|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება მეორმოცე
1. 40. გ. საკითხავი, თქუმული ევსებისი, შობისათჳს იოვანჱ ძისა ელისაბედისა კირიელეისონ! 2. იყო სიტყუაჲ იოვანჱსა მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, ჴმაჲ ღაღადებისაჲ: „განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი“. 3. აწ გითხარ შობისათჳს იესუჲსა, საყუარელნო, აწ იოვანჱს შობისათჳს და ნათლისღებისათჳსცა ვიწყოთ თხრობად ამიერითგან. 4. და ვისწავოთ სიტყუაჲ, თუ ვითარ მოვიდა ნათლისღებად იოვანჱსგან აწ რაოდენისა წლისა შემდგომად შობისა მისისა ქალწულისაგან, 5. რამეთუ ოცდაათის წლის ყოფილ უფალი ჩუენი, რაჟამს მოვიდა ნათლისღებად იოვანჱსგან, ნათელ-იღო და განწმიდნა სიმრავლჱ იგი წყალთაჲ და ყოველთა ცის კიდეთა სიწმიდჱ და ჴსნაჲ მოგუანიჭა. 6. და თჳთ გამოეცხადა სოფელსა, რამეთუ უწინარჱს ნათლისღებისა თჳსისა არცა სასწაული რაჲ ექმნა, არცა სოფელსა გამოცხადებულ იყო. 7. რამეთუ ოთხთა მათ მახარებელთა ეგრე გჳთხრეს ჩუენ, ვითარმედ შემდგომად ნათლისღებისა მისისა მაშინ იწყო ყოფად სასწაულთა და ნიშებსა შორის ერსა მას. 8. აწ რამეთუ ნათელ-იღო, არა თუ მას უჴმდა ნათლისღებაჲ, რამეთუ ცოდვაჲ მან არა ქმნა და არცა იპოვა პირსა მისსა ზაკუვაჲ, არამედ ჩუენთჳს ნათელ-იღო, 9. რაჲთა ჩუენ გუცეს ნათლისღებისა მის ნიჭი, რამეთუ წყალთა შინა დათრგუნა ეშმაკი და თავი მისი შემუსრა, ვითარცა თქუა დავით წინაწარმეტყუელმან: „შენ შეჰმუსრჱ თავები ვეშაპისაჲ წყალთა შინა და მიეც საჭმლად ერსა მას ჰინდოეთისასა“. 10. ვეშაპად თქუა გონებაგულარძნილი ეშმაკი, ხოლო წყლად თქუა იორდანისა იგი ნათლისღებაჲ, ხოლო ჰინდოდ – ჩუენ ესე, რომელ წარმართთაგანნი ვიყვენით და აწ მორწმუნენი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსისა ვართ. 11. და რაჲსათჳს-მე ეთიოპელ თქუა? 12. რამეთუ უწინარჱს შობისა იოვანჱსისა და გამოსლვისა უფლისა და ნათლისღებისა მისისა შავ ვიყვენით და შიშავისათჳს ცოდვისა თქუა. 13. რამეთუ საჭმელად მოგუცა ჩუენ, არა თუ რაჲთა ვჭამოთ იგი, არამედ რაჲთა დავთრგუნოთ იგი ჴელითა ნათლისღებისაჲთა, რაჲთა იგი დასათრგუნველად ჩუენდა დაეცეს. 14. უკუეთუ ნათლისღებაჲ იგი უბიწოდ დავიცვეთ, ჴელმწიფე ვართ დათრგუნვად და შემუსრვად თავსა მის ვეშაპისასა. 15. იხილე ესეცა, ვითარ-იგი მოგუასწავა ჩუენ დატკებნად გუელი და ღრიანკალი და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, რამეთუ გუელსა მას ენასა თჳსსა აქუს გესლი, ხოლო ღრიანკალსა –ბოლოსა. 16. ესე თჳთ თავითგან ვიდრე ბოლოდმდე ჴელმწიფებაჲ მოგუცა ჩუენ, რაჲთა დავთრგუნოთ ყოველი ძალი მისი. 17. ამისთჳს ეტყჳს წინამორბედი ერსა: „ნაშობნი ასპიდისანო და იქედნისანო“, ამის ჯერისათჳს მოვიდა იორდანედ ნათლისღებად, რაჲთა დაჰჴსნეს ძალი იგი მტერისაჲ და გამოცხადებად თავისა თჳსისა, ვითარმედ იგი არს ძჱ ღმრთისაჲ. 18. რამეთუ ნათლისღებასა მას გულისხმა-ყო იოჰანე, ვითარმედ ესე არს ძჱ ღმრთისაჲ. 19. არა პირველ უმეცარ იყო ცნობად მისსა, რამეთუ საშოსაღა შინა ელისაფეთისსა იდვა ექუსისა თთჳსაჲ, მუცლით გამო თავყანის-სცა კრთუმით, არამედ ერისა მისთჳს წამა და თითითა უჩუენებდა და თქუა: „აჰა ესერა, მოვალს კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“. 20. აწ რაჟამს მოვიდა იესუ ნათლისღებად, აყენებდა თავსა თჳსსა იოვანე, შიშითა და ძწოლით განკრთომილი ეტყოდა: „ჩემდა ჴამს ნათლისღებაჲ შენგან და შენ ჩემდა მოხუალა, უფალო?“ 21. არა მიძლავს აღმართებად მიწისაგან ესე ჴელი ჩემი ზედა უკუდავსა მაგას თავსა შენსა, რამეთუ შენგან ძწიან ქერობინნი და სერაბინნი ვერ იკადრებენ შეახლებად და მოხედვად ნათელსა პირისა შენისასა. 22. ანგელოზნი მოხედვასა შენსა შეძრწუნდიან და ცანი შეიგრაგნნიან, ვითარცა წიგნისა ტყავნი. 23. მთანი კუმანედ, ბორცუნი იცვალებიედ, „ზღუამან იხილა და ივლტოდა“. 24. და ყოველი ძწის შენისა მაგისგან ძლიერებისა. 25. და ვითარ მე, მოკუდავმან, ნათელ-გცე შენ, უკუდავსა? 26. არამედ მიწისაგანსა ამას უჴმს მოძიებად და მოღებად შემოქმედისაგან, რამეთუ მოელის ერისაგანი ესე შარავანდედისაგან, და მონაჲ მოელის კუალსა შემწეობისასა. 27. და სანთელი ესე ბნდუნვარჱ წამიერ არს ზეთის მაგის აღგებად წყალობისა შენისაჲსა. 28. მეშინის მე, უფალო, და ვერ კადნიერ ვიქმნები უკუდავებასა მაგას დასხმად წყლისა, რამეთუ ჩემგან ჴამს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ. 29. ხოლო უფალმან რაჲ ჰრქუა მას: „მომიშუშე აწ, რამეთუ ესე წეს არს ჩემდა აღსრულებად ყოვლისა მის სამართალისა ღმრთისაჲსა“, რამეთუ მერმე გამოვეცხადო სოფელსა, ვინაჲ ვარ მე. 30. ამისთჳს ვიქადაგე წინა შენსა ყოველთა წინაწარმეტყუელთაგან, მოსჱსითგან და შენდამდე. 31. ამისთჳს ეხარა ზაქარიას, მამასა შენსა, და მიდგომილ იქმნა ელისაბედ შობისა შენისათჳს. 32. და ვთქუა: „არავინ ნაშობთაგანი დედათაჲსა იპოვა უმეტჱსი და უაღრჱსი უფროჲს იოვანჱსა“. 33. აწ შენ მავასხჱ მარჯუენჱ შენი, რაჲთა აღვასრულო ყოველი წესი. 34. ამისთჳს ჴორცნი შევისხენ და კაც ვიქმენ, რაჲთა აღვასრულო ყოვლითურთ სამართალი იგი უწინარჱს განკაცებისა ჩემისა. 35. ვითარცა ცისკარი განთიადისაჲ და ვითარცა მთიები წინა-წარმოგიძღუანე შენ განმზადებად გზათა სიმართლისათა ქადაგებითა სინანულისაჲთა. 36. ამისთჳს კაც ვიქმენ და კაცობრივითა ჴელითა ვიმსახურო და რაჲთა იორდანემანცა უშიშად შემიწყნაროს და კაცნიცა შეუძრწუნებელად მომეახლნენ მე, მომიშუ აწ ამას და რომელსა-ეგე ჩინებულ ხარ, ნუ დაჰმედგრდები ნათლისცემად ჩემდა. 37. რამეთუ არა წეს არს შენდა წამებაჲ ჩემთჳს, რაჲთა არა ეგონოს სოფელსა, რეცა თუ მომადლებისა ჩემისათჳს სთქუ ესე. 38. არამედ წეს არს მამისა ჩემისა მიერ წამებაჲ ჩემთჳს. 39. და ნუგეშინისმცემელი იგი მოვიდეს და მიერითგან განვეცხადო სოფელსა ამას, თუ ვინ ვარ მე და ამისა შემდგომად მიცნან მე ჩემთა მათ, საცნაურ ვიქმნე ჩემთა მათ მიერ. 40. მაშინღა ნათელ-სცა იორდანესა ზედა. 41. „ხოლო რაჟამს აღმოვიდოდა იგი წყლით, აჰა ესერა, სული წმიდაჲ მსგავსად ტრედისა გარდამოჴდა მის ზედა. 42. იყო ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მთნდა“. 43. მაშინ ეტყოდა იოვანე, რაჟამს აღმოვიდოდა იგი მიერ წყლით, რომელსა ეტყოდა ერსა მას და ჰრქუა: „აჰა კრავი ღმრთისაჲ, ამან აღიხუნეს ცოდვანი თქუენნი“. 44. და მამაჲ ზეგარდმო წამებდა და სული წმიდაჲ დაამტკიცებდა წამებასა მამისასა. 45. შესულებამან შეიპყრა ეშმაკი და ვერ დაუთმობდა, რამეთუ ვიდრე ნათლისღებისა მოსლვადმდე ვერ შემძლებელი იქმნა ცნობად ეშმაკი, თუ ვინ არს, არამედ ეგონა, ვითარმედ ერთი ვინმე კაცთაგანი არს. 46. რამეთუ იხილა იგი და იცოდა, ვითარმედ დედაკაცისაგან იშვა და ვერ გულისჴმა-ყო ზრახვაჲ იგი საიდუმლოჲ, ვითარმედ შეცოდებისაგან ევაჲსისა გამოგუეცხადა ქალწულისაგან, რაჲთა ნათესავი იგი დედათაჲ განათავისუფლოს. 47. არამედ რაჟამს იხილა ქალწულისა ძუძუთა მწოვარი და ეგონა, ვითარცა იოვანე წიაღთა ელისაფეთისთა, ეგრევე ხედვიდა მკლავთა ზედა წმიდისა მარიამისთა, გინა ვითარცა ერთი ყრმაჲ დედისაგან და მამისაგან შობილი. 48. აწ გულისხმა-ყო, ვითარმედ მისთჳს ქადაგებდეს ყოველნი წინაწარმეტყუელნი, განჴორციელებასა მას მისსა იტყოდეს. 49. ხოლო ამან იოვანე, დიდმან წინაწარმეტყუელთა შორის, იხილა იგი საშოჲთ საშოსა შინა და თაყუანის-სცა უსიტყუელად, მდუმრიად, რაჟამს მოიკითხვიდა მარიამ ელისაფეთს. 50. ამან მაშინვე გულისხმა-ყო მოსლვაჲ ქრისტჱსი და უქადაგა სინანული ყოველსა ერსა, ვითარმედ: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ქრისტჱსი სოფლად“. 51. ხოლო ეშმაკმან ვერ იცოდა, თუ ვინ არს, ვიდრემდის ესმა იოვანჱსგან: „აჰა კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“. 52. ხოლო ქრისტემან, ვითარცა ფარაო და ძლიერებაჲ მისი დაათქა ზღუასა მას, ეგრეცა ესე საკჳრველებითა თჳსითა ჴელითა ნათლისღებისაჲთა შთაავლინა ცეცხლსა მას გეჰენიისასა საუკუნესა. 53. რამეთუ იხილა იგი წიაღთა მამისათა მჯდომარჱ და არა გულისხმა-ყო, ვითარმედ თჳთ იგი არს, რომელი-იგი ესაია წინაწარმეტყუელმან გუაუწყა ჩუენ. 54. რამეთუ იხილა იგი ზედა საყდართა მჯდომარჱ და სერაბინნი გარემოჲს მისსა ღაღადებდეს და იტყოდეს: „წმიდა არს უფალი საბაოთ. 55. სავსჱ არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა შენითა“. 56. ვინ იხილა იგი წიაღთა მამისათა განსუენებული და არა გულისხმა-ყო, ვითარმედ ცანი საყდარ არიან მისსა და ქუეყანაჲ კუარცხბეკი ფერჴთა მისთაჲ. 57. და გულისხმა-ყო, ვითარ-იგი დავით იტყოდა მისთჳს და თქუა, ვითარმედ: „რომელი ჰზი ზედა ქერობინთა, განცხადენ!“ 58. არამედ იხილა იგი, რამეთუ ჰრულინ და დაეძინებინ და ჰგონებდა მისთჳს, ვითარმედ ვითარცა ერთი კაცი შეურაცხი ვინმე არს და დაიძინის და განიღჳძის ვიდრე ნათლისღებადმდე უფლისა. 59. გულგდებულ იყო ეშმაკი და ჰგონებდა, ვითარმედ ერთი ვინმე კაცთაგანი არს ესეო და ესრე თქუა: ესე ვიცი მარიამისგან შობილად და ნაზარეთს განზრდილ არს. 60. და მამაჲ მაგისი ხუროჲ ვიცი. 61. ვითარმედ იოვანჱს დედა ელისაბეთ ვიცი და მამად ზაქარია მღდელი იგი, რამეთუ მოკლეს იგი საკურთხეველსა ზედა ძიებასა იოვანჱსა, შვილისა მისისასა, იოსეფ და მარიამ ივლტოდეს ეგჳპტედ და ყრმაჲ იგი იესუ მათ თანა. 62. და ვერ მიხუდა მოსრვასა მას ყრმათა ბეთლემისათა. 63. ეგრევე ივლტოდა ელისაბედცა მკველთა მათგან და მეძიებელთა იოვანჱსთა. 64. და შეიწყნარა მთამან დედაჲ შვილითურთ და იზარდებოდა იგი უდაბნოსა ზედა მკლითა და თაფლითა. 65. ხოლო იესუ იზარდებოდა ეგჳპტეს ათორმეტ თთუე და მერმე აქა, ნაზარეთავე, აღმოვიდა იგი. 66. აწ ვითარ ესევითარნი მესმიან მისთჳს, ნუუკუე ესე იყოს, რომელი განმზადებულ არს ჴნად ისრაჱლისა. 67. ნუუკუე ესე არს, რომელი დასაბამითგან იყო სიტყუაჲ, რომელსა-იგი მე ურჩ ვექმენ და გარდამოვარდი ქუეყანად. 68. არა მრწამს, თუ ესე იგი არს, არა მრწამს, ვითარმედ, რომელმან-იგი კაცი შექნა ჴელითა თჳსითა, და მანმცა ჴორცნი კაცთანი შეისხნა? 69. რომელმან „ცანი გარდაართხნა“ და ვარსკულავითა შეამკო, იგი ესევითარითა ხატითა შეიმოსა? 70. უკუეთუმცა მეცნა, ვითარმედ ესევითარი ხატი შეიმოსად და ქუეყანად მოვიდეს, მემცა ქუეყანად არა გარდამოვრდომილ ვიყავ. 71. უკუეთუმცა მეცა, თუ ესთენ შემწე ექმნების მიწისაგანსა კაცსა, ყოვლადვემცა არა მეცთუნა ადამ. 72. მეგონა, ვითარმედ ვსუფევდე ნათესავსა ზედა კაცთასა და არა ვჰგონებდ, ვითარმედ იგინი უფლებდენ ჩემ ზედა. 73. ამას ესევითარსა განიზრახვიდა გონებასა და არა იცოდა, თუ იგი არს ძჱ ღმრთისაჲ. 74. არამედ მერმეცა ვთქუავე: იოვანჱ წინამორბედმან მოიღო მადლი რაჲმე და თქუა სიტყუაჲ ესე, მადლითა მით ნუგეშინის-სცემდა მას. 75. ხოლო ზეგარდამოჲსა მისგან ჴმისა შეშინებულ და შეძრწუნებულ ვარ. 76. და ჭეშმარიტ არს და უკუეთუ თავს-იდვა ძემან ღმრთისამან ქალწულისაგან შობაჲ, აწ დედათაგანცა დასათრგუნველ ვიქმნები და ვაჲ არს ჩემდა. 77. მინდა მისი მრავლითა გამოცდითა და ყოველთაგან ვიძლევი მე და უძლურ ვიქმენ. 78. მაშინ, ვითარცა იხილა უფალმან, ვითარმედ ფრიად ურცხჳნოებდა ეშმაკი, განაღო მცირედ ცნობაჲ ღმრთეებისაჲ, შეჰრისხნა მას და ჰრქუა: „მართლ-უკუნ-იქეც ჩემგან, ეშმაკო, რამეთუ წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი“. 79. ამისთჳს განიცადა უფალი და დაუთმო ყოველთა განსაცდელთა, რაჲთა იგი შებურკილოს და ჩუენ გჳჴსნნეს განსაცდელთაგან ქრისტჱ იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|