მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

სიტყვა მესამე

 

1. ეპისკოპოსობაზე რომ უარი ჩემთა პატივისმცემელთა შეურაცხყოფისა და დამცირების მიზნით არ მითქვამს, ამის დასტურად, ვგონებ, რაც ვილაპარაკე – საკმარისია. ეს საქციელი რომ არც სიამაყის გამო ჩამიდენია, ამასაც, ეხლა, როგორც შევძლებ, ისე დაგისაბუთებ. ჩემთვის რომ ვინმეს ქალაქის ან ჯარის წინამძღოლობა შემოეთავაზებინა და მე უარი მეთქვა, ზოგი სიამაყეს დამწამებდა და მართალიც იქნებოდა. ან არა და იტყოდნენ ამაყი კი არა, უგუნურიაო. მაგრამ როცა საქმე მღვდლობას, ასეთ მაღალ ხელისუფლებას ეხება, რომელიც ისევე აღემატება ყველანაირ ხელისულებას, როგორც სული – ხორცს, მაშინ ვინ უნდა გაბედოს ჩემი სიამაყეში დადანაშაულება? და არაა საოცარი, რომ კაცს, რომელმაც ნაკლებმნიშვნელოვან საქმეზე უარი თქვა, უგუნური უძახო, ხოლო მას, ზეაღმატებულისაგან გარიდებულს, დიდებისმოყვარეობა დასწამო და არა უგუნურება? ეს იმის მსგავსია სწორედ, რომ კაცს, რომელიც უგულისყუროდ ექცევა ხარების ჯოგს, რახან არ უნდა მათი მწყემსვა, უგუნური უწოდო, ხოლო მთელი ამ სოფლის ხალხისა და ჯარის მეუფების უარმყოფელს ამაყი უაძახო და არა უგუნური.

 

არა, არა, ამის მთქმელი უმალ თავის თავს ადანაშაულებს, ვიდრე მე. რადგან, ვინმე ფიქრით თუ მაინც უშვებს იმას, რომ ადამიანს ძალუძს ასეთი ღირსების შეურაცხყოფა, ამით იგი ნათელს ხდის საკუთარ აზრს იგივე საკითხთან დაკავშირებით. თვითონ რომ არ მიაჩნდეთ იგივე საქმე ჩვეულებრივად ნაკლებმნიშვნელოვნად, ასეთი აზრი ფიქრადაც არ მოუვიდოდათ, აბა რატომ არავინ ფიქრობს იგივეს ანგელოზების ღირსებასთან დაკავშირებით; რატომ არავინ ამბობს, რომ არსებობს კაცი, რომელსაც თავისი სიამაყის გამო არ სურსო მიღწევა ანგელოზებრივი ღირსებისა, ბუნებისა? იმიტომ, რომ ზეციურ ძალებზე დიდი წარმოდგენა გვაქვს; ეს რწმენა შეუძლებელს ხდის იმის ფიქრს, რომ ამ ღირსებაზე უფრო მაღალი რამ არსებობდეს სადმე. ასე რომ, საცა სამართალია, სიამაყეში მე კი არა, მათ უნდა დაედოთ ბრალი, ვინაც მაგას მწამებს. ეგეც არ იყოს, ისინი ვერასოდეს შეძლებენ ამ საქმეში სხვის დადანაშაულებას, თავად რომ არ მიაჩნდეთ იგივე ნაკლებმნიშვნელოვნად. თუ პატივმოყვარეობას მწამებენ, გამოდის, რომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან და ებრძვიან. ასე რომ, არ ვიცი, ამის მეტს სხვას რაღას მოიგონებენ, რა უნდა ჰქონდეთ სალაპარკო, თუკი, რა თქმა უნდა, ამაო დიდების სიყვარულს არ დამწამებენ.

 

2. მაგრამ თუ ფუჭი დიდების მაძიებელი ვარ, რას გავიქეცი, რად არ მივიღე მაშინ ეგ წინადადება? ეგ საქმე ხომ დიდ პატივს მომიტანდა. ჩემს ასაკში, ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ ამსოფლიური ცხოვრებით გატაცებული, უცებ ყველას საოცარ პიროვნებად მოვევლინებოდი, რომელსაც ერგო დიდი უპირატესობა, ამომრჩეველთა ხმების უმეტესობა, თანაც იმ ხალხთან შედარებით, რომელმაც მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა. განა ეს ყველაფერი არ შეუქმნიდა ჩემზე ყველას საოცარს, დიდ წარმოდგენას?! ასე გავხდებოდი ცნობილი და დიდად პატივცემული. ახლა კი ეკლესიაში ხალხის უმეტესობამ, მცირედის გარდა, ჩემი სახელიც არ იცის. ყველამ იქნებ არც ის იცის, რომ უარი ვთქვი ამ საქმეზე. შეიძლება ზოგიერთს, ძალიან ცოტასა და მათ შორის უმრავლესობასაც ისიც კი ჰგონია, რომ მე სულაც არ ვყოფილვარ არჩეული, ან ფიქრობენ, რომ უარმყვეს, როგორც ამ მსახურებისათვის შეუფერებელი. არც იციან, ალბათ, რომ გავიქეცი.

 

3. ბასილი: - მაგრამ ვინც იცის სინამდვილე, ის ხომ იქნება გაკვირვებული.

 

ოქროპირი: შენ არ მითხარი, რომ ისინი ამაო დიდების სიყვარულსა და მზვაობარობას გაბრალებენო, ვისგან ველოდე ქების შესხმას? ხალხისაგან? მან არ იცის საქმის ზუსტი ვითარება, მცირე ნაწილისაგან? მათ უკუღმა ესმით ჩემი საქციელი. განა იმათ წინაშე არ ეპირები თავის მართლებას, მაგიტომ არ მოხვედი ჩემთან?! და ღირს ახლა ამაზე ლაპარაკის გაგრძელება? თუნდაც ყველას ცოდნოდა საქმის ნამდვილი ვითარება, მაინც არ უნდა დაედოთ ბრალი ჩემთვის პატივმოყვარეობასა და სიამაყეში. ცოტა მოითმინე და შენც მალე დაინახავ, პატარა საფრთხე რომ არ ელის არა მარტო კაცს, მღვდლობის კადნიერად მიმღებელს, თუკი არსებობს ასეთი ხალხი, რაშიაც ეჭვი მეპარება, არამედ იმასაც, ვინც ამაში სხვას დებს ბრალს.

 

4. მღვდელმსახურება, სრულიად სამართლიანად, ზეციური განწესებით აღესრულება ამ სოფელში. რამეთუ კაცმა, ანგელოზმა, მთავარანგელოზმა და რომელიმე ქმნილმა ძალამ კი არა, თავად ნუგეშინისმცემელმა განაწესა ეს ხარისხთა მიმდევრობა და ჯერაც ხორცში მყოფი ხალხი გახდა წარმომადგენელი ზეციური მსახურებისა. ამიტომაც ისეთი წმინდა უნდა იყოს მღვდელმსახურების აღმსრულებელი, ვითარცა ცათა შინა, იმ ძალთა წინაშე მდგომარე.

 

უწინაც საშინელი და დიდებული იყო კუთვნილებანი და მადლი მღვდელმსახურებისა: “ეჟუნები ოქროისაჲ, შორის ბროწეულაკთა მათ... ბროწეულაკები იაკინთისაგან ძოწეულისა და მეწამულისა სთელისა და ზეზისაგან ძახილისა, პალგევატი ზეზისა, ნაფერტები ზეზისა და ძახილისა, კარშავანგები ზეზისა, როპანაკები ზეზისა, სარტყელები ზეზისა, მაშაკები ტყავებისა იგი, საბურველი იგი ტყავებისა მის იაკინთისა, უღელი, ტაბლე, საცეცხლური მისი, ფიალები მისი და ფურცხები მისი რვალისად, სამხარნი იგი ოქროჲსაგან და იაკინთისა და ძოწეულისა სულისა და ზეზისაგან წმინდათა წმინდა, ღრმა სიმშვიდე შიგნით” (გამოსვლ. 38,39). მაგრამ თუ კაცი ჩაუკვირდება ქრისტიანულ მსახურებას, იქვე აღიარებს ჭეშმარიტებას რჯულის შესახებ: “რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებანი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთჳს დიდებისა” (II კორ. 3,10). როცა ხედავ უფალს დაკლულსა და შემოგებებულს, მოძღვარს ამ სამსხვერპლოს წინაშე მდგომარესა და მლოცველს და ყველას, განწმედილს სისხლითა პატიოსნითა, ნუთუ თავი მაინც ამ სოფელში, კაცთა შორის გგონია? ნუთუ არ განვარდება შენგან ყოველი გულისთქმა ხორციელი და არ მიეახლები იმ წამს ზეცას, განწმედნილი სული და გონი, ნუთუ ვერ ჭვრეტს ზეციურს? ჰოი, საოცრება, ჰოი, კაცთმოყვარება ღვთისა! და მჯდომარე მამისა თანა იმ წამს ყოველთა შემწყნარებელთა მისთათვის ხელშესახები და მისაწვდომი ხდება. ყველაფერ ამას რწმენა თვალისა ხედავს. როგორ გგონია, შეიძლება ამის უგულებელყოფა? ვის ძალუძს ქედმაღლობა ამ საიდუმლოს წინაშე?

 

გინდა იმავე სიწმინდის სხვა სასწაულის საოცრება გიჩვენო? ეცადე, წარმოიდგინო, დაინახო ელია, მის გარშემო უამრავი, ურიცხვი ხალხი, ქვაზე – ზვარაკი. ყველა დუმს, საოცარი სიჩუმეა ჩამოვარდნილი, ლოცულობს მხოლოდ წინასწარმეტყველი და უცებ, ციდან ჩამოვარდნილი ალი ეცემა მსხვერპლს (III მეფეთა 18, 30-38). გასაოცარია, შემაძრწუნებელია ეს ყველაფერი. ახლა ჩვენს მსვხერპლშეწირვაზე გადმოდი, გაცილებით შეძრული და გაოცებული თუ არ დარჩე. წარდგომილ არს მღვდელი, შთამომყვანებელი ცეცხლისა კი არა, სულისა წმიდისა. დიდხანს იმიტომ კი არ ლოცულობს, რომ ალი გადმოვარდეს ციდან და დაიწვას მსხვერპლი, არამედ, რათა ტარიგზე გარდამოსულმა მადლმა აღანთოს და განწმინდოს სული ყოველთა, უფროის ვერცხლისა გამოხურვებულისა. ვის ძალუძს, გონგაცლილისა და უგუნურის გარდა, ამ საშინელი საიდუმლოს უგულებელყოფა? განა არ იცი, დიდებული, საღვთო მადლის შეწევნა რომ არა, კაცი ვერ გაუძლებდა ცეცხლს ამ ტარიგისას, დაიღუპებოდა ერთიანად.

 

5. ვინც გააცნობიერა ჯერ კიდევ სისხლსა და ხორცში მყოფი კაცის ნეტარ, უკვდავ ბუნებასთან სიახლოვის მნიშვნელობა, მისთვის ნათელი უნდა იყოს, რა პატივით შემოსა სულმან წმინდამან მღვდელმსახური. მათი მეშვეობით აღესრულება მღვდელმოქმედება და სხვა მსახურებანი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სრულყოფისა და ცხონებისათვის. ხალხს, ჯერაც ამ სოფელში მიმოქცეულთ ენიჭებათ განმგებლობა ზეციურისა, უფლება, რომელიც ღმერთს თავისი ანგელოზებისა და მთავარანგელოზებისთვისაც არ უბოძებია, მათთვის არ უთქვამს: “... რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა, და რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა” (მათე 18,18). მეუფეთ, მხოლოდ სხეულის შეკვრის უფლება როდი ეძლევათ. ეს საკვრელი აქაც შებოჭავს სულს და იმ სოფელშიც გაჰყვება. აქ, მღვდლების ნამოქმედარს, იქ, ცაში, ღმერთი დაასრულებს და შეხედულებებს მონათა თვისთა დაამტკიცებს მეუფე. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთმა მათ ყველა ზეციური უფლება მიანიჭა? და კიდევ: “უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ შეპყრობილ იყვნენ” (იოანე 20,23). განა არსებობს ამაზე დიდი უფლებამოსილება? “არცაღა მამაჲ სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა” (იოანე 5,22). როგორც ვხედავ, ძემ ეს უფლება მთლიანად მღვდლებს უბოძა: მათ ისეთი სიმაღლის ხელისუფლება მიენიჭათ, თითქოს ისინი გასულები იყვნენ უკვე ამ სოფლიდან და ვნებათაგან, განთავისუფლებულთ, დატევებული ჰქონდეთ თითქოს ბუნება ხორციელი. მეფემ რომ რომელიმე მხლებელთაგან კაცთა დატყვევებისა და განთავისუფლების უფლება მიანიჭოს თავის სურვილისამებრ, ასეთი კაცი უმალ გახდებოდა ცნობილი და დაფასებული. მაგრამ როცა მავანს ღვთისაგან ის უფლებამოსილება ეძლევა, რომელიც ისევე აღემატება მას, როგორც ცა დედამიწას და სული ხორცს, ზოგიერთები მასზე მაინც ფიქრობენ, რომ ამ კაცს თითქოს ნაკლებმნიშვნელოვანი პატივი ერგო. განა შეიძლება იმის ფიქრი, რომ ასეთ ჯილდოს, ვინმე თავს უფლებას აძლევს, და უპატიოდ ატარებს? განვაგდოთ ეგ უგუნურება, ჭეშმარიტად უგუნურებაა იმ უფლების უგულებელყოფა, რომლითაც მოგვენიჭება ცხონება და ყოველი აღთქმული სიკეთე. “უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა”. და კიდევ: “უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი მისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არ გაქუნდეს ცხოვრებაჲ თავთა შორის თქუენთა” (იოანე 6,53) და ამას სხვა კი არა, მღვდლის კურთხეული ხელები აღასრულებენ, უფრო სწორედ, მღვდლის ხელების მეშვეობით ხდება ეს ყველაფერი და როგორ გინდა მათ გარეშე აცილება მარადიული ცეცხლისა, მიღება გვირგვინისა განმზადებულისა.

 

6. მღვდლები ჩვენთვის სახეა იმ კაცთა, რომელთაც ძალუძთ ნათლობის მეშვეობით, ადამიანის მეორედ შობა. მათი მეშვეობით შევიმოსავთ ქრისტეს, დავეფლვით ღვთის ძესთან ერთად, ვხდებით ნაწილნი ეკლესიის სხეულისა, რომლის თავი არს ქრისტე. ამიტომ, საცა სამართალია, მათი არა მარტო უნდა გვეშინოდეს, ვიდრე მეფეთა და ყოველთა ხელისუფალთა, არამედ უფრო მეტ პატივს უნდა ვცემდეთ, ვიდრე ხორციელთა მამათა ჩვენთა. რამეთუ მათ გვშობეს სისხლით და ნებათაგან ხორცთა; მღვდლენი კი არიან მიზეზნი ჩვენი მეორედ შობისა, მარადიული ცხოვრებისა, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და მადლისმიერი ძეობისა. იუდეველ მღვდლებს ძალუძდათ განკურნება ხორციელი სენისა, უფრო სწორედ, მათ ეძლეოდათ ავადმყოფის გასინჯვისა და განკურნება-არგანკურნების დამოწმების უფლება. ჩვენს მღვდლებს კი ეძლევათ არა უბრალოდ გასინჯვა-დამოწმების უფლება, არამედ ძალა სულიერ და ხორციელ ვნებათა სრული განკურნებისა. მათი უპატივცემულობა დათანისა და მისი თანამზრახველების დანაშაულზე უფრო დიდი სასჯელის ღირსია. მართალია, ისინი ძალით ცდილობდნენ იმ ხელისუფლების მოპოვებას (რიცხვ. 16), რომელიც მათ არანაირად არ ეკუთვნოდათ, მაგრამ, ამავე დროს, ესმოდათ კიდეც ამ უფლების მნიშვნელობა, ამიტომაც იყო ასეთი გააფთრებით რომ იბრძოდნენ მის მოსაპოვებლად. ჩვენ დროში, როცა მღვდლობა გაცილებით აღმატებული და უფლებამოსილი გახდა, უპატივცემულობა მისი, რა უნდა იყოს, თუ არა თავსდება დიდი კადნიერებისა? განა სულ ერთი არ არის: შეურაცხყოფ ამ სათნოებას, თუ ძალით მოინდომებ მის მისაკუთრებას? პირველი, სიმძიმის მიხედვით, მეორისაგან ისევე განსხვავდება, რამდენადაც პატივისცემა შეურაცხყოფისაგან. არსებობს კი ისეთი უბადრუკი სული, რომელიც შეურაცხყოფს ამ დიდებულ სათნოებას? თუ არ განცოფებული ბოროტისაგან, სხვა ვინ იზამს ამას? მაგრამ იმას დავუბრუნდეთ, რაზედაც საუბარი გვქონდა. ხუცესთ ღმერთმა უფრო მეტი ძალა მიანიჭა, ვიდრე ხორციელ მშობელთ, არა მარტო დასჯისა, არამედ სიკეთის ქმნისაც. ხორციელ და სულიერ მშობელთა შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც ამ სოფელსა და მომავალ სოფელს შორის. პირველნი, შვილებს ხორციელ სიკვდილს კი არა, სნეულებასაც ვერ ააცილებენ. მეორეთ კი ხშირად უხსნიათ დასაღუპად განწირული სული, ხან უვნებელი სასჯელის მეშვეობით, ხანაც მოსალოდნელ დაცემას თავშივე, დროზე წამლობდნენ, არა მარტო შეგონებითა და სწავლებით, ლოცვის მეშვეობითაც. ისინი მარტო ახალ ადამიანს (ნათლობით) როდი აღმოაცენებენ ჩვენში, მათ ეძლევათ უფლება ცოდვათა ჩვენთა შენდობისა. “უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვად რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას” (იაკ. 5, 14-15).

 

გარდა ამისა, შვილებს რომ ჩხუბი მოუვიდეთ ამა სოფლის ძლიერსა და ცნობილ ხალხთან, მშობელნი ამ შემთხვევაშიც ვერ დაეხმარებიან შვილებს. არა და, მღვდელი, ბევრი მორწმუნე წარჩინებულებთან და მეფეებთან კი არა, მათზე განრისხებულ ღმერთთანაც კი შეურიგებიათ. ამის მერე ვინღა უნდა დამწამოს სიამაყე? ის კი არა, ვგონებ პირიქითაც მოხდეს და ამ სიტყვების მერე ხალხმა იმათ კი არ უკიჟინოს სიამაყე და კადნიერება, ვინაც გაექცა ამ პატივს, არამედ მათ, რომელნიც ესწრაფვიან ამ პატივის მოხვეჭას. ქალქის მთავრის უგუნურება და უმოქმედობა, მასაც და მთელ ქალაქსაც დაღუპვის წინაშე აყენებს. როგორ გგონია, რა ძალა უნდა ჰქოდნეს კაცს, ქრისტეს სასძლოს განმამშვენიერებელს, საკუთრივ და მაღლიდან მონიჭებულიც, რომ არ შესცოდოს?

 

7. პავლეზე მეტად არავის ჰყვარებია ქრისტე, არვის გამოუჩენია მასზე დიდი გულმოდგინება, მასზე დიდი მადლი არავის მინიჭებია. და მიუხედავად ასეთი უპირატესობისა, იგი ძრწის, მინიჭებული უფლებისა და მინდობილი ხალხის გამოც: “ხოლო მეშინის, ნუ უკუე, ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თვისითა, ეგრეთცა განხრწნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ. და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მიმართ” (II კორ. 11.3; I კორ. 2,3). ქრისტეს მიერ მინიჭებულ უფლებებზე უარს ამბობს მესამე ცამდე ასული, ღვთის საიდუმლოებებს ზიარებული კაცი, რომელიც მოქცევის შემდეგ, ყოველ დღე კვდება ქრისტესთვის*; შიშობს, არ სცოდოსო მორწმუნემ და იმიტომ. და თუკი, უფლის ნების გარდამატებულად აღმსრულებელი, რომელიც ყოველთვის მასზე მინდობილი ხალხის სიკეთის ძიებაში იყო, და დავიწყებული ჰქონდა საკუთარი და თავისი უფლებამოსილების შემყურე, მაინც ასეთი შიშითა და ძრწოლით იყო მოცული, მაშინ ჩვენ, რომელნიც ხშირად საკუთარი სარგებელის ძიებაში ვართ და უფლის ნების აღსრულების მაგიერ ვღალატობთ კიდეც მცნებებს მისას, ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ?! – “ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?-ო“, ამბობს იგი (II კორ. 11,29). ასეთი უნდა იყოს ხუცესი. არა, ასეთი კი არა, ამაზე უკეთესი. ეს ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რის თქმასაც ვეპირები. რაღაა ეს? “ვილოცევდ შეჩუენებულყოფად თავსა ჩემსა ქრისტესაგან ძმათათჳს და ნათესავთა ჩემთა ხორციელად” (რომ. 9,3). ვისაც ძალუძს ამ სიტყვების წარმოთქმა, და ვისი სულიც სიწრფოებით ინატრებს ამას, და ასეთი კაცი თუ გაექცა მღვდლობას, მას ნამდვილად უნდა აგებინონ გაქცევის გამო პასუხი. მაგრამ, ის, ვისთვისაც ისევე უცხოა ეს სათნოება, როგორაც ჩემთვის, გაქცევის გამო კი არა, ამ მსახურების მიღებისათვის იმსახურებს გაკიცხვას.

