრამ თუკი გაშლილ ზღვაში, ქარიშხალში შეიძლებს ვინმე გემის შველას, მასზე ვერავინ იტყვის, არაა მესაჭე ჩინებული.
7. ჰოდა ის, რომ თავის თავთან განმარტოებით მყოფი მონაზონი არ შფოთავს და ბევრს და მძიმე ცოდვებს არ ჩადის, ამან უზომოდ არც უნდა გაგვაკვირვოს; იგი ხომ განშორებულია ყველაფერს, რაც აღიზიანებს და აშფოთებს სულს. მაგრამ თუკი იტვირთებს ხალხის მსახურებას, თავს იდებს მათი ცოდვების ზიდვას და შეინარჩუნებს სიმტკიცესა და შეურყევლობას და სულის მართვას ღელვის დროსაც ისევე შეიძლებს, როგორაც სიმშვიდეში მყოფი, ნამდვილად იქნება ღირსი ტაშისცემისა და სწორედ რომ უნდა გაკვირდეს ყველა, რადგან ეს ნათელი დადასტურება იქნება მისი სულიერი მხნეობისა. ამიტომ, ნურც შენ გაგიკვირდება მე, მოედნებსა და ხალხთან ურთიერთობებს გაქცეულ კაცს, ბევრი მყვედრებელი რომ არ მყავდეს.
რომ არ ვცოდავ, მაგანაც არ უნდა გაგაოცოს, რადგან არ მიომია, და არ დამცემდა, არავის შევბმივარ და ვინ დამჭრიდა? მითხარი, ვინ უნდა ამხილოს და გამოაჩინოს ჩემი ბიწიერება. ამ ჭერმა და სენაკმა? მათ ხომ არ შეუძლიათ ლაპარაკი. დედაჩემმა, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ჩემი ხასიათი? მაგრამ ჩვენ ხომ სხვადასხვა მისწრაფებების ხალხი ვართ, უთანხმოებაც არასოდეს მოგვსვლია. ასეც რომ ყოფილიყო, გინახავს კი დედა, რომელსაც რაღაც მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე დაეწყოს საკუთარი შვილის მხილება სხვათა წინაშე? ვინმემ რომ ჩემი სულის გულმოდგინე გამოცდა მოინდომოს, მრავალ სისუსტეს მიპოვნის და ეს შენც, სხვათა წინაშე ჩემს ქებას დაჩვეულმა, კარგად იცი. ამას ყველაფერს სიმდაბლე რომ არ მალაპარაკებს, ამაზე გვქონდა უკვე საუბარი და გაიხსენე, რას ვამბობდი ამის თაობაზე. აკი გეუბნებოდი: ჩემთვის ვინმეს არჩევანი რომ შემოეთავაზებინა, სად ისურვებდით კეთილი სახელის მოპოვებას, სამღვდელო წარმომადგენლობასა თუ მონაზვნობაშიო, ათასჯერ ვირჩევდი მეთქი პირველს. შენს წინაშე ხომ გამუდმებით შევნატროდი იმათ, ვინაც კარგად შეძლო ამ მსახურების წარმართვა, იმაში კი ალბათ, ვერავინ შემედავება, რასაც ვნატრობდი, რომ შემძლებოდა, არ გავექცეოდი. მაგრამ რა ვქნა? არაფერია ეკლესიის წარმომადგენლობისათვის ისეთი უსარგებლო, როგორც მცონარება და უზრუნველობა, თუმცა ეს ახლა რაღაც საოცარ ღვაწლადაც კი ითვლება. მე კი ეგ თითქოს ჩემი უვარგისობის კრეტსაბმელადაც მიმაჩნია, რითაც საკუთარ ნაკლოვანებებს ვჩქმალავ, არ ვშვრები მათ გამომჟღავნებას. ვინც ასეთ უმოქმედობასა და დიდ სიმყუდროვეში ცხოვრებას მიეჩვია, კიდეც რომ გააჩნდეს დიდი ნიჭი ამ საქმისა, მაგ უმოქმედობისა გამო ღელავს და შფოთავს, უვარჯიშოდ ტოვებს მას და ამით საკუთარი ძალის არც თუ ისე მცირე ნაწილს წარაგებს.
ამასთან ერთად, ჭკუასუსტიცა და მჭერმეტყველების შეჯიბრებაში გამოუცდელიც თუ იქნა, რა დღეშიაც მე ვარ, ამ მმართველობის მიღებისთანავე, მასა და ქვისგან ნათალ ძეგლში, განსხვავება არ იქნება.
ამიტომაა, ასეთ მოღვაწეობას მიდევნებულთაგან ცოტა თუ ტვირთულობს მოძღვრის ღვაწლს, და მათი უმრავლესობაც კი, უვარგისი აღმოჩნდება ხოლმე; ეცემიან სულით, უსიამო, მძიმე შედეგების განცდა უწევთ და ეს სრულებით არაა გასაკვირი. თუ კაცი მხოლოდ ერთი სახის ღვაწლს ეწევა, სხვაგვარი ღვაწლის წინაშე იგი ისეთივე უძლურია, როგორიც კაცი სრულიად უმოღვაწეო.
მღვდლების სარბიელზე გამოსულს პატივი განსაკუთრებულად უნდა სძაგდეს, რისხვას უნდა სძლიოს და დიდი კეთილგონიერებით უნდა იყოს შემკული, მაგრამ მარტომყოფელს არ ჭირდება ამაში ვარჯიში. მას არ უწევს ხალხთან ყოფნა, გაღიზიანება მათგან, რომ რისხვის მოთოკვას მიაჩვიოს თავი; არც მაქებარი და ტაშისმცემელი ხალხი აკრავს, ქების უგულებელყოფა რომ ისწავლოს, საეკლესიო საქმეთა საჭირო კეთილგონიერებისთვისაც მცირე შრომა უწევთ. ამიტომაა, როცა იტვირთებენ იმ ღვაწლს, რომელიც არ გამოუცდიათ, ვერ სწვდებიან, ბრკოლდებიან, ირევიან და გარდა ამისა, სათნოებას ვერ იძენენ. ბევრს ისიც კი ეკარგება, რაც მოსვლისას ჰქონდა.
8. თქვა ბასილიმ: რა გამოდის, ნუთუ ის ხალხი უნდა დავადგინოთ ეკლესიის მმართველობაში, რომელნიც ერში მიმოიქცევიან, ამსოფლიური საქმეების ზრუნვას გადაგებულნი ვარჯიშობენ ჩხუბსა და შფოთში და უსამართლობით აღვსილნი მიელტვიან ფუფუნებას?
ოქროპირი: ვუთხარი, დამშვიდდი-მეთქი, ნეტარო კაცო. მოძღვრის არჩევისას მათზე ფიქრის გავლებაც კი უჯეროა. ის, ვინც ხალხში იცხოვრებს, ექნება მათთან ურთიერთობა და მრთელი და შეუმღვრეველი სიწმინდის, სიმშვიდის, ღვთისმოშიშების, მოთმინებისა და მონაზონისათვის დამახასიათებელი თვისებების დაცვას, მარტომყოფელებზე მეტად შეიძლებს, ის უნდა ავირჩიოთ. დაყუდებულს, რომც ჰქონდეს ბევრი სისუსტე, დამალავს მათ და ხალხთან ურთიერთობის გარეშე საქმეს შეიძლება არც დააჩნდეს იგი, მაგრამ როცა წარდგება ასეთი კაცი ყველას წინაშე, ვერაფერს მიაღწევს იმის გარდა, რომ თავს საცინლად აიგდებს და დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ღვთის განგება რომ არა, ჩემს თავს რომ ეგ ცეცხლი აარიდა, მეც იგივე მეწეოდა. ასეთ კაცს რომ გამოჩინებულ ადგილას დაადგენენ ხოლმე, იგი ვეღარ დაიმალება, ყოველთვის მხილებული იქნება. ვითარცა ცეცხლი ლითონს ყველანაირს, ისე გამოცდის ხოლმე სამღვდელო დასი ადამიანთა სულებს, უმალ გამოაჩენს, მრისხანეა, სულმოკლე, პატივმოყვარე, ამაყი თუ სხვა რაიმე ვნება ჭირს; ასე ავლენს ყველანაირ სისუსტეს და არა მარტო ავლენს, უფრო მძიმესა და დაუოკებელსაც ხდის მათ.
ხომაა სხეულის მოწამლული ნაჭრილობევი ძნელადგანსაკურნებელი, ასევე, აღგზნებული და გაღიზიანებული ვნება, ჩვეულებრივ, უფრო განფიცხდება ხოლმე და დამონებული უფრო და უფრო დიდ შეცდომაში შეჰყავს. თავის თავის მიმართ უყურადღებო კაცს ისინი პატივმოყვარეობის, მედიდურობის, ანგარების, ფუფუნების, უზრუნველობისა და უდებებისაკენ მიაქცევენ და ნელ-ნელა ითრევენ მათგან ბადებულ ვნებებში.
ხალხში ბევრმა რამემ შეიძლება შეასუსტოს გულმოდგინება სულისა და ღვთისკენ სწრაფვა. პირველ რიგში, ქალებთან ურთიერთობამ. შეიძლება რომ მოძღვარმა, მწყემსმა, მის ერთ ნაწილზე, მამაკაცებზე იზრუნოს და მეორე, ანუ ქალები, რომლებიც უფრო დიდ ზრუნვას საჭიროებენ, რადგან უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ცოდვისაკენ, უყურადღებოდ დატოვოს? ეპისკოპოსმა, მეტად თუ არა, თანასწორად მაინც უნდა იზრუნოს მათ ჯანმრთელობაზე. თუ ავად არიან, ვალდებულია, რომ მოინახულოს ისინი, თუ იჭირვიან – ანუგეშოს, უდებნი ამხილოს და გაჭირვებულთ შეეწიოს. ამ საქმეების აღსრულებისას კი, ვინაც გულმოდგინედ არ მოიზღუდავს თავს, ეშმაკი თავს დასასხმელად ბევრ გზას მოუნახავს. თავშეკავებული ქალის კი არა, უმანკოებადამარხული ქალის მზერაც კი აჩნდება სულს, აშფოთებს მას, ალერსი – აცთუნებს, პატივი – იმორჩილებს, და სიყვარული მხურვალე – მიზეზი ყოველთა სიკეთეთა, თუ არ იქნა სწორად წარმართული, იქნებ ურიცხვი ჭირის მიზეზადაც იქცეს. ამასთან, ეს გამუდმებული საქმიანობა ტყვიასავით ამძიმებს სიმახვილეს გონებისას, რომელსაც ფრინველივით უნდა შეეძლოს სიმაღლეებისაკენ ზეაღფრენა, და თუ მოიცვა მრისხანებამ სული, იგი შიგნით ერთიანად გაიკვამლება და დაბნელდება. და ვინც ჩამოთვალოს ყველა ის ავი მოქმედებანი – წყენა, კიცვხა, შენიშვნები მდაბალთა და მაღალთა, გონიერთა და უგუნურთა?
9. მართებულ განსჯას მოკლებული ხალხი განსაკუთრებულად ანგარიშიანები არიან, გამართლებასაც უცებ აღწევენ. კეთილ მოძღვარს არა აქვს მათი შეძულების უფლება, ხალხის ბრალდებებს დიდი თავმდაბლობით მომზადებული უნდა სცემდეს პასუხს – გულისკლებასა და რისხვას უკეთესია შეუნდოს მათ უგუნური შენიშვნები. თუკი ნეტარი პავლე გაფრთხილდა, მოწაფეებმა ბრალი არ დამდონო პარვაში და სხვებს მიანდო ფულის გამგებლობა – “ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისათჳს, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ.” (II კორ. 8,20). ჩვენ ვითომ რად არ გვმართებს ზრუნვა იმისათვის, რომ თუნდაც ცრუ, განუსჯელი და ჩვენი ღირსებისათვის ერთობ შეუფერებელი ავი ეჭვი ავირიდოთ. ჩვენ ხომ არანაირი ცოდვისაგან არა ვართ ისე შორს, როგორც პავლე – პარვისაგან. ნამდვილად უგუნურება იყო ამ ნეტარ და გასაოცარ კაცზე მსგავსი ეჭვის მიტანა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს აზრი განუსჯელი იყო და იგი მხოლოდ გიჟს თუ შეიძლებოდა მოსვლოდა ფიქრად, პავლემ მაინც მოსპო მისი გაჩენის მიზეზი; მას არ შეურაცხყვია ხალხი განუსჯელი, არ უთქვამს: ვინ იფიქრაო ჩემი მსგავს რამეში დადანაშაულება, როცა სასწაულებითა და ჩუმი, მშვიდობიანი ცხოვრების ნირით და პატივისცემის გრძნობით განვმსჭვალეო ყველა? პირიქით, მან შეიცნო და დაუშვა ასეთი ეჭვის გაჩენის შესაძლებლობა და ძირიანად მოთხარა იგი, უფრო სწორედ, მისი გაჩენის საშუალებაც კი მოსპო. რატომ? “რამეთუ წინაწარ განვიზრახავთ კეთილსა, არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე კაცთაცა.” (II კორ. 8,21).
ასე და უფრო მეტადაც კი უნდა ვცდილობდეთ ავი ლაპარაკების არა მარტო მოსპობასა და ჩაჩუმებას, არამედ შორიდანვე იმის ცნობასაც, თუ საიდან ჩნდება იგი და არ უნდა ვუცადოთ იმ დროს, სანამ იგი ხალხის ენას მოედებოდეს. იმიტომ, რომ მერე ადვილი აღარაა მისი მოსპობა, ძნელია ერთობ და ალბათ შეუძლებელიც და სახიფათოც, საშიშია, ხალხს არ ვავნოთ რაიმე. მოკლედ, აღარ უნდა გავჩუმდე, რას მივდევ მიუღწეველს? აქაური სიძნელეების ჩამოთვლა იგივეა, ზღვის არწყვა რომ მოინდომოს კაცმა. თუკი ის, ვინაც ყველანაირი ვნებისაგან თავისუფალია, რაც სხვათა შორის, შეუძლებელია, სხვისი ცოდვების გამოსწორებისას მაინც უზომო ჭირისათვისაა განწირული, მაშინ საკუთარი სისუსტეების მქონემ, წარმოიდგინე ერთი, რა უძირო შრომა უნდა გასწიოს, რა განსაცდელი უნდა გაიაროს, სხვათა და საკუთარი ვნებების ძლევის მსურველმა?
10. თქვა ბასილიმ: და შენ, ახლა, მარტომყოფელს, განა შრომა და ჯაფა არ გაწევს?
ოქროპირი: ახლაც მაწევს-მეთქი, ვუთხარი. განა შეიძლება ესოდენ მძიმე შრომის მტვირთველი თავისუფალი და უზრუნველი იყოს ღვაწლისაგან? მაგრამ გაშლილ ზღვასა და მდინარეში ცურვა ერთია განა? ამ საზრუნავთა შორისაც იგივე განსხვავებაა. სწორედ რომ შემეძლოს სხვებისათვის რგება რაიმესი, ამას თავადაც ვუსურვებდი ახლა თავს და ჩემი გულმოდგინე ლოცვის საგანიც ეგ იქნებოდა. მაგრამ რაკი არავის შველა არ შემიძლია, როგორმე საკუთარი თავის გამოხსნა თუ შევიძელი ქარიშხლისაგან, დავჯერდები ამასაც.
თქვა ბასილიმ: ნუთუ ეგ მართლა დიდი საქმე გგონია? და საერთოდ, არავის არ გინდა რაიმე არგო, ისე ფიქრობ სულის ცხონებას?
ოქროპირი: კარგად, სამართლიანად მსჯელობ-მეთქი, ვუთხარი. არც მე მგონია, რომ ვინმე, ახლობლის გამოხსნისათვის თუ არაფერი გააკეთა, ისე ცხონდეს. უბედურ მონას, ტალანტი რომ შეუმცირებია, იმან არაფერი არგო. რომ არ გაამრავლა ტალანტი, და არ გააორკეცა იგი, მაგან დაღუპა (მთ. 25, 24-30). ისე კი ვფიქრობ, სამსჯავროზე ახლა, როცა მკითხავენ, სხვას რატომ არ უშველეო, უფრო მცირედი სასჯელი მაკმარონ, ვიდრე მაშინ, ასეთი პატივის მიღების შემდეგ უარესი რომ შევიქმენი და პასუხს სხვათა და საკუთარი თავის დაღუპვის გამო რომ მომთხოვენ. როცა ისრაიტელთ დიდი უპირატესობა მიენიჭათ უფლისაგან, მათ მას მერე შესცოდეს უფალს, ამიტომ იმსახურებდნენ ისინი დიდ სასჯელს თვისთა ცოდვათა გამო, ამიტომ იყო ასე ძლიერად რომ ამხელდა მათ ღმერთი.
უფალს წინასწარმეტყველებამდე ადრე სურდა ეჩვენებინა მღვდელთა ცოდვები რომ უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისა და მსხვერპლშეწირვის დადგენისას ბრძანა: მთელი ხალხის ცოდვათა გამოსახსნელი მსხვერპლის ტოლი ზვარაკი შეეწირათ მღვდლის შეცოდებათა გამო (ლევ. 4). ამით მან დაგვანახა, ნაჭრილობევს მღვდლისას სწორედ ისეთი შეწევნა ჭირდებაო, როგორაც წყლულებს მთელი ხალხისას, ერთად აღებულს. ისინი რომ უმძიმესი არ ყოფილიყო, ასეთი შეწევნა არ იქნებოდა საჭირო. ამასთან, ეს ცოდვა თავისთავად კი არაა მძიმე, არამედ იმიტომ, რომ მას მღვდელი, ასეთი დიდი პატივის მქონე კაცი იქმს. მაგრამ რაღა ამ მსახურებაში მყოფ კაცებზე ვლაპარაკობ? მღვდლების ქალიშვილთ, არნაირი კავშირი რომ არ აქვთ მღვდლობასთან, თავიანთი მამებისათვის მინიჭებული პატივის გამო, ერთი და იგივე ცოდვების ჩადენისას, გაცილებით მკაცრი სასჯელი ელით, ვიდრე უბრალო ხალხის ქალიშვილთ. მაგალითად, ერთმაც იმრუშა და მეორემაც – პირველს გაცილებით მძიმე სასჯელი ელის, ვიდრე მეორეს (ლევ. 21,9).
12. ხედავ რა ძლიერად გვამცნობს უფალი, წინამძღოლს უფრო ძლიერი სასჯელი ელის, ვიდრე ქვეშევრდომს? მღვდლის ქალიშვილს, სხვა ქალიშვილთაგან განსხვავებით, მამის გამო, უფალი მეტად სჯის. და მასაც, ვინაც ხუცესის ქალი აცდუნა, უფრო მძიმე სასჯელი ელის. და სრულიად სამართლიანადაც, რადგან ვნებული მარტო წინამძღოლი როდი რჩება, არამედ იღუპება მისი შემყურე ყველა სუსტი სულის პატრონი. სწორედ ამის ჩვენება სურდა წინასწარმეტყველს, ეზეკიელს, ამიტომაც განასხვავა ვერძთა და ცხვართა სამსჯავრო ერთმანეთისაგან (ეზეკ. 34,17). ახლა მაინც თუ გახდა შენთვის ნათელი, უმიზეზო რომ არ ყოფილა ჩემი შიში? ნათქვამს ამასაც დავუმატებ: სულიერმა ვნებებმა რომ ერთნაირად არ დამრიონ ხელი, ამისათვის ახლაც დიდი ჯაფა მიწევს, მაგრამ ამ შრომას როგორღაც ვიტან, ამ ღვაწლს არ გავურბივარ.
პატივმოყვარეობა ახლაც შემომიტევს ხოლმე, თუმცაღა ვებრძვი და წინ აღვუდგები, მაგრამ ვაღიარებ: მისი მონა ვარ მაინც. ზოგჯერ ამ დამონებული სულის მხილებასაც ვახერხებ. ახლაც მეახლებიან ხოლმე მავნე წადილები, მაგრამ ძლიერ ცეცხლს ვერ მინთებენ, თვალი ვერ აწვდის გარედან იმ ცეცხლს საწვავს და იმიტომ. ის, რომ სხვამ ვისიმეს ავი ილაპარაკოს და ვუსმინო, მაგისგან თავისუფალი ვარ, მოლაპარაკე არავინ მყავს. კედლებს, რასაკვირველია, ლაპარაკი არ შეუძლიათ. რისხვას კი, გარკვეულად, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის გარემოცვაში არ ვიმყოფები, მაინც ვერ გავექცევი. ხშირად, ძლიერად არა, მაგრამ მაინც ამიალებს ხოლმე გულს ურიგო ხალხის, მათი საქციელების მოგონება. ამ ალს იმით ვშრეტ, რომ ვაგონებ ხოლმე თავს, თუ რაოდენ უჯერო და ჭირის მომტანია საკუთარი უდებების დატევება და ახლობელთა ვნებების ჩხრეკა. მაგრამ ხალხში გარეული და მოუსვენრობაშეპყრობილი, გულისთქმების ასეთი შეგონებებით მართვას ვეღარ შევიძლებ, ძალა აღარ მეყოფა. და ისე, როგორც კლდეებს შორის აქაფებული ნიაღვარი გაიტაცებს ხოლმე კაცს, რომელიც აშკარად წინასწარვე ხედავს იმ განსაცდელს, რომლისკენაც მიექანება და საშველი მაინც ვერაფერი მოუფიქრებია, მეც, ვნებათა ტალღებში მოქცეულს, თუმცა კი შემრჩება გონი მომავალი სასჯელის განჭვრეტისა, რომელიც დღითი დღე გაიზრდება, მაგრამ ახლანდელივით საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და იმ გამძვინვარებული მხეცებისაგან განკრძალვას, რიგიანად ვეღარ შევიძლებ.
მე სუსტი, დიდბუნებოვნებას მოკლებული სული მაქვს და მას ადვილად სძლევენ არა მარტო ეს ვნებანი, არამედ უსაშინლესი მათ შორის – შური, მას არ ძალუძს ქებისა და ძაგების მშვიდად ატანა. პირველი უზომოდ ამედიდურებს, მეორე – ურვაში აქცევს. მძვინვარე მხეცები, თუ ისინი ჯანზე არიან, მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით კი გამოუცდელებს – ადვილად სძლევენ. მაგრამ თუ ვინმემ შიმშილით მოაუძლურა ისინი, დააოკებს კიდეც მათ მძვინვარებას და ძალის დიდ ნაწილსაც წაართმევს. ასე რომ, მათთან ბრძოლაში, არც თუ ისე მამაცი კაციც კი ივარგებს. სულიერ ვნებებსაც იგივე ჭირთ: ვინც საღი გონების ქვეშ ამყოფებს მათ, აუძლურებს კიდეც ვნებებს, მაგრამ თუ კვებავს, ამით ურთულეს ბრძოლას განიმზადებს და მთელ ცხოვრებას მათ შიშსა და მონობაში ატარებს. რით იკვებებიან ეს მხეცები? დიდების მოყვარება – პატივითა და ქებით, სიამაყე – ხელისუფლებითა და ბატონობის ზეობით, შური – ახლობელთა განდიდებით, ვერცხლის მოყვარება – გამღებელთა სიუხვით, განუკრძალველობა – ქალებთან ხშირი შეხვედრებითა და ფუფუნებით, სხვა კიდევ სხვა რამეთი და ასე.
ხალხში გამოსულს ეს მხეცები ძლიერად დამესხმიან თავს, სულს გამიტანჯავენ, შიშში მომაქცევენ, ძალუმად გამიჭირდება მოგერიება მათი. მაგრამ აქ თუ დავრჩი, დიდი ძალისხმევა კი დამჭირდება მათ მოსარევად, და მაინც, ღვთის მადლით, დაოკდებიან ისინი და ჩემამდე მათი ღრიალის ხმა თუ მოაღწევს. ამიტომაც ვრჩები ამ სენაკში, როგორც კაცი შეუვალი, ურთიერთობებისა და ადამიანების მოძულე და ვითმენ ასეთსა და ამის მსგავს კიცხვას, თუმცა დიდი ხალისით ავიცილებდი მათ, მაგრამ რაკი ამის გაკეთების შესაძლებლობა არ მეძლევა, ვწუხვარ გულშემუსრვილი. ხალხში შეუძლებელია ჩემთვის ნამდვილ უსაფრთხოებაში ყოფნა. ამიტომ გთხოვ, ნუ გაამტყუნებ ესოდენ მძიმე მდგომარეობაში მყოფს, შეიბრალე იგი. თუმცა მე ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნე შენ. ამიტომაც დროა, ისიც გითხრა, რაც აქომამდე უცნობი იყო შენთვის. იქნებ ზოგს დაუჯერებლადაც მოეჩვენოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ შემრცხვება მისი გამხელა. თუმცა ეს სიტყვები უამრავ ჩემს ცოდვასა და უილაჯო სინდისს გამოაჩენს, მაგრამ რაკი მელის სამსჯავრო ყოვლისმხილველი მეუფისა, ხალხისაგან ამის დაფარვამ რა მარგოს? რა დამრჩა გაუმხელელი?
მას მერე, რაც ეს განზრახვა მაცნობე (ეპისკოპოსად არჩევა), შიში და სასოწარკვეთა დამეუფლა, სხეულის ერთიანი დასუსტების საშიშროების წინაშე ვიდექი. რომ წარმოვიდგენდი ქრისტეს სასძლოს სულიერ სილამაზესა და სიწმიდეს, სიბრძნესა და დიდებულებას, მერე საკუთარი სისუსტეების გახსენებაზე გაუჩერებლად დავტიროდი მათ, თავს უბედურს ვუწოდებდი, ვკვნესოდი, გაოგნებული საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ვის გაუჩნდა ასეთი აზრი? ასეთი რა შეცოდა ღვთის ეკლესიამ? რით განარისხა მან მეუფე თვისი ისე, რომ შერცხვენისათვის გაიწირა და მე, ყოვლად უღირსს ყოველთა შორის, განსაგებლად მომეცა-მეთქი?
ხშირად ვფიქრობდი ასე ჩემთვის, ვერც ვერეოდი აზრს ესოდენ განუსჯელს, დასუსტებულივით მეცლებოდა ძალა. არც რა მესმოდა, ვერც რას ვხედავდი. ეს განფიცხება გამივლიდა (იგი ზოგჯერ ხელს შემიშვებდა ხოლმე) თუ არა, მას ცრემლები და სასოწარკვეთა ცვლიდა. მერე, ხანგრძლივი ცრემლთა დენის შემდეგ კვლავ შიში დამეცემოდა და მაშფოთებდა, მარღვევდა, გონებას მირყევდა. ასეთ ტალღებში გავატარე ის დრო, შენ არაფერი იცოდი, გეგონა კი, ჩემთვის, წყნარად ვცხოვრობდი.
ახლა კი გაგიმხელ მღელვარებას ჩემი სულისას: იქნებ ამის მერე მაინც შეწყვიტო საყვედურები და შემიბრალო. მაგრამ, როგორ, როგორ დაგანახო? ამის ნათლად დანახვა რომ შეძლო, გული უნდა გაგიშიშვლო. მაგრამ რაკიღა ამის გაკეთება შეუძლებელია, ვეცდები, როგორც შევძლებ, მკრთალად მაინც წარმოგიდგინო წყვდიადი და სასოწარკვეთა ჩემი სულისა.
ვთქვათ, მთელი ამ სოფლის მეფის ქალწული სასძლო შეიქმნა და იგი გამოირჩევა არაჩვეულებრივი სილამაზით, ხოლო ბუნება მისი დიდად აღემატება ადამიანის ბუნებას საერთოდ და ყველა ქალისას, ერთად აღებულს, სულიერი სათნოებით შორს იტოვებს ყველა კაცს, ახლა ცხორებულთა და აწი რომ დაიბადებიან იმათაც და კეთილზნეობა მისი აღემატება სიბრძნის მოყვარების ყველა მოთხოვნას, ხოლო კეთილხატება – ჩრდილში აქცევს ყველანაირი სხეულის მშვენებას. დავუშვათ, რომ ნეფე ამ ქალწულში მხოლოდ ამის გამო კი არაა ასე შეყვარებული, არამედ მასში რაღაც უფრო განსაკუთრებულს გრძნობს და იმდენადაა მიჯაჭვული მასზე, რომ ყველა ვნებიან თაყვანისმცემელს, ვინც კი ოდესმე ჰყოლია ამ ქალს, აღემატება. მერე ისიც წარმოვიდგინოთ, ამ შმაგმა მიჯნურმა უცებ საიდანღაც შეიტყო, რომ მის გასაოცარ სატრფოზე ქორწინდება ვიღაც სხვა კაცი და თანაც უბირი, მდაბიო წარმოშობისა, გარეგნულად გონჯი და ყველანაირად უვარგისი.
გასაგებად დაგიხატე ჩემი მწუხარება? განა საჭიროა კიდევ ამ აღწერის გაგრძელება? ვგონებ ჩემი სასოწარკვეთის გამოსახატავად საკმარისია. ეს მაგალითი მხოლოდ ამიტომ მოგიყვანე. ხოლო ჩემი შიშის საზომის და გაოცების გამოსახატად სხვა მაგალითს მივმართავ.
ვთქვათ, ქვეითთა, ცხენოსანთა და მეზღვაურთაგან შემდგარი ჯარია. ვთქვათ, ზღვა დაფარა ურიცხვმა ხომალდმა, ხოლო ველებსა და მთათა მწვერვალებს ცხენოსანთა და ქვეითთა რაზმები მოედო. და ლაპლაპებს მზე ბრინჯაოს იარაღზე, ჩაჩქანებსა და ფარებზე ირეკლებიან სხივები და ცას სწვდება ფლოქვთა ცემისა და ჭიხვინის ხმა; ვთქვათ, აღარაფერი ჩანს ქვეყნად ბრინჯაოსა და რკინის გარდა, არც ზღვა, არც მიწა. და ვთქვათ დაიძრა მათ წინააღმდეგ ხალხი ველური და დაუოკებელი. ვთქვათ, კიდეც დადგა ჟამი ბრძოლისა. მერე ვინმემ რომ მოიყვანოს სოფელში გაზრდილი ყრმა, რომელსაც არაფერი უნახავს და ხელში არაფერი სჭერია სტვირისა და არგანის გარდა, და შემოსოს იგი ბრინჯაოს აბჯრით, ჩაატაროს რაზმების წინ, აჩვენოს რაზმები მეთაურებითურთ, მეისრეები, მეშურდულეები, სარდლები და მხედართმთავრები, მძიმედ შეიარაღებული მეომრები, მხედრები და შუბოსნები, ხომალდები თავისი მეთაურებით, უამრავი მეომრითა და შიგ ჩაწყობილი საჭურველით, ვთქვათ, მერე აჩვენონ მას მოწინააღმდეგეთა რაზმები დაწმასნილ ფლატეებსა და მიუდგომელ მთებზე განლაგებული მრისხანე სახის ხალხი, მათი საჭურველი და იარაღის დიდი მარაგი. ცხენები მათი, ჯადოსნური მფრინავი ცხენების დარი, მეჭურჭლეთუხუცესნი მათნი, თითქოს ჰაერში მოარულნი, რომელთაც ყველანაირი ძალის და სახის ჯადოსნობის უნარი შესწევთ. დავუშვათ, რომ მას მერე ომის ყველა საშინელება უამბონ: ღრუბლები შუბთა და ისართა, ნატყორცნი ისრებისაგან გაჩენილი წყვდიადი და სიბნელე, დაჩრდილული მზის სხივები, ღამე უკუნეთი, მტვერი, თვალთა დამთხრელი, უფროის ბნელისა, ნაიღვარი სისხლისა, კვნესა დაცემულთა, გოდება ფეხზე დარჩენილთა, მკერდნი დაცემულთა, სისხლში ამოვლებული ბორბლები, უმხედრებოდ შთენილი ცხენები, ურიცხვი გვამების შემყურე ხალხის თავბრუსხვევა და დაცემა მიწაზე, სადაც ყველაფერი, სისხლი, მშვილდი და ისარი, ფლოქვები ცხენებისა, თავები ადამიანებისა, ხელი, ფეხი, წვივი, კისერი და მკერდი განგმირული, ხმალზე შემხმარი ტვინი კაცისა, გადატეხილ ხმლებზე წამოგებული თვალები ადამიანისა – ერთმანეთშია არეული. ვთქვათ, ზღვის ბრძოლის უბედურებანიც ჩამოუთვალონ: შუა წყალში მდგარი ცეცხლმოდებული და ჩაძირვის პირს მისული ხომალდები, მასზე მყოფი მეომრები, მეხომალდეთა ყვირილი, ტალღების შხუილი, მებრძოლთა გოდება, ხომალდს მიხეთქილი, ზღვის აქაფებული ადამიანის სისხლით ნაღები ტალღები, გვამებით მოფენილი გემბანები, ხომალდებისათვის გზის ჩამხერგავი, დახრჩობის პირზე მისული, ნაპირისაკენ მოსროლილი, ტალღებზე მოფართხალე მეზღვაურები, ნათლად რომ წარმოუდგნენ ომის ყველა ზარგანხდილებას, დავუშვათ, რომ ტყვეობის, მონობის, მძიმე რომაა ყველანაირ სიკვდილზე, იმის უბედურებაც უთხრან და ამის მერე, ყველაფერს რომ უამბობენ, უბრძანონ, ამ წამსვე შეჯექიო ცხენზე და თავს იდეო ამ ჯარების მეთაურობა. როგორ გგონია, ეყოფა კი ძალა იმ ყრმას, ეს ამბები ბოლომდე მოისმინოს და იქვე, ყველაფრის დანახვის მერე, სული არ განუტეოს?
13. არ გეგონოს, საქმეს სიტყვებით ვაზვიადებდე. ეს მხოლოდ გეჩვენება ასე და ისიც იმიტომ, რომ ჩვენ სხეულში, როგორაც სატუსაღოში, ისე ვართ გამომწყვდეულნი და უხილავთაგან არ ძალგვიძს რაიმეს ხილვა. ჩემი ნათქვამი გადაჭარბებულად ნუ მოგეჩვენება. ოდესმე რომ შენი თვალით განახა მოქურუხებული გალაშქრება და გამძვინვარებული ტაკება ეშმაკისა, ისეთ დიდსა და შემაძრწუნებელ ბრძოლას იხილავდი, რომელთანაც ჩემს მიერ აღწერილი არაფრად მოგეჩვენებოდა. აქ არც რკინაა, არც ბრინჯაო, არც ცხენი და ეტლი, არც ცეცხლი და ისარი და არც მათი მსგავსი საგნები, არამედ სხვა, ჩამოთვლილზე გაცილებით საშიში საჭურველია. ამ მტერს არც აბჯარი უნდა და არც ფარი, არც ხმალი, არც შუბი, სულის მოსაწყვლელად კი ამ ჯარის ერთი სახეობაც კმარა, თუკი არ იქნა სული მხნე და უპირველეს ყოვლისა, თავად სიმხნე მისი, ღვთის განგებით განმტკიცებული. რომ შეიძლებოდეს განძარცვა სხეულისა, ანდა მასშივე, სუფთად და უშიშრად, საკუთარი თვალებით ეშმაკის აღლაშქრების დანახვა, სისხლის ნიაღვარსა და უსულო გვამებს კი არა, სულთა უმოწყალო გვემასა და მის იარებს იხილავდი და ჩემს მიერ აღწერილი ომი, ახლა რომ გისურათებდი, ბავშვურ თამაშად, უმალ გასართობადაც კი მოგეჩვენებოდა, ვიდრე ომად; იმდენად უამრავნი არიან ძლეულნი ყოველდღე! ამ ჭრილობებს ისეთი სიკვდილი როდი მოსდევს, როგორიც სხეულისას, არამედ რამდენადაც სული განსხვავდება სხეულისაგან, იმდენად ის პირველი სიკვდილი – მეორისაგან. დაჭრილი და დაცემული სული სხეულივით უგრძნობლად როდი გდია, არამედ აქვე ეწამება სინდისის ქენჯნისაგან; განსვლისას კი განისჯება და მარადიულ ტანჯვას მიეცემა. ვინმე თუ ეშმაკისაგან მოწეული ჭრილობის ტკივილს არ გრძნობს, ამ უგრძნობლობით უფრო დიდ უბედურებას განუმზადებას თავს. რადგან პირველი იარის ვერგანმცდელს, მალე მოეწევა მეორეცა და მესამეც. უწინდელი იარების უგულებელმყოფელსა და უზრუნველ კაცს, უწმიდური ბოლო ამოსუნთქვამდე მისდევს დასაცემად. მისი მტერობის სახეობათა გაგებას თუ მოინდომებ, ნახავ რარიგ ძლიერი და მრავალფეროვანია ისინი. არავინ იცის სიცრუისა და მზაკვრობის იმდენი სახე, რითაც იგი ამ ძლიერებას იძენს, როგორაც ამ არაწმიდამ. არავის ძალუძს ისეთი შეურიგებელი მტრობა თავისი ყველაზე უბოროტესი მტერისა, როგორც მას, ამ მზაკვარ ეშმაკს ადამის მოდგმის მიმართ. ახლა ის გულმოდგინებაც რომ დაგვანახა, როგორითაც იგი ამ ბრძოლას ეწევა, ამ მხრივ ხომ მართლაც სასაცილო იქნებოდა მისი ადამიანებთან შედარება. ვინმემ რომ ყველაზე მძვინვარე და სასტიკი მხეცი ამოირჩიოს და იგი მის განცოფებას შეუდაროს, ნახავს, რაოდენ მშვიდნი აღმოჩნდებიან პირველნი მათთან შედარებით. ისეთი მძვინვარება ამოძრავებს მას ჩვენი სულების წინააღმდეგ! ეგეც არ იყოს, ის ბრძოლები (ადამიანთა შორის), ხანმოკლეა და ბევრი შესვენებებიც ახლავს თან. ჩამოღამება, მოქანცვა ბრძოლისაგან, საკვების მიღება და სხვა ყველა დანარჩენი, ჩვეულებრივ, ასვენებს მებრძოლს, მას ეძლევა იარაღის მოხსნის, საკვებითა და სასმელით ან სხვა რაღაცით გადახალისების საშუალება, რაც ძალების აღდგენას ემსახურება. მაცდურთან ბრძოლისას, თუკი იარების აცილება გსურს, ძილი და საჭურვლის მოხსნა არ იქნება.
ორიდან ერთი უნდა ირჩიოს კაცმა უსათუოდ: ან უნდა აიყაროს იარაღი და დაეცეს და დაიღუპოს, ან სულ შეიარაღებული უნდა იყოს და იფხიზლოს. ეს მტერი მუდამ საჭურველასხმულია, ჩვენს უზრუნველობას უთვალთვალებს და გაცილებით მეტს ზრუნავს ჩვენი დაღუპვისათვის, ვიდრე ჩვენ – საკუთარი ცხოვრებისათვის. ვინც მუდმივად არ ფხიზლობს, მას განსაკუთრებულად იმიტომაც უჭირს მასთან ბრძოლა, რომ იგი უხილავია და დაცემაც უეცრად იცის (ამიტომ მას მეტი ვნებაც ძალუძს). და შენ ის გინდოდა, რომ ქრისტეს ლაშქარს ამ ბრძოლაში მე წავძღოლოდი? თუკი ის, ვისაც ყველას პატრონობა და მართვა ევალება, მათზე სუსტი და გამოუცდელი იქნა, მინდობილ ხალხს, თავისი გამოუცდელობით, ეშმაკის გზას გაუყენებს. ასეთი კაცი, ქრისტეს კი არა, ეშმაკს უდგება მსახურად. რას ოხრავ, რა გატირებს? ტირილი კი არა, რაც მოხდა, იმის გამო მხიარულება და სიხარული გვმართებს.
თქვა ბასილიმ: კი, მაგრამ, ჩემი მდგომარეობის გამო, შენგან განსხვავებით, მე უზომო მწუხარება მმართებს. რადგან, უკეთ მხოლოდ ახლა შევიტყვე, რა განსაცდელშიაც მომაქციე. შენთა მყვედრებელთ რა ვუპასუხო-მეთქი, იმის გასაგებად მოვდიოდი. შენ კი მიშვებ და ახალ საზრუნავს მკიდებ ძველის ნაცვლად. ახლა იმას კი არ ვწუხვარ, შენს მაგივრად იმათ რა პასუხი გავცე, არამედ იმას, საკუთარი თავისა და ცოდვების გამო ღმერთთან როგორ ვაგო პასუხი. გთხოვ და გევედრები, ოდნავ თუ მაინც გენაღვლება “რაოდენი რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ არს ქრისტეს მიერ, და რაოდენი ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისაჲ, რაოდენი რაჲ ზიარებაჲ სულისაჲ, რაოდენი რაჲ მოწყალებაჲ და წყალობაჲ” (ფილიპ. 2,1) (რადგან თავად იცი, ყველაზე მეტად შენი გამოისობით მოვექეცი ამ განსაცდელში) ხელი გამომიწოდე, რაც კი გამამხნევებს, ყველაფერი გააკეთე, ყველაფერი მითხარი. მცირე ხნითაც არ მისცე თავს ჩემი მიტოვების უფლება; ისე ქენი, ეს ცხოვრება, ვიდრე უწინ, იმაზე უფრო დიდ მეგობრობაში, შენთან ერთად განვლიო.
ოქროპირი: ღიმილმორეულმა ვუთხარი: რით უნდა დაგეხმარო ამისთანა ზრუნვის მტვირთველს, რა უნდა გარგო? მაგრამ რაკიღა შენი სურვილი ასეთია, სასოს ნუ წარიკვეთ, ჩემო ნეტარო. ყოველთვის, როცა კი საქმეებისაგან განთავისუფლებულს დასვენების საშუალება მოგეცემა, შენს გვერდით ვიქნები, განუგეშებ, თუ რამე შემეძლება, არაფერს დავიშურებ. ამაზე უფრო ატირდა, წამოდგა, წამოვდექი, მოვეხვიე, თავზე ვეამბორე, გაცილებისას ვარიგებდი: მოწეულს მხნედ დაუხვდი-მეთქი. მწამს, როგორაც ქრისტე, რომელმაც მოგიწოდა და მოგანდო ცხოვარი თვისი, ისეთ კადნიერებას მოიპოვებ ამ მსახურებით, რომ მეც ამ ქვეყნიდან გასულს, იმ განსაცდელში მყოფს, სამუდამო სავანისაკენ შენ წამიძღვები-მეთქი.
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი |