|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ოცდამესამე
1. 24. წიგნი, რომელი დაწერა იოსებ არიმათიელმან, მოწაფემან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსმან, და თხრობაჲ აღშენებისათჳს ეკლესიისა, რომელი-იგი არს ლუდიას შინა ქალაქსა, წმიდისა დედოფლისა ჩუენისა მარიამ ღმრთისმშობელისაჲ 2. მეცხრამეტესა წელსა ტიბერის კეისრისა ჰრომთა მეფისასა და კუალად მეათხუთმეტესა წელსა მეფობასა ჰჱროდესა ძისა ეროდესა გალილეველთა მეფისა და ჴელმწიფობასა პილატჱ პონტიელისა ჰურიათა ზედა და მთავრობასა როფჱსსა და ბალიანოსისსა, 3. წელსა მეოთხესა მეორისა ბალიანოსისსა, მღელთმოძღურობასა ანაჲსა და კაიაფაჲსა ჰურიათა ზედა დაწერა იოსებ არიმათიელმან ჰამბავი ესე და აუწყა მორწმუნეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთა დასამტკიცებელად მათა და გამოაცხადებს ჭეშმარიტად უფლისა აღდგომასა. 4. თქუა იოსეფ, ვითარმედ: შემდგომად, აღ-რაჲ-დგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ მკუდრეთით, გამომეცხადა მე, იოსებს, პირველად, რაჟამს ვიყავ საპყრობილესა შინა. 5. რამეთუ მღელთმოძღუართა ერისათა და მწიგნობართა შემაგდის მე სახლსა შინა საპყრობილისასა ამის ჯერისათჳს, ვითარმედ მივედ პილატჱს ჴელმწიფისა თანა და მოვითხოვე გუამი იესუჲსი. 6. ხოლო კრებული მოწაფეთაჲ, რაჟამითგან მიეცა უფალი, დაიმალნეს დღეთა რავდენთამე, ხოლო მე, 7. რამეთუ პილატეს მოყუარე ვიყავ და კადნიერ ვიქმენ მას ზედა და მივემთხჳე საწადელსა საქმისა ჩემისასა, ჩემ თანა წარვიყვანჱ ნიკოდიმოს, რომელი-იგი მოწაფჱცე იყო ჩემ სახედ ქრისტჱსი და გარდამოვიყვანეთ იგი ჴელითა ჩუენითა ძელისაგან. 8. და აღვიღეთ შიშითა და შევმურჱთ იგი სულნელჱბითა და სამოსლითა ახლითა და დავდევით ახალსა შინა საფლავსა, გამოკუეთილსა კლდისაგან, რომელსა შინა იყო. 9. და მის არს ჴელმწიფებაჲ აღდგომისაჲ, ვითარცა-იგი ჰრქუა ჰურიათა, ვითარმედ: დაჰჴსენით ტაძარი ესე და მე აღვადგინო იგი მესამესა დღესა. 10. და მან სიკუდილი დათრქუნა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი და რვალისანი განტეხნა და შემუსრნა მოქლონნი რკინისანი და აღდგა და მრავალთანი მკუდართაგანნი მის თანა აღადგინა. 11. და მე, იოსეფ, შევემთხჳე მათ და სხუათაცა მრავალთა იხილნეს იგინი და მითხრეს ჩუენ ბჭეთათჳს და მოქლონთა და მუცლისათვის ჯოჯოხეთისა, რომელი-იგი შემჭამელნი არს ყოველათაჲ. 12. და არა უწყოდე მე და მე ვიყავ საპყრობილესა შინა ადგილსა, რომელსაცა შინა ვიყავ, ვიდრედმდის შემომიჴდა ჩემ ზედა უფალი, შემიტკბო და მრქუა მე: გიხაროდენ, იოსეფ! 13. ჵ მტკიცეო სარწმუნოებითა უფროჲს პეტრჱსა, რამეთუ პეტრჱ ჰურიათა შიშისათჳს ღამესა შინა ერთსა უვარ-მყო მე სამ გზის. 14. ხოლო შენ შეურაცხ-ჰყავ შიში და გულისსიტყჳთა კადნიერ იქმენ. 15. მინდობილი შეხუედ პილატესა და გამოითხოვე გუამი ჩემი და დასდევ იგი საფლავსა შინა შენსა ახალსა. 16. გრწმენიინ ჩემი, საყუარელო ჩემო იოსეფ, ვითარმედ ყოველნი ძალნი ანგელოზთანი და ყოველნი კრებულნი ზეცისანი ჰნატრიან სარწმუნოებასა შენსა მტკიცესა. 17. და ამისთჳს გამოგეცხადე უპირადეს ყოველთა მოწაფეთასა, რაჲთა გამოგიყვანო ამიერ ადგილისაგან, რაჲთა განვამტკიცო და განვაძლიერო სარწმუნოებაჲ შენი და გული შენი, და რაჲთა არა ურწმუნო იყო აღდგომისა ჩემისათჳს. 18. და აწ წარვედ თჳსსა სოფელსა არიმათიად და იყოფვოდე მუნ, ვიდრედმდის მოვიდე მე შენდა და გაუწყო, რაჲ-იგი ჯერ-იყოს შენდა, რაჲთა ჰყო. 19. და ვითარ მეტყოდა მე უფალი ამას, იყო ძრვაჲ და ამაღლდა სახლი იგი, რომელსა შინა ვიყავ. 20. და გამოვედით მიერ ორნივე და წარმოვიდა ჩემ თანა უფალი წმიდად გოლგოთად, სადაცა-იგი ჯუარი პატიოსანი იყო და დადგა მუნ 21. და მრქუა მე: აჰა ესერა, მე წარვალ მოწაფეთა თანა გალილეას და უჩუენნე მათ ჴელნი ჩემნი და გუერდი ჩემი და განვანათლე გონებანი მათნი, რამეთუ ყოველნივე ურწმო არიან ჩემდა მომართ. 22. და შემდგომად სიტყჳსა ამის მიეფარა და უჩინო იქმნა ჩემგან. 23. ხოლო მე წარვედ წმიდასა გოლგოთასა, ვინაჲცა დანერგულ იყო ჯუარი ქრისტჱსი და აღმოვკრიბე სისხლი პატიოსანი თავის სახუეველთა და ზეწრითა, რომელი-იგი გამოსრულ იყო წმიდისა გუერდისა მისისაგან, და მაშინღა წარვედ სოფლად ჩემდა შიშითა და სიხარულითა დიდითა. 24. ხოლო რაჟამს მიხილეს სიხარულითა ჩემითა, განიხარეს სიხარულითა უზესშთაესითა. 25. და მაშინ უთხრობდი მათ ყოველსავე და ადიდებდეს ჩემ თანა უფალსა. 26. და შემდგომად წმიდათა მოწაფეთა გამოცხადებისა ქრისტესა იერუსალჱმს და განიხილა თომა და ჰრწმენა, ვითარმედ მოძღუარი აღდგუმილ არს, 27. არა უწყოდე და მე ვჯედი რაჲ სახლსა შინა ჩემსა სელევკიოს ნიკანორეს თანა და ჰაბიბოჲს თანა, ძისა გამალიელისა, და ნიკოდიმოჲს და ბალადიოსის და ერეოჲსის თანა და ესენი მოსრულ იყვნეს ნუგეშინისცემად ჩემდა მწუხარებისა მისთჳს, 28. რომელ შემემთხჳა მე მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა ერისათა მიზეზისა მისთჳს, რომელ-იგი გამოვითხოვე გუამი უფლისა ჩუენისაჲ. 29. და ვითარ ესრჱთ ვიყვენით ჩუენ, მყის გამობრწყინდა სახლსა შინა, რომელსა ვიყვენით, ნათელი და ვზრახევდით აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა. 30. და დადგა ჩუენ შორის და თქუა: მშჳდობაჲ თქუენ ყოველთა! 31. და დავვარდით პირთა ჩუენთა ზედა და თაყუანის-ვეცით და გუაკურთხნა. 32. და ვადიდეთ ღმერთი, მამაჲ საუკუნჱ, რომელმან ძისა თჳსისა მიერ წმიდისა გჳჴსნა. 33. და შეიპყრნა გულნი ჩუენნი შიშმან და ვერ შეუძლეთ ზე აღდგომად და მიხედვად ნათელსა მას გამოუთქუმელსა, რომელი იყო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს თანა. 34. მაშინ დამდვა ჴელი თჳს ყოველთა ზედა თჳთეულსა ჩუენგანთა და აღმადგინნა ჩუენ და გუეტყოდა ესრჱთ: რაჲსათჳს დაეცნეს გულნი თქუენნი და ფრიად შეურვებულ იქმნენით? 35. რაჲსათჳს დაივიწყეთ, რამეთუ მამამან მომავლინა? 36. არა შემძლებელ არსა ყოფად საქმეთა დიდებულთა საკჳრველთა საცხორებელად მათთჳს, რომელთა ჰრწმენეს ჩემდა მომართ ყოვლითა გულითა მათითა? 37. რაჲსათჳს ესრეთ შეცბუნდით? 38. რაჲსათჳს დაჴსნილ იქმნენით ესრჱთ, ოდეს აღთქუმულ არს თქუენდა, რაჲთა იყვნეთ შვილ ნათლისა? 39. ითხოვეთ მამისა ჩემისაგან, რომელი-იგი არს ცათა შინა, რაჲთა აღგავსნეს თქუენ სულითა წმიდითა და მიგანიჭოს თქუენ, რაჲთა იყვნეთ თქუენ ჩემ თანა მიუკუნისამდე. 40. მიუგეთ და ვეტყოდეთ: უფალო, რაჲ არს სული წმიდაჲ და რაჲ არს ძალი მისი? 41. რამეთუ მრქუა ჩუენ, ვითარმედ: ვითხოვოთ სული წმიდაჲ. 42. მრქუა ჩუენ: ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ვერ იქმნეთ შვილ ნათლისა, გარნა სულითა წმიდითა. 43. მიუგო ნიკოდემოს და ჰრქუა მას: უფალო, მომეც ჩუენ იგი, რამეთუ მრქუ მე პირველვე, ვითარმედ: „უკუეთუ არა იშვეს კაცი წყლისაგან და სულისა წმიდისა, ვერ შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა“. 44. მაშინ შთაგუბერა ჩუენ უფალმან იესუ ქრისტჱ და თქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ“ და აღივსენით ყოველნივე სულითა წმიდითა. 45. და იყო სიხარული ჩუენ შორის ნიჭითა სულითა წმიდისაჲთა. 46. და შემდგომად მიღებისა სულისა წმიდისა მრქუა მე, იოსეფს: მივედ ქალაქად ლუდისა და ქადაგჱ მას შინა სახარებაჲ და სიხარული აღდგომისაჲ ჩემისაჲ და განამტკიცენ, 47. რომელთამე მათგან შეიწყნარეს ჩემგან ნათლისღებაჲ სჱლომს სინანულისაჲ მოსატევებელად ცოდვათა, ადგომაჲ ჩემი ქალაქსა მას შინა. 48. და გარემოჲს მისსა არიან კაცნი მრავალნი. 49. და ვარქუ მე უფალსა ჩემსა, იესუ ქრისტესა: უფალო, ესე ქალაქი სავსჱ არს ფარისეველთაგან და მწიგნობართაგან, რამეთუ სულსა-იღებენ მოკლვასა და აშინებენ სიქადულითა ჩუენდა მომართ მოწაფეთა შენთა და განიზრახვენ და იგონებენ და გულიუთქუამს მათ განბნევად ჩუენ. 50. მაშინ ვარქუ მე: სადა მივიდჱ და ვინაჲ დავადგრჱ? 51. რამეთუ ყოველთა დღეთა შეკრბებიან და კრებასა ჰყოფენ შესაკრებელთა შინა, რომელ არიან მუნ. 52. და კუალად მუნ კაცი არს სასტიკი ტარსელი, სახელი მისი სავლჱ, და აღძრავს ესე ქალაქი და შფოთებს მესამით დღითგან, ვითარ-იგი მითხრეს, და იგი ეძიებს მოწაფეთა შენთა, რაჲთა ბოროტი უყოს მათ. 53. მომიუგო უფალმან და მრქუა მე: ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ იხილო სავლე ეგე, რომელ აწ მდევარ არს, არა შემდგომად მრავალთა დღეთა და იქმნეს მახარებელ და მორწმუნე ეკლესიისა, 54. რომელი აწ მტყუენველ არს და მდევარ მისა არს, რამეთუ პირველ დაბადებისა მისისა საშოსა შინა დედისასა გამომირჩევია, რაჲთა იყოს მოწამე ადგომისა ჩემისა ყოველთა წარმართთა შორის. 55. ხოლო შენ აწ თანა-იპყარ ნიკოდემოს და მივედ ლუდს, ვითარ-იგი გიბრძანჱ და გარდაჰჴედ სახლსა შინა ნიკოდემოსისსა, ერთგულისა მოწაფისა ჩემისა, მახლობელად შესაკრებელსა, რომელსა ჰრქჳან ბეთელოე, რომელ არს თარგმანებით – სახლი ღმრთისაჲ. 56. ვარქუ მე უფალსა ჩემსა იესუს: უფალო ჩემო, შენ უწყი ყოველი, ვითარმედ ყოველნი მოქალაქენი მუნ შეკრბებიან ყოველთა ჟამთა, რამეთუ იგი შესაკრებელი არს პირველი ყოველთა საკრებულოთა, რომელ-იგი არს ქალაქსა მას შინა. 57. მრქუა მე უფალმან: გრწმენინ ჩემი, საყუარელო ჩემო იოსეფ, რამეთუ იგი ადგილი იქმნეს ადგილი აღთქუმისაჲ და სახარებისაჲ. 58. ხოლო აწ შენ წარვედ სიხარულით, ვიდრემდის მოგივლინო ფილიპჱ. 59. და ვითარ იტყოდაღა ამას, მიფარა და უჩინო იქმნა ჩუენგან. 60. მაშინ ვარქუ სელევკოსს და ნიკანორის და მოყუასთა მისთა: წარვედით, ძმანო ჩემნო, მშჳდობით. 61. ღმერთი იყავნ თქუენ თანა მაცხოვრად და უთხართ მოციქულთა, რომელნი არიან იერუსალჱმს შინა, საკჳრველებანი ესე ღმრთისანი და დიდებულებაჲ მისი, 62. რომელნი ქმნნა და რომელნი გასმიან ყურთა თქუენთა და იხილჱთ თუალითა თქუენითა და აღდეგით, რაჲთა მივსცეთ დიდებაჲ სიხარულით დიდებულსა უფალსა, ღმერთსა ჩუენსა. 63. და ვითარცა ილოცეს ლოცვაჲ გრძელად და შეიტკბნეს ურთიერთას და ჰმადლობდეს უფალსა. 64. და წარვიდეს ნიკანორი და მოყუასნი მისნი სიხარულით და ჰმადლობდეს ღმერთსა ყოველსა მას ზედა, რომელიცა ესმა და იხილეს. 65. და უთხრობდეს ყოფილსა ამას ყოველთა წმიდათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს, და აღივსნეს ყოველნივე სიხარულით დიდითა. 66. ხოლო სელევკოს მრქუა მე: ცხოველ არს ქრისტჱ ღმერთი, ვითარმედ აწ მოვიდე მე შენ თანა ლუდად. 67. მაშინ მშჳდობაჲ დაუტევეთ ძმათა და წარვედით ქალაქად ლუდად და მშჳდობაჲ მოჰკითხეთ ძმათა, რომელნი მუნ იყვნეს, და ვახარეთ ადგომაჲ უფლისაჲ, 68. და აღემატებოდეს ყოველთა დღეთა და განმტკიცდებოდეს სარწმუნოებითა უფლისა მიმართ და ჰრწმენა ურიცხუთა მრავალთა და დადგრომილ იყვნეს მარხვასა და ლოცვასა მარადის. 69. ხოლო შემდგომად დღეთა გარდასლვისა ზატიკობისათა მოვიდა ჩემდა ფილიპჱ უწყებითა უფლისა მიერ და ნათელ-სცა დღესა შინა ერთსა ხუთასსა კაცსა მორწმუნეთა ქრისტჱს მიერ. 70. და შემდგომად ნათლისღებისა მათისა გამოეცხადა მათ უფალი, რამეთუ ყოველნი იგი შეკრებულ იყვნეს სახლსა შინა ნიკოდემოსისსა. 71. და ვითად დაადგრა ფილიპჱ ჩუენ თანა შჳდ დღჱ, ინება, რაჲთა წარვიდეს კესარიად. 72. და ვითარცა ცნეს ძმათა, მწუხარე იქმნნეს ამისთჳს და ევედრებოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. 73. ხოლო მან არა ინება და ჰრქუა მათ: კმა არს ქალაქისა ამისთჳს და გარემოთა მისთა ჲოსეფ და სელევკოს და ნიკოდემოს, რამეთუ მათცა მიუღებია ნიჭი, ვითარცა-ესე ჩუენ, დარმუნებულ არიან სახარებასა ხარებად სასუფეველისათჳს. 74. და წარვიდა ფილიპჱ ქალაქად თჳსა. 75. ხოლო ძმანი ყოველთა დღეთა შინა შეკრბებოდეს ლოცვასა და ზეარებასა საიდუმლოსა უფლისა ჩუენისასა და მადლსა. 76. ხოლო მწუხარჱ იყვნეს ურვითა და არა უწყოდეს, თუ ვინაჲ აღაშენონ ტაძარი უფლისათჳს. 77. და არა ერთზრახვა იყვნეს ამის ჯერისათჳს. 78. და წარავლინეს სელევკოს პეტრჱსა იერუსალჱმს, რაჲთა მოვიდეს იგი და უბძანოს მათ, თუ რომელსა ადგილსა აღაშენონ ეკლესიაჲ – სახლი ღმრთისაჲ. 79. და ვითარცა მოვიდა წმიდაჲ პეტრჱ და იხილა კრებული ურიცხჳ მრავალი მორწმუნეთაგანი ადიდებდა ღმერთსა და განიხარა ფრიად და იტყოდეს ძმანი, რაჲთა ევედროს ღმერთსა, რომელ აუწყოს მათთჳს, რომელსა ადგილსა აღაშენონ ადგილი სიწმიდისა მისისაჲ. 80. მაშინ აღდგა წმიდაჲ პეტრჱ შორის ძმათა ლოცვისა ყოფად და თქუა: უფალო, შენ, რომელმან მოუწოდჱ კრებულსა ამას მრავალსა წოდებითა შენითა, მაუწყე ჩუენ, რომელსა შინა ადგილსა არს ნებაჲ შენი, რაჲთა აღეშენოს მას შინა ეკლესიაჲ შენი. 81. და თქუა ესე, გუესმა ყოველთავე, ჴმაჲ იტყოდა რაჲ: ბეთელოეს იყოს ადგილი სიწმიდისა ჩემისაჲ, სახლსა თანა ნიკოდემოს მოწაფისა ჩემისასა, ერთგულისა. 82. და ვითარცა ესმა ესე ნიკოდემოსს, თქუა: გმადლობ შენ, უფალო, ადონა ელოჲ საბაოთ – ესე იგი არს: უფალო ღმერთო ძალთაო, რომელმან გამოარჩიე საყოფელი მონისა შენისა, რაჲთა იყოს ადგილი სიწმიდისა შენისაჲ. 83. მაშინ მოვიდა ნიკოდემოს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა თანა ჰურიათასა და კაცთა პირველთა ქალაქისათა ლუდს შინა და ჰრქუა მათ: ჵ მსახურნო უფლისა საბაოთისნო, თქუენ ხართ მოძღუარნი ისრაჱლისანი და თესლი წმიდაჲ, ნათესავნი აღთქუმისა ღმრთისაჲ. 84. თქუენ უწყით, რამეთუ ადგილი სამსახურებელი და სალოცველი ამას ქალაქსა შინა ბეთელოე არს და იგი იწრო არს ფრიად და ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა განავრცოთ და განაშუენოთ უფროჲს ყოველთა შესაკრებელთა. 85. და აჰა ესერა, მე თქუენ წინაშე ვარ, შევსწირავ ღმრთისა ამას ტაძარსა წმიდასა. 86. სახლი ესე ჩემი მცირჱ, რაჲთა ემატოს სივრცესსა მისსა და განდიდნეს და მე უურავ-გყვნე თქუენ საჴმრისა მისისათჳს და ზრუნვისა აღშენებისა და ყოვლისა საჴმრისა, რაჲცა უჴმდეს ტაძარსა. 87. და შეჯერებულ იქმნეს მღდელმოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი მათნი და ნება სცეს ნიკოდემოსს ამას ზედა. 88. და წარვიდა მაშინ ნიკოდემოს ძმათა თანა სიხარულითა და უთხრობდა მათ მადლსა ღმრთისასა. 89. და ვითარცა ესმა ესე ძმათა, განიხარეს და ადიდეს ღმერთი. 90. და აღიღეს პეტრჱ და ნიკოდემოს და ძმათა ცულები და დაარღჳეს სახლი ნიკოდემოჲსი შესაკრებლითურთ ბეთელოჲ, და შემდგომად დარღუევისა მის ყოვლისა აღდგა წმიდაჲ პეტრჱ და ილოცა. 91. აღიღო საზომი და განზომა სიგრძჱ ტაძრისაჲ და ნებითა ღმრთისაჲთა იწყო მოსწრაფედ შენებდ ტაძრისა. 92. და განიხარეს პეტრჱ და ნიკოდემოს და ძმათა ამისთჳს. 93. და ჰრქუა მათ პეტრჱ: ვჰმადლობ ღმერთსა, მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, რამეთუ ესე პირველი ეკლესიაჲ არს, რომლისაჲ ჴელითა ჩემითა დავდევ საძირკუელი ამის ეკლესიისაჲ. 94. ეწოდოს მეორე შემდგომად იერუსალჱმისა ეკლესიისა. 95. მაშინ პეტრჱ და ნიკოდემოს გამაჩინეს მე, იოსეფ, შენებასა ზედა ტაძრისასა და ზრუნვად საქმისა მისისათჳს, და იგინი წარვიდეს იერუსალჱმდ. 96. ხოლო სავლჱ მას ჟამსა სულსა იღებდა და აღსძრვიდა ერსა სიქადულით შინებად და მოკლვად მოწაფეთა უფლისათა. 97. და მივიდა მღდელთმოძღურისასა და ითხოვა მისგან წიგნები და ბრძანებაჲ დამასკოდ, რაჲთა შეიკრძალნეს ყოველნი, რომელნი იპოვნენ მორწმუნეთაგანნი ადგომისა და მახარებელ იესუჲსთჳს, რაჲთა შეკრნეს და წარმოიყვანნეს იერუსალჱმდ. 98. და ვითარ იყოღა სლვასა შინა თჳსსა მიახლებულ ოდენ დამასკედ, გამოუბრწყინდა მას მყის შინა ნათელი ზეცით და დაეცა ქუეყანასა ზედა. 99. და ესმას ჴმაჲ, რომელი ეტყოდა მას: „სავლჱ, სავლჱ, რაჲსათჳს მდევნი მე?“ 100. ჰრქუა მას: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ 101. ჰრქუა მას: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ დევნი“, არამედ „აღდეგ და მივედ დამასკედ და გრქუა შენ მუნ, რაჲცა ჯერ-იყოს შენდა ყოფად“. 102. და წარვიდა მაშინ და ნათელ-იღო ანანიას მიერ, ვითარცა-იგი უფალმან წინაჲსწარ მაუწყა და გამომიცხადა მე. 103. ხოლო პეტრჱ მოვლნა სამარიტელნი და მოვიდა ჩუენდა ძმათა მოკითხვად და ხილვად შენებასა ტაძრისასა. 104. ხოლო ღმერთი იქმოდა ჴელითა წმიდისა პეტრესითა სასწაულთა არამცირედთა, ვიდრემდის აღ-ცა-იკიდებდეს სნეულებსა სარეცლებითა და მოჰგურიდეს მას და ჰკურნებდა მათ. 105. და ჰრწმენა მათ სახელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი და ნათელს-იღებდეს სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. 106. და იყო ქალაქსა შინა ლუდისასა კაცი, მსახური ღმრთისაჲ, და იმარხვიდა შჯულსა მამათასა მტკიცედ და სახელი მისი ენიას, და ყოველნი მკჳდრნი ლუდისანი წამებდეს სიმართლჱსა მისსა. 107. და ესე დავრდომილ იყო რვით წლითგან, ქუე ჯდომით ცურვიდა და მდებარჱ იყო სარეცელსა ზედა. 108. ხოლო სახლი მისი იყო აღმოსავალით კერძო სახლსა ნიკოდემოსისსა, რომელი-იგი შეიწირა წმიდათა. 109. და იხილნა საკჳრველებანი დიდნი, რომელთა იქმოდა ღმერთი ჴელითა წმიდისა პეტრჱსითა. 110. ღაღად-ყო შვილთა მიმართ თჳსთა ჴმითა მაღლითა და თქუა: აღმიღეთ მე და მიმიღეთ სიმონ-პეტრესა, რაჲთა მივემთხჳო მეცა კურნებასა მრავალთა თანა. 111. მაშინ აღიღეს სარეცლითურთ და მოიღეს ადგილსა მას, რომელსა იყო წმიდაჲ პეტრჱ. 112. და ვითარცა იხილა, ჰრქუა: ბრძანჱ, მამაო პეტრჱ, და დასხენ ჴელნი შენნი ჩემ ზედა, რაჲთა განვიკურნო და იდიდოს სახელი იესუჲსი ჩემ შორისცა. 113. კუალად, ვითარცა იხილა წმიდამან პეტრჱ ესევითარი სარწმუნოებაჲ მისი, ჰრქუა მას: „ჵ ენიას, განგკურნოს შენ უფალმან იესუ ქრისტჱ, აღდეგ და განჰმარტჱ თავი შენი! 114. და მწრაფლ აღდგა და იხილეს ყოველთა მკჳდრთა ლუდისათა. 115. და კუალად სარონაცა და ყოველნი იგი მოიქცეს უფლისა“ და ნათელ-იღეს წმიდისა პეტრეს მიერ. 116. და მაშინ ენია განყიდა ყოველი მონაგები თჳსი და შეწირა მათა, რომელნი-იგი შურებოდეს ეკლესიისა შენებასა. 117. და ეგრევე ყოველნი წმიდანი იყვნეს, თითოეულმან მათგანმან მოიღეს ძალისაებრ თჳსისა, რომელსა შემძლჱბელ არნ და მისცემდეს შენებისათჳს ეკლჱსიისა. 118. განაჩინა იგი ჩემ თანა და ბალადიოსცა მსახურებასა ზედა ეკლესიისა შენებასა. 119. და შემდგომად ამისა წმიდაჲ პავლჱ ვიდოდა ქალაქებსა შინა და მოვიდა ჩუენდა და დაყვნა ჩუენ თანა დღენი მრავალნი. 120. შურებოდა ჩუენ თანა შენებასა ეკლესიისასა, მერმე მშჳდობაჲ დაგჳტევა და წარვიდა სიხარულით ანტიოქიად ქალაქად. 121. და შეწევნითა ღმრთისაჲთა სრულ იქმნა შენებაჲ… სირცხჳლეულ იქმნეს. 122. ხოლო კრებული ჩუენ ქრისტეანეთაჲ სიხარულითა დიდითა, ვდღესასწაულობდით და ვადიდებდით მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|