|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება მეთვრამეტე
1. 20. საკითხავნი წმიდისა ახალკჳრიაკისანი, თქუმული იოვანჱ ბოლნელ ეპისკოპოსისაჲ ახალკჳრიაკისათჳს, თომაჲს ურწმუნოებისათჳს და მერმე კუალად სარწმუნოებისათჳს 2. ა. თავი 3. და ვითარცა აღდგა მკუდრეთით უფალი იესუ ქრისტჱ დღესა მას ერთშაბათისასა, რომელსა აწ ეწოდების კჳრიაკჱ, 4. რომელი გამოითარგმანების საუფლოჲ, მუნქუესვე, მეყსეულად ეჩუენა იგი მარიამს მაგდალენელსა და სხუათაცა მათ დედათა, რიმელნი მისრულ იყვნეს მის თანა ხილვად წმიდასა გუამისა მისსა. 5. ხოლო დედათა მათ, ვითარცა იხილეს უფალი აღდგომილი მკუდრეთით მირბიოდეს მისსა შემთხუევად. 6. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: გიხაროდენ თქუენ და უხაროდენ ყოველსა სოფელსა, რამეთუ დღეს დაეჴშა ჯოჯოხეთი და განეღო სასუფეველი. 7. ხოლო იგინი მოუჴდეს და შეურდეს ფერჴთა მისთა და თავყანის-სცეს მას. 8. ხოლო მან ჰრქუა: „წარვედით და უთხართ მოწაფეთა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეად და მუნ მიხილონ მე“. 9. ხოლო იგინი წარვიდეს მსგავსად სიტყჳსა მისებრ და უთხრეს მოწაფეთა მისთა და ახარეს, რამეთუ იყვნეს იგინი შეკრებულ სახლსა შინა შიშისათჳს ჰურიათაჲსა. 10. ხოლო ვითარცა წმიდაჲ სახარებაჲ იტყჳს და წამებს: „და იყო მწუხრი დღჱ იგი ერთშაბათისაჲ და კარნი დაჴშულ იყვნეს, 11. სადაცა-იგი შეკრებულ იყვნეს მოწაფენი იესუჲსნი შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ“ და შევიდა იგი კართა ჴშულთა და კარნი იგი არა განეხუნეს და ესრჱ შევიდა იგი კართა ჴშულთა. 12. ვისწაოთ აწ, ვითარმე შევიდა იგი კართა ჴშულთა და კარნი იგი არა განეხუნეს. 13. ესრჱთ შევიდა, ვითარცა-იგი მოვიდა ზეცით მთავარანგელოზი და ახარა ქალწულსა მარიამს და ჰრქუა მას: „გიხაროდენ, უფალი შენ თანა“. 14. რამეთუ „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ“. 15. ხოლო ქალწულსა მას ყურთა ესმა და საშომან მუცლად იღო ღმერთი. 16. ყურთა ესმა და ქალწულმან დაუტევნელი დაიტია. 17. და ეგრჱთვე სახედ შევიდა კართა ჴშულთა და დადგა შორის მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა“. 18. რომელმან-იგი მშჳდობაჲ ყო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: „მშჳდობაჲ თქუენ თანა“. 19. და ესე ვითარცა ჰრქუა, უჩუენნა ჴელნი და გუერდიცა მისი. 20. ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა იხილჱს უფალი, და განიხარეს სიყუარულითა დიდითა ფრიად, მაშინ „ჰქრუა მათ იესუ მერმე მეორედ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 21. ვითარცა მომავლინა მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ“. 22. და ვითარცა ესე ისმინეს მოწაფეთა მისთა, მაშინ მეყსეულად „ჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ“. 23. და მონთქუესვე მისცა მათ ჴელმწიფებაჲ მიტევებად შეცოდებათა. 24. რამეთუ ესრე ჰრქუა მათ; „უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ შეცოდებანი, მიეტევნენ. 25. და რომელთანი შეიპყრნეთ შეცოდებანი იგი, შეპყრობილ იყვნენ“. 26. და ვითარცა ჰრქუა, განეყენა იგი მათგან. 27. და მოვიდა იგი მათვე კართა ჴშულთა. 28. ვისწაოთ ესეცა, თუ ვირარ გამოვიდა. 29. რამეთუ ვითარცა გამოვიდა იგი პირველად საშოჲსაგან ქალწულისა და ბჭჱ იგი, ქალწულებაჲ დაჴშული და დაბეჭდული, დაუტევა, ეგრჱთ სახედვე გამოვიდა იგი ბჭეთა ჴშულთა და ბჭენი იგი დაჴშულნი დაუტევნა. 30. ხოლო თომა ერთი იგი, რომელსა ერქუა მარჩბივ, რამეთუ არს ერთი ორთაგანი, რამეთუ ტყუბთაგანი იყო იგი, ამის თჳსცა ეწოდა მას მარჩბივ, არა იყო იგი მაშინ მოწაფეთა თანა, რაჟამს მოვიდა უფალი იესუ. 31. ხოლო „მოწაფენი იგი უთხრობდეს, ვითარმედ: ვიხილეთ ჩუენ უფალი“. 32. ხოლო მან ჰრქუა მათ: მე ხოლო არა ღირს ვიყავ ხილვად მისა, ჩემდა ხოლო-მე არა ჯერს-იყოა თაყუანისცემაჲ? 33. მე ხოლო ვიპოვეა უშჯულოჲ და არაწმიდაჲ, ანუ ჩემდა ხოლო-მე არა სამართალ იყო თქუენთანავე სიხარული? 34. და აწ რაჲ ვყო, რამეთუ მტკივის გული ჩემი და კუნესიან თირკუმელნი ჩემნი, მელმის მუცელი ჩემი და სურის ნაწლევთა ჩემთა, სწადის თუალთა ჩემთა ხილვაჲ პირისა მისისაჲ და მოდრეკით არიან ყურნი ჩემნი სმენად ჴმასა მისსა. 35. და ამის ყოვლისათჳს შეწუხებულ ვარ და ვიტყჳ, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე იგი, რამეთუ იტყოდა: პირი ჩემი ჭირსა ჩემსა. 36. „ხოლო აწ უკუეთუ არა ვიხილო სახჱ იგი სამშჭუალთა მათ და შევახო, თითითა ჩემითა ადგილსა მას სამშჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, რომელსა-იგი უგმირეს ლახურითა უშჯულოთა პირითა, არასადა მრწმენეს“. 37. ხოლო ღმერთსა, რომელსა უნებს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და უფროჲს და უმეტეს ინება მოწაფისაჲცა მის ცხორებაჲ, ამისთჳს კუალად სათნო იყო და მოვიდა, რაჲთა უჩუენოს მოწაფესა მას თჳსსა, ვითარცა იტყჳს. 38. „და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს შეკრებულ მოწაფენი იესუჲსნი და თომაცა მათ თანა. 39. შევიდა იესუ კართა ჴშულთა, დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ 40. და ესე ჰრქუა მათ. 41. მაშინ ჰრქუა კუალად თომასცა: „მოყვენ თითნი შენნი აქა, შემახენ მე და იხილენ სახენი იგი სამშჭუალთანი, რომელ არს ჴელთა ჩემთა და მოყავნ ჴელი შენი და შთაჰჴადე იგი გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ!“ 42. მასვე ჟამსა აღივსო თომა სიხარულითა დიდითა ფრიად და სიხარულითა იტყოდა: „უფალი ჩემი და მაცხოვარი ჩემი“. 43. შენ ხარ „უფალი ჩემი და მეუფჱ ჩემი“. 44. და შეურდა და თაყუანის-ჰცა მას. 45. მაშინ „ჰრქუა მას იესუ, რამეთუ: შენ მიხილჱ მე და გრწმენა, ხოლო უკუე ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ მე და ჰრწმენეს“. 46. აწცა შესძინე თომა უვარის-ყოფად და კუალად იქმენ ურწმუნო ჩუენთჳს, რაჲთა კუალად მოვიდეს უფალი იესუ და ჩუენცა ვიხილოთ, 47. რამეთუ ჩუენცა გუწადის და გუსურის ხილვაჲ მისი, რაჲთა ჩუენცა შენ თანავე შეუვრდეთ და თაყუანის-ვსცეთ მას და ჩუენცა შენ თანავე აუვაროთ სახელსა მისსა წმიდასა. 48. ხოლო სხუანი სასწაულნი, რომელნი ქმნნა იესუ, არა დაიწერნეს წმიდასა სახარებასა, ვითარცა წამებს წმიდაჲ იოვანე მახარებელი და იტყჳს: ხოლო ესე ოდენ დაიწერნეს, რაჲთა გრწმენეს ფრიად: იესუ ქრისტჱ არს ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ და ცხორებაჲ მოვიღოთ მაცხოვარებითა მისითა. 49. ხოლო ჩუენ გურწამს და აღვიარებთ უფალსა ჩუენსა იესუს, ძესა ღმრთისასა, და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|