 

მხედართმთავრის ამორჩევისას, რომელიმე მჭედელს, მეტყავესა ან სხა რაიმე მსგავსი პროფესიის კაცს რომ მოუნდომონ ამ პატივის მიგება, ჩემი აზრით, სწორედ ვერ იზამდა ის კაცი ჭკუას, თუკი არ განშორდებოდა მომავალ საშიშროებას და გაქცევით არ უშველიდა თავს. რომ შეიძლებოდეს, მოძღვარი მარტო სახელად გერქვას და დაკისრებული საქმეც, როგორც გამოგივა, ისე აღასრულო და ამის გამო, არანაირი საშიშროება არ მოგელოდეს, ვისაც მოესურვება, დაე იმან მიძახოს, ამაყიაო. მაგრამ თუკი ამ საქმის მტვირთველს უნდა გააჩნდეს კეთილგონიერება დიდი და ამაზე უწინ, დიდებული მადლი ღვთისა, ზნეობა – გამართული, ცხოვრება – წმინდა, და უამრავი სულიერი სათნოება, არ გამამტყუნო, თუ ტყუილუბრალოდ წახდენა და დაღუპვა არ ვისურვე. ვინმეს რომ ძვირფასეულობებითა და მენიჩბეებით სავსე ხომალდის საჭე მოეჩეჩებინა და ეთქვა: ტირინეისა და ეგეოსის ზღვა გადაცურეო, გავიქცეოდი. რომ ეკითხათ გაქცევის მიზეზი, ვეტყოდი: შემეშინდა, ჩემს გამო ხომალდი არ ჩაძირულიყო-მეთქი. ასეთ დროს, წინდაუხედაობას მხოლოდ ფულადი ზარალი და ხორციელი სიკვდილი მოსდევს და ამის გამო პასუხს არავის აგებინებენ; მაგრამ როცა ხომალდის დანთქმა მოსალოდნელია არა უბრალოდ ზღვაში, არამედ ცეცხლოვან უფსკრულში, სადაც მათ უბრალო სულისა და სხეულის განმყოფი სიკვდილი კი არ ემუქრება, არამედ მარადიული ტანჯვა სულისა და ხორცისა, რა განრისხებთ, რატომ მიწყრებით, რომ ვერ ვქენი განუსჯელობა და ავიცილე თავიდან უბედურება?

 

8. გთხოვთ, გევედრებით, ნუ იზამთ მაგას. მე კარგად ვიცი ჩემი სუსტი და უძლური სულისა. ვიცი ამ მსახურების მნიშვნელობაცა და სირთულენიც მისი. ხუცესის სულს, ხშირად დაჰფარავენ ხოლმე ტალღები, ზღვაზე რომ ჩნდება ხოლმე ქარის ამოვარდნისას, იმაზე დიდი.

 

9. პირველი რომ, პატივმოყვარეობა კუნძულია, გაცილებით უფრო საშიში, ვინემ მეიგავეთა მიერ შეთხზული კუნძული სირინოზებისა. ზოგმა შეიძლება ძალიან მშვიდობიანადაც ჩაუაროს მას, ჩემთვის კი ეგ ძალიან სახიფათოა; ის კი არა, ახლა, როცა არანაირი საშიშროება აღარ მემუქრება იმ კუნძულის მიახლოებისასაც კი, შიში მაინც ვერ მომიშორებია. და თუკი ვინმე მაგ ხელისუფლებას მომანდობს, ეგ იგივე იქნება, რომ იმ კუნძულზე მცხოვრებ ურჩხულებს საჯიჯგნად ხელებშეკრებული მიმცეს. რა ურჩხულებიაო ასეთი? მრისხანება, სასოწარკვეთა, შური, მტრობა, ცილისწამება, განკითხვა, სიცრუე, თვალთმაქცობა, მზაკვრობა, გულძვირობა უდანაშაულო ხალხის მიმართ, სიხარული მტერთა გაჭირვების გამო, მწუხარება მათ კეთილდღეობასა ზედა, საკუთარი ქების სურვილი, ვნება ყველანაირი პატივის მიმართ (ეს ვნებს სწორედ სულს ყველაზე უფრო!), სწავლება პირფერული, ალერსი თვალთმაქცური, კაცთმოთნეობა მდაბალი, უგულებელყოფა გაჭირვებულთა, მსახურება მდიდრებისა, საშიში და უგუნური უპირატესობების მინიჭება, მოწყალებანი საშიშნი, როგორც გამცემელთათვის, მიმღებელთათვისაც, მონური შიში, გაუბედაობა, მოჩვენებითი სიმდაბლე, თუალღებითი მხილება და სჯა, უფრო სწორედ, უბრალო ხალხის მიმართ – სიმკაცრე უზომო, ძლიერთა წინაშე – უსიტყვობა. ამდენს კი არა, ამაზე მეტ ურჩხულსაც კი იტევს ის კუნძული და თუკი მათ ერთხელ მაინც მიიტაცეს ვინმე, ისე დაიმონებენ, რომ ბევრ რასმეს, რაზედაც ახლა შეუფერებელია ლაპარაკი, ქალთა გულის მოსაგებადაც კი გააკეთებინებენ. საღვთო კანონმა ქალები განაყენა იმ მსახურებისაგან, მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ მასში თავის შერგვას. რაკიღა თავად არ გააჩნიათ ხელისუფლება, ისინი სხვების მეშვეობით ახერხებენ ყველაფერს და ისეთი ძალით, რომ მღვდლების არჩევა-გადარჩევაც კი მათი სურვილისამებრ ხდება. ასე რომ, უფროსებს ხელქვეითები მართავენ. კაცები კი არა, არამედ ისინი, რომელთაც არა აქვთ უფლება: “მოძღურებად დედათა არა უბრძანებ” (I ტიმ. 2,12). სწავლება კი არა, ნეტარმა პავლემ მათ აუკრძალა: “დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ” (I კორ. 14,34). ერთი კაცი მეუბნებოდა, თითქოს ისე გაკადნიერებულან ქალები, რომ ეკლესიის მსახურთ საყვედურებსაც უცხადებენ და უფრო სასტიკადაც ექცევიანო, ვიდრე ბატონები თავიანთ ქვეშევრდომთ.

 

10. ნურავინ იფიქრებს, თითქოს ეს ბრალდება ყველას ეკუთვნოდეს. ბევრი დასხლტომია ამ ბადეს და ისინი უფრო მეტნი არიან, ვიდრე ბადეში მოხვედრილნი. ამასთან, თავად მღვდელმსახურებას როდი ვთვლი ამ ჭირთა მიზეზად. ასეთ უგუნურებამდე არ მსურს დავიდე. მკვლელობა რა, მახვილის ბრალია, სიმთვრალე – ღვინისა, ძალა – შეურაცხყოფისა, მხნეობა – განუსჯელი კადნიერებისა? კეთილგონიერნი სათნოების ბოროტად გარდამაქცეველთ დაადანაშაულებენ ყოველთვის. ასე რომ, თავად მღვდლობა სამართლიანად დაგვდებს ბრალს, თუკი ჩვენ მას არასწორად წარვმართავთ და ჩემს ჩამოთვლილ ნაცარტუტათა მიზეზი ხუცობა კი არა, ჩვენა ვართ, რადგან ვბღალავთ მას, როდესაც ამ საქმეს გამოუძიებლად მივანდობთ ხოლმე იმ ხალხს, რომელთაც საკუთარი სულიც კი ვერ უცვნიათ ხეირიანად. ისინი ხალისით ღებულობენ ამ პატივს, არ იციან ამ საქმის სიძნელე და იმიტომ. და როცა შეუდგებიან ამ საქმეს, გამოუცდელობის გამო, თავადაც ბნელში რჩებიან და მათზე მინდობილ ხალხსაც ბევრ ჭირსა სწევენ. მე თვითონაც იგივე დამემართებოდა, ღმერთს რომ არ დავეფარე საფრთხისაგან, მას რომ არ დაეცვა ეკლესიაცა და ჩემი სულიც. მითხარი, შენი აზრით, რატომაა ეკლესიაში ასეთი აღრეულობა? მე მგონი ყველაფერი იმის ბრალია, რომ ამორჩევა და დანიშვნა ყოველგვარი გარჩევა-დაკვირვების გარეშე, ნაუცბათევად ხდება. თავი ჯანმრთელი უნდა იყოს, რომ შეძლოს სხეულში მყოფი სნეულებების დაძლევა. მაგრამ თუკი თვითონაა სუსტი, ვერანაირ დაავადებას ვერ გაუმკლავდება, ის კი არა უფრო დასუსტდება და მთელ სხეულსაც დაღუპავს. ახლაც რომ იგივე არ მომხდარიყო, ღმერთმა ფეხების მდგომარეობაში, (ეკლესიის სხეული), როგორც ვიყავი, ისე დამტოვა. გარდა ამისა, ბასილი, ხუცესს ბევრი სხვა რამ უნდა ჰქოდნეს, რაც მე არ გამაჩნია. და პირველ რიგში, მისი სული სრულიად თავისუფალი უნდა იყოს მღვდლობის წადილისაგან. თუ მას თავიდანვე ექნა ვნება ამ საქმის მიმართ, ამ პატივის მიღებისთანავე ის ვნება კიდევ უფრო აალდება მასში და ვინმემ რომ ამ პატივის აყრა მოუნდომოს, დაკარგულის დასაბრუნებლად არაფერს იგი არ დაერიდება, არც ტყუილს, არც უღირს საქციელს, არც სასყიდლის გაცემას.

 

ზოგიერთებმა რომ ეს უფლება ეკლესიაში ჩადენილი მკვლელობებისა და ქალაქში ატეხილი დავიდარაბის შედეგად ჩაიგდეს ხელში, ამაზე არაფერს ვიტყვი, ვინმეს რომ არ ეგონოს, რაღაც დაუჯერებელს ჰყვებაო. ჩემი აზრით, სჯობს, რომ კაცმა დროით მოიძიოს კეთილგონიერება და სანამ ჩადენილი ცოდვების გამო სხვას დაუწყებდეს განკითხვას, თავად მოერიდოს ამ საქმეს. ამ შემთხვევაში ღმერთმა შეიძლება რომ შეიწყალოს მავანი, მაგრამ თუ ვინმე ამ ღირსების მოპოვებას უწესოდ დაეპირება, მას აღარ შეიწყალებს უფალი, რამეთუ იგი განარისხებს ღმერთს ერთმანეთზე მიწყობილი დანაშაულებებით.

 

11. მაგრამ გაბედავს ვინმე ამას? ამ პატივის ძალით მოხვეჭას ხომ არაფერი მოჰყვება უბედურების მეტი. ამ სიტყვებით ნეტარ პავლეს კი არ ვეწინააღმდეგები, არამედ სრულიად ვეთანხმები. რას ამბობს იგი? “უკეთუ ვისმე ეპისკოპოსობა უნდეს, კეთილისა საქმისა გული ეტყვის” (I ტიმ. 3,1). უბედურებას ამ საქმის სურვილს კი არა, ხელისუფლებისა და პირველობის თვითმიზნურ წადილს ვუწოდებ. იგი მთელი გულმოდგინებით უნდა იდევნებოდეს სულიდან, მისი გაჩენისთანავე; სხვანაირად ვერ განთავისუფლდები მისგან, ყველა შენი მოქმედება ამ წადილით იქნება ნაკარნახევი. ვისაც არ სურს ამ პატივის მოპოვება, მას არც მისი დაკარგვის შიში აქვს. ამიტომაა, რომ ის ყველაფერს ქრისტიანისათვის დამახასიათებელი თავისუფლებით აკეთებს. ხოლო ამ პატივის დაკარგვის შიშით შეპყრობილთ უამრავი ჭირი და მონობა მოიცავს ხოლმე, რის გამოც ისინი ხშირად ხალხსაც შეურაცხყოფენ და ღმერთსაც. ასე რომ, ამ წადილით არ უნდა იყოს კაცი შეპყრობილი.

 

მხნეობასავსე სარდლები თავდადებით იბრძვიან და ვაჟკაცურად ეცემიან. ხუცესებმა, როგორაც ჭეშმარიტად ქრისტიანმა კაცებმა, იგივე უნდა შესძლონ მღვდლობის პატივის მიღებისა და დაკარგვის დროსაც. უნდა იცოდნენ, რომ ხშირად ამ პატივით მარტო ამაღლებას კი არა, დამცრობა-დამდაბლებასაც არანაკლები გვირგვინი მოაქვს.

 

თუკი ემართლებიან კაცს, რომელსაც არაფერი ჩაუდენია ამ პატივის შეუფერებელი, მასზედ უსამართლოდ აღდგომილნი დაისჯებიან, ხოლო იგი დიდ ჯილდოს მიიღებს: “ნეტარ იყვნეთ, ოდეს გდევნიდნენ და გყვედრიდნენ და სთქუან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა” (მათე 5, 11,18). ასეთი რამ თანამოსამსახურეთ შეიძლება მტრობით, შურით, ვინმეს გულის მოგების მიზნით, ან სხვა უსაფუძვლო მიზეზით დაემართოთ. და როცა მავანს ასეთი რამის გადატანა მოუწევს და რომ მაყვედრებელი მისი უღირსობა ამ დროს დიდად გაუმართავს ხელს, ვგონებ ამას მტკიცება არ სჭირდება.

ამიტომ კარგად უნდა ჩავუკვირდეთ საკუთარ სულს, რომ როგორმე არ გამოგვეპაროს იქ ამ საქმის წადილის ბჟუტვაც კი. ბედნიერია კაცი, თუკი იგი თავიდანვე თავისუფალი იყო ასეთი წადილისაგან; ეს ვნება მას ვერც ამ პატივის მიღების შემდეგ მოერევა. მაგრამ თუკი ვინმემ ამ უფლებამოსილების მიღებამდე იგემა ეს საშინელი და სასტიკი ვნება, არც ვიცი, როგორ გადმოგცე მხურვალება იმ ღუმელისა, რომელშიაც იგი ამ პატივის მიღების შემდეგ აღმოჩნდება. ჰოდა მეც (არ გეგონოს თავმდაბლობას ვიბრალებდე და ვცრუობდე), ძლიერად მსურდა ეს საქმე. მაგან სხვა რამზე ნაკლებ როდი შემაშინა. იძულებული გავხდი, გავქცეულიყავი. ხორციელი სიყვარულით შეპყრობილი სანამ საყვარელი ადამიანის გვერდითაა, იტანჯება ამ ვნებისაგან. როგორც კი დაცილდება მას, მღელვარებაც ცხრება. ასე ემართებათ მღვდლობის წადილით შეპყრობილთ. როგორც კი მიუახლოვდებიან მას, იმ წამს აუტანელი წამება დაეუფლებათ, თუ დაკარგეს ამ პატივის მიღების იმედიც კი, ეგ სურვილიც გაუქრებათ.

 

12. ასე რომ, ეგ არაა პატარა მიზეზი. და ეს მიზეზი რომ ერთადერთი იყოს, სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ჩემთვის აეცილებინათ ეგ პატივი. მით უმეტეს, თუკი ამას სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანიც ერთვის. რა? მღვდელი მღვიძარე და წინდახედული უნდა იყოს, ყოვლისმჭვრეტელი თვალი უნდა ჰქოდნეს, ყველაფერი უნდა შეამჩნიოს, რადგან თავისი თავი კი არ აბარია მხოლოდ, არამედ უამრავი ხალხი (I ტიმ. 3,2). მე კი სუსტი, დაუდევარი კაცი ვარ, საკუთარი ცხონებისათვის ძლივს ვახერხებ ზრუნვას, ამაზე შენაც დამეთანხმები, თუმცა, ჩემი სიყვარულის გამო ყველაზე მეტად შენ ცდილობ ჩემი სისუსტეების მიჩქმალვას. ნუ დამიწყებ ეხლა მარხვას, მღვიძარებას, მიწაზე წოლასა და სხვა სხეულის დამაჭნობელ საქმეებზე ლაპარაკს. თვითონაც იცი, ეგაც არ ძალმიძს სრულყოფილად. და კიდევაც რომ შემეძლოს ამ საქმეების მთელი სიმკაცრე-სიზუსტით დაცვა, ის სისუსტენი, რაც ნამდვილად გამაჩნია, მაინც იჩენდა თავს, ამიტომაც უსარგებლო იქნებოდა ჩემი მოღვაწეობა. სხეულის დამაჭნობელი ღვაწლი სენაკში მყოფს, რომელიც მხოლოდ თავისი შინაგანი საქმეებითაა დაკავებული, დიდ სარგებლობას მოუტონს. მაგრამ კაცს, უამრავ ხალხზე განაწილებულსა და ხელქვეითებზე მზრუნველს, მხოლოდ ეს ღვაწლი რას არგებს, თუკი არ ექნა, ამასთან ერთად, სული მხნე და ძლიერი?

 

13. არ გაგიკვირდეს, ასეთი მკაცრი ცხოვრების გვერდით რომ დიდი სულიერი გამოცდილების აუცილებლობაც მოვითხოვო. საჭმელ-სასმელსა და რბილ საწოლზე უარის თქმა, როგორც ჩანს, ბევრს არც უჭირს. განსაკუთრებით კი ბავშვობიდანვე მკაცრ პირობებში გაზრდილთ. იგივე ითქმის ფიზიკურად გაკაჟებულ ხალხზე, მათ ეიოლებათ კიდეც ასეთი ღვაწლი. მაგრამ შეურაცხყოფის, ცილისწამების, მწარე სიტყვის, მდაბიოთა განზრახული და უნებლიე დაცინვის, უფროსებისა და ხელქვეითების უსამართლო შენიშვნების ატანა, ცოტას, ერთი-ორ კაცს თუ შეუძლია. ხდება ისიც, რომ მკაცრი ღვაწლის მტვირთველნი, ვერ უმკლავდებიან ამ უსიამოვნებებს. ასეთ დროს მათ ველური ცხოველის მძვინვარება იპყრობს ხოლმე. ასეთი ხალხი განსაკუთრებით უნდა განერიდონ ეკლესიას. წინამძღოლი ოდნავადაც არ ვნებს მრევლს, თუკი მშიერი და ფეხშიშველი არ დაიარება. მაგრამ მძვინვარე, მრისხანებამორეული, საკუთარ თავსაც ვნებს და ახლობელსაც. კაცს თუ პირველის ტვირთვა არ შეუძლია, ამისთვის მას ღმერთი არ დასჯის, მაგრამ ცუდად განრისხებული “თანამდებ არს იგი გეჰენიისა ცეცხლისასა” (მათე 5,22). სიამაყის ვნებით შეპყრობილი, ამ პატივის მიღების შემდეგ უფრო აღაგზნებს ამ ვნებას. როცა კაცს, რომელსაც მარტო ცხოვრებისას, ან ცოტა ხალხთან ურთიერთობის დროს არ შეეძლო მრისხანების მოთოკვა, ბევრ ხალხს მიანდობენ, იგი მაშინვე იმ მხეცს ემსგავსება, რომელსაც თითქოს ყოველი მხრიდან დასაჭერად დასდევენო. მას თავადაც არ ექნება სიმშვიდე და სხვებსაც ბევრ ჭირს შეჰყრის.

 

14. ისე არაფერს ძალუძს სული წმინდის და ნათელი აზრების შემურვა, როგორაც მოუთოკავ მრისხანებას, იგი ძლიერად იჩენს ხოლმე თავს. ბრძენს უთქვამს: მრისხანება გონიერსაც დაღუპავსო (იგავ. 15,1). იგი ისე აბნელებს სულის თვალს, რომ კაცი ისე, თითქოს უკუნით ღამეში ბრძოლობდესო, ვეღარ არჩევს მტერ-მოყვარეს, ღირსეულსა და უღირსს, ყველას ერთნაირი მრისხანებით ექცევა და იმის მაგივრად, რომ მოთოკოს ეს ვნება, პირიქით, მისი ნების აღმსრულებელი ხდება; რამეთუ მრისხანებით აღგზნებული სული ერთგვარ კმაყოფილებასაც კი გრძნობს, როცა მის ნებას მიჰყვებიან. ასეთ დროს სრულიად ირღვევა სულიერი სიჯანსაღე. ამას მოჰყვება ხოლმე სიამაყე, უსამართლო მტრობა და სიძულვილი, რაც ხშირად ხდება ხოლმე მიზეზი სხვათა განურჩეველი და უსაფუძვლო შეურაცხყოფისა და კიდევ ბევრი უმსგავსო საქციელისაც. ამ დროს, სული ამ ძლიერი ვნების ტალღის ქვეშაა მოქცეული და მას აღარ რჩება ვნების წინააღდმეგობის უნარი.

 

ბასილი: არა, ასეთი თვალთმაქცობის ატანა კი შეუძლებელია. ვინ იცის, რომ შენთვის უცხოა ეგ სენი?

 

ოქროპირი: რაო, ბატონო, გინდა გამაღიზიანო მონანიე ცხოველი, გინდა რომ მაინცდამაინც კოცონთან დამაყენო? არ იცი განა, მაგ ვნებას ნებისყოფით კი არა, მხოლოდ სიმშვიდის სიყვარულით რომ ვერეოდი და ვინაც ასეა მომართული, იგი კიდევაც უნდა გაექცეს ამ საქმეს და თავის თავთან, ან ერთი-ორი მეგობრის საზოგადოებაში დარჩეს. რა უნდა მას ამხელა ზრუნვის უფსკრულის სიახლოვეს? წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბევრს გადაიყოლებს და თანაც ისინი მოკლებულნი დარჩებიან თავმდაბლობის შეძენის ყველანაირ საშუალებას.

 

დაქვემდებარებული ხალხის უმრავლესობა მიჩვეულია წინამძღოლის მაგალითად მიჩნევას, ბაძვას მისას. კაცი ქედმაღალი შეძლბეს განა სხვის განთავისუფლებას ქედმაღლობისაგან? მრისხანე წინამძღვრის შემყურე, ისურვებს განა თავმდაბლობას? არა, მოძღვრის ნაკლი არ დაიმალება, ზოგიერთი მათგანი კი ძალიან სწრაფადაც კი ვლინდება. მეომარი, სანამ სახლშია, სუსტიც რომ იყოს, ვინ გაიგებს? მაგრამ ბრძოლაში თუ მოხვდება, იმ წამს გამოაშკარავდება მისი შესაძლებლობები. ასევეა ის ხალხიც, რომელიც თავისთვის, ყოველგვარი მოღვაწეობის გარეშე ცხოვრობს. სანამ ისინი თავისთვის, ცალკე არიან, ვინ რა იცის მათი უძლურებისა? მაგრამ, როგორც კი აირჩევენ ასეთ ხალხს, ისინი იძულებულნი ხდებიან, სამოსივით შემოიძრონ ის მარტოობა, და სული, სხვების დასანახად, უამრავი გარეგნული მოქმედებებით შეჭურვონ. მათ კეთილ საქმეებს სარგებლობაც მოაქვთ, რამეთუ მრავალს აღუძრავენ კეთილ სურვილს. მაგრამ ისინი სულ უფრო დაუდევარნი ხდებიან სულიერ სათნოებათა მოპოვებისათვის, ამიტომაცაა, თავს ვერ იზღვევენ შეცოდებებისაგან და მათი შრომაც აღარ უმსახურებს ქებას. ასე რომ, ხუცესი ყოველმხრივ უნდა ბრწყინავდეს, რათა შეძლოს მისი მრევლის გახარებაცა და განათებაც. როცა ჩვეულებრივი ხალხი ცოდავს, ისინი ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ და მათი ცოდვაც თითქოს დაფარულიაო. მაგრამ გამოჩენილი და ცნობილი ხალხის შეცოდება ბევრზე მოქმედებს უარყოფითად. იგი ერთგვარად დასცემს კიდეც ხალხში მისწრაფებას კეთილი ღვაწლისაკენ, ხოლო მისით მოხიბლული მხოლოდ სიამაყეს მატებს. უბრალო ხალხის ცოდვა, რომც გამოაშკარავდეს, მნიშვნელოვნად ვერავის ავნებს. მაგრამ მღვდლობის ღირსებას მიღწეული ხალხის საქციელი ყველასათვის დასანახია. მათი მცირედი შეცოდებაც კი, ყველას დიდად მოეჩვენება, რადგან ამ შემთხვევაში ცოდვას კი არ ექცევა, როგორც ასეთი, ყურადღება, არამედ შემცოდებლის პირად ღირსებას. ამიტომ, მღვდელმა რაღაც ანდამატივით იარაღი უნდა მოიშველიოს და ყოველი მხრიდან უნდა მოიზღუდოს თავი, გულმოდგინე, დაკვირვებულ მღვიძარებაში უნდა ატარებდეს თავის სიცოცხლეს, სუსტი და დაუცავი ადგილი რომ არ აღმოუჩინოს ვინმემ სასიკვდილო ჭრილობის მისაყენებლად, რადგან ირგვლივ მყოფნი მზად არიან ავნონ მას რაიმე. ნათქვამი მხოლოდ მტრებსა და მოწინააღმდეგეებზე როდი ვრცელდება, არამედ იმ ხალხზეც, თავი მეგობრებად რომ მოაქვთ. ბაბილონში, ღვთის მადლით, სამი წმინდა ყრმა იყო. სახმილს იყვნენ ისინი მიცემულნი. სწორედ მათ უნდა გავდნენ სულიერად, კაცნი ხუცობის მტვირთველნი, რადგან ცეცხლი, რომელსაც ისინი მიეცემიან ფიჩხით, ფისითა და სელით როდია აალებული. ისინი ნივთიერ ცეცხლს კი არა, შურის ყოვლად დამფერფლავ ცეცხლს მიეცემიან ხოლმე. ეს ცეცხლი მათ ყოველი მხრიდან აქვთ შენთებული და იგი უფრო ძლიერად აღწევს მათში, ვინემ იმ ყრმათა სხეულში. იმ ცეცხლმა, რომ პატარა შემხმარი ნაწილი ნახოს, იმას შეჰყვება და სხვას, მზის სხივივით გაბრწყინებულ ნაწილებსაც მისწვდება გასამურად.

 

სანამ ყველაფერი წესრიგში აქვს ხუცესს, მანამ ძვირისმზრახველნი ვერაფერს დააკლებენ. მაგრამ, სულ მცირედიც რომ გამოეპაროს, ბოლოს და ბოლოს ადამიანია, ცხოვრების უბობოქრესი ზღვები რომ ჰქოდნეს გადაცურული და უამრავი კეთილი საქმე გაკეთებული, მყვედრებელთ მაინც ვერ გააჩერებ. მცირედი ყველაფერს გადაჰფარავს. თანაც მას ისე კი არ უყურებენ, როგორც ჩვეულებრივ ხორცში მყოფ კაცს, რომელსაც არ შეუძლია არ ჰქონდეს შეცდომები, არამედ როგორც ანგელოზს, რომელსაც დაუშვებელია რაიმე ეშლებოდეს. ტირანი, სანამ ძლიერია და მეფეა, რაკი მისი მორევა არ ძალუძთ, ამიტომ შიში აქვთ მისი და ეპირფერებიან. მაგრამ თუ სისუსტე დაატყვეს, იმ წამს თავს ანებებენ თვალთმაქცობას და გუშინდელი მეგობრები მტრებად, მოწინააღმდეგეებად უხდებიან, მისი სუსტი მხარეების მცოდნენი ძალაუფლებაში ედავებიან. იგივე ემართებათ მღვდლებსაც, სანამ ძლიერია, ვერავინ კადრებს ცუდს, ყველანი პატივით ექცევიან, მაგრამ ოდნავი საბაბი თუ მიეცათ, იგივე ხალხი ძლიერად შეიარაღდება მის წინააღმდეგ და გადაყენებას დაუპირებს, თანაც მას ტირანზე უფრო საშინელ კაცად დასახავენ. ტირანს ყველაზე მეტად თავისი გვამის მცველთა შიში აქვს, მღვდელი თავის ახლობლებსა და თანამოსაუბრეებს უფრთხის. რადგან არავინ ისეთი ძალით არ ცდილობს მასზე უფლების მოპოვებას, როგორც ისინი. მათ ყველაზე კარგად იციან მისი საქმეების მსვლელობისა, ისინი ხომ მის სიახლოვეს არიან; რამე მოხდება და პირველები იგებენ, ცილიც რომ დასწამონ ვინმეს, ამასაც ადვილად დაუჯერებს ხალხი, პატარას დიდზე გაბერავენ და ადვილად ავნებენ უდანაშაულოს და გამართლდება მოციქულის სიტყვები შებრუნებული აზრით: “და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; (I კორ. 12,26). მხოლოდ ღმრთისმსახურების მტვირთველთ შესწევთ ამის ძალა. ასეთი ბრძოლისათვის მიმეტებ? და გგონია, რომ ჩემი სული აიტანს ასეთი სხვადასხვაგვარი სახის ბრძოლებს? როგორ იფიქრე ეგ, ვინ გითხრა? თუ ღმერთმა გამოგიცხადა, მითხარი და დაგემორჩილები და თუკი ასეთი აზრი ხალხის ლაპარაკის მიხედვით შეგექმნა, თავს ნუღარ მოიტყუებ. ჩვენი თავისა ჩვენ უკეთ ვიცით, ვიდრე სხვამ. იმიტომ, რომ “რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან” (I კორ. 2,11).

 

უწინ თუ არა, ვფიქრობ ახლა მაინც რწმუნდები ჩემს სიმართლეში. მე რომ მიმეღო ეგ პატივი, თავსაც და ამომრჩეველსაც სასაცილოდ გავუხდიდი საქმეს და ფრიად ვნებული ისევ იმ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი, რომელსაც ახლა ვეწევი. ბევრს სწადია ეს ხელისუფლება; ეს წადილი შურზე ძლიერია, მაგის გამოა, რომ აუმხედრდებიან ხოლმე იმ ხალხს, რომელთაც ეგ ხელისუფლება მიეცათ. ანგარებისმოყვარე შვილებმა იციან, როგორც კი მოუძლურდებიან მშობლები, დრტვინვას მოჰყვებიან. ზოგიერთი, რომ ხედავს, მავანის მღვდლის მსახურება დიდხანს გაგრძელდა, დრტვინავს ისიც; მისი მოკვლა უსჯულოებად მიაჩნია, ამიტომაცაა, სხვაგვარად ცდილობს ამ ხელისუფლების მოპოვებას, იმ ხუცესის ადგილის დასაკუთრებას, თანაც ყოველი მათგანი იმედიანადაა, მე მერგებაო ეს პატივი.

 

15. გინდა სხვა ბრძოლაც გიჩვენო, მასაც უამრავი საფრთხე ახლავს თან. წადი, სახალხო დღესასწაულებზე გაიარე, აქ უნდა ხდებოდეს სწორედ უმეტეს წილად საეკლესიო პირების არჩევა და ნახავ, რომ მღვდლის ყველა ხელქვეითი მისივე გმობაშია. არჩევის უფლების მქონენი ჯგუფებად იყოფიან, თანხმობა არც ერთმანეთში აქვთ ხუცესთ და არც ეპისკოპოსთან. ყველა თავისთვისაა, ერთი ერთს ირჩევს, მეორე – მეორეს.

 

ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ მთავარს, სულიერ სათნოებას, არავინ ითვალისწინებს. პატივის მიგება სულ სხვა რამის მიხედვით ხდება. მაგალითად, იტყვიან, ის იმიტომ უნდა ავირჩიოთ, რომ ცნობილი გვარის შვილიაო, სხვაზე ამბობენ, მდიდარია და ეკლესიის შემოსავლიდან აღარ ისარგებლებსო, მესამეზე იტყვიან, თავისი კეთილი ნებით მოვიდა მოწინააღმდეგე ბანაკიდან და უნდა ავირჩიოთო; ზოგი თავისი ნაცნობის წამოწევას ცდილობს, ზოგი- ნათესავისას, ზოგს მლიქვნელობის გამოც კი ეწევა ასეთი ბედი. მაგრამ საქმისათვის გამოსადეგარ კაცსა და სულიერ სათნოებათა მეტ-ნაკლებ რიგიანობას არავის დაეძებს. მე ძალიან შორს დავიჭერდი თავს და მღვდლის დადგინებისათვის, აქ ჩამოთვლილ თვისებებს არ ვიკმარებდი. ის კი არა, ყველაზე ღვთის მოშიშსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს თვისება ამ საქმეში სიკეთის მომტანია და აუცილებელიც, ვერ გადავუწყვეტდი ამ პატივის მიგებას, თუკი მას ღვთისმსახურებასთან ერთად კეთილგონიერებასაც არ დავატყობდი. ბევრი ვიცი, მარტოდმყოფელი და დაყუდებულ ცხოვრებას მიდევნებული, საკუთარი ცხოვრების მარხვით დამაჭკნობელი. ეს ხალხი, განმარტოებით როცა იყო, კიდეც ზრუნავდა საკუთარ სულზე და სათნონი გაუხდნენ უფალს, დღითი დღე მატულობდა მათი სიბრძნის მოყვარეობა. მაგრამ როცა მათ ხალხის უმეცრების გამოსწორება დაევალათ, ზოგმა თავშივე ვერ ივარგა, ნაწილმა იძულებით გააგრძელა მსახურება, მოწყდა საკუთარ ცხოვრებას, სხვებს ვერაფერი არგო, საკუთარ სულს კი დიდი ზიანი მიაყენა. ვინმეს რომ მსახურების დაბალ საფეხურზე ეწიოს ღრმა სიბერე, სწორედ რომ ვერ მივაგებდი, მხოლოდ ასაკის გამო, ასეთ პატივს. ამ ასაკშიც რომ ვერ ივარგოს მერე? ამ სიტყვებს ჭაღარის დამცირების აზრით როდი ვამბობ, და არც იმის დაწესებას მოვითხოვ, რომ მონაზონთა დასიდან არავის მიაგონ პატივი, ხშირად სწორედ ამ დასიდან გამოსულთ გაურთმევიათ ამ საქმისათვის თავი სანაქებოდ. უბრალოდ, ერთის დასაბუთებას ვცდილობ, რომ თუკი ასაკი და ღვთისმსახურებაა არასაკმარისი ხუცობისათვის, მით უმეტეს, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გამო არ უნდა ხდებოდეს ამ პატივის მიგება. მავანნი სხვა უგუნური მიზეზებითაც ცდილობენ ზოგიერთების წარდგინებას. ნაწილს იმიტომ ირჩევენ სამღვდელო დასში, რომ მოწინააღმდეგეთა ბანაკში არ გადავიდნენო, ზოგის არჩევის მიზეზი კი მისივე უკეთურება ხდება, აქაოდა, არჩევის მერე დაოკდება და აღარ ჩაიდენსო სიბოროტეს. კაცს, სრულიად ურგებსა და ვნებებით სავსეს, რომელსაც ეკლესიაში შესვლის უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს და თუ რაიმეს იმსახურებს, მხოლოდ სასჯელს, სწორედ მას მიეგება პატივი ხუცობისა. განა იქნება ამაზე მეტი უღმრთოება? მითხარი, კიდევ საძიებელი გვაქვს ღვთის რისხვის მიზეზი, თუკი წმინდა და საშინელი საქმე უწმინდურთათვის გვაქვს მინდობილი დასაღუპად?

 

როცა საქმეების მართვას მათ მიანდობენ, ვისაც სრულიად არ შესწევს ამის უნარი, მაშინ ეკლესია ოდნავადაც აღარ განსხვავდება ევრიპისაგან**. უწინ, ერში მყოფ ხელისუფლებაზე მეცინებოდა, პატივის მიგებას სულიერი სათნოების გათვალისწინების გარეშე ახერხებენ, მხოლოდ სიმდიდრეს, ასაკსა და ძლიერთა მფარველობას ითვალისწინებენ-მეთქი. ახლა, რომ ვხედავ, იგივე უგუნურება ჩვენთანაც შემოიჭრა, იმათი რა გამიკვირდეს? და რა გასაკვირია ერისკაცების, კაცთმოთნეობისა და ფულის ძიებას აყოლილი ხალხის შეცოდება, თუკი ხალხი, თითქოს ამ სოფელს გაცლილი და მხოლოდ ზეციურის მაძიებელი, ისე ურიგებს უვარგის ხალხს ამ პატივს, თითქოს მიწის მეათედი ჰქონდეთ მათთვის აღთქმული. და მათ ეძლევათ საქმე, რომლისთვისაც მხოლოდ შობილმა ღვთის ძემ დაიმდაბლა თავი თვისი, შეისხა ხორცი და “შთაიცუა ხატი მონებისა” და დაითმინა “ყურიმალსა ცემა და ჰნერწყვად” და მოკვდა ხორციელი, საძრახი სიკვდილით (ფს. 2,7; მათე 26,67).

 

მერე, ამასაც არ სჯერდებიან და ამ საქმეს სხვა უფრო დიდ უაზრობას მოაყოლებენ ხოლმე; უღირსების დადგენას არ კმარობენ და გამოსადეგარ ხალხს უარყოფენ. თითქოს აუცილებელი იყოს ეკლესიის ორმაგად დაცემა, თითქოს ღვთის რისხვის მოწევნის პირველი მიზეზი არა კმაროდეს, და მეორე დანაშაულსაც ამატებენ. ჩემი აზრით, ორივე დანაშაული, უვარგისი ხალხის მიღებაცა და ვარგისიანთა უარყოფაც იმიტომ ხდება, რომ ქრისტიანულმა სამწყსომ ვერსად ჰპოვოს ნუგეში და სიხარული. და განა მათ უფრო არ ემუქრებათ ცეცხლოვანი გეჰენია, ვიდრე ჩვენ (ხალხს, რომელიც ერიდება ასეთ კადნიერებას)? თუმცა, უფალი ითმენს ამ ბოროტ საქმეებს, ამბობს: “არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი.” (ეზეკ. 33,11). ვინ არ გაუკვირდეს კაცთმოყვარებას მისას? ვინ არ შეუძრწუნდეს წუალობას მისას? ქრისტიანები ხომ მტრებსა და მოწინააღმდეგეებზე მეტად ვნებენ ქრისტესავე კუთვნილებას. ის კი სათნოა, გულმოწყალეა და ყველას სინანულისაკენ მოუწოდებს. დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა! რა ღრმაა უფსკრული შენი კაცთმოყვრებისა, რა მდიდარია შენი სულგრძელება! მდაბიო და უბირი ხალხი, უფლის სახელით რომ მოიპოვეს დიდება, სწორედ მათსავე პატივისმიმგებლის წინააღმდეგ ამხედრდნენ, შეუვალს კადნიერებით შეხედეს, სიწმინდე – შეურაცხყვეს, კეთილს ზურგი აქციეს, მოაცილეს, რათა უკიდურესად დაკნინდეს ყოველივე და მათ, ბიწიერთა, თავისუფლად, სურვილისამებრ შეძლონ აოხრება ყოველივესი. თუკი ამ ავბედობის მიზეზის ძიებას მოჰყვები, იპოვი და მიხვდები, რომ ძირი ერთია, ისინი, ასე ვთქვათ, ერთი დედის შვილები არიან, შურია მათი მშობელი. მაგრამ ეს შურიც მრავალსახოვანია. ამბობენ: ეს იმიტომ უნდა განვაყენოთ, რომ ახალგაზრდააო, სხვა იმიტომ, რომ პირფერობა არ შეუძლიაო. მესამე – წაეკიდაო ვიღაცას. მეოთხეს იმიტომ არ აირჩევენ, რომ სხვას არ დაწყდეს გული, რადგან მისი წარდგენილი უარყვესო. მეხუთეს, კეთილი და თავმდაბალიაო, და, ამიტომ დაიწუნებენ; მოკლედ, მიზეზის მოძებნა არ გაუჭირდებათ, საკმარისად იპოვნიან. სხვა თუ ვერაფერი უშარეს, სიმდიდრეს მოიმიზეზებენ, ან იტყვიან პატივი უცებ კი არა, ნელ-ნელა უნდა მიენიჭოსო და ასე, მიზეზს რა დაულევთ? ჰოდა გეკითხები, რა ჰქნას ეპისკოპოსმა ასეთ ქარაშოტებთან ბრძოლისას? როგორ აღუდგეს ასეთ ტალღებს? როგორ აოტოს თავდამსხმელნი? თუ ჯანსაღი გონით იხელმძღვანელა, მაშინ მასაც და მის ამორჩეულსაც ყველა მტრად მოეკიდება, მათ საწინააღმდეგოდ ამოქმედდებიან, სულ ჩხუბის ატეხვის ცდაში იქნებიან, ამორჩეულთ დაცინვით აიკლებენ, მანამ არ მოეშვებიან, სანამ არ გადააყენებენ და თავის შევრდომილთ არ წამოწევენ ამ ადგილზე. ეს ყველაფერი იმ ამბავს ჰგავს, გემში, მგზავრებად მეკობრეები რომ ჰყავდეს მესაჭეს, რომელნიც მასაც და მის მენიჩბეებსაც ყოველ წამს ათასნაირი მზაკვრობით იკლებენ. არადა, ეპისკოპოსი რომ ამ ხალხს შეუშინდეს და მათ უდები კაცის არჩევაში დაყაბულდეს, ღმერთს განარისხებს, მტრად ექცევა. ჰოდა, რა უნდა იყოს ამაზე საშინელი? არადა, განაწყენებეული მოწინააღმდეგეები ერთმანეთს მხარს მისცემენ და უფრო დამძიმდება მათი ურთიერთობა. წყნარ ზღვაზე, სხვადასხვა მხრიდან წამოსული ქარები თუ ერთმანეთს შეეჯახება, წამოიშლებიან ტალღები, ყალყზე შედგებიან, გაშმაგდება ზღვა, არ დაინდობს მოცურავეთ. როცა უდებ კაცს დაუყენებენ ხოლმე თავში ეკლესიას, კარგავს ეკლესია თავის ჩვეულ სიმშვიდეს, შფოთვა ეუფლება მას და ემსგავსება იგი გემს ზღვაში დანთქმულს.

 

 

16. წარმოიდგინე, როგორი უნდა იყოს კაცი, რომელმაც ყველას საკეთილდღეოდ ამდენ ქარიშხლებსა და წინააღმდეგობებს უნდა გაუძლოს? ჩინებული კაცი უნდა იყოს და არა ამაყი, მკაცრიც და მოწყალეც, განმგებელიცა და ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარულიც, პირუთვნელიცა და მაამებელიც, მკაცრიცა და მშვიდიც, რომ შეძლოს წინააღმდეგობათა გამკლავება. მას სრული უფლება აქვს ღირსეული კაცის მიღებისა, ასევე უფლება აქვს უარყოს კაცი უვარგისი და ამ დროს მხედველობაში უნდა იქონიოს მხოლოდ ეკლესიის კეთილდღეობა და არავითარ შემთხვევაში ვისიმე გულის მოგება. ახლა ხომ ცხადია შენთვის, რატომ ვთქვი ამ საქმეზე უარი. თუმცა, სათქმელი ჯერაც არ დამისრულებია. მინდა, კიდევ რაღაც გითხრა და თუ არ შეწუხდები, მოუსმინე შენს გულწრფელ მეგობარს, რომელსაც სურს თავი იმართლოს შენგანვე წამოსული ბრალდებების გამო. ამ სიტყვების მერე შენ უკეთ გეცოდინება რა პასუხი გასცე ჩემს აუგისმთქმელთ, გარდა ამისა, თავად შენაც, როგორც ამ საქმის მტვირთველს, ვფიქრობ გარგებს ეს საუბარი.

 

ვინაც ამ საქმის ტვირთვას ეპირება, მან ყოველ მიზეზგარეშე, ყოველი წვრილმანი უნდა გამოიძიოს ამ საქმისა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეს მას. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ როცა ყველაფერი წინასწარვე კარგად ეცოდინება, გაოცებასა და შფოთვას მაინც აცდება. აღარაფერი იქნება, რადგან არაფერი იქნება ახალი და მოულოდნელი. როგორ ისურვებ, საიდან დავიწყო საუბარი, ქვრივების შეწევნიდან, ქალწულებზე ზრუნვიდან თუ სასამართლო საქმეების სირთულეებიდან მოვყვე?

 

თითოეული მათგანი სხვადასხვაგვარ ზრუნვასთანაა დაკავშირებული და გარდა ამისა, ეს საქმე მეტად საფრთხილოა და საშიში.

 

პირველად ქვრივების შეწევნიდან დავიწყოთ, სხვებთან შედარებით ის თითქოს უფრო ადვილი ჩანს. ერთი შეხედვით, ამ საქმეზე მზრუნველთ თითქოს მხოლოდ ფულთან აქვთო საქმე (I ტ. 5,16), მაგრამ ეს ასე არაა: საჭიროა საქმის გულმოდგინე გამოძიება, მაშინაც კი, როცა მათ სიაში შეტანას ვეპირებით. სხვაგვარად ბევრი უსიამოვნებაა მოსალოდნელი. ზოგიერთი მათგანი ოჯახს ურევს, ქორწინებას არღვევს, ქურდობას, სიმთვრალესა და მსგავსს საქციელებსაც არ ერიდება.

 

ასეთი ხალხის ეკლესიის ხარჯზე შენახვისათვის ღმერთიც დაგსჯის და ხალხის განკითხვასაც ვერ აცდები. ის კი არა, ნაყოფის შემომწირველებმა შეიძლება სულაც აიღონ ხელი ამ საქმეზე. როგორ უნდა მისცე თავს უფლება, რომ განძი, რომელიც ქრისტეს სახელზეა შემოწირული, ქრისტეს მგმობელთ მოახმარო? ამიტომ საჭიროა გულმოდგინე გამოძიება, რომ ამ სიაში მარტო ასეთი ქვრივები კი არა, არამედ ისინიც არ მოხვდნენ, რომელთაც შეუძლიათ თავის რჩენა, რათა არ დაცარიელდეს ეს ტაბლა გლახაკთა. გარდა ამისა, საარსებო მარაგის წყარო უხვი და მოუკლებელი უნდა იყოს. ასე რომ, აქაც დიდი ზრუნვაა საჭირო. თავისთავად სიღატაკე იმითაა ცუდი, რომ დაუნაყრებელი, უმადური და მომთხოვნია. დიდი კეთილგონიერება მართებს კაცს, რომ განკითხვის საბაბის მაძიებელთ ალაპარაკების საშუალება მოუსპოს. ხალხმა, თუ ფულის მიმართ გულგრილი კაცი ნახა, ხომ იმ წუთს გადაუწყვეტენ ამ საქმის მიბარებას. მე კი მგონია, რომ მარტო ეს სულგრძელება არა კმარა ამ საქმისათვის, თუმცა იგი აუცილებელია, რადგან თუ კაცს ეს თვისება არ ექნა, იგი დაღუპავს ამ საქმეს, ვერაფერს არგებს მას და მწყემსს კი არა, მგელს დაემსგავსება. მაგრამ, ამ თვისების გარდა, ასევე აუცილებელია სხვაც – მოთმინებაც, მიზეზი ყოველივე კეთილისა. სიმშვიდე კაცის სულს წყნარ, სიხარულიან საყუდელად აქცევს ხოლმე. ქვრივებს, თავისი ასაკისა და გაჭირვების გამო, და თავისი სქესის გამოც, ერთგვარი, ზომას გადასული კადნიერებაც კი ახასიათებთ. ან ყვირიან უზომოდ, ან ვიღაცას ტყუილუბრალოდ ადანაშაულებენ, იმას უჩივიან, ვისაც უნდა მადლობდნენ, ქებას რომ იმსახურებს ისეთს კიცხავენ, ყველაფერს ამას უდრტვინველი ატანა სჭირდება; არ უნდა გაღიზიანდე უადგილო მოთხოვნებსა და განუსჯელ შენიშვნებზე. ეს ხალხი კი არ უნდა შევურაცხყოთ, არამედ უნდა დავინდოთ მათი მდგომარეობის გამო. გაუბედურებულს თუ უმოწყალოდ მოექეცი, მის ჭირს წყენაც დაემატება და გაუძლიერდება წუხილიც საცოდავს.

 

ანგარებიანი და მზაობარია კაცის ბუნება. სიღარიბეს კი კეთილშობილი სულის დამცრობაც ძალუძს, მასაც კი აკადნიერებს ერთიდაიგივე თხოვნის გამეორება. ეს ყველაფერი კარგად იცოდა ერთმა ბრძენმა კაცმა და ამიტომაც არიგებდა ყველას, ნუ განრისხდებითო გაჭირვებულთა გამუდმებული თხოვნის გამო, ნურც მათი განუწყვეტელი ჟინიანობა გაგაღიზიანებთო, თორემ შემწედ კი არა, მდევნელად ექცევითო მათ, გვასწავლიდა, იყავით ლმობიერნი, რათა გაჭირვებულთ მოესვლებოდესო თქვენთან (ზირ. 4,8). გაღიზიანებული კაცი თუ მიაგდე (ან რა გინდა უთხრა ავადმყოფს), იგი სხვასთან, ისეთთან წავა, რომელიც აიტანს ამ საცოდავის სისუსტეს და სანამ რამეს უწყალობებდეს, გაამხნევებს, წყნარი, ალერსიანი სიტყვით დამოძღვრავს. თუ კაცი ღიზიანდება ქვრივებზე, შეურაცხყოფითა და შენიშვნებით ავსებს, კიდეც რომ განიკითხოს ისინი და მათ წილსაც გროში რომ არ მოაკლოს სათავისოდ, გაჭირვებულთ ამით ურვას ვერ შეუმსუბუქებს, პირიქით, ასეთი კიცხვა უფრო დაამძიმებს მათ. ქვრივნი, ხორციელი მოთხოვნილებების გამო, ხშირად სირცხვილსაც ივიწყებენ, თუმცა მერე ამას განიცდიან კიდეც ძალიან. ასეა, შიმშილით აღძრული გაჭირვება მათ სირცხვილს ავიწყებს, იგივე უკრძალველობა მერე წუხილის მიზეზად უხდებათ და მათ სულს სხვადასხვა ძალით მოიცავს ხოლმე წყვდიადი სასოწარკვეთისა. მათზე მზრუნველმა იმხელა სულგრძელობა უნდა გამოიჩინოს, რომ როგორმე არ დაამძიმოს შენიშვნებით მათი ურვა, პირიქით, შეძლებისამებრ, მის შემსუბუქებას უნდა ცდილობდეს. გულგახსნილ კაცს, ბევრიც რომ ჰქონდეს, არ ახარებს სიმდიდრე, წუხს და იმიტომ. ასევე, თუკი მავანს წყალობასთან ერთად ალერსიან ან მანუგეშებელ სიტყვასაც ეტყვიან, იგი უფრო გახარებულია და ამგვარი წყალობაც ორმაგად ფასობს.

 

ეს ჩემი სიტყვები როდია: “შვილო ჩემო! შემწეობას ნუ აყვედრი კაცს, ქველმოქმდებისას ნუ იკადრებ სიტყვას კადნიერს. განა ნამი არ აგრილებს მხურვალებას დღისას? ასევე კეთილი სიტყვა – მეტია ქველ საქმეზე... კეთილ კაცს კი ერთიც უნდა შეეძლოს და მეორეც...” (ზირ. 15, 17-18).

 

ასე რომ, მზრუნველი მშვიდი უნდა იყოს და წყნარი, გაფრთხილება უნდა შეიძლოს მათი. სხვანაირად ღატაკთა ქონებას დიდი ზარალი მიადგება. ეს საქმე ერთ კაცს ჰქონდა მინდობილი. მას ბევრი ფული შეუგროვებია, მართალია გროში არ მიუსაკუთრებია, მაგრამ გაჭირვებულთათვის ცოტას იმეტებდა და დანარჩენს მიწაში ინახავდა თურმე. ინახა ერთ ხანს ასე, სანამ მტერს არ ჩაუვარდა მიწაში დაფლული ქონება. ასე რომ, დიდი წინდახედულობაა საჭირო, რომ ეკლესიის შემოსავალი ან ზედმეტად არ დაგროვდეს, ან არ განიავდეს. ეკლესიაში შემოსული თანხა უმალ უნდა დაურიგდეს გაჭირვებულთ, კეთილი ნებით შემოწირული ეკლესიის განძს მიემატება. როგორ გგონია, ცოტა ფულია საჭირო ყარიბების მიღება-გასტუმრებისა და ავადმყოფების მოვლისათვის? ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, როცა ხუცესი ფულის შეგროვებას შეუდგება, მშვიდად და გონიერად უნდა წარმართოს ეს საქმე. არ უნდა გააბეზროს ნაყოფის შემომწირველნი, ისინი დაუნანებლად, ხალისით უნდა აკეთებდნენ ამ საქმეს.

 

აქაც ბევრი გულმოდგინება და თავდადებაა საჭირო, რადგან ავადმყოფები თავდაუცველნი არიან, ამდენად უფრო გაღიზიანებულებიც. ყველაფერი დიდი სიფრთხილითა და ზრუნვით უნდა კეთდებოდეს მათთვის, რადგან ავადმყოფს პატარა რამეც დიდად ავნებს.

 

 

17. ქალწულები საუნჯეა ძვირფასი, იგი ყველაზე მაღალი დასია, მათზე ზრუნვისას მეტი სიფრთხილეა საჭირო. რადგან ბევრმა უკეთურმა აქაც მოახერხა თავის შერგვა და სიმწარის მეტი არაფერი მოუტანა ამ დასს. ქვრივი ბევრს ილაპარაკებს, იჩხუბებს ვინმესთან, უსირცხვილობასა და ფარისევლობას იკადრებს, თუ სურვილისამებრ ყველგან ივლის, ამისთვის მას პასუხს ვერავინ მოსთხოვს.

 

ქალწული კი დიდი ღვაწლით იმოსება, სიბრძნისმოყვარებას ეწირება, მიწაზე ანგელოზებრივი ცხოვრების აღთქმას დებს და სხეულში მყოფი უსხეულო ძალთა მსგავსებას ესწრაფვის. მას არ შეეფერება სახლიდან ზედმეტად გამოსვლა, უჯერო და ამაო საუბრების აყოლა, მაცთურობასა და ძვირისმეტყველებაზე წარმოდგენაც არ უნდა ჰქოდნეს. ასე რომ, დიდი მოფრთხილება და დახმარება ჭირდება. სიწმინდის მტერი ყველაზე მეტად გააფთრებით სწორედ ქალწულებს მიუხდება და ათასგვარი მზაკვრობით იკლებს მათ, მზადაა გადაყლაპოს დასუსტებული და დაცემული. ქალწულებს ემტერება ავი ხალხი, და ყველაფერთან ერთად, ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელი ყველანაირი სიცოფე.

 

საერთოდ, მათ ორმაგი ბრძოლის ატანა უწევთ: უცხოებთან, გარედან რომ ესხმიან თავს და საკუთარსავე სულში ჩასახლებულ მტრებთან. დიდი შიშის ქვეშაა მათი მზრუნველი, ესაა შიში მოსალოდნელი ჭირისა და საფრთხისა, ღმერთმა არ ქნას და თუ მოხდა რაიმე, არსაქნელი (ზირ. 42,4). თუკი ქალიშვილის უნაყოფობას, გაუთხოვრობასა და ქმართან დაცილებას მამა ასე განიცდის, მაშინ იმან, ვისაც გაცილებით მნიშვნელოვანის ზრუნვა აქვს მინდობილი, რაღა თქვას? ამ დროს, ადამის ძე კი არა, თავად მაცხოვარი განეშორება ქალწულს. და ეს უნაყოფობა უბრალო ბერწობას კი არა, სამუდამო დაღუპვას მოასწავებს. ”ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედოს” (ლ. 3,9). სიძისაგან მოძულებულს განქორწინების ქაღალდს როდი აკმარებენ, მისი განრისხებისათვის იგი საუკუნო ტანჯვას მიეცემა. ხორციელ მამას ქალიშვილის გასაფრთხილებლად ბევრი პირობა აქვს შექმნილი: დედა, აღმზრდელი, მსახურთა სიმრავლე, საიმედო სახლი, ეს ყველაფერი ამ საქმეს ემსახურება. იგი ქალიშვილს უკრძალავს ქალაქის მოედანზე გასვლას, თუ გამოვა, საღამოს ბინდი კედელზე ნაკლებად როდი დაიცავს უცხო თვალისაგან. ესეც არ იყოს, მას არ ჭირდება, როგორც ასეთი, სახლიდან გამოსვლა და ამდენად, მამაკაცის თვალსაც არიდებულია. არც სახლის საზრუნავისა და არც სხვა რაიმეს გამო, მას არ უწევს ასეთი შეხვედრები, რადგან ყველაფერზე მამა ზრუნავს. მას ერთი რამ ევალება მხოლოდ: ან არ მოიმოქმედოს ან არ თქვას, რაიმე, მისი კდემამოსილებისათვის შეუფერებელი.

 

მამასავით მზრუნველ ეპისკოპოსს კი არა აქვს ქალწულზე ამდენი თვალდევნების საშუალება, ამიტომ უფრო უჭირს. საკუთარ სახლში ქალწულს ვერ მიიყვანს, რადგან მათი ერთ სახლში ცხოვრება უჯეროცაა და საშიშიც. თუნდაც არაფერს ვნებდნენ ისინი ამ ცხოვრებით ერთმანეთს, თუნდაც გამუდმებულად იცავდნენ შეუხებლობის სიწმინდეს, მრავალთა ცთუნებისათვის მათ მაინც მოუწევთ პასუხის გება, და ისინი დაისჯებიან, როგორც ამ ცოდვის მყოფელნი. ასე რომ, რაკი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, ნაკლები საშუალება ეძლევათ ქალწულთა მეთვალყურეობისა: ვერც სწორ საქციელს მოუწოენებენ მათ და მცდარსაც ვერ შეუსწორებენ. ქალწულის სახლიდან გასვლასაც ვერ მიადევნებენ თვალს. იძულებით ხელმომჭირნეობისა და გაჭირვების გამო მან თვითონ უნდა იზრუნოს თავის თავზე. თავის ნებაზე ცხოვრებისათვის, თუ მოისურვებს, უამრავ მიზეზს გამოძებნის და სახლიდან გასვლას ვერავინ დაუშლის. ვინც სახლში ყოფნას მოსთხოვს, კიდევაც უნდა უზრუნველყოს და მოუსპოს სახლიდან გასვლის ყველა მიზეზი: ყველაფერი უნდა მიუტანოს საჭიროებისამებრ და მოსამსახურე ქალიც უნდა მიუჩინოს. პანაშვიდებსა და დაკრძალვებზე არ უნდა უშვებდნენ. ძალუძს, ნამდვილად ძალუძს იმ ეშმაკ გველს, თვით კეთილშიაც კი, ჩანთხევა ბოროტი შხამისა!

 

ქალწული ყოველ მხრივ დაცული უნდა იყოს და სახლიდანაც წელიწადში რამოდენიმეჯერ, მხოლოდ გადაუდებელი და აუცილებელი საქმეების გამო უნდა გამოვიდეს. თუ ვინმე იტყვის, ეს საქმე ეპისკოპოსს არ ეხებაო, დაე, იმანაც გაიგოს, რომ თუ მოხდა რაიმე, პასუხი უშუალოდ ეპისკოპოსს მოეკითხება, რადგან ევალება თითოეულ ქალწულზე ზრუნვა. ამიტომ, მას უნდა ერჩიოს, რომ თავად განაგოს ეს საქმეები და აიცილოს ბრალდება, რომელიც აუცილებლად დაედება სხვათა შეცოდების გამო, ვიდრე უარი თქვას ამ მსახურებაზე და სხვების გამო პასუხისმგებლობის შიშში იყვეს. ეგეც არ იყოს, როცა ამ საქმეს მარტო თვითონ აკეთებს, ეს ბევრად უკეთესია, მაგრამ როცა იძულებულია სხვებს დაავალოს, ამ საქმისაგან განთავისუფლების, დასვენების მაგიერ, უამრავი უსიამოვნება მოსდის სწორედ იმ ხალხთან, რომელთაც შეიძლება არ გაიზიარონ მისი შეხედულებები და შეეწინააღმდეგონ კიდეც. ყველაფრის თქმა, რაც ქალწულების მოვლასთანაა დაკავშირებული, არც ძალმიძს. ის კი არა, მათი სიაში შეტანაც კი მეტად საფრთხილო საქმეა. სამსჯავრო საქმეები კი (ესეც ეპისკოპოსის მსახურებაში შედის), ისეთ დიდ უსიამოვნებას, ზრუნვასა და სირთულესთანაა დაკავშირებული, რომ საერო სასამართლო მონაგონია. ადვილი არაა სიმართლის პოვნა. ჭირს ნაპოვნი სიმართლის გაფრთხილებაც. ამ დროს ბევრი ფუსფუსისა და ზრუნვის გარდა, საფრთხეც დიდია. ნაწილი სუსტი ხალხისა სამსჯავროში ვერ პოულობს თავის სიმართლეს და სულაც კარგავს ყველანაირ რწმენას. ბევრს, გულნატკენს, ვერ აუტანია მაწყინებელი მისი და ვერც ის, ვინაც დახმარება არ აღმოუჩინა. ისინი არ ითვალისწინებენ არც საქმის, არც ვითარების სირთულეს, არც სამღვდელო ხელისუფლების განსაზღვრულობას, არაფერს ამის მსგავსს. თუ არ გამოიყვანე ამ მდგომარეობიდან, პირდაპირ შეუწყნარებელ მსაჯულებს ემსგავსებიან და აღარაფერი გამართლებს მათ თვალში. ვინაც ამას ვერ მოახერხებს, ათასი რამითაც რომ იმართლოს თავი, განკითხვას ვერ აცდება. რახან სიტყვა დაცემაზე ჩამოვარდა, საყვედურების ერთ მიზეზსაც გეტყვი. ეპისკოპოსმა თუ ყოველდღე არ მოინახულა ქალაქის თავკაცობა, საშინელი უკმაყოფილება ჩამოვარდება, იტყვიან: ნახვა მარტო ავადმყოფს კი არა, ჯანმრთელებსაც ჭირდებათო. ამას ყოველთვის კეთილი მოსაზრებებით როდი ამბობენ, უმრავლესობა საკუთარი წარმოჩენისა და პატივის აღზევების გამო აკეთებს ამას. თუ საჭიროებამ მოითხოვა და მას ეკლესიის კეთილდღეობის გამო, შეძლებულ და ამა სოფლის ძლიერ ხალხთან ხშირად მისვლა მოუწია, იმ წამსვე მითქმა-მოთქმა ატყდება, კაცთმოთნეობასა და ფარისევლობას დასწამებენ. მაგრამ დაცვასა და მისვლა-მოსვლაზე რას გელაპარაკები? ეგ კი არა, ერთი საუბარიც კი საკმარისია უამრავი საყვედურის გასაჩენად. მათმა სიმრავლე-სიმძიმემ კაცი შეიძლება სასოწარკვეთამდე მიიყვანოს. სალაპარაკო ხდება მისი მზერა, მისი ყველაზე უბრალო საქციელიც კი შეიძლება მკაცრი მსჯელობის საგნად იქცეს. ყურადღება ექცევა ხმის ტონს, სახის გამომეტყველებას, სიცილის ზომას. იტყვიან, იმას ხმამაღლა ელაპარაკებოდა, იცინოდაო, მე კი ცოტას მესაუბრებოდა და თანაც უდიერადო. ხალხში ლაპარაკისას, თუკი ყველა არ მოაქცია მზერის არეში, თუ გამორჩა ვინმე, ესეც საწყენად დაურჩებათ. ვის ძალუძს ამ უამრავი საყვედურებისა, ანდა მათი მოწევნისას – თავის დაღწევა და გამართლება? ან საერთოდ არ უნდა გყავდეს ბრალმდებელი, თუკი ეს შესაძლებელია, ან უნდა შეგეძლოს მათი გამკლავება. თუ ეს არ ხერხდება, ზოგიერთს ხომ არც სჭირდება მიზეზი, მათ სწორედ უბრალო ხალხის დადანაშაულება გვრით სიამოვნებას, მათი საყვედურებიც მხნედ უნდა აიტანო.

 

დამნაშავე ადვილად იტანს ბრალდებას, რადგანაც სინდისზე მკაცრი მსჯავრმდებელი არ არსებობს. თუკი კაცს წინასწარ აქვს მონელებული მკაცრი მსაჯულის საყვედური, სხვისი საყვედურების ატანა ოდნავადაც არ უჭირს. მაგრამ თუკი ადანაშაულებენ კაცს უბრალოს, მას ადვილად მოეკიდება მრისხანება და სასოწარკვეთამდეც კი მივა, ხალხის უმეცრებას თუ არ იქნა წინასწარ შეგუებული.

 

არა, შეუძლებელია რომ არ აღშფოთდეს, არ შეწუხდეს კაცი, როცა მას არაფრის გამო, უდანაშაულოს, ცილს სწამებენ და განიკითხავენ. ახლა იმ წუხილს არ იკითხავ, როცა მოძღვარს მავანის ეკლესიიდან განკვეთა უხდება? ნეტა მაგ ჭირს წუხილის მეტი არაფერი მოჰქონდეს! ამ დროს დიდი უბედურებაა მოსალოდნელი. საშიშია, რომ ზომაზე მეტად დასჯილს, ნეტარი პავლეს სიტყვებით რომ ვთქვათ: “ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი.” (II კორ. 2,7). ასე რომ, აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, თორემ შეიძლება, საკურნებლად მიცემულმა საშუალებამ კი არ არგოს კაცს, არამედ ძლიერად ავნოს კიდეც. ამასთან, ყოველი ცოდვის გამო, რომელსაც ავადმყოფი ამ მკურნალობის შედეგად ჩაიდენს, პასუხს ექიმიც აგებს, რომელმაც ვერ შეძლო სნეულის ჯეროვანი მკურნალობა.

 

როგორ გგონია, რა სასჯელი მოელის კაცს, რომელიც ღვთის წინაშე პასუხს აგებს არ მარტო საკუთარი ცოდვებისთვის, არამედ სხვათა ცოდვათა გამოც. თუკი ჩვენ საკუთარი ცოდვების გახსნებისას ვძრწით და აღარ გვრჩება იმედი მარადიული ცეცხლის აცილებისა, მაშინ უამრავი ხალხის ცოდვებზე პასუხისმგებელი, როგორი ტანჯვის მოლოდინში უნდა იყოს? და ეს რომ მართლაც ასეა, ნეტარი პავლეს სიტყვებს, უფრო სწორედ, მასში ამეტყველებული მაცხოვრის სიტყვებს გახსენებ: “დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ;” (ებრ. 13,7). რაა ეს, თუ არა მუქარა შემაძრწუნებელი? ამის უარყოფა როგორ იქნება?!

 

ისე კი, რაც ვთქვი, ვგონებ უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ყველაზე ურწმუნო და მკაცრმა ხალხმაც კი დამიჯეროს, რომ ამ საქმეს (მოძღვრობას), სიამაყის და ამაო დიდების მოყვარების გამო კი არა, ერთადერთის, მომავალი საქმის შიშით გავერიდე, ეს იყო ჩემი გაქცევის მიზეზი.




* შდრ. I კორ. 15,31; რომ. 8, 36-37.

** ევრიპი – ვიწრო სრუტეა ევბერესს, ზიოატიკისა და ატიკის კუნძულებს შორის საბერძნეთში. ბერძნები ამბობენ, აქ წყალი დინების მიმართულებას იცვლისო.

 

 

წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი