მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება ორმოცდამერვე

 

1.     48. ბ. საკითხავი, თქუმული იოვანჱ ეპისკოპოსისაჲ, რაჟამს ფერი იცვალა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მთასა წმიდასა თაბორს
    2.     ეჰა, დიდებული, საკჳრველი, გამოუთქუმელი და გამოუკულეველი, მიუწდომელი, რომელი იხილა დღეს ნათესავმან კაცთამან.
    3.     ვხედავთ დღეს ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცსა ვხედავთ ცათა შინა და ამას ვხედავთ ღმერთსა სრულსა ყოვლითავე დიდებითა და კაცსა სრულსა ყოვლითავე თჳნიერ ცოდვისა.
    4.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, მთავარი იგი ანგელოზთაჲ ვისა მიერ მიივლინა ქალწულისა მარიამისა ხარებად?
    5.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, საშოსა შინა ქალწულისასა ვინ დაიმკჳდრა?
    6.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, წინამორბედმან საშოჲთ გამო ვის თავყანის-სცა სიხარულით?
    7.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ბეთლემს ქუაბსა შინა ვინ იშვა?
    8.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, ანგელოზისა მიერ ხარებითა ვისსა მიივლინნეს მწყემსნი ხილვად და თაყუანისცემად, რომელიცა იხილეს შეხუეული და მწოლარე ბაგასა,
    9.     რომელსაცა თაყუანის-სცეს და ანგელოზთა თანა ღაღადებდეს და იტყოდეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ?“
    10.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, დღესა მერვესა წინადაცუეთად ვისა მოვიდეს?
    11.     გინა თუ დღესა მას მეორმოცესა განწმედისა მათისასა აღმოიყვანეს ტაძრად უფლისა ვითარცა ჩჩჳლი?
    12.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, მკლავთა ზედა სჳმონისთა ვინ მიიქუა ღმერთი და იჯმნიდა იგი, ვითარცა მონაჲ თჳსისა უფლისაგან?
    13.     და იტყოდა: „აწ, უფალო, განუტევე მონაჲ შენი მსგავსად სიტყჳსა შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი“.
    14.     და მსგავსად მისა ანაცა წინაწარმეტყუელი, ვითარცა „ღმერთსა, „აღუვარებდა“ და თაყუანის-სცემდა.
    15.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, მარიამ დედამან და იოსეფ ვინ წარიყვანეს გალილეად ვითარცა ჩჩჳლი?
    16.     ვითარცა წმიდაჲ სახარებაჲ იტყჳს: „ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა და აღივსებოდა იგი სიბრძნითა და მადლი ღმრთისაჲ იყო მის თანა“.
    17.     და შემდგომად მეორისა წლისა აღმოიყვანეს იგი ბეთლემდვე, რაჲთა იხილონ იგი მოგუთაცა ბეთლემსვე შინა.
    18.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, ვისა მოვიდეს მოგუნი იგი აღმოსავალით ძღუნითა ვარსკულავისა უწყებითა, რომელთაცა იხილეს ბეთლემს, სახლსა მას შინა, ვითარცა წმიდაჲ სახარებაჲ იტყჳს: რომელსაცა თაყუანის-სცეს, რომლისაცა „შეწირეს ძღუენი: ოქროჲ, მური და გუნდრუკი“.
    19.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ჰეროდე მეფე ვის ეძიებდა მოკლვად?
    20.     რომლისათჳსცა უბრძანა მოწყუედაჲ ყრმათა ბეთლემისათაჲ „ორით წლითგანნი და უდარესნი.
    21.     ვითარცა გამოიკითხა ჰეროდჱ მოგუთა მათგან ჟამი იგი გამოჩინებისაჲ მის ვარსკულავისაჲ“, რომლისათჳს, ჩუენებითა ანგელოზისაჲთა ივლტოდა ეგჳპტედ და იყო მუნ ვიდრე სიკუდილადმდე ჰჱროდესა.
    22.     და ვითარცა მოკუდა ჰეროდე, ჩუენებითა ანგელოზისაჲთავე გამოვიდეს ქუეყანად ისრაჱლისა.
    23.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, იოვანე წინამორბედი ვისთჳს ღაღადებდა და იტყოდა, ვითარმედ: „უძლიერჱსი ჩემსა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელთა ჴამლთა მისთასა?“
    24.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, იორდანჱს ნათელი ვინ მოიღო იოვანჱსგან?
    25.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, სული წმიდაჲ ვის ზედა გარდამოჴდა ზეცით ჴორციელითა ხილვითა და ჴმაჲ მამისაჲ ისმოდა ზეცით: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“.
    26.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ვინ განიცადებოდა უდაბნოსა ორმეოც დღე ეშმაკისაგან?
    27.     და ორმეოც დღჱ პური არა ჭამა და წყალი არა სუა?
    28.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, კანას გალილეაჲსასა წყალი ღჳნოდ ვინ გარდააქცია?
    29.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, და-ვინ-ჯდა ლაკუასა ზედა მშურალი გზისა მისგან?
    30.     და თუ არა ვთქუათ ყოველივე მიწყებით შემოკლებისა ამისთჳს ჟამისა, რამეთუ იციან ყოველი შვილთა ეკლესიისათა ჴორციელებრი სიმდაბლჱ და ღმრთეებრი სიმაღლჱ, და არა თუ დავაგდებთ ქუე კაცობრივსა მას ბუნებასა,
    31.     არამედ ვადიდებთ ღმრთეებრ განკაცებასა მისსა და ამას უფროჲს აღვიარებთ, რამეთუ ღმერთი არს ესე დაუსაბამოჲ, საუკუნეთა შემოქმედი, რომელმან უთხრა ყოველივე, რაჲცა ექმნა დედაკაცსა მას სამარიტელსა.
    32.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ვინ „წარიყვანნა პეტრე, იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა?“
    33.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, ვინ იცვალა ხატი დიდებით მთასა ზედა თაბორსა, რამეთუ „გამობრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზჱ და იქმნა სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი?“
    34.     და მოვიდეს მოსჱ და ელია და ამას აუწყებდეს, ვითარმედ უფალი არს ესე ცხოველთა და მკუდართაჲ.
    35.     და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ვის ეტყოდა პეტრე: „უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ.
    36.     გნებავს თუ, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა“?
    37.     და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, მეყსეულად ვისსა მიივლინა ღრუბელი მაგრილობელად და ჴმაჲ მამისაჲ ზეცით ისმოდა: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ?“
    38.     ხოლო იესუ სხუანიცა სასწაულნი, რომელნი ქმნნა დიდ- დიდნი, რომელნი წერილ არიან წმიდათა სახარებათა შინა, რომელმან ხუთითა ჴუეზითა ხუთ ათასნი განაძღნა და შჳდითა ჴუეზითა ოთხ ათასნი,
    39.     რომელმან ქართა და ზღუასა შეჰრისხნა და დაყუდნეს, რომელმან სიტყჳთა მკუდარნი აღადგინნა და ბრმათა თუალნი აღუხილნა და ყრუთა ყურითა ასმინა და განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე, აღადგინა და ვითარცა-იგი პირველ ვთქუთ,
    40.     დაღაცათუ ყოველი არა მიწყებით ვთქუთ მისთჳს, რომლისათჳს-იგი შეკრებულ ვართ, რომლისათჳსცა-იგი ვეძიებთ, რომლისათჳსცა არს სიტყუაჲ ესე, რომელსაცა-ესე დღეს ზედა ვდგათ წმიდასა ამას დღესა, ფერისცვალებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა,
    41.     რაჟამს-იგი გამოუბრწყინა დიდებაჲ თჳსი მოწაფეთა თჳსთა, წამებს და იტყჳს წმიდაჲ სახარებაჲ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრჱ, იაკობ და იოვანჱ“, აწ უკუეთუ ვინმე მალემსმელთაგანმან იკადროს და თქუა,
    42.     ვითარმედ: ესრჱთ იტყჳს წმიდაჲ ლუკაჲ მახარებელი: „და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღჱ“, ნანდჳლ და ჭეშმარიტად იტყჳს, ხოლო ორნი ესე მათჱ და მარკოზ ესრე იტყჳან: „და შემდგომად ექუსისა დღისა“,
    43.     არამედ უკუეთუ სცნათ და გულისხმა-ყოთ, სამნივე ერთსა წამებასა წამებენ, რამეთუ იტყჳს მათჱ მახარებელი: „მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია-ფილიპისათა და იწყო კითხვად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ვის-მე ჰგონებენ კაცნი ძისა კაცისა ყოფად?
    44.     ხოლო მათ ჰრქუეს მას: რომელთამე თქუან: იოვანე ნათლის-მცემელი არს“ და შემდგომითი-შემდგომად, ვითარცა წერილ არს.
    45.     და მათ სიტყუათა შემდგომად, ვითარცა იტყჳს მათე მახარებელი „შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა მან პეტრე, იაკობ და იოვანე“.
    46.     და არა თქუა, ვითარმედ მეექუსესა დღესა, არამედ შემდგომად ექუსისა დღისა, ესრე აუწყებს.
    47.     უკუეთუ გინდეს ცნობის და გულისხმის-ყოფის, იპყარ პირველი დღჱ, რომელსა-იგი დღესა ჰკითხვიდა მაცხოვარი მოწაფეთა თჳსთა და იპყრენ დღენი ექუსნი სხუანი, და იპყარ კუალად ერთი დღჱ შემდგომად ექუსისა დღისა და ესე ყოველნი აღირაცხებიან რვად დღედ,
    48.     ვითარცა ლუკა მახარებელი იტყჳს, და „შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე წარიყვანნა მან პეტრე, იაკობ და იოვანე“.
    49.     ამისთჳსცა ნანდჳლ და ჭეშმარიტად თქუა მათე, ვითარმედ: „შემდგომად ექუსისა დღისა“...
    50.     პირველი იგი დღჱ არა აჴსენა, არამედ ესთენ ოდენ თქუა: „შემდგომად ექუსისა დღისა“...
    51.     ესე შეთქმულებაჲ წმიდათა მათ მახარებელთაჲ!
    52.     ეჰა, ერთ პირობაჲ წმიდათა მათ მოციქულთა ქრისტჱსთაჲ აჰა, შეზავებაჲ ვითარცა მარილთაჲ მოწაფეთა მათ მაცხოვრისათაჲ!
    53.     ვითარ ერთ სიტყუაჲ არიან, ვითარცა ერთითა პირითა.
    54.     ხოლო ჩუენ მივისწრაფოთ მუნვე და მივიდეთ, რომლისათჳსცა შეკრებულ ვართ, რომელსაცა-იგი ვეძიებთ, რომელსაცა-ესე ვიტყჳთ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანჱ“.
    55.     ესე პეტრე იყო ძმაჲ ანდრიაჲსი, რომელიცა პოვა იესუ ნავსა მას შინა პირველად ძმისა მისისა ანდრიაჲს თანა, რომელსაცა უწოდა იესუ, ხოლო მათ დაუტევეს ყოველი და შეუდგეს მას.
    56.     ესე პირველად მოიგნა მოწაფენი უწინარჱს ყოველთა მოწაფეთა და მცირედრე შემდგომად იაკობ და იოვანე, ძენი ზებედჱსნი.
    57.     ესენიცა პოვნა ნავსა შინა მამისა თჳსისა ზებედჱსა თანა და უწოდა მათ იესუ, ხოლო მათ დაუტევჱს ყოველი და მამაჲცა მათი ზებედჱ ნავსა შინა და მისდევდეს მას.
    58.     ესე პეტრე, თავი ყოველთა მოციქულთაჲ, ესე ძენი ზებედჱსნი, რომელთაცა-იგი უწოდა იესუ „ძენი ქუხილისანი“, ესე სამნი თავნი მოწაფეთანი წარიყვანნა იესუ თჳსაგან და თანა აქუნდეს იგინი.
    59.     და აღიყვანნა იგინი მთასა მას მაღალსა და იცვალა იგი მათ წინაშე სხუად ფერად და გამობრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზჱ, ხოლო სამოსელი მისი იქმნა, ვითარცა თოვლი, სპეტაკ.
    60.     რაჲსათჳს-მე, ანუ ვითარ-მე?
    61.     რამეთუ გამობრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზჱ, რამეთუ ღმრთეებაჲ უბრწყინვალჱს არის მზისთუალისა და უმჴურვალჱს არს ალისა მის ცეცხლისა.
    62.     არამედ ესოდენ შეუძლეს წმიდათა მოციქულთა გამოთქუმად და უწყებად ჩუენდა, რამეთუ ქუეყანასა ზედა არაჲ ვიცით უბრწყინვალჱს მზისა.
    63.     და რამეთუ სამოსელი მისი იქმნა, ვითარცა თოვლი და ვითარცა ნათელი უბრწყინვალჱს ნათლისა და ელვისა და თოვლისა.
    64.     არავე რაჲ ვიცით, არცა გჳხილავს რაჲ ქუეყანასა ზედა, ამისთჳსცა ესოდენ გუაუწყეს წმიდათა მოციქულთა მათ.
    65.     ვითარცა იხილეს ესე ყოველი ესრჱთ, შეშინდეს ფრიად და შეძრწუნდეს.
    66.     მეყუსეულად მუნქუესვე ეჩუენნეს მათ მოსჱ და ელია.
    67.     თანა-უდგეს და ზრახვიდეს უფალსა.
    68.     ჵ დიდი საკჳრველი და გამოუთქუმელი და მიუწდომელი!
    69.     ჵ დიდი საიდუმლოჲ, რამეთუ მოსჱ მკუდრეთით აღდგა და მოვიდა და ელია ამაღლებული მოვიდა.
    70.     და ესე მოციქულთა მათ და მოწაფეთა ქრისტჱსთა არა იცოდეს, ვითარმედ ესე მოსე არს, გინა ესე ელია.
    71.     არცაღათუ უფალმან და მაცხოვარმან აუწყა მათ, რომელი მოსე არს, ანუ რომელი – ელია.
    72.     არამედ განიზრახვიდეს გულითა მათითა, წამს-უყოფდეს ურთიერთას და იტყოდეს: ვინ-მე არიან ესენი, რომელნი მეყსეულად მთასა ამას ზედა თაბორსა გამოჩნდეს?
    73.     მაშინ იხილეს, რამეთუ ერთსა მას ჰქუნდეს ფიცარნი ქვისანი, რომელთა შინა წერილ იყვნეს სიტყუანი შჯულისანი, გულისხმა-ყვეს, რამეთუ ესე მოსე არს შჯულისმდებელი იგი ისრაჱლისაჲ.
    74.     და ერთსა მას ხედვიდეს, რამეთუ ეტლითა ცეცხლისაჲთა მოსრულ იყო, გულისხმა-ყვეს, ვითარმედ ესე არს ელია, რომელი აღმაღლდა ეტლითა ცეცხლისაჲთა, რეცა თუ ვითარცა ზეცად.
    75.     და ვითარცა ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ ერთი მოსჱ არს და ერთი არს ელია, მაშინ გულისხმა-ყვეს, რამეთუ უფალი არს ესე ცხოველთა და მკუდართაჲ.
    76.     მაშინ შეშინებული და შეძრწუნებული პეტრე ეტყოდა იესუს: „უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ.
    77.     გნებავს თუ, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა“.
    78.     უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ.
    79.     გიხილეთ შენ, ვითარმედ შენ ხარ უფალი ცხოველთა და მკუდართაჲ.
    80.     უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ სიტყჳსა მისთჳს, რომელი მაუწყე ჩუენ უწინარჱს დღეთა ვნებისა შენთჳს, რაჲთა დავადგრეთ მთასა ამას თჳსაგან.
    81.     უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, რამეთუ ვიხილეთ ჩუენ მოსე, რომელსა ჰქონან ფიცარნი შჯულისანი.
    82.     ვხედავთ ელიასცა, რომელი ზის ეტლთა ცეცხლისაჲთა, და თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ,
    83.     აჰა, „ღრუბელი ნათლისაჲ მოვიდა და აგრილობდა მათ და მეყსეულად მუნქუესვე ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ.
    84.     მაგისი ისმინეთ“.
    85.     და ვითარცა ესმა ჴმაჲ ესე მოწაფეთა მათ, შეეშინა და შეძრწუნდეს, დაცჳვეს პირსა ზედა ქუეყანისასა და ყოვლადვე ძალი მათგან განეყენა და ზე ახილვადცა თუალთა მათთა ვერ ეძლო და პირდაქცევით ისხნეს, ვითარცა წყალნი დათხეულნი.
    86.     მაშინ მოვიდა მათა იესუ, ჴელი შეახო მათ, იწყო ნუგეშინისცემად მათა და ჰრქუა: „აღდეგით!
    87.     მე ვარ, ნუ გეშინინ“ ხოლო მათ, ვითარცა „აღიხილნეს თუალნი მათნი, არღარა ვინ იხილჱს, გარნა იესუ მარტოჲ“.
    88.     ეძიებდეს გულითა მათითა, განიზრახვიდეს გონებასა მათსა, გულისხმა-ჰყოფდეს გულითა მათითა, ჰხედვიდეს ურთიერთას, შეიწუებოდეს თირკუმელნი მათნი,
    89.     მიმოდასდებდეს თუალთა მათთა სურვიელად მოსჱსთჳს და ელიაჲსთჳს, განკჳრვებულ იყვნეს, ერთობით ეძიებდეს წადიერად და საძიებელსა არა ჰპოვებდეს.
    90.     უკჳრდა მეყსეულად მიფარვაჲ იგი მათი.
    91.     ეშინოდა და ვერ შეუძლებდეს კითხვად მეუფისა და უფლისა ცხოველთა და მკუდართასა.
    92.     და ვითარცა ვერ ჰკითხეს შიშისაგან, წარმოემართნეს მთისა მისგან თაბორისა და გარდამოვიდოდეს.
    93.     და მგზავრ ასწავებდა და ეტყოდა: გაჴსოსა, რამეთუ უწინარჱს დღეთა ამათ გაუწყე თქუენ ვნებისა ჩემისათჳს?
    94.     და აწცა გამცნებ თქუენ და გასწავებ და გითხრობ: „ნუ ვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრედმდის ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს“, ნუ ვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრედმდის არა მიხილოთ გალილეას, და განიხილნეთ ჴელნი ჩემნი და გუერდიცა, სამშჭუალითა და ლახურითა განღებული.
    95.     და კუალად გეტყჳ თქუენ: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის არა მიხილოთ მე აღმაღლებული ზეცად.
    96.     ხოლო წმიდათა მათ მოციქულთა და მოწაფეთა ქრისტჱსთა ისმინეს ესე პირისაგან მაცხოვრისა და დაისხნეს ესე გულთა შინა მათთა
    97.     და შემდგომად აღდგომისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა მკუდრეთით და ზეცად ამაღლებისა მიმოდაეფინნეს ყოველსა ქუეყანასა და მოგუაქცინეს ჩუენ, წარმართნი შეცთომილნი,
    98.     და მიმოდადვეს ყოველსა სოფელსა და სახარებაჲ იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი ყოველსა სოფელსა უქადაგეს, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ და პატივი და თაყუანისცემაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი