|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება მეჩვიდმეტე
1. 19 2. ...და მოსაწყინელ შორიელთაგან და მახლობელთა მყავ. 3. ანუ არა დაამცირეა საზომი ჩემი, რომელი იყო შუენიერ და დააკნინე საქმე ჩემი, რომელი იყო დიდებულ და დაამდაბლჱ სიმაღლჱ ჩემი, რომელი იყო სახედველ და ყოველნი გულისსათქუმელნი და სანებელნი მოაძულენ სულსა ჩემსა. 4. აწ რაჲ არს შენდა და ჩემდა? ჵ სახჱბოროტო სიბერეო, ვინ მოგიყვანა შენ ჩემდა? 5. ანუ ვინ მოგავლინა? ანუ რომელი რაჲ საქმჱ სამადლობელი ჰყავ ჩემ თანა? 6. მიუგო სიბერემან და ჰრქუა: კმა ყავ, ჵ სიჭაბუკეო, და დადუმენ და დაიყავ პირი და ნუ მრავალს იტყჳ, რამეთუ შეცთომილ ხარ და დასულებულ, დაბრმობილ სილაღითა და ამპარტავნებითა. 7. არამედ აღიხილენ თუალნი შენნი და განიფრთხვჱ სიმთრვალისაგან, რომელსა-ეგე შინა ხარ, რაჲთა ეწიო წარსრულსა მას და ჰპოვო, რომელი წარსწყმიდჱ. 8. განიღჳძჱ ძილისაგან, ჵ საწყალო, და გულისხმა-ყავ, რომელი-ესე გესმის თქუმული სიბერისათჳს და მოხუცებულებისა. 9. და ცან ძალი კეთილთაჲ მათ, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოღუაწეთა და ჭირსა შინა მოთმინეთა. 10. და უწყოდე, რამეთუ მოსლვაჲ ჩემი შენდა ფრიად სარგებელ არს და უმჯობეს ყოველთა საფასჱთა, დაღაცათუ გიძნავს და არა გნებავს. 11. და ესეცა გულისხმა-ყავ, ჵ სიჭაბუკეო, რამეთუ უფალ ფრიად მოწყალჱ არს და არა ინება წარწყმედაჲ შენი და მტერისა მიერ წარტყუენვაჲ შენი, რომელმან-იგი გიწოდა შენ, შეუდეგ მას და წარგიყვანა და მისდევდი მას და დაემორჩილჱ ბრძანებასა მისსა. 12. და ამისთჳს არა სათნო უჩნდა უფალსა, რაჲთა სრულიად არა წარგტყუენოს შენ და გერეოდის მტერი იგი შენი, რომელსა ჰნებავს შთათქმაჲ შენი, და მისთჳს მომავლინა მე შენდა, რამეთუ გპოვე შენ, ჭაბუკო, ყოველთა მათ საქმეთა, რომელნი პირველად წარმოსთქუენ. 13. და იგინი მოგიცჳენ ბრძანებითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი სიყუარულისა შენისათჳს მომავლინა მე შენდა და წყალობისა შენისათჳს მაჴელმწიფა შენ ზედა. 14. ბრძანებითა მისითა მოვედ მე შენდა, რამეთუ მან მომავლინა უწინარეს სიკუდილისა შენისა, რაჲთა ეწიო წარსრულსა მას კეთილსა, რომელი უგუნურებითა შენითა განგეყო, და რაჲთა სინანულითა შეუდგე ღმერთსა და გიჴსნეს შენ სატანჯველისაგან საუკუნოჲსა. 15. მოიქეც აწ უფლისა შენისა დამბადებელისა და შიშითა და ძრწოლით მოუჴედ მას და ევედრე მას და აჴოცნეს ბრალნი შენნი ცხორებასა შენსა. 16. ნუუკუჱ გეწიოს სიკუდილი და წარგიყვანუს უნანელი სატანჯველად საუკუნოდ. 17. ხოლო მე რომელი კეთილი არა მოგართუა შენ, ანუ რომელი მტერი მავნელი არა განვდევნეა შენგან? 18. არა გპოვეა უკეთურებითა და უშჯულოებითა სავსჱ და მოგიყვანე შენ უფლისა? 19. ანუ არა სიმძაფრჱ სიჭაპუკისა შენისა აღგძრვიდა ცოდვისა მიმართ და ბრალისა და ურჩებასა ღმრთისასა მოგატყუებდა და მათგან გიყვანე? 20. ჭეშმარიტსა იტყჳ, ჵ ჭაპუკო, რამეთუ შუენიერებაჲ საჩინოჲ გარეშისა გუამისა შენისაჲ დავარღჳე, რაჲთა იხილონ კაცთა საიდუმლოჲ შენი. 21. ხოლო შინაგანი შენი განვაშუენე, რაჲთა უფალი შენ შორის დაადგრჱს. 22. ანუ არა გპოვეა, ჵ ჭაპუკო, მაჩუენებელი კაცთაჲ და მამკობელი თავისა, ვითარცა საფლავი განგოზილი, რომელი ჩანედ კაცთა წინაშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არნ სიმყრალითა და არაწმიდებითა და იგი დავარღჳე და უბრებაჲ მისი გამოვაჩინე, რაჲთა სათნო ეყო შენ ღმერთსა? 23. ანუ სიმართლე გუამისა შენისაჲ აღგძრვიდა წინააღდგომად ბრძანებასა უფლისასა, სიკეთჱ ხატისა შენისაჲ აღჰსძრვიდა რისხვაა ღმრთისასა შენ ზედა და აწ სალმობითა და უძლურებითა დაგაყენე ეგევითართაგან ბოროტთა, რაჲთა სული შენი ცოცხალ იქმნეს და უბიწო. 24. ანუ არა გპოვჱ მოწრაფჱ და მეძიებელი უშჯულოებისაჲ და სიცრუვისაჲ და სენთა განმრავლებითა დაგაცხრვე მისგან? 25. არა გპოვეა ბრწყინვალებითა წარწყმედული სოფელსა შინა და შეგმოსჱ შენ სამოსჱლი მოშიშებისაჲ შენანებითა, რაჲთა მით ჰპოვო დიდებაჲ და პატივი ღმრთისაგან, მაცხოვრისა შენისა? 26. ანუ არა გპოვეა მზუაობარი, რომელი ჰასაკითა და მაღლადმხედველი და წინამდებარესა მას შენსა ყოვლადვე არა იხილევდ? 27. ამისთჳს მოვჰფხურენ კბილნი შენნი, რაჲთა გაყენე ჭამადთაგან. 28. მოვავლინე მღჳძარებაჲ, რაჲთა დაგაშრო უძილობითა, რაჲთა განაგდო მზუაობრობაჲ და შეიდრიკო ზურგი შენი და იხილო, რაჲ-იგი ძეს წინაშე შენსა საშინელი განკითხვაჲ, და განვაგრძვე ღამჱ შენ ზედა, რაჲთა მოიჴსენნე ცოდვანი შენნი. 29. და სარეცელნი შენნი ცრემლითა შენითა დაალტვნე და ცოდვანი და ბრალნი შენნი მით განიბანნე. 30. ანუ არა განგაშორეა ცუდი დიდებაჲ და სიხარული საწუთროჲსაჲ? 31. და მათ წილ მოგეც გლოვაჲ და მწუხარებაჲ, რაჲთა სული შენი განერეს სატანჯველისაგან და მოგეც სიცილისა წილ ტირილი, რაჲთა დათხევითა ცრემლთა შენთაჲთა დავითის თანა იხარებდე. 32. და მოგივლინე ურვაჲ და ჰრული შენანებისაჲ, რაჲთა სულთ-ითქუმიდე და ინანდე უდბობით წარსრულთა მათ დღეთა შენთა და დაგაბრკოლჱ სრბისაგან განმარისხებელისა, რაჲთა დააჯერო ღმერთი, დამბადებელი შენი. 33. და სწრაფითი იგი მორბედებაჲ შენი, რომელ გაქუნდა სიჭაბუკესა შენსა და ჰრბიოდე გზასა მტერისასა, იგი სიმძიმედ და დაღონებად შევცვალე, რაჲთა გზასა მას უფლისასა მოსწრაფედ ჰრბიოდი და კუალსა მისსა შეუდგე. 34. და შევკარ ენაჲ შენი მრავალმეტყუელებისაგან და რაჲთა დაჰსცხრე ტყუვილისაგან და ცილისწამებისა, მის წილ მოგეც შენ დუმილი შუენიერი და ფრიად სარგებელი. 35. და მოგჴადენ ჴორცნი შენნი, რომლითა ზუაობდ და უფალსა განარისხებდ, და გაუფლჱ სულმოკლებაჲ, რაჲთა მოიჴსენო უფალი და ჰსცხონდე. 36. და დავაბრყჳლენ თუალნი შენნი, რაჲთა არა იხილონ ამაოებაჲ და დავშრიტე მცხინვარებაჲ გუგათა შენთაჲ, რაჲთა შინაგანითა მით თუალითა მარადის ჰხედვიდე ღმერთსა. 37. და დაგამდაბლჱ ამპარტავანებისაგან და შეგმოსჱ შენ სიბერჱ, რაჲთა მარადის გეჴსენოს სიკუდილი და აუვარებდე უფალსა საქმეთა შენთა და კეთილი გეყოს შენ მის მიერ. 38. აწ უკუე რომელი კეთილი არა მოგართუა, ჵ სიჭაბუკეო, ანუ არა გპოვეა შებღალული მწჳრითა და სიმყრალითა და განგბანე შენ ცრემლითა და სინანულითა? 39. ანუ არა გპოვჱა თანამდები მრავალთა ცოდვათაჲ და ტჳრთმძიმე ბრალითა და უშჯულოებითა? 40. დღითი-დღედ ვიღუწიდ შენთჳს, ვიდრემდის გარდავიჴადე ვალი იგი ცოდვისა შენისაჲ და აღგიმცირე ტჳრთი შენი. 41. ანუ არა გპოვეა განფრდილი ვეცხლისმოყუარებისა შინა და წარმწყმედელი თავისა შენისაჲ და გარდასრული გზათა უფლისათა? 42. და სიკუდილისა დაახლებითა მოგაქციე შეცთომილებისაგან შენისა და ყოვლადვე მოსწრაფე ვარ ჴსნასა შენსა და ცხორებასა. 43. აწ უკუე შეიწყნარე, საყუარელო, მოსლვაჲ ჩემი და მიივლტოდე უფლისა და ცან, რაჲ-იგი თანა-გაც და გულისხმა-ყვენ ცოდვანი შენნი, ეძიებდ სინანულსა, მოიჴსენე სატანჯველი და დღჱ იგი საშინელი განკითხვისაჲ, 44. ითხოვდ წყალობასა უფლისასა, ისმინე აღთქუმაჲ იგი და გეშინოდენ უფლისა და მოიგონე, რაჲ გიქმნიეს და მიისწრაფჱ აღსარებად. 45. მოელოდე შენ სიკუდილსა და განერი სატანჯველსა, ხადოდე მას სინანულით, ვიდრე გაქუსღა სული შენი, რაჲთა შემდგომად სიკუდილისა შენისა განერე ბოროტთა მათ წყალობითა ღმრთისაჲთა. 46. შეიწყნარე აწ ჭირთა განმრავლჱბაჲ, დაუთმე განსაცდელთა და ღუაწლთა, მომავალთა შენ ზედა, განარავვე ვედრებაჲ შენი უფლისა მიმართ და ყავ გონებაჲ შენი ზეცას, რამეთუ უფალი მოწყალჱ არს და შეიწყნარებს სინანულს და მიუტევებს შეცოდებათა. 47. და უწყოდე, საყუარელო, რამეთუ განწვალებაჲ ღამისა და დღისაჲ და დაუცადებელი სრბაჲ მათი მოსწრაფჱ არიან დალევნად დღეთა ცხორებისა შენისათა და შენცა ნუ უდებ იქმნები ვედრებად უფლისა, რამეთუ იგი არა დასცხრებინ აღსრულებად ჟამთა შენთა. 48. და რამეთუ მონასა რაჟამს ესმის საქმეჱ ბრძანებისაჲ, დაესრულნიან ნივთნი მისნი, იწოდის უფლისაგან თჳსისა და დაემორჩილის ბრძანებასა წოდებისა მისისასა, 49. მაშინ მიეცის აღთქუმასა ჭეშმარიტებისასა და მიეცის სულთა განკითხვასა და მიღებულ იქმნის საფლავად და დაიდვის მის შინა და მიესხის მიწაჲ. 50. და აღესრულის სიტყუაჲ იგი: მიქცა მიწაჲ მიწად. 51. მიერითგან ანუ წყალობაჲ, ანუ სატანჯველი. 52. მაშინ დაუტევის ყოველი მონაგები თჳსი ოჴრად და საფასჱ და სიმდიდრჱ, ნაშობნი და მონანი, ეტლები და მჴედრები, და არავინ მას დღესა შინა შემძლებელ არნ შეწევნად მისსა. 53. და არცა ნათესავთა და მეგობართა მისთა შეუძლიან ჴსნაჲ მისი სიკუდილისაგან, არამედ იქმნის იგი მატლთა შესაჭმელ. 54. ხოლო თჳსთა და მეგობართა მისთა ნაშობთა და სახლეულთა მისთა დაუტევიან იგი ყოველთა ერბამად საშჯელად და განსაკითხავად და მიიქციან საყოფლად თჳსა და განიყოფდიან ოჴერსა მისსა და ისრითა ერთი-ერთას დასწერტდიან. 55. მაშინ სული იგი მიეცის განსაკითხავსა საშჯელისასა და მწუხარებასა დაუსრულჱბელსა და მონაგები მისი არად სარგებელ ეყვის, რომელი-იგი დაუტევა, 56. არამედ იქმნის მის ზედა სიტყჳსა მისებრ მდიდრისაჲ მის და ვაებაჲ იგი მონისაჲ მის უჴმრისაჲ, რამეთუ არა ისმინა ჴმაჲ ვედრებისა მისისაჲ და არცა შეწყნარებულ იქმნა მიზეზი პასუხისა მისასაჲ. 57. აწ უკუე არქუ მეგობარსა მისსა, რაჲთა მოვიდეს საფლავად და უწოდოს მას. 58. და თუ არა მოსცეს სიტყუაჲ, უძლიერესადრჱ ჴმა-უყავნ მას. 59. და თუ აქუნდესღა იჭჳ მისთჳს და არა ირწმუნოს, განაღენ საფლავი მისი და განიცადენ, რამეთუ არაჲ სხუაჲ იხილოს, გარნა სიმყრალჱ ხოლო, არაწმიდებაჲ. 60. მერმე ჰკითხჱ საფლავსა მისთჳს, რომელი-იგი დავდევით აქა: სადა არს, რომელი-იგი დაუტევეთ შენ შორის? 61. და არა ვინ რაჲ მოგიგოს. 62. და არქუ: სადა არიან მეფენი და მთავარნი, ძლიერნი და ჴელმწიფენი? 63. ანუ სადა არიან მფლობელნი და დიდებულნი. 64. მზუაობარნი და მდიდრად მეტყუელნი? 65. სადა არიან მდიდარი და განმცხრომელნი, ოქროჲსა და ვეცხლისა ძლიერად შემკრებელნი? 66. სადა არიან ბრძენნი და სწავლულნი ფილასოფოსობასა და სიბრძნისმოყუარენი? 67. სადა არიან ეტლთა და ჰუნეთა ზედა მსხდომარენი და რომელთა ედგა საცხოვართა სიმრავლჱ? 68. სადა არიან მშობელნი და ნაშობნი, ნათესავნი და მეგობარნი? 69. სადა არიან ქმნულ-კეთილნი და შეუნიერნი ყრმანი, ჭაბუკნი და მონანი? სადა არიან მჴევალნი? 70. რამეთუ აქა არა რას სხუასა ვხედავთ, გარნა მატლსა და სიმყრალჱსა და საფლავსა, სავსჱსა სიბნელითა. 71. ჵ საფლავო, რაჲ საშინელ ხარ, და სიკუდილო, რაჲ საზარელ ხარ! 72. და აწ არცა სიკუდილი ისმენს და არცა საფლავი სიტყუასა მიგიგებს და არცა, რომელი-იგი დავდევდით, ძეს მას შინა. 73. არამედ მიჩუენე ჩუენ, ჵ საფლავო, რომელი არს მდიდარი და რომელი არს გლახაკი. 74. და მაუწყე ჩუენ, რომელი არს ძუალი უფლისაჲ და რომელი არს ძუალი მონისაჲ და განათჳსე იგი ერთი ერთისაგან. 75. და აწ არცა პატიოსნებითა იჴსენების და არცა გლახაკი სიგლახაკითა განერების და არცა მდიდარი სიმდიდრითა, არცა მოხუცებული სიბერითა და არცა ყრმაჲ სიმცირითა, 76. არცა მეფე სიმრავლჱმან მსახურთამან იჴსნას, არცა ოხაჲ, არცა ვედრებაჲ სარგებელ არს მას დღესა შინა და არცა მამამან იჴსნეს შვილი თჳსი, და არცა შვილმან მამაჲ თჳსი. 77. არა ჰხედავა, რაჲთა დიდად უდებ არს და უგულისხმო უბადრუკი კაცი? 78. და რაჲღა უცნობელ არს და უგლიმ დღისა და მისთჳს მომავალისა, რომელი ჭეშმარიტად უწყის, ვითარმედ არა – თანა-წარჰვალს და არა ზრუნავს სულისა თჳსისათჳს. 79. არამედ ისწრაფის და დაშურების სოფლისა საქმესა. 80. დამონებულ არს საჭმელსა და სასუმელსა და შორიდან განიზრახავს, რამეთუ აშენებს და ნერგსა ასხამს, მოიგებს და დაიპყრუს სამეუფოთა, შჯის და აყენებს კაცთა სიყუარულისაგან ურთიერთას და ეტყჳნ მათ: შეიკრძალეთ მორჩილებაჲ იგი და მსახურებაჲ სათანადოჲ. 81. და იგი ურჩ არს და უმსახურებელ დამდაბლებად შვილისა თჳსისა. 82. და მერმე იხილჱღა კადნიერებაჲ იგი კაცისაჲ, რამეთუ ითხოვნ ღმრთისაგან ურცხჳნოდ და იტყჳნ: მომეც მე ძლევაჲ მტერთა ჩემთაჲ. 83. და მომმადლჱ მე ესე და ესე. 84. და არა ითხოვის მან, რაჲ-იგი უმჯობეს არს – სასუფეველი ცათაჲ და სიმართლჱ მისი. 85. ამით განარისხებნ იგი ღმერთსა. 86. ჵ საყუარელო, მიეც მომცემელსა შენსა და დაიცვენ მცნებანი მისნი და მერმე ითხოვე და მოგცეს, ვითარცა იტყჳს: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ირეკდით და განგეღოს“. 87. უკუეთუ შენ მოსაცემელი იგი მისი არა მისცე სახელისა მისისათჳს, გრქუას შენ: ითხოვე და მიგეც, მევედრე და მიგმადლჱ შენ. 88. ხოლო მე ვითხოვდ, რაჲთამცა მავასხჱ ჩემი იგი, და არა ჰყავ. 89. წარვედ ჩემგან, მოქმედო უშჯულოებისაო, რამეთუ ყოვლითურთ ბოროტ ხარ. 90. ხოლო მე ვადიდნე მადიდებელნი ჩემნი და მივსცე მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომელი ეგოს უკუნითი უკუნისამდე. 91. და აწ ინებენ აღრაცხაჲ ჩუენი მდაბალთა მისთა თანა სახიერმან უფალმან, რომელი მსაჯული არს ცხოველთა და მკუდართაჲ და მისი შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|