მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება ორმოცდამეთორმეტე

 

1.     52. აგჳსტოსა იდ. ბეთლემს შემოკრებაჲ წმიდათა მოციქულთაჲ, ოდეს მიიცვალებოდა წმიდაჲ ღმრთისმშობელი.
    2.     წინა დღესასწაულისა საკითხავი, თქუმული წმიდისა იოვანჱ ოქროპირისაჲ
    3.     საიდუმლოსა ვხედავ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, საკჳრველსა და მიუწდომელსა და გამოუთქუმელსა ფრიად,
    4.     რამეთუ დღეს წმიდაჲ ქალწული ქუეყანისაგან ზედა მიიცვალების დიდებასა გამოუთქუმელსა, და ძალნი ცათანი განჰკრთებიან და განკჳრვებით იტყჳან, ვითარმედ: მიწისაგანისა მის ადამის ასული უზეშთაეს ჩუენსა იქმნების.
    5.     მთავარანგელოზნი და ბანაკი აგელოზთაჲ ჰხედვიდეს წმიდასა ქალწულსა უზეშთაჱს ყოველთა მთავრობათა.
    6.     განჰკრთებიან ქერობინნი, რომელ დგანან და სცვენ ხესა მას ცხოვრებისასა, მან იხილა წმიდაჲ ქალწული ზეცად აღმაღლებული და იტყოდა: მე ესერა ვდგა და ვსცავ, ნუუკუე სადაჲთ-მე ჭამა ადამ ხისა მისგან ცხორებისაჲსა და ცხომდა?
    7.     სერაბინნი იტყოდეს, ვითარმედ: ასულმან ადამისმან მუცლად-იღო დამბადებელი მათი და ჩუენ ყოველთაჲ, ამისთჳს, რომელნი-იგი სამოთხით გამოიცჳვეს და ცხომდეს,
    8.     ქალწული ქერობინ იქმნების და არღარა გზასა მას სამოთხისასა, არამედ გზასა მას ზეცისასა აღმაღლდების და ადამ დაცემისაგან აღემართების.
    9.     ჭუვილი იგი და გლოვაჲ და მწუხარებაჲ ევაჲსი დღეს სიხარულად გარდაიქცევის.
    10.     დღეს მთავარანგელოზი წმიდასა ქალწულსა ახარებს და ეტყჳს: „გიხაროდენ, მომადლებულო, უფალი შენ თანა“!
    11.     რამეთუ მუცლად-იღე ღმერთი და ძჱ ღმრთისაჲ და განჰკურნე წყლულებაჲ სოფლისაჲ და განანათლჱ ნათესავი კაცთაჲ დაბნელებული.
    12.     ხოლო მე აწ, საყუარელნო, ვითარცა ჴმაწულილი და ენაბრკუნვილი, ვჰნატრი წმიდასა ქალწულსა და ვაკურთხევ და ვადიდებ და ვაქებ ლამპარსა მას, აღნთებულსა და არა დაშრეტილსა.
    13.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, დედაო ნათლისაო და ჭურო უბიწოო!
    14.     გიხაროდენ, მარიამ, დედაო და ქალწულო, მჴსნელო, ამისთჳს რამეთუ ღმერთი ჰშევ უჴრწნელად;
    15.     მჴევალო, ამისთჳს რამეთუ ხატი მონისა შენგან შეიმოსა, რამეთუ შევიდა მეუფჱ ქალაქსა მას შენსა და კუალად გამოვიდა, ვითარცა მას უნდა, და ბჭე იგი ეგო დაჴშულად, მუცლად-იღე უჴრწნელად და შევ იგი ღმრთეებრ.
    16.     გიხაროდენ, მარიამ, ტაძარო დაურღუეველო და წმიდაო, ვითარცა იტყჳს დავით წინაწარმეტყუელი: „წმიდა არს ტაძარი შენი, საკჳრველ არს სიმართლითა“.
    17.     გიხაროდენ, მარიამ ტრედო უმანკო და უბიწო!
    18.     გიხაროდენ, მარიამ, სანთელო დაუშრეტელო, რომლისა მიერ ვიხილეთ მზჱ იგი სიმართლისაჲ.
    19.     გიხაროდენ, მარიამ დამტევნელო, რომელმან დაიტიე მხოლოშობილი ძჱ ღმრთისაჲ, თჳნიერ თესლისა გამოიღო ნაყოფი დაუჭნობელი.
    20.     გიხაროდენ, მარიამ, რომელსა წინაწარმეტყუელნი გიგალობენ და მწყემსნი გადიდებენ და იტყჳან ანგელოზთა თანა: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ!“
    21.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისა მიერ ანგელოზნი იშუებენ, მთავარანგელოზნი იხარებენ და წმიდაჲ გაბრიელ მთავარანგელოზი გახარებს და იტყჳს: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა“.
    22.     გიხაროდენ, რომელი პირველად შენ შობ ყრმასა, განმათავისუფლებელსა წყევისაგან.
    23.     გიხაროდენ, სიხარული ყოვლისა ნათესავისაო!
    24.     გიხაროდენ სოფლისა ყოვლისა ცხორებისა მშობელო!
    25.     გიხაროდენ უჴრწნელსა ქალწულსა, უბიწოსა, ნეტრეულსა!
    26.     გიხაროდენ უქორწინებელად მშობელსა!
    27.     გიხაროდენ უთესლოდ მშობელსა!
    28.     გიხაროდენ, რომელმან მამისა შენისა ადამის შემოქმედი, მჴსნელი შევ!
    29.     გიხაროდენ, რომელი უშრომელად შუვამდგომელ ხარ კაცთა მოკუდავთა და ღმრთისა!
    30.     გიხაროდენ, რომელმან ღმერთი შევ სრული, რომელსა მოგუთა თაყუანის-სცეს ვარსკულავისა მიერ წინამძღურებითა!
    31.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რამეთუ ოდესღა იყო იოვანე მუცელსა დედისა თჳსისასა, ჰკრთებოდა, თაყუანის-სცა სანთელმან მან ნათელსა დაუძინებელსა.
    32.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისა მიერ მოგუემადლა მადლი იგი გამოუთქუმელი, რომლისათჳსცა თქუა წმიდამან მოციქულმან პავლჱ, რამეთუ: „გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა“.
    33.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ღმრთისმშობელო, რომლისაგან გამოვიდა ნათელი იგი ჭეშმარიტი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, რომელი იტყოდა და ახარებდა, რამეთუ: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ“.
    34.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისა მიერ გამობრწყინდა ნათელი და ჴსნაჲ, რომელნი სხენან ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ვითარცა იტყჳს ესაია: „რომელნი სხდეს ბნელსა შინა, ნათელი დიდი იხილეს“.
    35.     რომელი-მე ნათელი?
    36.     უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა.
    37.     გიხაროდენ, მარიამ წმიდაო „ქალწულო, რომლის მიერ წმიდასა სახარებასა შინა იქადაგების: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“.
    38.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისაგან გამოვიდა მძლჱ სიკუდილისაჲ და შემუსრველი ჯოჯოხეთისაჲ, გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ღმრთისმშობელო, რომლისაგან გამოვიდა პირველ შექმნულისაჲ მის დამბადებელი და ცთომისა განმაქარვებელი და სასუფეველისა მომატყუებელი.
    39.     გიხაროდენ, მარიამ წმიდაო ქალწულო, რომელმან გამოიღე ყუავილი იგი, აღდგომისაჲ მკუდრეთით!
    40.     გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, რომლისა მიერ ნათელ- ვიღეთ და გამოგჳდინე ჩუენ კურთხევაჲ იგი იორდანისაჲ, რომლისაგან განათლდებიან იორდანე და იოვანე.
    41.     გიხაროდენ, წმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, რომლისა მიერ ყოველი სოფელი მორწმუნეთა ქრისტჱსთაჲ ცხომდების, სიმრავლჱ ეშმაკთაჲ იდევნების, წინაწარმეტყუელნი უსწრობენ ურთიერთას ქებასა, შენდამი.
    42.     ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი მოსჱ: „მაყუალი აღგზებული“ და არა შემწუარი ეგზებოდა?
    43.     ესე იგი არს: და იშვა ღმერთი და საშოჲ არა განიჴრწნა.
    44.     მუცლად-იღო და ქალწული ქალწულადვე ეგო.
    45.     გამოვიდა ყრმაჲ და კრძალულად დაუტევა, იტჳრთა მკლავთა ზედა ძჱ და ყრმისა მის მამაჲ არავინ იცოდა.
    46.     იქმნა დედა ჩჩჳლის და სძალ არასადა ყოფილ იყო, ყრმაჲ იზარდებოდა და მამასა არა ჰპოვებდეს.
    47.     აგარაკი ნაყოფიერ იქმნებოდა, რომელსა მუშაკი არა დაშურებოდა, მკაჲ მოიწია და მოიმკო, რომლისა თესლი არა დათესულ იყო.
    48.     მდინარჱ დიოდა და თავი მდინარისაჲ დაჴშულ იყო, იქმნა დედად მხოლოდშობილისად და დედობრივი ვნებაჲ არა ევნო.
    49.     ამან ქალწულმან მეუფჱ ყოველთაჲ შეიწყნარა ბჭეთა მისთა და კუალად გამოვიდა მიერ და არცა მუცლადღებასა მისსა დიდისა მეუფისასა განეღო ბჭე იგი.
    50.     შენ, წმიდაო ქალწულო, ქებამან ქებათამან „მტილად გიწოდა დაჴშულად და წყაროდ დაბეჭდულად: „მტილად დაჴშულად ამისთჳს, რამეთუ მანგალი იგი მუშაკისაჲ ყოვლადვე არა მიგეხოს შენ.
    51.     აღმოსცენდინ ყუავილად იესჱსა ცხორებად ნათესავისა კაცთაჲ.
    52.     წყაროდ დაბეჭდულად ამისთჳს გიწოდა შენ, რამეთუ მდინარჱ იგი ცხოვრებისაჲ შენგან გამოვიდა და აღავსო ყოველი სოფელი და თუალსა მას წყაროსაჲსასა არაჲ დააკლდა ყოვლადვე.
    53.     რამეთუ შენთჳს ღაღადებდა მიქია წინაწარმეტყუელი და იტყოდა: „და შენ, ბეთლემ, სახლი ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემჱს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“.
    54.     ესე იგი არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, რომელი შვა ბეთლემს ზეცისა სძალმან მარიამ და თჳთცა ტაძარმან და სამკჳდრებელმან სულისა წმიდისამან და საყდარმან ღმრთეებისა, გამოუთქუმელმან საფასჱმან სამოთხისამან.
    55.     და პირველანგელოზნი აბრალებდეს ევას, ხოლო აწ მარიამს ადიდებენ, რომელმან უძლურებაჲ იგი დედათაჲ განკურნა და დაცემული დედაჲ თჳსი აღადგინა და განძებული ადამ სამოთხით წარმოგზავნა გზასა მას ზეცისასა,
    56.     რომელმან დაჴშული სამოთხჱ განუღო და ავაზაკი დაამკჳდრა მას შინა, რამეთუ შენ მიერ შუვაკედელი იგი ზღუდისაჲ მის დაიჴსნა და კუალად შენ მიერ, წმიდაო ქალწულო, მშჳდობაჲ იგი ზეცისაჲ კიდეთა ქუეყანისათა მიემადლა.
    57.     შენ მიერვე იქმნნეს ანგელოზ ძენი კაცთანი, და შენ მიერ გამობრწყინდა ძელი ჯუარისაჲ ყოველსა სოფელსა, რომელსა ზედა შენგან შობილი დაემშჭუალა – უფალი იესუ ქრისტჱ, და შენ მიერვე სიკუდილი დაითრგუნა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა,
    58.     და შენ მიერ კერპნი დაეცნენ სოფელსა შ˜ა და ჭეშმარიტებაჲ იგი ცათაჲ ქუეყანასა ზედა გამობრწყინდა, ვითარცა თქუა დავით: „ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლჱ ზეცით გამოჩნდა“.
    59.     და შენ მიერ მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ გულისხმა- ვყავთ, რომელსა ანგელოზნი და კაცნი თაყუანის-ვსცემთ და ვიტყჳთ:
    60.     დაუსაბამო მამაო, დაუსაბამო ძეო, დაუსაბამო სულო წმიდაო, ერთარსებაო, ერთღმრთეებაო, გადიდებთ და გაქებთ და თაყუანის- გცემთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი