|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ოცდამეჩვიდმეტე
1. 37. ბ. საკითხავი ჯუარისათჳსვე, თქუმული მისივე, სიტყუაჲ ჯუარისაჲ 2. აწ უკუე ვინაჲთგან მადლითა ღმრთისაჲთა მოვიწიენით თქუმულთა ამათ სისრულჱსა და ვიდრე დღჱსასწაულადმდე უქმნელებისა ჩუენისა, რომელ არს გამოჩინებაჲ განმაცოხველებელისა ჯუარისაჲ, 3. მსგავსად ძალისა ჩუენისა ვთქუათ და ვადიდოთ ძელი ცხოვრების მომცემელი და მივსცეთ მას ხარებაჲ, ვითარცა დავით წინაწარმეტყუელი იტყჳს: „მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისა პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს“. 4. და აწ ჩუენცა მას თანა ვიტყოდით და ვთქუათ: გიხაროდენ, ჵ ჯუარო პატიოსანო! 5. გიხაროდენ, რამეთუ შენ ზედა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ აღმაღლდა განგებულებით, რომელსა შინა დაუნჯებულ არიან საფასენი სიხარულისა და მხიარულებისანი. 6. გიხაროდენ, ძელო, ცხოვრების მომცემელო, გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მოგუემადლა სიხარული, რომელი აღმოსცენდების მარადის ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. 7. გიხაროდენ, ჯუარო პატიოსანო, ცხორებისა სასოო, რამეთუ დამბადებელმან პირველითგან ყოველნი დაბადებულნი სახედ შენდა დაჰბადნა. 8. იხარებდ, ძელო ძლევაშემოსილო, რამეთუ შენნი ძალნი ზეცისანი იხარებენ ცხორებისათჳს შენ ძლით ყოფილისა, და შესწირვებ გალობასა შიშით ღმრთისა დაუდუმებელად და უცვალებელად ყოველსა ჟამსა. 9. გიხაროდენ, ჵ ჯუარო დიდებულო, რამეთუ შენ მიერ ქალაქთა და უდაბნოთა და ყოველთა ადგილთა ეკლესიანი მართლმადიდებელთანი დამყარებულ არიან. 10. გიხაროდენ, ჵ ძელო სადიდებელო, რამეთუ შენ მიერ აღეხუმიან ყოველნი პირნი მორწმუნეთანი აღმოთქუმად სიტყუათა საღმრთოთა. 11. გიხაროდენ, ჯუარო სამგზის სანატრელო, რამეთუ შენ მიერ ანგელოზნი ზეცისანი კაცთა თანა ქუეყანისათა მოხარულნი ადიდებენ ქრისტჱსა ღმერთსა, მაცხოვარსა ჩუენსა. 12. გიხაროდენ, ძელო საგალობელო, რამეთუ შენ მიერ ქუეყანისა კაცნი, ვითარცა ანგელოზნი, ცათა შინა მდგომარეან წინაშე ღმრთისა, სიხარულითა გამოუთქუმელითა ადიდებენ დამბადებელსა მათსა მარადის. 13. გიხაროდენ, ჵ ჯუარო საქებელო, შენ მიერ გათავისუფლდა ადამ წყევისა მისგან და მხიარული და განახლებული კუალად სამოთხედვე შევიდა და მოიღო პირველივე იგი ნეტარებაჲ. 14. გიხაროდენ, ძელო წმიდაო და წმიდამყოფელო ყოველთაო, რამეთუ შენ ზედა დამშჭუალვითა ძელისაჲთა სამებაჲ წმიდაჲ, სწორი ბუნებითა, ყოველსა ადგილსა იცნობა და ირწმუნა და იდიდა სამარადისოდ და უკუნისამდე. 15. გიხაროდენ, ჵ ჯუარო თაყუანის-საცემელო, რამეთუ შენ მიერ ყოველი სული, რომელსა ჰრწამს ქრისტჱ ჭეშმარიტებით, ცხომდების სამარადისოდ და უკუნისამდე. 16. გიხაროდენ, ძელო, ყოველთა მიერ აღმართებულო, რამეთუ შენ მიერ ყოველნი კეთილნი წარუვალნი მოცემულ არიან კაცთა ნათესავსა ჯერისაებრ. 17. აწ უკუე რავდენი ვთქუათ, ანუ რავდენი დავაკლოთ, ანუ ვითარ ვადიდოთ ძალი ჯუარისა დიდებულისაჲ?! 18. ეჰა, სახელი ჯუარისაჲ, რომელსა შინა დიდებულნი საიდუმლონი ღმრთისა მაცხოვრისანი დაფარულ არიან, ანგელოზთა პატივ არს და კაცთა დიდება. 19. რაჲ-მე უკუე იყოს უსაწადელჱს სახელსა ჯუარისასა, უტკბილჱს შჯულსა ქრისტჱანობისასა? 20. ანუ რაჲ-მე იყოს უფროჲს სასწაულთა მფლობელ ჯუარისა ჯუარსცუმულისაჲ? 21. ჯუარი ნიში არს ღმრთეებისა ძალისაჲ საკჳრველთმოქმედისაჲ. 22. ჯუარი სიხარული არს ანგელოზთაჲ და მწუხარებაჲ ეშმაკთაჲ. 23. ჯუარი სასუფეველი არს ეკლესიათაჲ და დამამჴობელი საკერპოთაჲ. 24. ჯუარი სანთელი არს ყოვლისა დაბადებულისაჲ და ნათელი სამარადისოჲ, ყოვლისა განმანათლებელი. 25. ჯუარი ზღუდე არს შეურყეველი და გოდოლი დაურღუეველი. 26. ჯუარი სინათლჱ არს მღდელთაჲ და შუენიერებაჲ ერისაჲ. 27. ჯუარი სიქადული არს მეფეთაჲ და ძლიერებაჲ მფლობელთაჲ. 28. ჯუარი საჭუველი არს ძლიერთაჲ და ფარი მებრძულთაჲ, უძლეველი ყოვლადვე. 29. ჯუარი ჭური არს მჴედართაჲ, შეუძრწუნებელი წინააღმდგომთაგან. 30. ჯუარი მცველი არს ქალაქთაჲ და მფარველი დაბნებისა ყოვლისაჲ. 31. ჯუარი სიხარული არს მორწმუნეთაჲ და მწუხარებაჲ ურწმუნოთაჲ. 32. ჯუარი წარმწყმედელი არს ეშმაკთაჲ და ყოველთა მორჩილთა მისთაჲ. 33. ჯუარი საშინელება არს მტერთა და განმაძლიერებელ მოყუარეთა. 34. ჯუარი განმდევნელ არს ეშმაკთა და მომწოდებელ ანგელოზთა. 35. ჯუარი სასოჲ არს ქრისტჱანეთაჲ და შემაძრწუნებელი უქრისტოჲთაჲ. 36. ჯუარი სიმტკიცჱ არს შჯულისაჲ და განმაქარვებელი წვალებისაჲ. 37. ჯუარი მკურნალი არს ჴელოვანი სულთა და ჴორცთაჲ. 38. ჯუარი ძალი არს უძლურთაჲ და ლხინებაჲ სნეულთაჲ. 39. ჯუარი ნავთსაყუდელი არს მენავეთაჲ და მაცხოვარ ღელვაგუემულთაჲ. 40. ჯუარი მშჳდობაჲ არს ზარგანჴდილთაჲ და სასოჲ განწირულთაჲ. 41. ჯუარი მცველი არს მტერთაგან და მფარველი მოძულეთაგან. 42. ჯუარი სიქადული არს მართლმადიდებელთაჲ და სატანჯველი მწვალებელთაჲ. 43. ჯუარი დამჴსნელი არს კერპთმსახურებისაჲ და შემწჱ კეთილადმსახურებისაჲ. 44. ჯუარი მოძღუარი არს უბიწოთაჲ და მასწავლელი შეცდომილთაჲ. 45. ჯუარი მცველი არს ქალწულთაჲ და სიმტკიცჱ მოსავთა მისთაჲ. 46. ჯუარი სიმჴნჱ არს მართალთაჲ და სინანული ცოდვილთაჲ. 47. ჯუარი სამკაული არს მონაზონთაჲ და შუენიერებაჲ კეთილად ცხორებულთაჲ. 48. ჯუარი მზრდელი არს ჩჩჳლთაჲ და თანამავალი ჭაპუკთაჲ. 49. ჯუარი სასოჲ არს ყრმათა და კუერთხი მოხუცებულთაჲ. 50. ჯუარი საფასჱ არს გლახაკთაჲ მოუკლებელი და მასწავლელი მდიდართაჲ დაუცადებელი. 51. ჯუარი გზაჲ არს შეცთომილთაჲ და მომაქცეველი წარწყმედულთაჲ. 52. ჯუარი განმსუენებელი არს მაშურალთაჲ და სიმტკიცჱ ძლიერთაჲ. 53. ჯუარი თანამავალი არს მორწმუნეთაჲ დღისი და მცველი ღმრთისმსახურთაჲ ღამე ყოლადვე. 54. ჯუარი წინამძღუარი არს მღჳძართაჲ და მფარველი მძინარეთაჲ. 55. ჯუარი გზაჲ არს საღმრთოჲ, მიმყვანებელი სამოთხედ. 56. ჯუარი ბეჭედი არს ღმრთისაჲ, სიქადული ქრისტჱს მორწმუნეთაჲ. 57. ჯუარი ტაბლაჲ არს მშიერთაჲ და განმაძღებელი ქრისტჱს მორწმუნეთაჲ. 58. ჯუარი წესი არს კეთილისაჲ წარმართთათჳს და ყოვლისა სოფლისაჲ სიმტკიცჱ სიბრძნისაჲ და სიღრმე და სიმაღლჱ დაწყნარებისაჲ. 59. აწ უკუე რავდენი ვთქუათ, ანუ რავდენი დავაცადოთ, ანუ ვითარ გადიდოთ შენ, ჯუარო პატიოსანო, ცხორებაშემოსილო? 60. რამეთუ შენ მხოლოჲ ყოველთა დაბადებულთაგან მეუფემან დიდებისამან გყო საჭურველად უძლვევად მტერთა მიმართ, ეშმაკთა და ცოდვისა და სიკუდილისა. 61. ამისთჳს ნეტარ ვართ ჩუენ ყოველნი, რომელნი ღირს-ვიქმნენით ხილვად დღესა მას წმიდასა გამოჩინებისა შენისა წმიდისასა. 62. შენ ხარ ქადაგებული წინაწარმეტყუელთაჲ. 63. შენდამი იხარებენ ყოვლადვე, ღაღადებენ ღმრთისა მიმართ და იტყჳან: „მოგუეც სასწაული მოშიშთა ყოველთა, რაჲთა განვერნეთ პირსა მშჳლდისასა“. 64. შენ ხარ სიქადული მოციქულთაჲ, რამეთუ იგი დაუცხრომელად ღაღადებენ წმიდასა შინა ეკლესიასა ქადაგებითა მათითა მხოლოჲთა, წმიდითა და იტყჳან: „ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა“. 65. შენ ხარ გჳრგჳნი მოწამეთაჲ, რომელთა ჯუარი აიღეს და მწრაფლ შეუდგეს თჳსსა უფალსა. 66. შენ ხარ სიქადული და სიხარული მათი, რომელნი მკჳდრ არიან მთათა და ქუაბთა და ნაპრალთა ქუეყანისათა სახელისათჳს ღმრთისა, რამეთუ მათ ჴორცნი მათნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და ტკვილით. 67. შენ ხარ მახლობელთა და შორიელთა დაწყნარებაჲ და განსუენებაჲ. 68. ეჰა, სიხარული ჯუარისამიერი, რომელი გამოუთქუმელ არს. 69. ეჰა, საიდუმლოჲ მისი, რომელი მიუწდომელ არს, და ვიტყჳ მეცა განკჳრვებით საყჳრსა თანა საღმრთოსა და ნესუტსა სულიერსა – წმიდასა პავლჱს მოციქულსა. 70. „ეჰა, სიღრმჱ და სიმდიდრჱ მრავალფერისა მის მიეცნიერებისა ღმრთისაჲ, რამეთუ სიბრძნენი მისნი გამოუთქუმელ არიან“. 71. ხისა მიერ ცხორებისა მოვკუედით და ძელისა მიერ სიკუდილისა ცხოველ ვიქმნენით, მადლისა ღმრთისა ვიჴსნენით, რომელი აურაცხელ არს. 72. ამისთჳს ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვყოთ დღე ესე დღჱსასწაულად სიხარულისა, „ჟამსა ყუავილისისა, კიდემდე საკურთხეველისა“. 73. ესე ჟამი არს ყუავილისაჲ, რომელნი უდბებით და დაძუელებით შებაყლებულ არიან ცოდვითა, აწ განახლებით და მოსწრაფებით შეიმკვნენ დიდებულად სიხარულად და განცხრომად მათ თანა, რომელნი განსცხრებიან დღესა ქორწილისასა, იხარებენ მხიარულებით ყოვლითა გულითა. 74. აწ მოვედით და მოვიღოთ ბრძანებისაებრ, და განვაგდოთ უდებებით დაჴსნაჲ გონებისა ჩუენისა და სრულ ვიქმნეთ მოჴსენებითა დღისა ამის სადიდებელისაჲთა დღჱსასწაულისა ცხოველსმყოფელის ჯუარისაჲთა. 75. წყალობითა და სარწმუნოვებითა, ვითარცა წიგნი იტყჳს, განვიბანნეთ ცოდვანი, და მოვიპოოთ კადნიერებაჲ და აღვიღოთ ნეჭთა ჩუენთა ზედა საჭურველი უძლეველი – ცხოველსმყოფელი ჯუარი, 76. რომელი ზეგარდამო შევიწყნარეთ დასაწყნარებელად, დასამშჳდებელად ყოვლისა რისხვისა და ღაღად-ვყოთ ღმრთისა მიმართ ჩუელებისაებრ გალობისა ანგელოზთაჲსა: „წმიდ არს უფალი, წმიდ არს ძლიერი, წმიდ არს“ უკუდავი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 77. ჵ წმიდაო სამებაო, მიუწდომელო და გარეშეუწერელო და გამოუთქუმელო, სწორო ბუნებითა და მოსაყდრბითა და ჟამითა და დიდებითა, შეგჳწყალენ ჩუენ, უღირსნი ესე, და შეგჳნდვენ შეცოდებანი ჩუენნი, და ნუ დაგუშჯი უშჯულოებათა ჩუენთათჳს. 78. და ნუ მარცხუენ კადნიერად წარმდებებისა ჩემისათჳს, რომელ-ესე ჴელ-ვყავ უდბებასა და უმეცრებასა შინა ჩემსა ნაკლული ესე ქებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ, არამედ შეიწირე, ვითარცა ხარკი თანამდები, უძლურის მოსესხისა ნაკლულები გარდაჴდილი და მიიღე შესხმაჲ ესე. 79. მსგავსი უძლურებისა ჩემისაჲ. 80. და მომეც მე მადლი, მსგავსი სახიერებისა შენისაჲ, და დაიცვენ ყოველნი მოსავნი სახლისა შენისა წმიდისანი და მოგუეც პოვნად წყალობაჲ და სახიერებაჲ შენი დღესა მას მიგებისა შენისასა სამართლად. 81. რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენდა შუენის, მამაო და ძეო და სულო წმიდაო, დიდებაჲ და პატივი და თაყუანისცემაჲ უწინარჱს საუკუნეთა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|