|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ოცდამეთოთხმეტე
1. 34. საკითხავი მარტჳლიისა შემდგომად, დღესა ოთხშაბათსა აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ მცხეთას 2. და რაჟამს იყო ჟამი ესე, მო-რაჲ-იქცა ყოველი ქართლი, ზრახვა-ყვეს მღდელთა მათ, რომელნი-იგი მოსთხოვნა მირეან მეფემან კოსტანტინე კეისარსა აღმართებად ნიში ჯუარისაჲ. 3. და ჰქუეს მღდელთა მათ მირეან მეფესა: ჯერ და წეს არს აღმართებად საუფლოჲ ნიში ჯუარისაჲ. 4. და სათნო უჩნდა მეფესა და ყოველსა მას ერსა. 5. და სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი მღდელთაჲ მათ და სწავლაჲ. 6. და უბრძანა მირეან მეფემან ძალისაჲ საჯუარედ მოღებად. 7. და წარვიდეს ხურონი და მოჰკუეთეს ხჱ ერთი აეროვანი და დიდად შუენიერი. 8. და უბრძანა მეფემან შექმნაჲ ჯუარისაჲ, ხოლო მღდელნი იგი ასწავებდეს სახჱსა მას ჯუარისასა. 9. და რაჟამს შექმნეს ჯუარი იგი, მოვიდეს და უთხრეს მირეან მეფესა ხუროთა მათ: ჩუენ შევქმენით ჯუარი იგი, ვითარცა მასწავეს მღდელთა მათ. 10. და მეყსეულად აღდგა მეფჱ იგი სიხარულით და ყოველი ერი მის თანა მოვიდეს ხიილვად ნიშისა მის ჯუარისა. 11. და ვითარცა იხილჱს სახჱ იგი ჯუარისა მის, უკჳრდა ფრიად, ადიდებდეს ღმერთსა. 12. მას ჟამსა გულისხმა-ყო და მოეჴსენა მეფესა, ოდეს-იგი დღჱ უბნელდა მთასა ზედა, ვითარ-იგი ნათელი ბრწყინვალებისა დიდისაჲ იხილა მსგავსად ჯუარისა, და იცნა იგი. 13. მაშინ უთხრობდა მღდელთა მათ და ყოველსა ერსა ხილვასა მას პირველსა, და ვითარ განუნათლა მას ბნელი იგი ნიშმან ჯუარისამან წინაშე თუალთა მისთა. 14. მაშინ ვითარცა ესმა ერსა მის სიტყუაჲ იგი მეფისაჲ უფროჲსღა და უმეტჱს ჰრწმენა ნიში ჯუარისაჲ და ყოველთა ერთობით სიხარულით თაყუანის-სცეს მას და ადიდებდეს ღმერთსა. 15. მაშინ განიზრახვიდა მეფჱ იგი ყოველსა მას ერსა თანა, ვითარმედ რომელსამე ადგილსა აღჰმართონ ჯუარი იგი. 16. ხოლო კაცად-კაცადი იტყოდა, სადაცა ვის მარჯუე უჩნდა და ვერ სადა გამოარჩიეს. 17. მას ჟამსა მირეან მეფჱ ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესუ ქრისტჱ, რომელი გურწამ ტყჳსა მისგან და გუასწავეს მღდელთა მათ შენთა, შენ იესუ ქრისტჱ, რომელმან თავი თჳსი დაიმდაბლჱ და ხატი მონისა შენისაჲ შთაიცჳ სიმდაბლითა შენითა, 18. რომელი გარდამოჰჴედ წიაღთაგან მამისათა, რომელმან დაუტევენ ჩუენთჳს საყდარნი, უფლებანი და ძალნი და დაემკჳდრე საშოსა ქალწულისა მარიამისსა, და მერმე ჯუარს-ეცუ პანტოელისა პოლატეს ზე, 19. დაეფლა გულსა ქუეყანისასა და ასდეგ მესამე დღესა და აღასრულჱ ყოველი თქუმული წინაწარმეტყუელთაჲ, აჰმაღლდი ზეცად და დაშჯედ მარჯუენით მამისა, და მერმე მოსლვად ხარ განშჯად ცხოველთა და მკუდართა, 20. და დაგჳტევე ჩუენ ნიში შჯულისა შენისაჲ დასარღუეველად უხილავთა მანქანებათა მტერისათა, ხოლო ჩუენ, მოშიშთა შენთა, მოგჳღებიეს სასწაულად, რაჲთა განვერნეთ პირსა ეშმაკისასა, რომლისაგანცა-იგი წარტყუენულ ვიყვენით. 21. ხოლო აწ შენ, უფალო ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ინებე გამოცხადებაჲ ადგილისაჲ, რომელსა ზედა აღვჰმართო ნიში ჯუარისა შენისაჲ, რაჲთა იხილონ მოძულეთა შენთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და ნუგეშინის-მეც ჩუენ. 22. და ვითარცა დამწუხრდა, მას ღამესა ჩუენებით დაადგრა ანგელოზი უფლისაჲ მირიან მეფესა და უჩუენა მას ბორცჳ ერთი არაგუსა წყალსა ზედა წიაღ კერძო, მახლობელად მცხეთასა. 23. და ჰრქუა მას: ესე ადგილი გამოურჩევიეს ღმერთსა და ამას ზედა აღჰმართე ნიში იგი ჯუარისაჲ. 24. და ვითარცა განთენა, უთხრა მირეან მეფემან მღდელთა მათ ჩუენებაჲ იგი ანგელოზისაჲ მის და სიტყუაჲცა იგი ანგელოზისაჲ, რომელსა ეტყოდა, უთხრა მათ და ყოველსა ერსა და ბორცჳცა იგი უჩუენა მათ. 25. ვითარცა ესმა ჩუენებაჲ იგი და ადგილიცა იხილეს, სათნო უჩნდა ყოველსა მას ერსა ბორცჳ იგი და სიხარულითა და გალობითა დიდითა ყოველმან ერთბამად აღიღეს ჯუარი იგი 26. და აღჰმართეს ბორცუსა მას ზედა მძლჱ ნიში ჯუარისა მცხეთასა მახლობელად, მართალ წინაშე აღმოსავალით, დღესა კჳრიაკესა, აღვსებისა შემდგომად ზატიკის-ზატიკსა. 27. და აღემართა ნიში ჯუარისაჲ ქართლს შინა. 28. მეყსეულად მას ჟამსა შინა ყოველნი კერპნი, რომელნი იყვნეს საზღვართა ქართლისათა, დაეცნეს და შეიმუსრნეს და საკერპონიცა მათნი და-ვე-ირღუეს. 29. ვითარცა იხილჱს საკჳრველებაჲ ესე სასწაული, რომელი ქმნა ცხოველისმყოფელმან მან ნიშმან ჯუარისამან კერპთა მათ ზედა, უფროჲს განუკჳრდებოდა საქმჱ ესე და ადიდებდეს ღმერთსა და სიხარულით თაყუანის-სცემდეს პატიოსანსა ჯუარსა. 30. და ყო მირიან მეფემან და ყოველმან ერმან ქართლისამან შესაწირავი დიდი მას დღესა შინა. 31. და დააწესეს მსახურებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ უკუანა ზატიკის-ზატიკსა, დღესა კჳრიაკესა, ყოველმან ქართლმან ვიდრე დღენდელად დღედმდჱ. 32. და იყო, რაოდენისამე ჟამისა შემდგომად, მარტჳლიისა უკუანა, დღესა ოთხშაბათსა იხილეს საკჳრველებაჲ დიდი და საშინელი სასწაული. 33. და აჰა ესერა, სუეტი ნათლისაჲ სახედ ჯუარისა დაგა ზედა ჯუარსა მას და ათორმეტნი ანგელოზნი დაგჳრგჳნებულ იყვნეს. 34. ხოლო ბორცჳ იგი ჯუარისაჲ ერცახჱდ კუმოდა სულნელად. 35. და ვითარ ხედვიდეს სასწაულსა მას, მრავალნი უღმერთოთაგანნი მოიქცეოდეს და ნათელს-იღებდეს და აღაშჱნებდეს ეკლესიათა. 36. ხოლო მორწმუნენი უფროჲს განმტკიცნებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა სახჱ. 37. და მერმე იხილჱს სხუაჲ სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ: ვითარცა ცეცხლი დგა და ვითარცა ალი აღეგზებოდა, ზედა თავსა ჯუარისასა შედგებოდა მზისა უბრწყინვალჱსი, 38. და ვითარცა საჴუმილისა რაჲ ნაბერწყალი აღვალნ ძლიერად, ეგრჱსახედ ანგელოზნი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს პატიოსანსა ჯუარსა. 39. ხოლო ბორცჳ იგი ჯუარისაჲ იხილვებოდა ძლიერად და ყოველი ქუეყანაჲ იძრვოდა, და მთათა და ბორცუთა და ღელეთა არმული ნისლისაჲ სულნელისაჲ აღვიდოდა, კლდენი შეიმურვოდეს და სულნელებაჲ დიდი მიეფინებოდა ყოველსა ზედა ქუეყანასა. 40. და ესე არა ზედამოჲთ იყო, არცა თანაწატაცებით, არამედ მყუვარ ჟამ ჴმანი დიდნი უხრიდეს და ყოველი იგი ერი ხედვიდა მას და ესმოდა ოხრაჲ იგი გალობისაჲ მის. 41. შეშინდეს და უკჳრდა ფრიად ხილვაჲ იგი, განუკჳრდებოდა, შიშითა და ძწულით თავყანის-სცემდეს პატიოსანსა ჯუარსა და სიხარულითა დიდითა აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა. 42. და იყო რავდენისამე ჟამისა შემდგომად ვითარცა სასწაულნი იგი და ხილვანი დასცხრებოდეს, ეგრჱცა ძრვაჲ იგი დიდი და საშინელ და-ვე-სცხრებოდა. 43. და შემდგომად ამისა სხუანი მრავალნი სასწაულნი იქმნებოდეს პატიოსნისა ჯუარისა ზედა ზეცით გარდამო. 44. და ხედავნ მას ყოველი იგი ერი და შიშითა და ძწოლით მივლენედ და თაყუანი-სცემედ გულსმოდგინედ პატიოსანსა ჯუარსა და წარვიდიან სიხარულით და ადიდებედ ღმერთსა. 45. მას ჟამსა იყო ვინმე კაცი ერთი მოშიში ღმრთისაჲ და მსახური ქრისტჱსი, რომელსა სახელი ერქუა რევ, ძჱ მეფისაჲ. 46. და იყო ძჱ რევისი სნეულ და მიწევნულ იყო იგი სიკუდიდ, რამეთუ იგი ხოლო მარტოჲ ესუა მას. 47. მოიღო იგი და დადვა პატიოსანსა ჯუარისა წინაშე და ცრემლით ითხოვდა მისგან: უკუეთუ მომიბოძოს ყრმაჲ ესე ჩემი, გუნბადი აღვაშენო საყოფელად შენდა. 48. და ვითარცა იგი მწარედ და უწყინოდ ტიროდა პატიოსნისა ჯუარისა წინაშე, მუნქუესვე განიკურნა ყმაჲ იგი მისი და სიხარულით დიდითა წარიყვანა ყრმაჲ იგი მისი განკურნებული და განცეცხლებული და ადიდებდა ღმერთსა. 49. და მერმე მოვიდა აღთქუმულისა აღსრულებად და ყო მადლისა მიცემაჲ დიდითა სიხარულითა და გულსმოდგინებითა გუნბადი აღაშენა მცხეთისაჲ. 50. რევის ძემან წლითი-წლად მოვიდის და აღსრულის მსახურებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ. 51. და მიერ ჟამითგან უფროჲს ხოლო და უმეტჱს მოვიდოდეს სნეულნი მრავალნი და უძლურნი და განიკურნებოდეს და სიხარულით ადიდებდეს პატიოსანსა ჯუარსა. 52. იყო ვინმე ჭაპუკი ერთი და ორნივე თუალინი დადგომილ იყვნეს. 53. მოვიდა, შეურდა პატიოსანსა ჯუარსა და ევედრებოდა გულსმოდგინედ. 54. და შემდგომად შჳდისა დღისა აღეხილნეს თუალნი და სიხარულით ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა. 55. მერმე დედაკაცი ვინმე იყო ერთი, მარადის გუემული სულითა უკეთურითა, და ეგოდენ გონებაჲ მიეღო, რაჟამს პატიოსანსა ჯუარსა შეამთხუევედ, სამოსელსა ჯუარისასა მოაპებნ. 56. და იყო, მეათოთხმეტესა დღესა განიკურნა დედაკაცი იგი და წარვიდა იგი სიხარულით ფერჴითა თჳსითა და ადიდებდა იგი ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა. 57. მერმე მისა შემდგომად იყო ვინმე დედაკაცი სხუაჲ, რომელსა ესუა წული ყრმაჲ ერთი. 58. და მეყსეულად დაწყჳდნა ყრმასა მას და აღიქუა იგი დედამან მისმან და მიიღო და დადვა იგი წინაშე პატიოსნისა ჯუარსა. 59. და იდვა ყრმაჲ იგი მწყდარი წინაშე წმიდასა მას პატიოსანსა ჯუარსა დილეულითგან ვიდრე მწუხრადმდჱ. 60. ხოლო დედაკაცი იგი ტირილით ილოცვიდა წინაშე პატიოსნისა ჯუარისა. 61. სხუანი იტყოდეს: მომკუდარ არს ყრმაჲ ეგე, წარიღე და დაჰმარხე, ნუღარა აწყინებ. 62. ხოლო მან არავე წარიკუეთა სასოებაჲ, არამედ უფროჲსღა საწყალობელად ცრემლოოდა, ხოლო მწუხრისა ჟამსა ოდენ სულნი უკუნ-იხუნა და თუალნი აღიხილნა და შემდგომად სამისა დღისა განკურნებული წარიყვანა იგი დედამან მისმან და ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა. 63. და ვითარცა იხილეს ყოველთა სასწაული ესე და ნიშები და კურნებანი დიდ-დიდნი პატიოსნისა ჯუარისანი, მრავალნი უშვილონი მოვლენედ და ითხოვედ შვილიერებასა, და შვილითა განძღიან და შესაწირავთა და მადლთა მისცემედ. 64. არა ხოლო მუნ მოვლენედ, რომელნი მათ ხოლო მიჰმადლებედ თხოვასა, რამედ მათცა, რომელნი შორს არიედ, გინა თუ ბანაკსა, ღუაწლსა შინა ხადიედ პატიოსანსა ჯუარსა მცხეთისასა, 65. მუნქუესვე მძლე ექმნის მტერთა მათ შეწევნითა ქრისტჱსითა და პატიოსნისა ჯუარისაჲთა და დიდითა სიხარულითა მივიდიან მადლისა მიცემად პატიოსნისა ჯუარისა. 66. მრავალნი უღმრთონიცა დიდსა ჭირსა შეცჳვიან, ხოლო რაჟამს სარწმუნოებით ხადიედ პატიოსანსა ჯუარსა მცხეთისასა, მუნქუესვე განერიან და სიხარულით ადიდებენ პატიოსანსა ჯუარსა, და მოვიდიან სიხარულით და ნათელ-მოიღიან და შეემთხჳნიან პატიოსანსა ჯუარსა. 67. და სხუანი მრავალნი ჭირსა მრავალსა შეცჳდეს და ვედრებითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა განიკურნნეს და მრავალნი სნეულნი პირად-პირადითა სენითა მოვლენედ ვედრებად პატიოსნისა ჯუარისა და განიკურნებიედ ვიდრე დღენდელად დღედმდჱ. 68. და სხუანიცა მრავალნი სასწაულნი იქმნნეს წინაშე პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისასა ზეცით გარდამო ღმრთისა მიერ, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. 69. ხოლო ესოდენ დაიწერნეს საქებელად ღმრთისა და სადიდებელად მორწმუნეთათჳს, და რაჲთა ჩუენნ ყოველნი ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომლისაჲ არს ძალი და მადლი, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|