მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება პირველი

 

1. თ˜ა მარტსა კ~ე
2. საკითხავნი ხარებისანი. თქუმული წმიდისა გრიგოლი ნეოკესარიელ ეპისკოპოსისაჲ. ხარებისათჳს წმიდისა ღმრთის-მშობელისა
3. დღეს ანგელოზთა განწყობილებითა გალობანი ბრწყინვალე იქმნებიან და ნათელი იგი ქრისტჱს მოსულისაჲ მორწმუნეთა გამოუბრწყინდების.
4. დღეს მხიარული იგი არჱ ჩუენი ქრისტჱ, სიმართლისა იგი მზჱ, ბრწყინვალითა ნათლითა გამოგჳბრწყინდა ჩუენ და მორწმუნეთა გონებანი განანათლნა.
5. დღეს ადამ განახლდების და იხარებს, ანგელოზთა თანა ზეცად აღფრინდების, ამისთჳს რამეთუ სულისა წმიდისა მოსლვაჲ იქმნა.
6. დღეს ღმრთეებისა მადლი, უხილავთა სასოჲ, განანათლებს გონებითა უფროჲსღა მათ დიდებათა, რამეთუ საუკუნითგან დაფარული იგი საიდუმლოჲ განცხადებულად გუაუწყა ჩუენ.
7. დღეს სათნოებისა გამოუთქუმელისა გჳრგჳნნი იქმნებიან ღირსთა და მორჩილთაჲ დღესასწაულის მოყუარეთაჲ:
8. ჰნებავს ღმერთსა გჳრგჳნოსან ყოფაჲ ტრფიალთაჲ მათ უქცეველისა სარწმუნოებისათაჲ, ვითარცა ჩინებულთა და მკჳდრთა მოუწოდა, და ზეცათა სასუფეველი მწრაფლ მოუწესს ზეცისა მობაძავთა შეერთებად ღმრთის მსახურებ(ისა) ანგელოზთა კრებულსა.
9. დღეს ღმრთისა მიერი (იგი) აღესრულების თ(ქუმულ)ი, რომელსა იტყჳს: იხარებდით ცანი და იშუებდინ ქუეყანაჲ.
10. მთანი იხარებენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს.
11. და იხარებდენ ყოველნი ძელნი მაღნარისანი პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, და დავით სამე ძელად იტყჳს, ხოლო უფლისა წინამორბედმან ხედ ნაყოფის გამომღებელად ღირსად მოსლვისათჳს უფლისა უწოდა.
12. ხოლო უფალმან ჩუენმან იესუ სიახარული იგი გამოუთქუმელი ყოველთა მისა მიმართ მორწმუნეთა აღუთქუა, რამეთუ ჰრქუა: გიხილნე თქუენ და გიხაროდის და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.
13. დღეს ყოველთა სასმე(ნე)ლი იგი და გამოუთქუმელი საიდუმლოჲ, რომელთა სასოებაჲ ქრისტჱს მიმართ გუაქუს ღირსად აღბეჭდულთა ქრისტიანეთა, განცხადებულად მოგუეთხრობის ჩუენ.
14. დღეს გაბრიელ, ღმრთისა წინაშე მდგომელი, ქალწულისა წმიდისა მოვიდა და ესრჱთ ახარა მას: გიხაროდენ, მიმადლებულო!
15. ხოლო იგი განიზრახვიდა: ვითარ-მე იყოს მოკითხვაჲ ესე?
16. ხოლო ანგელოზმან მან მეყსეულად მიაგება და ჰრქუა: უფალი შენ თანა!
17. ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი ღმრთისაგან.
18. ამისთჳს მუცლად-იღო და შვე ძჱ და უწოდო სახელი მისი იესუ.
19. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მოსცეს მას უფალმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ, და მეუფებდეს სახლსა ზედა ისრაელისასა უკუნისამდე და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.
20. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არაჲ ვიცი?
21. და-ღა-მე-ვადგრეა მერმე ქალწულად, ანუ მიმეღოს ქალწულებისა იგი პატივი?
22. ამას რაჲ განიზრახვიდა წმიდაჲ ქალწული, მეყსეულად მთავარანგელმან მან შეწირა მისა სიტყჳსა მის კუალად-გებაჲ და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ.
23. ამისთჳსცა შობილსა მას წმიდასა სახელი ეწოდოს ძე ღმრთის.
24. რამეთუ რომელი-იგი არს, გარნაღა ეწოდოს.
25. შემსგავსებულად წმიდაჲ მარიამ ყოველთაგან ნათესავთა მხოლოჲ მადლმან მან გამოირჩია, რამეთუ ჭეშმარიტად ყოვლითავე ბძენი იყო.
26. არავინ მსგავს მისა ყოველთაგან ნათესავთა სადამე იპოვა.
27. არა ვითარ პირველი იგი ქალწული ევა მარტოჲ სამოთხესა შინა იქცეოდა, უსუსური გონებითა, და განუზრახველად ბოროტთ მთავრისაჲ მის გულის-სიტყუაჲ იგი შეიწყნარა
28. და ესრჱთ გულისა მისისა ზრხვაჲ განჴრწნა და მის მიერ მზაკუვარმან მან გესლი იგი თჳსი დასთხია და სიკუდილი განზავა და ყოველსა სოფელსა მოაწია, ამისთჳსცა ყოველი შრომაჲ წმიდათა შეამთხჳა, –
29. არამედ მხოლოჲსაგან წმიდისა ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განიკურნების და არა პირველად წმიდამან მან ნიჭი იგი დაითმინა შეწყნარებად, ვიდრემდე ისწავა მოძღუნებული და რჴაჲ არს ნიჭი იგი, და ვინ არს მომღებელი.
30. ამას თავით თჳსით განიზრახვიდა წმიდაჲ იგი ქალწული და რეცა თუ ანგელოზსა მას ეტყოდა: ვინაჲ ესრე სახედ კურთხევაჲ ესე მოგუართ ჩუენ?
31. რომელთა საუნჯეთაგან მარგალიტი ესე სიტყუაჲ ჩუენდა მოივლინა?
32. ვინაჲ აქუს ჩუენდა მომართ ნიჭსა მაგას დასაბამი?
33. ზეცით მოსრულ ხარ და კაცისა ხატად აჩუენებ და სანთელ ნათლის ელვარე ხარ.
34. ამას თავით თჳსით განიზრახვიდა წმიდაჲ იგი.
35. ხოლო ესევითარითა სიტყჳთა მთავარანგელოზმან ორგულებაჲ იგი დაჰჴსნა და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ.
36. ამისთჳსცა შობილსა შენსა წმიდა ეწოდოს, ძე ღმრთის.
37. ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ არა საშინელებით მოვედ შეძრწუნებად შენდა, არამედ რაჲთა განსდევნო შიშისა იგი მიზეზი.
38. ნუ გეშინინ, მარია, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.
39. მადლსა მას ნუ განიკითხავ ბუნებით, რამეთუ შჯულითა ბუნებისათა დამორჩილებად მადლმან არა თავს-იდვას.
40. გულიხმა-ყავ, ჵ მარიამ, რომელნი მამად-მთავართა და წინაწარმეტყუელთა შესცილდეს;
41. ისწავენ, რომელნი მოაქამომდე ანგელოზთაგანცა დაფარულ იყვნეს.
42. გესმა ესევითარი, რომელსა ვერსადა კრებული იგი ღმრთის შემოსილთაჲ ღირს იქმნა.
43. მოსე, დავით, ესაია და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინავე ქადაგებდეს, არამედ ვითარ სახედ იყო, ვერ იცოდეს.
44. შენ ხოლო მხოლომან, ჵ წმიდაო, წმიდაო ქალწულო, რომლისა საიდუმლოსა ყოველნი უმეცარ არიან, შეიწყნარე და ისწავე, რამეთუ სადა სული წმიდაჲ, მუნ ყოველივე განმზადებულად წარმართებულ არს.
45. სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ.
46. ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს, ძე ღმრთისა.
47. უკუეთუ ძე ღმრთის, ღმერთცა თანა-მსგავს ხატად მამისა და თანა-მფლობელ საუკუნეთა, რომელსა შინა აქუს მამასა ყოველივე გამოცხადებაჲ, ხატი პირსა შინა და ბრწყინვალებისაგან დიდებაჲ იგი განათლდების.
48. და ვითარცა დაუწყუედელისაგან წყაროჲსა მდინარენი გამოვლენედ, ეგრეცა ამის დაუწყუედელისა და მარადის ცხოველისა წყაროჲსაგან გამოვიდა ნათელი იგი გამოუთქუმელი.
49. და რამეთუ ამისთჳს წინაწარმეტყუელნი ღაღადებდეს და იტყოდეს: სლვანი მდინარეთანი ახარებენ ქალაქსა ღმრთისასა;
50. არა ხოლო თუ ერთსა ქალაქსა, არამედ ყოველთა, რამეთუ ვითარცა ერთსა ქალაქსა ახარებს, ეგრეცა ყოველსა სოფელსა შემსგავსებულად.
51. მთავარანგელოზმან წმიდასა მარიამს უპირადჱს აუწყა ესრჱთ და ჰრქუა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ შენ თანა ყოველი საფასჱ მადლისაჲ დაკრებულ იყო, რამეთუ ყოველთა შორის ნათესავთა ესე ხოლო მარტოჲ ქალწული წმიდაჲ ჴორცითა და სულითა იპოვა.
52. ამან მარტომან იტჳრთა, რომელსა უტჳრთვან ყოველნი სიტყჳთა.
53. და არა ხოლო სიკეთჱ წმიდისაჲ ამის საკჳრველ არს, არამედ სულაჲცა სათნოჲ სახჱ.
54. რომლისათჳსცა ანგელოზმან მან პირველად ღაღატ-ყო მისა მიმართ და ჰრქუა: „გიხაროდენ, მიმადლებულო!
55. უფალი შენ თანა“!
56. და არა ქუეყანისა სიძჱ, არამედ იგი თავადი სიწმიდისა უფალი შენ თანა, სიწმიდისა იგი მამაჲ და უჴრწნელებისა შემოქმედი და უკუდავებისა მომცემელი, აზნაურებისა იგი მოღუაწჱ ჭეშმარიტი, მშჳდობისა საუნჯისა მომცემელი,
57. რომელმან ქალწულისაგან ქუეყანისა დაჰბადა კაცი იგი და გუერდისაგან მისისა ევაჲ გამოიყვანა.
58. იგი თავადი უფალი შენ თანა და მერმე კუალად შენგან.
59. მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, ანგელოზებრსა ქებასა თანა-შევერთნეთ და მსგავსად ძალისა თანა-ნადები იგი გონიერად შევწიროთ და ვიტყოდით: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა!
60. რამეთუ შენი არს სიხარული ჭეშმარიტად, ამისთჳს რამეთუ შენ თანა მადლმან ღმრთეებისამან, ვითარცა უწყის, დაიმკჳდრა, მჴევლისა თანა მეუფემან, შუენიერისა თანა შუენიერმან სიკეთითა უფროჲს ძეთა კაცთასა, შეუგინებელისა თანა – რომელი განსწმედს ყოველთა ადგილთა.
61. შენ თანა ღმერთი და შენგან ღმერთი.
62. რომელცა სრული კაცი, რომელსა შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ.
63. გიხაროდენ, მიმადლებულო, წყაროო ნათლისაო, რომელი განანათლებ ყოველთა მისა მიმართ მორწმუნეთა.
64. გიხაროდენ, საცნაურისა მის მზისა აღმოსავალო და ცხორებისა შეუგინებელო ყუავილო.
65. გიხაროდენ, მარიამ მიმადლებულო, ვენაჴო მარადის შუენიერო, რომელი ახარებს სულთა, რომელნი შენ გადიდებენ, დაუთესველო, ნაყოფ-შუენიერო ყანაო, გონებით ჩუენდა მიმსგავსებისათჳს და ჟამთა შობისა აღვსებისათჳს,
66. ხოლო უფროჲს ბუნებად ზეცით მოსრულისა მისთჳს, რომელმან მუცელსა შენსა ადამი განაახლა და რამეთუ მიდგომილებისა თესლი წმიდასა ქალწულსა სულმან წმიდამან მისცა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ გუემისაჲ გამოჴდა გუამისაგან.
67. და ვითარცა-იგი მარგალიტი ორთაგან ბუნებათა: ელვისაგან და წყლისა – უჩინოთა ამათგან სასწაულთა ზღჳსაგან – გამოვალს,
68. ეგრეცა უფალი ჩუენი იესუ შეუშფოთებელად და უქცეველად უბიწოჲსაგან და შეუგინებელისა ყოვლად წმიდისა ქალწულისაგან მარიამისა გამოვიდა ღმრთეებითა სრული და კაცებითა სრული.
69. მრავალთა წმიდათა მამათაგანთა და მამათ-მთავართა და წინაწარმეტყუელთა გულმან უთქუა ხილვად პირისპირ და ვერ ღირს იქმნნეს.
70. და რომელთამე ჩუენებით სახედ იგავად იხილეს, რომელნიმე სუეტითა ღრუბლისაჲთა ღმრთეებისა ჴმასა ღირს იქმნეს სმენად, და რომელნიმე წმიდათა ანგელოზთა გამოცხადებასა ღირს იქმნნეს.
71. მარტოჲსა ხოლო წმიდისა მარიამისა გაბრიელ მთავარანგელოზი ბრწყინვალედ მოვიდა და ახარა მას: „გიხაროდენ, მიმადლებულო“!
72. და ესრჱთ სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და ჟამსა მას ჴორციელებრ აღვსებისა მისისასა მრავალ-სასყიდლისა იგი მარგალიტი გამოიღო.
73. მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და დავითის მიერსა მას ღმრთის სულსა საგალობელსა, რომელი ჩუენ ვისწავეთ, უგალობდეთ და ვიტყოდით: აღდეგ, უფალო, განსასუენებლად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაჲ,
74. რამეთუ ჭეშმარიტად კიდობანი არს წმიდაჲ ქალწული შინაგან და გარეშე განრჩუნვილი ოქროჲთა, რომელმან-იგი თავადი საფასჱ სიწმიდისაჲ დაიტია.
75. აღდეგ, უფალო, წიაღთაგან მამისათა, რაჲთა აღადგინო დაცემული ნათესავი – პირველ შექმნული ადამი.
76. ამას დავით ევედრებოდა, რომელი-იგი მისგან აღმოცჱნებად იყო კუერთხი და ნაყოფ-შუენიერი ყუავილი, რომლისათჳს წინაწარმეტყუელებდა და იტყოდა: ისმინე, ასულო, და იხილე, მოყავ ყური შენი, დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ.
77. გულმან უთქუა მეუფესა სიკეთჱ შენი, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი და შენ თაყუანისცე მას.
78. ისმინე, ასულო, რომელნი პირველითგან შენთჳს წინაწარმეტყუელებით ითქუნეს, რაჲთა აწ მეცნიერებისაცა თუალითა იხილნე საქმენი;
79. ისმინე ჩემი, შენდა მიმართ მაუწყებელისაჲ, და მთავარანგელოზისაჲ, რომელი ჭეშმარიტთა საიდუმლოთა ჴმა-მაღლად გითხრობ შენ.
80. მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და ჩუენცა წარსწრობილთასა მას მოსაჴსენებელსა მოვისწრაფოთ და რომელი-იგი იჱსჱს ძირისაგან კუერთხი ესრჱთ დიდებულად აღმოსცჱნდა, ვადიდებდეთ, უგალობდეთ და ვჰნატრიდეთ და ვაქებდეთ.
81. რამეთუ არა იოსებს, არამედ ღმრთის-მშობელსაცა ეწამების ლუკა სახარებასა შინა და მოასწავებს მისა მიმართ დავითისსა მას ნათესაობასა და იტყჳს,
82. ვითარმედ: აღმოვიდა იოსებ გალილეაჲთ ქალაქად ჰურიასტანისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, აღწერად მარიამის თანა, რომელი-იგი თხოვილ იყო მისა.
83. და იყო იგი მიდგომილ, რამეთუ იყვნეს იგი(ნი) სახლისაგან და ტომისა დავითისა.
84. და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და შვა ძჱ იგი მისი პირმშოჲ უპირადჱსი ყოველთა დაბადებულთაჲ, და შეხჳა იგი სახუეველითა და მიაწვინა ბაგასა;
85. შეხჳა იგი, რომელმან ყოველი დაბადებული შექმნა;
86. შეხჳა, რომელმან შეიმოსა ნათელი ვითარცა სამოსელი.
87. მიაწვინა ბაგასა ქერობინთა ზედა მჯდომარჱ და ბევრეულთა მიერ ანგელოზთა დიდებულ;
88. პირუტყთა ბაგასა სიტყუამან ღმრთისამან განისუენა, რაჲთა ნანდჳლვე რომელნი ნებით თჳსით პირუტყუ ჭმნულ იყვნეს კაცნი, პირმეტყუელთაჲ იგი მისცეს მეცნიერებაჲ;
89. ტაბლასა პირუტყუათასა დაეგო ზეცისა იგი პური, რაჲთა პირუტყთ-სახეთა კაცთა საიდუმლოჲსა მის საზრდელისაჲ მისცეს მისაღებელი.
90. და არცაღა ადგილ იყო მათა სავანესა მას.
91. ადგილი არა აქუნდა, რომელმან ცაჲ და ქუეყანაჲ შეჰმზადა და დაამყარა!
92. ამისთჳს რამეთუ მდიდარი იყო და ჩუენთჳს დაგლახაკნა და სიმდაბლჱ დაუსრულებელი ინება ცხორებისათჳს ბუნებისა ჩუენისა...
93. ზეცას წიაღთა შინა მამისათა, და ქუაბსა შინა მკლავთა ზედა დედისათა განისუენა.
94. ბაგასა ზედა ანგელოზთა კრებული გარე-მოადგს, ზეცას დიდებასა და ქუეყანასა ზედა მშჳდობასა ახარებდეს.
95. ზეცას მარჯუენით მამისა დაჯდა და ბაგასა შინა ვითარცა ქერობინთა ზედა განისუენებდა.
96. საყდარი იყო ჭეშმარიტად ესეცა ქერობინებრი, საყდარი სამეუფოჲ, წმიდაჲ წმიდათაჲ ქუეყანასა ზედა მხოლოჲ, რომელსა შინა განისუენა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან.
97. რამეთუ მისა შუენის ყოველი დიდებაჲ მამისა თანა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

სარჩევი შემდეგი თავი