მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება მეშვიდე

 

1. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეტჳფანე კჳპრელ მთავარ-ეპისკოპოსისაჲ, რომელი კოსტანტინეს დედაქალაქისა იწამა სარწმუნოებისათჳს, წმიდისა მარადის ქალწულისა მარიამისთჳს, რამეთუ ამისგან ჴორციელ იქმნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისაჲ
2. ღმერთი არასადა ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს წიაღთა მამისათა, მან იცის იგი.
3. მამან ძჱ იცის და ძემან – მამაჲ;
4. და სული წმიდაჲ მათ თანა შეყოფილ არს.
5. ესე მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ არა განყოფილ, – ნუ იყოფინ!
6. – არამედ ერთ სამება წმიდა, ერთ ძალ, ერთ ჴელმწიფება, ერთ უფლება, ერთ მთავრობა, რომელი პირველ ყოველთა საუკუნეთასა იყო და იყოს და არს.
7. რომელი წმიდისა და ტრედისა მარიამისგან იშვა უკუანაჲსკნელთა ჟამთა, ჩუენ კაცთათჳს და ჩუენისა ცხოვრებისათჳს ჯერ-იჩინა ჴორცთა ამათ ჩუენთა შესხმაჲ ძემან.
8. აწ აღვიარებთ ღმერთსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: მამაჲ სრული, ძჱ სრული, სული წმიდაჲ სრული;
9. ერთ არსება, სამებაჲ წმიდაჲ, ძჱ ჭეშმარიტი, მამისაგან შობილი, და სული წმიდაჲ – არა უცხო მამისაგან და ძისა, არამედ მარადის იყო სამებაჲ წმიდაჲ და არასადა შეეძინა და არცა მოაკლდა რაჲ, ერთ ღმრთეება და ერთ მთავრობა ღმრთისა და მამისა და ერთ ნება.
10. და ამის სამებისაგან წმიდისა – მამისა და ძისა და სულისა წმიდისა – ყოველივე შეიქმნა.
11. არა ყოფილ სადამე იყვნეს, არცა თანა-მზრახველ ღმრთისა, არცა პირველად შობილ, არარაჲსაგან შექმნულ.
12. და ამის ყოვლისა დასასრული ვიცით და გურწამს.
13. ხოლო მამისა და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ არცა დასაბამი, არცა აღსასრული ყოფად არს.
14. და ესე ჭეშმარიტად ვიცით და გურწამს და აღვიარებთ.
15. და ესე მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ წმიდათა მისთა ჩუენებით გამოეცხადებოდა, ვითარცა ძალ-ედვა თითოეულსა დატევნად ძლიერებითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა, ვითარცა ვინ ღირს იქმნა თითოეული მადლსა მისსა.
16. აწ უკუე ვთქუათ მამაჲ ხილულად, ვითარცა ვის ძალ-ედვა სმენად დატევნად ჴმისა მისისაჲ, ვითარცა თქუა პირითა ესაიაჲსითა: აჰა ესერა გულისხმა-ყოს მონამან ჩემმან, რომელი შევიყუარე. ესე – ჴმაჲ მამისაჲ.
17. დანიელ იხილა ძუელი იგი დღეთაჲ. ესე – ჩუენებაჲ მამისაჲ.
18. ვითარცა კუალად: წინაწარმეტყუელსა შინა მე ჩუენებანი განვამრავლენ და ჴელითა წინაწარმეტყუელთაჲთა ვემსგავსე. ესე – ჴმაჲ ძისაჲ.
19. და კუალად ეზეკიელ იტყოდა: აღმიღო მე სულმან ღმრთისამან და განმიყვანა მე ველად. ესე – სულისა წმიდისათჳს იტყჳს.
20. და სხუანი მრავალნი არიან სათქუმელად, რომელი მცირედ რაჲმე მოვიჴსენეთ და თანა-წარვჰჴედით, დაუტეოთ საჩუენებელად და სახედ ეკლესიაჲსა.
21. აწ ორთა სიტყუათა წარმოვადგინებთ უფროჲს ბევრეულთა და ათასეულთა, ღმრთით წერილთა სიტყუათა ძუელისა და ახლისა შჯულისათა,
22. რამეთუ უფალმან შექმნნა ჴორცნი ადამისნი და შთაბერა მას სული ცხოველი და მან მოსცა შჯული მოსეს, ღმერთმან – მამამან და ძემან და სულმან წმიდამან – ერთი ღმრთეებაჲ, და ამის ღმრთეებისაგან მოივლინნეს და რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი.
23. ჰურიათა მოუწოდა სიმართლედ, რომელთა არა უვარ-ყვეს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი ჴორცითა მოსლვაჲ, და ყოველთავე აცხოვნებს, რომელთა ჭეშმარიტებით სარწმუნოებაჲ მისი დაუმარხავს და რომელთა არა უვარ-ყვეს ჭეშმარიტი ქადაგებაჲ მისი და სახარებისა მისისა მოძღურებაჲ.
24. ესევითარნი ესე არა დაისაჯნენ სოფელსა თანა, რამეთუ ჭეშმარიტად მოვიდა მხოლოდ შობილი, და ესე შეიწყნარა დედამან ჩუენმან ეკლესიამან,
25. რომელ არს წყაროჲ ცხოვრებისაჲ და მშჳდობისა ჩუენისა სიხარული, ახლისა ვენაჴისა კჳრტი, რომელმან ტევანი გამოიღო კურთხევისაჲ და დაჰჴსნნა სალმობანი ჩუენნი დღითი-დღედნი სუმითა მით ამით სისხლითა ქრისტჱსითა, რომელმან მოგუანიჭა ჩუენ ჭეშმარიტი.
26. რამეთუ ჭეშმარიტად შვა ქრისტჱ ქალწულმან მარიამ სულისა წმიდისა მიერ, არა თესლისაგან მამაკაცისა, არამედ ქალწულისა მისგან წმიდისა ჴორცნი შეისხნა ჭეშმარიტად და არა საგონებელად:
27. ჴორცნი ჭეშმარიტად და ტყავი ძუალითურთ და ძარღჳთ და ყოვლით კერძოვე მსგავსი ჩუენი, არარაჲთ ჩუენგან განშორებული, არამედ მით ხოლო სიწმიდისა მისისა დიდებითა, და ჭურჭელი სიწმიდისაჲ შეუცოდებელი, ყოვლითავე სრული აქუნდა,
28. და აქუს სული კაცისაჲ ჭეშმარიტად და გონებაჲ კაცისაჲ ჭეშმარიტად, არა ვითარ ჩუენი გონებაჲ დამტკეცილი ჴელმწიფებასა ქუეშე ცოდვისასა ყოვლით კერძოვე, არა იჴმია ცოდვაჲ;
29. პირი – უტყუველი ბაგეთა, რომელთა არა თქუეს ზაკუვაჲ;
30. გული – რომელი არა მიდრკა უშუერსა ზრახვასა;
31. გონებაჲ – უცვალებელი ყოვლით კერძოვე, მიუდრეკელი უკეთურებასა;
32. ჴორცნი – არა თუ ამათ ჴორცთაებრ მოქმედნი არაწმიდებასა.
33. ნუ ვინმე დაგაჯეროს, ანუ თუ გარწმუნოს ვინმე შვილმან მწვალებელთამან, რომელნი იტყჳან, ვითარმედ ჴორცნი არა შეისხნა უფალმან კაცთაგანო, არამედ ზეცით ჰქონდესო;
34. რომელნი წერილთა აღმოიკითხვენ, რომელ დაწერილა ღმრთისა მიერ მართლ, და ძენი ეშმაკისანი გარდასდრეკენ მრუდად.
35. ამისთჳს იტყჳს უფალი: ესევითართაჲ გული და გონებაჲ გარდაქცეულ არს მამისა მათისაგან ეშმაკისა.
36. ამისთჳს ეკრძალენით კეთილად შვილნი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისანი, რომელთა შეგიყუარებიეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, რომელი წმიდამან და მარადის ქალწულმან მარიამ გჳშვა ჩუენ.
37. ესევითართა მათ ნუცა მოიკითხავთ, ნუცა მათ თანა შჭამთ, ნუცა მათ თანა სუამთ, ნუცა გემოსა იხილავთ, ნუცა სიტყუასა ჰყოფთ მათ თანა, ნუცა ყოველივე, რაჲცა არს დიდითგან მცირედმდე,
38. რამეთუ სიტყუა-ტკბილობითა მათითა და ქენებითა გარდააქცინიან გულნი და გონებანი უმანკოთანი, რაჲთამცა მათსა მას წარწყმედასა თანა წარწყმიდნეს ძენი ნათლისანი.
39. ხოლო შენ, კაცო, რომელი აღგზარდა შენ დედამან შენმან ეკლესიამან, სულისა შენისათჳს ჰრბი, ეკრძალე კეთილად სულსა შენსა.
40. უკეთუ იზღვიო სული შენი, რაჲ მისცე ნაცვალად სულისა შენისათჳს?
41. ვითარცა იტყჳს უფალი ჩუენი პირითა თჳსითა: უკუეთუ შეიძინოს კაცმან ყოველი სოფელი და სული თჳსი წარიწყმიდოს, რაჲ მისცეს ნაცვალად სულისა თჳსისა?
42. იხილე და ეკრძალე, ნუუკუე მწვალებელთა თანა შეჰრიო სიტყუაჲ შენი.
43. ნუ დასთესავ იფქლსა თანა ღუარძლსა, რაჲთა არა განრყუნეს ყანაჲ შენი და ნაყოფი შენი.
44. ეკრძალე კეთილად მოწაფეთა ოროგინჱსთა მცბიერისათა და სამ გზის დაწყეულისათა, რომელმან წვალებანი ყოველნი შემოიხუნა და ღუარძლი დასთესა შოვრის იფქლსა, პალესტინჱ ყოველი შეაცთუნა და ვიდრე დღენდელად-დღედმდე წვალებანი მრავალნი იქმნებიან მისგან.
45. ესე არს მამაჲ ყოველთა მწვალებელთაჲ.
46. ამან ოროგინე გესლი, შერეული თჳსი წამლითა სასიკუდინჱთა, გარეშე კართა ეკლესიისათა წარმოსთხია, და რომელნი არა ეკრძალებიან, შეიგინებიან მრავალნი მისგან.
47. ხოლო ამისთა გმობათა ყოვლადვე ნუმცა სახელ-ედების, რაჲთა არა პირი ჩუენი შეიგინოს, ნუცა მოწაფისა მისისა არიოსისთა, ნუცა ნისტორისთა, ნუცა ევტჳქისთა.
48. ნუცა ყოველადვე რაჲ არს ეშმაკისა მოძღურებაჲ და სწავლაჲ მისი.
49. ამისგან სასმენელნი ჩუენნი გარე-წარვაქცინეთ და დედისა ჩუენისა მოძღურებასა შეუდგეთ,
50. რომელ არს მართლ-მადიდებელი წმიდაჲ კათოლიკე ეკლესიაჲ, რომელ დაამტკიცეს წმიდათა მოციქულთა ქრისტჱსთა, რომელმან გჳშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, სრული ზეგარდამო ღმრთეებაჲ, რამეთუ სიტყუა ღმრთისაჲ კაც იქმნა;
51. არა შეიცვალა ბუნებაჲ, არამედ ღმრთეებამან ჯერ-იჩინა განკაცებაჲ, საშოსა შინა ქალწულისასა იქმნა ჭეშმარიტად;
52. მუცლითა იტჳრთა, ვითარცა არს წესი ჟამთა რიცხჳსაჲ, რამეთუ იშვა, ვითარცა არს შობაჲ ბუნებისაჲ ურცხჳნელად, უჴრწნელად, უვნებლად, ყრმა იქმნა და აღიზარდა და ჰასაკი მიიღო მამაკაცისაჲ, მკლავთა ზედა მიიქუა სჳმეონისთა და ანაჲსთა, წმიდისა მარიამისგან იტჳრთა;
53. გზასა ვიდოდა ვითარცა კაცი, დაშურა ვითარცა კაცი, უცხოვებასა შინა იქცეოდა.
54. ესე ყოველი თავს-იდვა, რაჲთა შექმნული თჳსი აცხოვნოს.
55. ყოველივე აქუნდა თავისა თჳსისა თანა, სრულებაჲ რიცხუსა ჟამთა, თუეთა და წელიწადთასა შეერაცხა, მუცლითა იტჳრთა, იშვა დედაკაცისაგან და იქმნა შჯულსა ქუეშე.
56. მოვიდა იორდანედ და ნათელ-იღო იოვანჱსგან.
57. არაჲ თუ საბანელი რაჲ უჴმდა მას, არამედ რაჲთა აჩუენოს სახჱ შჯულისაჲ, ვითარმედ კაც იქმნა, რომელმან არა შეძრა სიმართლჱ, რაჲთა აღესრულოს ყოველივე წერილი, ვითარცა თქუა მან, რაჲთა აჩუენოს მან, რამეთუ ჭეშმარიტად ჴორცნი შეიმოსნა და ჭეშმარიტი განკაცებაჲ შთაიცუა.
58. შთა-რაჲ-ჴდა წყალთა, მისცა უფროჲს მოღებისა;
59. უფროჲსღა მიანიჭა და არაჲ უჴმდა მას მოღებაჲ, არამედ განანათლნა და განაძლიერნა იგინი.
60. ესე – სახჱ მერმეთაჲ მათ განსრულებაჲ, რაჲთა რომელთა ჰრწმენეს მისი ჭეშმარიტად, აქუნდეს სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი, ისწაონ, რამეთუ ჭეშმარიტად ნათელ-იღო.
61. რამეთუ ესრჱთ თავს-იდვა თჳსითა კაცთმოყუარებითა და სიმდაბლითა და იგიცაღა, რომელნი მოვიდოდიან და აქუნდეს მისისა მის სიმდაბლისა ძალი, განათლდენ ჭეშმარიტითა მით მისითა ნათლითა,
62. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ დაგებითა მით ძლიერებისა მისისაჲთა, რაჲთა მოგუცეს ცხოვრებად პური იჱ˜ლმთ და სიმტკიცჱ წყლისაჲ.
63. ამას ქრისტჱსთჳს დავამტკიცებთ ძალსა პურისასა და სიმტკიცესა წყლისასა, რაჲთა ნაყოფი ჩუენი იყოს ძლიერებით, არამედ პური – საჭმელ, ხოლო ძალი – ამას ზედა განმაცხოველებელ;
64. და არა რაჲთა წყალმან ხოლო განწმიდნეს, არამედ სიმტკიცჱ იგი წყლისაჲ იყოს ჩუენდა სარწმუნოება და სასოება და სიყუარულ და საიდუმლო მშჳდობის, ერთობა სიწმიდის იყავნ ჩუენდა, სრულება და ცხოვრება,
65. რაჲთა მას მხოლოსა ვადიდებდეთ ჭეშმარიტითა გონებითა და უქცეველითა სარწმუნოებითა და მისა ხოლო გუეშინოდის. ამენ.
66. და აღმო-რაჲ-ჴდა იორდანით, მოიწია ჴმაჲ ზეცით მამისაგან და ესმა მოწაფეთა, რომელნი მის თანა იყვნეს, რაჲთა უჩუენოს, ვინ არს, რომელ წამებს მისთჳს და სული წმიდაჲ მის ზედა გარდამომავალი.
67. ამისთჳს მრავალ გზის წინა-აღუდეგით მწვალებელთა, რომელნი სხუად სახედ რასმე მოძღურიან მამისა მათისა ეშმაკისაჲთა, ხოლო ჩუენ არა შევარწყუათ სამებაჲ და ვაგონოთ მიზეზ სულსა, არამედ თჳსითა ჴელმწიფებითა მჯდომარჱ სულით წმიდითურთ და გარდამომავალი მას ზედა,
68. რამეთუ ჭეშმარიტად ჩას, რომელი წამებს მისთჳს, რაჲთა ჴორცი განწმიდოს ამბორის-ყოფითა წმიდისა მამისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა, და წამონ,
69. რამეთუ მამამან სათნო-იყო ქადაგებაჲ ძისა თჳსისაჲ ჴორცითა მოსრული, რამეთუ ძჱ ჭეშმარიტად გამოჩნდა და აღასრულა თქუმული იგი წინაწარმეტყუელისაჲ.
70. ამისა შემდგომად ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა, აღმო-რაჲ-ვიდა იორდანით, არა თუ საუცრით, არამედ ჭეშმარიტად მტერისაგან გამოიცადა უდაბნოსა გარე;
71. უკუანაჲსკნელ შეემშია, ვითარცა არს ჭეშმარიტად წესი ამათ ჴორცთაჲ;
72. მერმე გამოირჩინა მოწაფენი და ქადაგა ჭეშმარიტებაჲ, განკურნნა წყლულებანი, განჴადნა ვნებანი, ეძინა ვითარცა კაცსა, შიოდა ვითარცა კაცსა, ღმრთეებრ სასწაულსა იქმოდა, ზღუასა ზედა ვიდოდა ვითარცა ჴმელსა, ქართა შეჰრისხნა და დააყუდნა,
73. მკუდარნი აღადგინნა, ბრმათა თუალნი აუხილნა, მკელობელთა და განრღუეულთა სიმტკიცჱ მიჰმადლა, რაჲთა ქადაგოს ჭეშმარიტებაჲ სახარებისაჲ და სასუფეველი ცათაჲ მოგუანიჭოს ჩუენ მისითა კაცთ-მოყუარებითა, მამისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა;
74. რომელმან ვნებაჲ ჩუენთჳს დაითმინა ჭეშმარიტად ჴორცითა და სრული კაცებაჲ შეიმოსა, ივნო ჭეშმარიტად ჯუარსა ზედა თანაყოფითა ღმრთეებისაჲთა, არამედ არა ვნებითა, რამეთუ ღმრთეებაჲ უვნებელ არს და უქცეველ ორთავე ამათგან ბუნებათა, ნათელ, განუცადებელ.
75. ქრისტემან რაჲ ივნო ჩუენთჳს ჴორცითა, უვნებელად ჰგიეს ღმრთეებაჲ კაცსა თანა, ხოლო უვნებელ ღმრთეებაჲ, რამეთუ გამოუკულეველ არს და გამოუთქუმელ სიბრძნითა, რამეთუ ივნო ჴორცითა,
76. ხოლო ცხოველ არს ღმრთეებითა, და აღადგინნა მკუდარნი ჭეშმარიტად და დაეფლა ჴორცითა და თჳნიერ საშუმინველისა იდვა სამ დღე უსულოდ და შეუძრველად, და შეიხჳა სამკუდროჲთა ტილოჲთა და დაიდვა საფლავსა.
77. და დასდვეს ლოდი და დაებეჭდა ბეჭდითა.
78. არა თუ ღმრთეებაჲ შეეყენა, არა თუ ღმრთეებაჲ დაეფლა.
79. ხოლო შთავიდა მის თანა ქუესკნელთა გარდასკნელისათა და აღმოჴდა მიერ და წარმოტყუენა და გამოიყვანნა სულნი, შემუსრნა ბჭენი სიკუდილისანი, განხეთქნა მოქლონნი და კლიტენი ადამანტიაჲსანი და დაჴსნა სალმობანი ჯოჯოხეთისანი,
80. რამეთუ თჳსითა ჴელმწიფებითა აღმოჴდა ქუესკნელით.
81. არღარა მიიქცეს სული მისი ჯოჯოხეთს, არცა იხილონ ჴორცთა მისთა განსაჴრწნელი, აღ-რაჲ-დგა იგი მკუდრეთით,
82. რამეთუ აღადგინა იგი ღმერთმან უფალი და სიტყუაჲ და ძჱ მხოლოდ-შობილი სულითურთ და ჴორცით და ყოვლით კერძოვე ჭურჭერი შეერთებული სულითა და ჴორცითა, რამეთუ სულიერად ჰგიეს.
83. არამედ ივნო და გუემასა მიეცა ნეფსით ნებითა ღმრთეებისა მამისაჲთა.
84. და ოდეს-იგი გამოიცადა ეშმაკისაგან შენდობითა, შიმშილითა გამოიცადა, შრომითა და გულის-კლებითა და ურვითა.
85. ესე ჴორციელობით, არამედ სიწმიდჱ ღმრთისაჲ შეერთებულ და განუშორებელ მისგან, რამეთუ თანა-შეყოფილ.
86. და ესევითართაგან ივნო წმიდაჲ იგი ჴორცი მისი, რამეთუ აღდგა მკუდრეთით და შეერთნეს ერთ სულ, ერთ ღმრთეება, ერთ დიდება, რამეთუ განცხადდა ჭეშმარიტად შემდგომად აღდგომისა და ჴელითა განიხილა თომაჲსგან და მოციქულთა თანა ჭამდა და იქცეოდა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე,
87. არამედ შევიდა ბჭეთა ჴშულთა და შემდგომად შესლვისა უჩუენნა ძუალნი და ძარღუნი და სახჱ სამსჭუალთაჲ და ადგილი ლახურისაჲ, რამეთუ იგი იყო ჭეშმარიტი ჴორცი.
88. და ოდეს-იგი იქმნა ერთ ღმრთეება და ერთ არსება, არღარა მოელის ვნებასა, არღარა იხილოს სიკუდილი, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ პავლე: რამეთუ აღდგა ქრისტჱ, არღარა მოკუდეს და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს.
89. ივნო უვნებელმან, რამეთუ უვნებელად ჰგიეს მარადის ღმრთეებრი;
90. ჴორცი და სული ყოველივე მისი კაცებისაჲ ღმრთეებრ იყო, რამეთუ აღჴდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა დიდებითა, არა თჳნიერ წმიდათა მათ ჴორცთასა, არამედ შთაეცვალა სულიერად,
91. რამეთუ სრულ იყო და ერთ ღმრთეება, ვითარცაღა ჩუენთაჲ ამათ ჴორცთაჲ ყოფად არს: რომელნი დათესულ არიან განჴრწნადნი და აღდგენ უჴრწნელნი, და რომელნი დათესულ არიან მოკუდავად, აღდგენ უკუდავად.
92. უკუეთუ ჩუენი ესე ესრჱთ, რავდენ უფროჲს მისნი იგი წმიდანი და გამოუთქუმელნი და განუკითხველნი და გამოუხატველნი ღმრთისა თანა-შეყოფილნი და შეერთებულნი და ერთ ხილვა!
93. ვითარცა ამისთჳს წამებს წმიდაჲ პავლე მოციქული და იტყჳს: უკუეთუ სადამე ვიცოდე ქრისტჱ ჴორციელად, აწ არღარა ვიცი ჴორციელად.
94. არა თუ განვაშორებ ჴორცთა ღმრთეებისაგან, არამედ ჰგიან და ღმრთეებასა თანა შეერთებულ არიან.
95. არღარა არიან ჴორციელად, არამედ სულიერად, ვითარცა იტყჳს სულისაგან წმიდისა აღდგომითა მით მკუდრეთით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა.
96. ესე ერთად აქუს ღმერთეებასა ვნებაჲ და არა-ვნებაჲ, რომელი დაეფლა და აღდგა და აღმაღლდა და დიდებითა მომავალ არს განრჩად ცხოველთა და მკუდართა, ვითარცა იტყჳს ჭეშმარიტად წერილი მისთჳს, რომლისა სუფევისა მისისაჲ არა არს დასასრულ,
97. და რამეთუ ესრჱთ ჰრწამს წმიდასა დედასა ჩუენსა ეკლესიასა და ქადაგებს ჭეშმარიტად და ჭეშმარიტ არს ქადაგებაჲ მისი, რამეთუ ყოველთავე შევისუენოთ და აღვდგეთ ამით ჴორცითა და ამით სულითა, რაჲთა თითოეულმან ჩუენმან მოიპოვოს, რაჲცა ვინ ქმნა.
98. პირი დაეყავნ მწვალებელთა, რომელნი მრუდად იტყჳან კეთილად წერილსა, სხუად სახედ და სხუად გარდააქცევენ.
99. პირი დაეყავნ ოროგინეს და მოწაფეთა მისთა, რომელნი მისსა მას მრუდებისა მოძღურებასა ერჩიან, რამეთუ მისგან და მის მიერ წვალებანი მრავალნი შემოვიდეს შორის ეკლესიასა და ეკალნი დასთესნეს შორის ვარდსა.
100. ხოლო წმიდაჲ ეკლესიაჲ დაფუძნვილი და დამტკიცებულ არს კლდესა ზედა შეუძრავსა, არასადა შეირყიოს უკუნისამდე. ნუ იყოფინ!
101. პირი დაეყავნ არიოსს, რომელმანცა ღუარძლი დასთესა შორის იფქლსა წმიდასა.
102. პირი დაეყავნ ნისტორს და ევტჳქის, რომელთა მრავალნი შეაცთუნნეს მათითა მით გულარძნილად მოძღურებითა და გმობითა მათითა;
103. რომელნი ძისა და სულისა წმიდისასა არა დასცხრებიან და წმიდასა და მარადის ქალწულსა მარიამს ღმრთის-მშობელად არა აღიარებენ;
104. რომელთა თავით თჳსით მთხებლი აღმოთხარეს და იგინივე შთაითხინეს მას.
105. ხოლო ჩუენ, ქრისტიანენი და შვილნი მორწმუნეთანი, დედისა ჩუენისა ეკლესიაჲსა შჯულსა და მოძღურებასა შეუდგეთ,
106. რომელსა შინა ნათელ-ვიღეთ და აღვიზარდენით, რომელი წმიდათა მოციქულთა დაამტკიცეს, რომლისათჳს ქადაგებდეს ყოველნი წინაწარმეტყუელნი მოსჱსითგან ვიდრე იოვანჱსამდე.
107. გურწამს და აღვიარებთ წმიდასა და მარადის ქალწულსა მარიამს ღმრთის-მშობელსა, რომლისაგან ჴორციელ იქმნა უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტჱ.
108. გიხაროდენ, ქალწულო მარიამ, ღმრთის-მშობელო, დედაო და ტაძარო და კიდობანო ძუელისა და ახლისა შჯულისაო, რომლისაგან ტაკუკი ოქროჲსაჲ სავსჱ მანანაჲთა გამოჩნდა.
109. გიხაროდენ, ღმრთის-მშობელო წმიდაო მარიამ, რამეთუ შენგან და შენ მიერ ცხორებაჲ იქმნა ძეთათჳს კაცთაჲსა.
110. ვითარცა ევაჲსგან წყევაჲ, ეგრჱთვე შენ მიერ კურთხევაჲ;
111. ევაჲსგან მიწაჲ მიწად მიიქცა, ვითარცა ესმა ადამს, რამეთუ: მიწაჲ ხარ და მიწადცა მიიქცე.
112. ხოლო შენ მიერ მიწაჲ იგი საყდართა დიდებისათა ცათა შინა მარჯუენით ღმრთისა დაისუა.
113. შენთჳს ყოველი დაბადებული განჰკრთა;
114. შენთჳს დაუკჳრდა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა და ძალთა და უფლებათა და ჴელმწიფებათა, სერაბინთა და ქერაბინთა, ცათა და ქუეყანასა, მზესა და მთოვარესა, ზღუასა და ჴმელსა, პირმეტყუელთა და პირუტყუთა და ყოველსავე ბუნებასა, რამეთუ ღმერთი ჰშევ.
115. ჵ მუცელი! რომელსა ცანი და ცანი ცათანი ვერ დაიტევენ, ესე მუცელმან ქალწულისამან დაიტია!
116. ჵ საშოჲ, რომელმან დაიტია დაუტევნელი!
117. ჵ საკჳრველი ხილვაჲ! რომელმან მოხედოს ქუეყანასა და შეიმუსრვინ იგი, შეჰრისხნის ზღუასა და განაჴმის იგი, ესე მუცელმან დაიტია, საშომან წმიდისა ქალწულისამან იტჳრთა!
118. გიხაროდენ, მარიამ ქალწულო, ღმრთის-მშობელო, რამეთუ უფალი და ღმერთი იესუ ქრისტჱ შევ, რომელმან აჴოცნა ცოდვანი კაცთანი და აღიხუნა იგინი ჩუენგან და შემშჭუალნა იგინი ჯუარსა;
119. რომელმან შეწირა თავი თჳსი მსხუერპლად ღმრთისა ცოდვათა ჩუენთათჳს და გუაცხოვნნა ჩუენ;
120. რომელი გუექმნა ჩუენ პურ ცხოვრებისა;
121. რომელმან მომწყდარნი სიყმილითა განაძღნა;
122. წყარო ცხოვრების, რომელმან წყურიელნი გამოზარდნა;
123. უძლურთა შემწჱ, დაცემულთა ჴელის ამპყრობელი, ჭირვეულთა ნუგეშინის-მცემელი, მაშურალთა განმსუენებელი, ცოდვილთა მწყალობელი.
124. გიხაროდენ, მარიამ ქალწულო, რამეთუ ესრჱთი უფალი, სულგრძელი და ტკბილი, გჳშევ ჩუენ!
125. გიხაროდენ და მხიარულ იყავ, ქალწულო, წმიდაო მარიამ, რამეთუ შენგან და შენ მიერ იხარებენ და იქადიან დედანი;
126. რამეთუ ევა ძელისაგან გამოჴდა სამოთხით, ხოლო შენგან ძელი თაყუანის-იცემების ყოვლისა ნათესავისაგან;
127. შენგან ეშმაკსა ჰრცხუენა, ჯოჯოხეთი დაეცა, სიკუდილი განქარდა, საცთური განიდევნა.
128. იხარებდინ წმიდაჲ და მართლ-მადიდებელი კათოლიკე ეკლესიაჲ!
129. იხარებდით და მხიარულ იყვენით ქრისტიანენი, რომელთა წმიდად და ჭეშმარიტად სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ დაიმარხეთ!
130. წუხდედ წარმართნი, ჰრცხუენოდენ მწვალებელთა, რომელნი არა აღიარებენ აღდგომასა ჴორცთა და სულისასა.
131. ხოლო ჩუენ გურწამს აღდგომაჲ მკუდართაჲ – ჴორცთაჲ და სულისაჲ, სასუფეველი დაუსრულებელი მართალთათჳს და სატანჯველი საუკუნოჲ ცოდვილთათჳს, და განსასუენებელი მართალთაჲ და სასუფეველი და საყოფელი მორწმუნეთაჲ და ცხორებაჲ ანგელოზთა თანა,
132. რომელთა დაიმარხეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და მცნებანი უფლისანი სიწმიდით.
133. და ჭეშმარიტად ქადაგებულ არს და დამტკიცებულ, რამეთუ ესენი აღდგენ ცხორებასა საუკუნესა, ხოლო ესენი – სატანჯველსა საუკუნესა, ვითარცა წერილ არს სახარებასა და რავდენსა იტყჳს მოციქული და ყოველნი წინაწარმეტყუელნი.
134. და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მათი.
135. უკუეთუ ურწმუნოთა ძენი მედგრად სცნობენ და სხუად და სხუად სახედ შემოაქუს მათი იგი მოძღურებაჲ, სასმენელნი ჩუენნი გარე-წარვაქცინეთ მათისა მისგან მოძღურებისა, ვითარცა ვთქუთ ზემო-კერძო.
136. ხოლო ჩუენდა იყავნ ზრახვაჲ მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ და წმიდაჲ მისი ბეჭედი გუაქუნდინ – ჯუარი აღდგომასა და დაჯდომასა, გარე განსლვასა და შინა შემოსლვასა, ანუ თუ დაძინებასა, ანუ განღჳძებასა,
137. ანუ თუ ჭამასა, ანუ სუმასა, ანუ თუ ზრახვასა, ანუ ყოველსა რასაცა იქმოდი, თუალთა წინაშემცა გაქუს წმიდაჲ მისი ჯუარი, რაჲთა მტერთა მათ ჩუენთა იხილონ ესე სასწაული და დიდითა შიშითა და ძწოლითა ივლტოდიან ჩუენგან,
138. რამეთუ ამისითა ძლიერებითა უფალმან და ღმერთმან ჩუენმან განაქიქნა იგინი და სასწაულად დაგჳტევა იგი ქუეყანასა ზედა.
139. და იყავნ ესე ჩუენდა სარწმუნოება და ესე პატივ.
140. და ვითარცა დედაჲ ჩუენი ეკლესიაჲ სარწმუნოებით ცხონდების და სასოებითა განძლიერდების და სიყუარულითა ქრისტჱსითა სრულ ქმნულ არს და აღსარებითა და საიდუმლოჲთა დიდისა ღმრთისაჲთა,
141. რომლითა მომიწოდნა ჩუენ საბანელსა მას მეორედ შობისასა, რომლითა განმწმიდნა ჩუენ არაწმიდებათა ჩუენთაგან ძალითა და შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა,
142. რამეთუ: წარვედით და ნათელ-სცემდით სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, სიხარულითა ღმრთეებისა სამებისაჲთა სახელ-სდებდით და ნუცამცა ერთი განრყუნილებაჲ აქუს,
143. რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი, რამეთუ შჯული და წინაწარმეტყუელნი და მახარებელნი და მოციქულნი, ძუელი და ახალი შჯული ქადაგებენ და ახარებენ, და გურწამს ჭეშმარიტად მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ.
144. ეკრძალენით კეთილად, ნუუკუე ვინმე ერთად შეარწყუას ღმრთეებაჲ, არამედ წმიდაჲ სამებაჲ სრული: მამაჲ სრული, ძჱ სრული, სული წმიდაჲ სრული – ერთი ღმერთი და ერთ ღმრთეება,
145. რომლისა შუენის დიდებაჲ და პატივი და ძალი და თაყუანის-ცემაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
146. ესე საკითხავი ქრისტჱს შობასა და განცხადებასა და ხარებასა შეეტყუების. თუ გინდეს, ამსახურო.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი