მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება ორმოცდამეცხრე

 

1.     49. გ. საკითხავი საიდუმლოთაგანი ტალავრობისათჳს, ოდეს მთასა თაბორსა ფერი იცვალა
    2.     ვითარცა-იგი რაჟამს განმცხრობელნი წარდგიან წინაშე მეფეთასა და აღასრულნიან ყოველნი ჴმანი სახიობათანი, მერმე კუალად სათნო არნ და ტკბილ ყურთა მეფისათა თავითვე დაწყებაჲ შესხმათა მათ,
    3.     და ესრჱთ განმხიარულდიან წინაშემდგომელნი იგი და რომელნი ჩინებულ არიედცა ტაბლასა მისსა, ვითარცა ახალსა რასმე სახარებასა შეიწყნარებედ მას, არა ეგრე მოსაწყინებელ უჩნ წინაშე მთასა, ვითარცა პირველ სმენილი,
    4.     არამედ სურვიელად მიუპყრიან სასმენელნი მათნი, დიდითა წადილითა განსცხრებიედ ზედა სტუენათა მათ და ჴმატკბილთა შესხმათა ტყუელვისათა.
    5.     და ვითარცა მჴედარნი რაჲ განცჳვიან ასპარეზსა ტანასობად და აღასრულიან თქერებაჲ იგი ჰუნეთაჲ მათთაჲ და სიცბილნი იგი ცხენთრბევათანი და სიმღერანი უჯერონი, სავსე შრომითა და შფოთითა,
    6.     რომელთა შინა თქუენცა, უკუეთუ ერსა ამას ხოლო თუ მძლედ გამოშჩნდეთ, მეორედ არღარა ვაქციოთ.
    7.     მერმე რომელმან- იგი სძლის, კუალად სურინ პირველისავე მის განცხრომისა და თავი თჳსი შეაყენის გარდასრულსა მას დაუწყნარებლობასა და არა მოეჴსენნიან პირველნი იგი შრომანი.
    8.     ანუ ვითარცა ქუეყანისმოქმედმან, რაჟამს აღასრულის წელიწადი და მოიცალის სონდასობისაგან და შეიკრიბისა ნაყოფი თჳსი, მერმე კუალად იწყის საქმედ ქუეყანისა, ისწრაფინ კუეთად ორნატისა და აღვსებად თესლისა სასოებითა ნაყოფთაჲთა.
    9.     ესრჱთვე მხიარულ არნ ეკლესიაჲ, რაჟამს აღასრულის წელიწადი იგი თჳსი შეუბით და დღესასწაულობით ჴმითა კურთხევისაჲთა და აღსარებისაჲთა, ჴმით ზატიკობისაჲთა.
    10.     და კუალად თავსავე მოვიდეს დიდითა სურვილითა და უწყინოჲთა წადილითა მიეგებვინ, ვითარცა ახალსა აღსრულებად.
    11.     პირველად აღასრულის შობაჲ უფლისა თჳსისაჲ, რომელმან ახარა მას, მერმე ნათლისღებაჲ მისი, რომელმან განანათლა იგი, რომელიცა იწამა მამისაგან ძედ, და გარდამოსლვაჲ მის ზედა სულისა წმიდისაჲ, რომელმანცა ნუგეშინის-სცა მას.
    12.     მერმე კუალად ვნებაჲ მაცხოვრისაჲ თჳსისაჲ, რომელმანცა აცხოვნა იგი და სიკუდილი მჴსნელისა თჳსისაჲ, რომელმან იჴსნა იგი სისხლითა თჳსითა.
    13.     მერმე საფლავსა დადებაჲ მჴსნელისა თჳსისაჲ, რომელმან განუჴსნნა საკრველნი მისნი, მაშინღა გამოსლვაჲ საფლავით უჴრწნელისა მის სიძისაჲ ზეცისა მეუფებისაჲ, რომელმან განაახლა უკუდავებაჲ მისი და იჩინა იგი სძლად თჳსა.
    14.     მერმე კუალად ამაღლებაჲ ზეცად მწოდებელისა თჳსისა, რომელმან თანა-აღიყვანა იგი და აღწერა ცათა შინა და მოუვლინა სული წმიდაჲ მოციქულთა მისთა, რომელთასაცა საფუძველსა ზედა აღეშჱნა იგი ქუეყანასა ზედა.
    15.     მაშინ კუალად-აქციის და მეორედ იწყის პირველთავე მათ აღსრულებად დღესასწაულთა უფლისა თჳსისათა, და ისწრაფინ თესვად ორნატსა მას ზეცისასა წმიდასა მას თესლსა,
    16.     რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ პირითა ანგელოზთმთავრისაჲთა წმიდისა მიმართ ქალწულისა და მისგან აღმოცჱნებასა წმიდისა მის მჴსნელისა მისისა იესუჲსსა
    17.     და მერმე კუალად ყოველთა ქმნულთა მისთა და საკჳრველებათა, ვიდრე დღედმდე აღდგომისა მისისა, რამეთუ კუალად მოვიდეს თჳსსავე მას ქორწილსა, რომელსა ეჩინა იგი და მის თანა აღიმაღლოს იგი.
    18.     და აწ, საყუარელნო, გულისხმა-ყავთ სიხარული ეკლესიისაჲ და ყრმათა მისჲთა და მცირედ უწინარჱს მათ დღეთა აღვასრულეთ ვნებაჲ უფლისაჲ და აღდგომაჲ მისი და ზეცად ამაღლებაჲ მისი და სულისა წმიდისაჲ გარდამოვლინებაჲ ზედა წმიდათა მოციქულთა მისთა და ვჰგონებდთ,
    19.     ვითარმედ დავასრულეთ ჴსენებაჲ მადლთა მათ უფლისა ჩუენისათაჲ და კეთილთა მისთაჲ, რომელნი ყვნა ნათესავისათჳს კაცთაჲსა.
    20.     და მას შინავე აღვასრულეთ დღესასწაული წმიდათა მოციქულთაჲ და ვითარ მოვედით თუესა ლოოსისასა დღესა მეექუსესა,
    21.     ვითარცა ჭური რაჲმე პატიონისანი წინაშე მდებარჱ ვპოვეთ დიდებული ესე და საკჳრველი ახალი საიდუმლოჲ, დღესასწაული ესე ტალავრობისაჲ დღესა, რომელსა გამოუცხადა წმიდათავე მათ სანატრელთა მოციქულთა მისთა ხატი და ბრწყინვალებაჲ დიდებისა თჳსისაჲ.
    22.     და მის თანა უჩუენნა წარულნი იგი კაცნი დიდნი, ერთი იგი მიცვალებული ჴორცითა ელია და მეორე იგი აღსრულებული შჯულისმდებელი მოსჱ,
    23.     რაჲთა გულისხმა-ყონ, რამეთუ იგი არს მფლობელი მთავრობათაჲ და ჴელმწიფებაჲ ზეცისათა და ყოველთა მათ ზედამდგომელთა,
    24.     რომელთა უპყრიან ზღუანი და აერნი, ნათელი და ქარნი და ზემონი იგი საყუფელნი და მაღალნი იგი უხილავნი ადგილნი სუფევისა მისისანი, რომელთაგან მოიყვანა ელია.
    25.     და ვითარმედ იგი არს ჴელმწიფჱ მთავართა ჯოჯოხეთისათა და საშინელ მეკარეთა სიკუდილისათა, რომელსა ეგულებოდა შემუსრვაჲ მათი,
    26.     ვინაჲცა გამოიყვანა მოსჱ და დაადგინნა იგინი მის თანა გარეშუწერელმან მან და გარეშეწერილმან ღმერთმან და კაცმან დამბადებელმან დაბადებულთამან, პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილმან და უკუანაჲსკნელთა ჟამთა დედისაგან განკაცებულმან, შეურწყუმელმან და განუყოფელმან.
    27.     მსგავს იყო განწყობაჲ იგი მათი, სამთავე მათ მოციქულთა წინაშემდგომელთა მისთა –პეტრჱსა, იაკობისა და იოვანჱსა, რომელთაგანმან ერთმან ითხოვა სამი ტალავარი, ხოლო არა იცოდა, სამსა რასმე სახის-ყოფასა განაწესებდა უგონოდ.
    28.     ტრფიალი იგი ქრისტჱსი პეტრჱ, ქადაგი მესამისა დღისა აღდგომისაჲ, დღეს სამსავე ტალავარსა ქადაგებდა და თანამოყვანებულნი იგი მისნი წინაწარმეტყუელნი ვნებისა მისისათჳს ეტყოდეს მას, რამეთუ მოსიკუდიდ იყო იერუსალჱმს.
    29.     ხოლო მან მუნქუესვე უჩუენა მოციქულთა თჳსთა სახითა მით, ვითარმედ: მო-თუ-ვკუდე, აღ-ცა-ვდგეო და ყოველნი მყოფნი ჯოჯოხეთისანი ჩემ თანა აღვადგინნე განთავისუფლებულნი.
    30.     და უკუეთუ ესე არა გრწამს, იხილეთ მოსჱ, რამეთუ მუნით მომიყვანებიეს იგი და თუ არა აღიარებთ ღმრთეებასა ჩემსა, იხილეთ ელია, მიერ მაღლით ადგილით მოუწოდე მას და მერმეცა,
    31.     თუ გნებავს ჭეშმარიტად ცნობად აღდგომაჲ ჩემი, მოჰხედეთ საშინელსა ამას ხილვასა დიდებისა ჩემისასა, რამეთუ ხატი არს ესე უჴრწნელებისა ჩემისაჲ, რომლითა აღვდგე საფლავისაგან დაბეჭდულისა და წინა- გიძღოდი გალილეად და გიჩუენო თქუენ და შევიდე თქუენდა კართა ჴშულთა.
    32.     და ამისთჳს გიჩუენე ხატი ესე დღეს და არა სხუათა, რამეთუ თანა-ყოფად ხართ ღამესა მას მიცემისა ჩემისასა.
    33.     და მერმე კუალად ხილვად გიც გამოსრული საფლავით, შემოსილი დიდებითა მით და მოქცეული მკუდრეთით, შემოსილი ძლიერებითა, რაჲთა, ნუუკუე მიხილოთ სიმდაბლით, უსასო იქმნნეთ აღდგომისა ჩემისათჳს.
    34.     და მერმე მიხილოთ დიდებით და რომელნიმე ორგულდეთ.
    35.     ხოლო აწ შეისწავეთ ხატი ესე და მერმე მიხილოთ რაჲ, მიცანთ მე.
    36.     ესევითარითა უწყებითა აუწყებდა მათ უფალი.
    37.     დაღათუ სიტყჳთ არა ეტყოდა ამას, ხოლო საქმენი იგი საცნაურ იქმნნეს, რამეთუ ამისთჳს იქმნებოდეს.
    38.     ამისთჳს, საყუარელნო, ეკლესიაჲ კუალად იწყებს აღსრულებად მათვე დღესასწაულთა უფლისა თჳსისათა და თჳსავე მას წელიწადსა მოქცევად,
    39.     რამეთუ დასტკბეს შესხმანი ესე სულიერნი მეორედ და მესამედ და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა სახიობად და სურის ასპარეზი იგი კუალად დაქცევად მრავალგზის.
    40.     ხოლო ესე ეგრე რბის, ვითარცა არა უჩინოჲ, ეგრჱთ იჭირვის, ვითარცა არა აერსა სცემს, არამედ მრავალთა აღშჱნებისათჳს სწადის საქმედ ქუეყანისავე იგი თჳსი, რომლისა მოშაკობს.
    41.     აწ მოვედით საყუარელნი ეგე შვილნი ეკლესიისანი და ვისმინოთ, რასა-ესე გჳთხრობს სახარებაჲ,
    42.     რამეთუ იტყჳს მათჱ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა პეტრე, იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგი[ნი] მთასა მაღალსა თჳსგან და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად და ბრწყინავდა პირი მისი, ვითარცა მზჱ, ხოლო სამოსელი მისი იყო სპეტაკ, ვითარცა თოვლი“.
    43.     ხოლო ლუკა იტყჳს: „და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ რვაოდენ დღე და წარიყვანნა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანე და აიყვანნა მთასა ლოცვად.
    44.     და იყო ლოცვასა მას მათსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუაჲ და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარჱ“.
    45.     აწ შენ ქცეულებისათჳს რიცხჳსა ამის ნურას ორგულებ, რომელ გესმა მახარებელთა ამათგან და ვითარცა ცილისმეტყუელთა შეიწყნარებ მათ, არამედ, ვითარცა ჭეშმარიტისა მქადაგებელთა, მიუპყარ გონებაჲ შენი.
    46.     რამეთუ არა ორ არს სიტყუაჲ ესე, არცა ვითარმედ ერთი ოდენ იტყოდა ჭეშმარიტსა და ერთი იგი სცთებოდა, არამედ რასა იტყჳან მათე და მარკოზ, ისმინე: „მაშინ იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა,
    47.     რამეთუ ჯერ-არს მისი აღსლვაჲ იერუსალჱმდ და ფრიად ვნებაჲ მღდელთმოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა და მწიგნობართა, მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად“.
    48.     და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე!“
    49.     ხოლო მარკოზ იტყჳს: „და განცხადებულად სიტყუასა ამას იტყოდა და გარე-იყვანა იგი პეტრე და იწყო ბრალობად მისა ამის სიტყჳსათჳს.
    50.     ხოლო თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი და შეჰრისხნა პეტრჱს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ საცთურ ჩემდა ხარ.
    51.     და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნდეს შემდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“.
    52.     ეჰა, მოწყალებაჲ სახიერებისაჲ უფლისაჲ!
    53.     დაღათუ შეჰრისხნა მოწაფესა მას, მუნქუესვე მოუწოდა მას შედგომად კუალსა მისსა, მსგავსად მისსა სიკუდიდ ჯუარითა.
    54.     და მერმეცა კადნიერ იქმნა თანავნებად მისა, ხილვითა მით დიდებულითა ღმრთივ ბრწყინვალესა მთასა მას ზედა.
    55.     ხოლო პირველად იტყჳს: „გეტყჳ თქუენ ჭეშმარიტად, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ მომავალი ძალითა.
    56.     და „შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნაო“.
    57.     აწ შენ გულისხმა-ყავ, რამეთუ ექუსი დღე თჳთ არს იგი, რომელსა შინა იტყოდა სიტყუათა ამათ მოწაფეთა მიმართ თჳსთა და მერმე წარჴდეს ექუსნი დღენი და შემდგომად ექუსთა მათ დღეთა იყო დღჱ, რომელსა შინა წარიყვანა პეტრე და იაკობ და იოვანე და უჩუენა დიდებაჲ თჳსი.
    58.     აწ უკუე ამისთჳს ვიდრემდე თქუა ლუკა მახარებელმან: „და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღჱ, არა თქუა, ვითარმედ: იყო შემდგომად რვისა დღისა.
    59.     ხოლო მათე იტყჳს: შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნაო.
    60.     რამეთუ პირველ თქუა დღე იგი, რომელსა შინა იტყოდა უფალი, ვითარმედ: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ ვიდრემდჱ იხილონ ძჱ კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა“.
    61.     აწ უკუე ამისთჳს ვიდრემდე თქუა ლუკა მახარებელმან: „და იყო, შემდგომად ექუსისა დღისა ვიდრემე დღენი სხუანი წარჴდეს და მერმე შემდგომობაჲ იგი გჳჩუენებს,
    62.     ვითარმედ იყო სხუაჲ დღჱ და არა მეექუსე იგი დღჱ და ჭეშმარიტად იქმნა სიტყუაჲ იგი ლუკაჲსი, ესე დღეთა ამათ რიცხჳსა შეერთებისათჳს ვთქუთ“.
    63.     ხოლო აწ ამასვე სიტყუასა მოვიდეთ: „და წარიყვანა იესუ მთასა მაღალსა და იცვალა სხუად ფერად და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალჱ, სპეტად, ვითარცა თოვლი და ბრწყინვიდა პირი მისი, ვითარცა მზჱ“, რომლისა ბრძანებითა აღმოჰჴდის მზჱ და უწინარჱს მზისა იყოს სახელი მისი.
    64.     ვითარ-მე ესწორების ბრწინვალებასა მისსა ბრწყინვალებაჲ მზჱსაჲ?
    65.     არამედ ჩუენთჳს ესრჱთ დაიწერა, რამეთუ არარაჲ უხილავს ბუნებასა კაცთასა უბრწყინვალესი მზისა, რავდენ-იგი შემძლებელ არს გონებაჲ შეწყნარებად თუალით ხილვად, ეგოდენცა მოგუეთხრობვის.
    66.     და ეჩუენნეს მათ მოსჱ და ელია მის თანა და თანა-ზრახვიდეს დიდებითა და ეტყოდეს განსლვასა მისსა, რამეთუ ეგულებოდა აღსლვად იერუსალჱმდ.
    67.     ხოლო პეტრე და მისთანანი იგი დამძიმებულ იყვნეს ძილითა და, გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი.
    68.     ჵ დიდი საიდუმლოჲ და გამოუთქუმელი საკჳრველი!
    69.     აქა დამძიმებულთა ძილითა თავთა მათ მოწაფეთა უჩუენა დიდებაჲ მისი და ღამესა მას მიცემისა მისისასა, ოდეს მიეცემოდა ცხორებისათჳს სოფლისა ნებსით სიკუდიდ და ამათვე მოწაფეთა, დამძიმებულთა ძილითა,
    70.     უჩუენა მწუხარებჲ და ურვაჲ მისი და სიმდაბლითნი იგი სიტყუანი მისნი, რომლითა, რაჟამს ესმნეს: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე“, არა შეორგულდენ ურწმუნოებით,
    71.     არამედ განძლიერდენ სარწმუნოებით, მოიჴსენონ, რამეთუ ესე არს, რომელი იხილეს დიდებითა საშინელითა და ბრწყინვალებითა გამოუთქუმელითა მთასა მას ზედა.
    72.     ესე არს, რომელსა აქუნდეს მოსჱ და ელია, რომელნი მოიტაცა დღესა მას თანამზრახვალად თჳსა, ვითარცა მეუფემან ძლიერმან, ერთი – სიმაღლეთაგან უხილავთა, ხოლო მეორე იგი – ქუესკნელთაგან ქუეყანისათა.
    73.     და ეტყოდეს ვნებისათჳს მისისა იერუსალჱმს, რომლისათჳს-ესე აწ შეწუხებულ არს და იტყჳს: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ სასუმელი ესე“.
    74.     უკუეთუმცა არა აქუნდა რაჲმე სიტყუასა ამას საიდუმლოჲ, რომელი ვერ გჳცნობიეს, ვითარ მეტყოდა ჩუენ პირველად, ვითარმედ: „ჯერ-არს ძისა კაცისა ფრიადი ვნებაჲ და შეურაცხებაჲ“?
    75.     და რომელთა არა შეიწყნარჱს ჩუენთაგანთა სიტყუაჲ ესე და აბრალობდეს მას, ამისთჳს შეჰრისხნა მათ და ეშმაკით ჰჴადოდა.
    76.     და მცირედრე შემდგომად გჳჩუენა დიდებაჲ მისი და ხატი სუფევისა მისისაჲ და წინაწარმეტყუელნი იგი, რომელნი ვიხილენით მის თანა მდგომარენი, რომელთა გუასმინა სიტყუაჲ ვნებისა მისისათჳს.
    77.     ანუ არა ესრჱთვე დამძიმებულ იყვნეს თუალნი ჩუენნი ძილითა ჟამსა მასვე ხილვადმდე დიდებისა მისისა ესევითარისა გულისხმისა-ყოფისათჳს და მოჴსენებისა?
    78.     უჩუენა უფალმან დიდებაჲ თჳსი მათ ხოლო მოწაფეთა და არა სხუათა.
    79.     მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა: „უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ.
    80.     ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსჱსთჳს და ერთი ელიაჲსთჳს, რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა“.
    81.     აწ უკუე ვინაჲ გულისხმა-ყო მოციქულმან, რამეთუ იყვნეს თანამზრახვალნი იგი მოსჱ და ელია, რამეთუ არცა პირნი მათნი იხილნეს და არცა ჟამთა მათთა მეცნიერ იყო?
    82.     არამედ ვჰგონებ, ვითარმედ ეტყოდა მოსჱ უფალსა: უფალო, ჯერ-არს შენდა ჴსნაჲ ჩუენი ჴელთაგან სიკუდილისათა და განჴსნაჲ საკრველთა ჩუენთაჲ ნებსით სიკუდილითა შენითა და განხუმაჲ ბჭეთა ჯოჯოხეთისათაჲ ჯუარითა შენითა,
    83.     და მერმე აღმოყვანებაჲ ერისა შენისაჲ და გამოჴსნაჲ მათი ჴელთაგან ეშმაკისათა, ვითარცა-იგი მე ძალითა შენითა კუერთხითა განვაღჱ ზღუაჲ და ბრძანებითა შენითა აურაცხელსა სიბნელესა უფსკრულთასა უჩუენე ნათელი მზისაჲ და გამოვიყვანე ერი იგი ჴელთაგან ფარაოჲსთა.
    84.     და ესე ვქმენ წინაჲსწარ სახედ ჯუარისა ვნებისა შენისა და შენ მიერ განხეთქისა საკრველთა ჩუენთაჲსა, რომელნი „ვსხედთ ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა“,
    85.     რამეთუ პირველ ვთქუ ჯუარსა შენისათჳს ერისა მიმართ, ვითარმედ იყოს ცხორებაჲ თქუენი დამოკიდებული წინაშე თუალთა თქუენთა.
    86.     ხოლო ელია იტყოდა: ვიდრემდის, უფალო, დაიდუმებ ჭირსა მონათა შენთასა მძლავრებისაგან ეშმაკისაჲსა?
    87.     ანუ არა დასაბამითგან შთანთქნა ქმნულნი შენნი და განდრიკა გული ერისა შენისაჲ მონებად ბაალისა, რაჟამს-იგი მოწყჳდნეს წინაწარმეტყუელნი შენნი და დაარღჳნეს საკურთხეველნი შენნი და ეძიებდეს სულსაცა ჩემსა?
    88.     ხოლო შენ განმარინე მე და აღმიტაცჱ ქუეყანით.
    89.     აწ, უფალო, აღასრულჱ. რომლისათჳსცა მოსრულ ხარ და იჴსენ გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა ჭირული და დავრდომილი.
    90.     რომელსა არა აქუს მწჱ, რამეთუ შენ ხარ, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჰჴედ, შეახე მთათა და აჰა ესერა კუმანან ღრუბლითა ნათლისაჲთა,
    91.     ვითარცა-იგი მთასავე ზედა მიჩუენე მე დიდებაჲ შენი ხილვითა მით ოთხფერად, მარქუ: გამოხჳდე ხვალე და დასდგე წინაშე უფლისა მთასა ზედა, და ესერა უფალი წარმოვიდოდის და სული ძლიერებისაჲ დაარღუევდეს მთათა და შეჰმუსრვიდეს კლდეთა წინაშე უფლისათა.
    92.     და შემდგომად სულისა მის ძრვაჲ და შემდგომად ძრვისა ცეცხლი და მერმე ჴმაჲ ნიავისა წულილისაჲ და მას შინა უფალი.
    93.     და რაჟამს ვიხილე იგი, მივიბურჱ პირსა ჩემსა, რამეთუ ვერ ვიკადრებდი მოხედვად საშინელებასა დიდებისა შენისასა.
    94.     ხოლო აწ გხედავ ხატითა მონისაჲთა და გულისხმა-გყოფ გამოუთქუმელსა შენსა კაცთმოყუარებასა.
    95.     და რამეთუ ჴსნისათჳს კაცთაჲსა გარდამოჰჴედ ქუეყანად, არამედ შეწევნად მათა ისწრაფჱ.
    96.     ესე და მსგავსნი ამათნი ვიდრემე სიტყუანი ესმოდეს სიმონ- პეტრჱს და მის გამო გულისხმა-ყო, რამეთუ იგინი არიან მოსჱ და ელია.
    97.     ჰრქუა: უფალო, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა.
    98.     ვიდრე იგი იტყოდა ამას, აჰა, ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ.
    99.     დიდი საიდუმლოჲ უფლებისა შენისაჲ, ქრისტჱ!
    100.     არავინ სხუანი მოიყვანნა წინაწარმეტყუელთაგანნი, გინა თუ მამათმთავარნი, არამედ რომელნი-იგი ჩუეულ იყვნეს შესლვად მთათა მათ მკმოლვარეთა და ღრუბელსა ნათლისასა და სმენად ჴმასა მას საშინელსა და ოხრასა შესაძრწუნებელსა და საუცრებასა დიდსა.
    101.     ჵ მოსჱ, ნუ გეშინინ, რამეთუ არა არს აქა წყუდიადი ბნელი, არამედ ნათელი ყოვლად თაყუანისსაცემელი სამებისა წმიდისაჲ.
    102.     არა საყჳრისა ოხრაჲ, არცა სიტყუანი, განსაკუთრებულნი, რომელთაგან-იგი ვიემე იჯმნეს სრულიად.
    103.     არამედ ჴმაჲ სიტყუათა უფლისათაჲ ერთგულსა ზედა ძესა: „ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ“!
    104.     არღარა იდევნებიან მიერ მთით მჴეცნი ველისანი, არამედ მოიტაცებიან მჴეცთბუნებანი წარმართნი შვილ-ყოფად ღმრთისა, ცხოველისა ეკლესიისა პირმშოთასა, აღწერილსა ცათა შინა, წოდებად მართალთა ზედა სახელი ახალი იესუჲსი, რომელი-იგი ახლისა შჯულისა იქმნა შუვამდგომელ.
    105.     და არცაღა შენ, ელია, იხილო ოთხფერი ხილვაჲ იგი, არამედ ერთი ღრუბელი, რომელი აგრილობს სამ ტალავრობით, რამეთუ „რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა და იქცევის იგი ფრთეთა ზედა ქართასა“, მას ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა.
    106.     იგი, რომელმან „მოხედის ქუეყანასა და შეაძრწუნის იგი და შეახის მთათა და კუმოდიან“, ამას მთასა ზედა ღრუბელი აგრილობდაო.
    107.     და ჴმაჲ იყო ღრუბლითა გამო და თქუა: „ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ!“, ვითარმედ არა უკუე კადნიერ ქმნულ იყოს სიმონ სმენითა მით ჴმისაჲთა და გულისხმა-ეყოს მოწაფეს მას,
    108.     ვითარმედ: იგი არს, რომელმან ჰრქუა მას: „მიეცეს ძჱ კაცისაჲ ჴელთა უშჯულოთასა და მესამესა დღესა აღდგეს“, შემძლებელ არს საქმით აღსრულებად.
    109.     და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა მათსა და შეეშინა ფრიად.
    110.     და შევიდა იესუ მათ, ძლიერი იგი მოვიდა უძლურთა თანა, რაჲთა უძლურნი იგი განაძლიერნეს.
    111.     უფალი მოვიდა მონათა თანა, რაჲთა მონათა ნუგეშინი-სცეს.
    112.     ღმერთი მოვიდა კაცთა თანა, რაჲთა კაცნი განამტკიცნეს.
    113.     მოძღუარი მოვიდა მოწაფეთა თანა, რაჲთა მოწაფენი აღჰმართნეს.
    114.     და მოვიდა იესუ, შეახო მათ ჴელი, რომლისა ჴელსა შინა არიან ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და სიმაღლე მთათაჲ მისი არს.
    115.     და მან მთასა ზედა მაღალსა შეახო ჴელი მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: „აღდეგით, ნუ გეშინინ“.
    116.     ესე ყოველი იქმნებოდა, რაჲთა პირველი იგი სიტყუაჲ დაამტკიცოს, რომელ ჰრქუა მათ, ვითარმედ: „მესამე დღესა აღვდგეო“.
    117.     და რომელი-იგი თქუა: „რომელსა უყუარდე მე, აღიღენ ჯუარი თჳსი და მომდევდინ მე!“
    118.     ესე სიტყუაჲ ჰრქუა პეტრჱს, რაჲთა დაითმინოს ჯუარითა სიკუდილი მსგავსად უფლისა თჳსისა.
    119.     ესრჱთვე შემდგომად აღდგომისაცა აუწყებდა პეტრჱს და ეტყოდა: „განგიპყრნენ ჴელნი შენნი და სხუანი შეგარტყმიდენ.
    120.     ესე თქუა და აუწყა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი“.
    121.     და აქა გარდამოსლვასა მათსა მთისა მისგან ეტყჳს: „ნუვინ უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს!“
    122.     ხოლო შემდგომად აღდგომისა უბრძანებს: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა!“
    123.     აწ მოვედით, ძმანო საყუარელნო და ნეტარებასა ჩინებულნო, და თაყუანის-ვსცეთ მოძღუარსა მას, რომელმან დამიმოწაფნა ჩუენ და ვაქოთ ღმერთი,
    124.     რომელმან ღირს-მყვნა ჩუენ ქორწილსა მას ძისა თჳსისასა და რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ სახელითა მამისაჲთა და ძისათა და სულისა წმიდისაჲთა.
    125.     ვიხარებდეთ დღესასწაულსა ამას ტალავრობისასა, რომელსა შინა აუწყა უფალმან მესამეს დღესა აღდგომაჲ თჳსი სამთა მათ დიდებულთა მოციქულთა მისთა და მათ თანავე ვაკურთხევდით სამებასა წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი