|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება მეთექვსმეტე
1. 18. თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა ეფრემისი სიკუდილისათჳს და გამოსლვისათჳს სულისა ჴორცთაგან 2. ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანამდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ. 3. მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴდი. 4. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ. 5. მთავარი ხარ მღჳძარჱ, რომელსა არა გრცხუენის. 6. და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის. 7. მოციქული ხარ მოსწრაფჱ, რომელი არა სდროებ. 8. და მსაჯული ხარ თუალუხუავი, რომელსა არა მიგაქუს ქრთამი. 9. და მსაჯული ხარ მძლჱ, რომელი მიიყვანებ მოსაგრესა საშჯელად საუკუნოდ. 10. ვაჲ რაჲ მწარჱ არს გემოჲ სასუმელისა შენისაჲ და რაჲ საშინელ არს ჟამი მოსლვისა შენისაჲ. 11. ჵ რაჲ საზარელ არს ხილვაჲ პირისა შენისაჲ, რაჲ შესაძრწუნებელ არს საყოფელი სანახებისა შენისაჲ. 12. რაჲ ფიცხელ არს და ძნელ სრბაჲ გზისა შენისაჲ და რაჲ მტკივან არს და წუხილ თანაქცევაჲ შენი გარემოჲს მწოდებელისაჲ მის, რამეთუ ზარტეხილ იქმნის სული იგი, რაჟამს გიხილის გარემოჲს მისა მავალი, და ეძიებნ ადგილსა შეძრწუნებული, რაჲთამცა სადა დაემალა პირსა შენსა. 13. ვაჲ არს მისსა, რომელმან არა იღუაწოს, ვიდრე შენდა მოსლვადმდჱ. 14. და ვაჲ არს მისა, რომელმან არა იზრუნოს თავისა თჳსისათჳსვე ხილვადმდჱ პირისა შენისა. 15. ვაჲ მისა, რომელი არა განკრძალულ იყოს ვიდრე წოდებადმდჱ მისსა შენ მიერ. 16. და ვაჲ არს მისა, რომელი არა მოსწრაფე იყოს ვიდრე დადგომადმდჱ შენდა მის თანა. 17. და ვაჲ არს მისა, რომელი უგულისხმო იქმნეს და არა მოელოდის ჴმასა მოსლვისა შენ თანა. 18. და ვაჲ არს მისსა, რომელმან უდბობით წარჰჴადნეს დღჱნი მისნი ცხორებასა მისსა. 19. ხოლო ნეტარ არს მისა, რომელი აიძულებდეს თავსა თჳსსა ლოცვად და წარდგომად წინაშე უფლისა ვიდრე მოწევნადმდჱ დღისა მის საშინელისა. 20. ნეტარ არს მისა, რომელი მოსწრაფჱ იქმნეს და განკურნოს სენი წყლულებისა თჳსისაჲ, ვიდრე არსღა იგი სოფელსა ამას შინა. 21. და რამეთუ სიკუდილი უმჯობეს არს სოფლისა ამის ცხორებასა მათთჳს, რომელნი ცოდვასა შინა უშჯულოებით ცხომდებიან, უკუეთუ მართალი იყო, რომელი-იგი მიიცვალა, ექმნეს მას სიკუდილი განმასულნელებელ ურვათაგან ამის სოფლისათა და მიემთხჳოს წყალობასა უფლისა თჳსისასა. 22. და უკუეთუ ცოდვილი იყოს, არღარა შესძინებდეს ბრალთა თჳსთა, არამედ ექმნეს სიკუდილი იგი განმკუეთელ და მომსპოლველ ნივთთა ცოდვისა მისისათა. 23. ჵ ძმანო ჩემნო, ვიდრემდის ვიყვნეთ მედგრობასა ამას შინა და უდბებით ცხორებასა და არა განვიფრთხოთ და მივივლტოდით უფლისა, საშინელისა მის და საზარელისა დღისა, 24. რაჟამს სიკუდილი, ვითარცა სასტიკი ჴელმწიფჱ, წარიტაცებდეს ცოდვილთა თუალუხუავად და უწყალოდ მისცემდეს სატანჯველად საუკუნოდ? 25. რამეთუ კაცმან ოდესმე ძილსა შინა იხილოს ხატი, რომელი არა უხილავნ, შეძრწუნდის გული მისი და განძჳნდის შიში მისი, ხოლო ჩუენ მოველით საშინელთა მათ პირთა ხილვად და არა გუეშინის. 26. დღითი-დღჱდ დავჰფლავთ ძმათა ჩუენთა და არა ძრწის გული ჩუენი მოლოდებითა მისითა, არამედ მედგრობითა ჩუენითა ესე ყოველი ნაცილ და ტყუვილ გჳგონიეს და უგულისხმოდ, 27. ვითარცა პირუტყუანი, თანა-წარჰვალთ ბრძანებასა ღმრთისასა და რომელი მასწავეს ჩუენ მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა. 28. და ქებისა წილ და დიდებისა გმობაჲ პირთა ჩუენთა მარადის თანა-აქუს წინაშე ღმრთისა, და შრომისა და გულსმოდგინებისა წილ უდებებაჲ და უკეთურებაჲ მარადის შეგჳკრძალავს, 29. ვითარცა უკუდავთა, და არა ვზრუნავთ წარწყმედისა ჩუენისათჳს და არცა გულისხმა-ვჰყოფთ საქმესა ამას საშინელსა, რომელი მარადის ჩუენ ზედა მოიწევის და ნათესავთა და მეგობართა ჩუენთა ჩუენგან განგუაშორებს. 30. და არა ვიტყჳთ, ვითარმედ: სადა არს, რომელი-იგი გუშინ შუენიერებით ცხომდებოდა და მონათა და მსახურთა უბრძანებდა? 31. დღეს სხუათა მიაქუს იგი საფლავად. 32. სადა არს მეფჱ იგი და შარავანდედი, რომელი ჴელმწიფედ სამეუფოსა განაგებდა და წყობითა ნათესავთა დაიმორჩილებდა და მრისხანედ და სასტიკად ბრძანებდა? 33. აჰა ესერა დღჱს დაცემულ არს და დადუმებულ, და არა ესმის მას სიტყუაჲ, არცა ჴსნად თავისასა თჳსისა შემძლებელ არს და ვითარცა გარჱმიქცევად ბრძანებისა ღმრთისასა. 34. სადა არიან ინაჴით მსხდომარენი იგი, რომელნი კეთილად განისუენებდეს სოფელსა შინა? 35. – აჰა ესერა ამაოებასა მიცემულ არს ცხორებაჲ მათი. 36. სადა არიან ბრძენნი იგი მეცნიერნი და მდიდრად მრავალმეტყუელნი? 37. აჰა ესერა დაყოფილ არიან პირნი მათნი და არს სიცილ კაცთა შორის სიბრძნე მათი. 38. სადა არს ძლიერი იგი და ახოვანი, რომელი ძლეულ არს და დაცემულ არს და მიწასა შესრულ? 39. სადა არიან მდიდარნი იგი და განმცხრომელნი, რამეთუ აჰა ესერა ტყებითა და ტირილითა სავსჱ არიან სახლნი მათნი? 40. სადა არიან სასმენელნი იგი პირად-პირადნი სახიობათა მსმენელნი, რომელნი დღეს დაყოფილ და დაჴსნილ არიან და დაკლებულ სმენისაგან? 41. სადა არს ხატი იგი შეუნიერი და ჰასაკი მზუაობარი, რომელი დღჱს განრყუნილ არს და მოძულებულ და ასონი იგი გუამისანი განყოფილ და განბნეულ არიან, და განზრახვაჲ იგი დაცხრომილ არს და სიტყუაჲ დადუმებულ არს, 42. და მეტყუელებაჲ განქარვებულ არს და ყოვლითურთ გუამი იგი დაჴსნილ არს და მიწა და ნაცარ ქმნულ არს, კეთილობაჲ მიცვალებულ არს და მოქმედობაჲ იგი ხუროთაჲ მათ დალეულ არს? 43. აჰა ესერა, ძმანო ჩემნო, ვხედავთ, რამეთუ ესე ყოველი ჩუენ ზედა მოიწევის. 44. და მიერითგან დაუტეოთ ბოროტი და ვქმნეთ კეთილი, და დავსცხრეთ სიცბილისაგან და ვევლტოდით ცოდვასა და ყოველსა ამაოებისა საქმესა და არა მოვაკუდინნეთ სულნი ჩუენნი, 45. რაჲთა ურთიერთას უკუნისამდე არა ვიტიროდით სიმძაფრესა მას შინა ცეცხლისასა, არამედ მოვიქცეთ სინანულად და მოსწრაფჱ ვიქმნნეთ სულთა ჩუენთა ცხორებისათჳს და მივეახლნეთ საქმითა კეთილითა ღმერთსა და მოვიპოვოთ სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და სიყუარული უზაკუველი სათნოდ მისა. 46. და რაჟამს ვიხილოთ ძმაჲ ჩუენი, რომელი მიეღოს სიკუდილსა და პირი მისი დადუმებულ იყოს სიტყუასა, გარნა მაშინ ჯერ-არს ჩუენდა, 47. რაჲთა ვიგლოვდეთ მწუხარებით მის თანა და ვეკრძალნეთ თავთა ჩუენთა, და უწყოდით, რამეთუ ჩუენ ზედაცა მომავალ არს ჟამი ესე საშინელი და ჩუენდაცა შესუმად არს სასუმელი იგი სიმწარისაჲ. 48. და რაჟამს ვიხილოთ ენაჲ იგი მისი, შეკრული და მეტყუელებისაგან დაცხრომილი, და ვჰბასრობდეთ, და არცა ვამპარტავნებდეთ, მზუაობარ ვიქმნნეთ, არამედ შიშით და ძრწოლით ვიწყოთ გლოვად და ვიტყოდით: ამაოებით ამაო არს ყოველი ცხორებაჲ კაცისაჲ. 49. სადა არს, რომელმან საფუძველი დადვა და აღაშენა, სახლსა შინა თჳსსა ვერ დაადგრა?! 50. სადა არს, რომელმან დაასხა ნერგი და ნაყოფისა მისგანი ვერღარა ჭამა? 51. სადა არს, რომელმან დაჰბეჭდა საფასესა თჳსსა ზედა და შეკრა ვაშკარანი ჴელითა თჳსითა, და ბეჭედი იგი ჴელითა თჳსითა ვერღარა აღსტეხა, და ძალმან მისმან შეკრული იგი ვერღარა განჰჴსნა, რამეთუ სიმჴნჱ იგი ახოვნებისა მისისაჲ მოუძლურდა და ამაო იქმნა? 52. სადა არს, რომელი დაშურა და ...ფდა შეკრებასა მონაგებთასა და სიხარულითა შუებისაჲთა ვერ განძღა? 53. სადა არს, რომელმან საუნჯენი თჳსნი აღავსნა საფასითა, და იქმნა იგი მისგან განშორებულ და უცხო? 54. სადა არს, რომელი სწრაფამან შეკრებისამან წარწყმიდა და შენაკრები მისი სხუათა განიყვნეს? 55. სადა არს, რომელი განკრძალულ სოფლისა ცხორებასა და მწრაფლ სიკუდილმან კარსა მისსა დაურეკა? 56. სადა არს, რომელი შევიდოდა და გამოვიდოდა და იღუწიდა სოფლისასა და საშუებელთა? 57. – აჰა ესერა განვიდა და არღარა მოიქცეს. 58. სადა არს, რომელი მოგზაურ იქმნა მრავალთა? 59. და დღეს მოგზაურნი მისნი იქცეს და იგი საფლავსა ირღუევის. 60. ჵ საქმჱ ესე საშინელი, რამეთუ მამაჲ შენი, რომელმან დაგთესა შენ, და დედაჲ შენი, რომელმან გშვა შენ, მივიდენ კარადმდჱ საფლავისა და დაგიტეონ შენ და წარვიდენ. 61. და რომელნი-იგი პირველ გყუარობდეს და სასურველ იყავნ მათ წინაშე, დღეს მოსაწყინებელ იქმენ და მოძულებულ მათ წინაშე, ეგრჱთვე მეგობარნი შენნი, რომელნი თანასწორად სულისა შენისა შეგერაცხნეს, 62. ვიდრე საფლავადმდე შენდა მოგზაურ გექმნეს და მწუხარებასა აჩუენებდეს, და ვითარცა საფლავი შენი დაჰკრძალეს, ყოველი იგი სიყუარული შენი და მეგობრობაჲ დაივიწყეს, 63. ვითარცა თქუა დავით წინაწარმეტყუელმან: „დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულითა და ვიქმენ მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული“. 64. ხოლო უფალი, რომლისაჲ დიდებულ არს სახელი მისი, იგი მხოლოჲ დაადგრეს შენ თანა. 65. და ესრეთ ჯერ-არს ჩუენდა გულისხმის-ყოფაჲ, საყუარელნო, ვითარმედ: ესე ყოველი მომავალ არს ჩუენ ზედაცა. 66. ამისთჳს თანაგუაც კრძალვით ცხორებაჲ, პირველ მოწევნადმდჱ დღისა მის, და შიშით მოღუაწებასა განვემზადნეთ, ვიდრე მოვლინებადმდე ჩუენდა მოციქულისა მისისა, 67. და შევწიროთ მადლობაჲ უფლისა, რომელი ჴელმწიფედ განაგებს დაბადებულთა მისთა ზედა და გარდაცვალა ცხორებაჲ იგი, განბჭო სიკუდილი, ვითარცა ინება. 68. რამეთუ რომელი გუშინ მეფე იყო და განმგებელ ყოველსა მონაგებსა თჳსსა, იქმნა იგი დღეს განგდებულ და შეურაცხ, ვითარცა მებრ მკუდარი და არაყოფილი. 69. და იქმნა იგი უცხო მშობელთაგან და ნაშობთა და ნათესავთაგან და მონაგებთა, მოყუარეთაგან და მახლობელთა, და ყოველი იგი საფასჱ და მონაგები, რომელი გარემო შეეკრიბა, გინა მოხუეჭითა, სხუათა განიყვნეს და იგი მის ყოვლისაგან ცუდი დაშთა და ცალიერი განვიდა სახლით თჳსით. 70. მაშინ თჳსთა მისთა არღარაჲ სხუაჲ ზრუნვაჲ აქუნდა, არამედ სისწრაფითა დიდითა განიღიან იგი სახლით მისით, რამეთუ მოსაწყინელ და სამძიმარ არნ იგი მიერ ჟამით, ვიდრემდის შევიდიან საფლავად და დაუტევნიან იგი მარტოჲ და წარვიდიან სახიდ თჳსად. 71. რომელ იგიცა სხუათა მიცემად არნ უკუანაჲსკნელ მოწევნასა სიკუდილისასა, და სწრაფით მონაგებსა მისსა განიყოფდიან. 72. და აწ ვიხილოთ, სადა არს, რომელმან იგი შეკრიბა და იზრუნა და აღაშენა და შეამკო, და თუ რაჲ სარგებელ ეყო მას, რომელ-იგი დაუტევა, ანუ ვინ არიან, რომელნი იშუებენ მას ზედა. 73. ანუ თუ უმეცარ ხართ, ძმანო ჩემნო, ამას ყოველსა ზედა, რომელსა ვიტყჳ? 74. ანუ არა ჴელითა თქუენითა დღითი-დღედ დაჰფლავთ მკუდართა და უწყით მოწევნად იგი, რაჲსათჳს არა ზრუნავთ სულთა ჩუენთათჳს, ვიდრე მოწევნადმდე სიკუდილისა? 75. რამეთუ მრავალ არიან, რომელნი თქუენ მიერ დაფლულ არიან და მრავალთა მკუდართა საქმესა ზედამდგომელ ქმნულ ხართ და მისთჳს ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა გულისხმა-ჰყოთ, ვითარმედ: რომელთა აღაშენეს უცნობელად, წარწყმედულ იქმნნეს. 76. და რომელთა დაასხეს ვენაჴი, ვერღარა მოისთულჱს, და რომელნი იქორწინნეს, ვერღარა განძღეს სიხარულითა მეუ... 77. და რომელი გჳრგჳნოსან იქმნეს, ჟამსა სიძობისასა სიყუარულითა სძლისაჲთა ვერ განიხარეს. 78. და რომელთა შვილ-ისხნეს, აღზარდნეს, მოწევნასა სიკუდილისასა ვერაჲ ირგეს. 79. და აწ უწყით, საყუარელნო, რამეთუ ყოველნივე მოსიკუდიდ ვართ მათ თანავე, რომელნი მოკუდეს. 80. ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვიგლოვდეთ და ვტიროდით თავთა თჳსთათჳს და არა მკუდართა ზედა, რამეთუ რომელი ტიროდის და იგლოვდეს მკუდარსა ზედა, არაჲ სარგებელ ეყოს მას, 81. ხოლო რომელი ტიროდის თავისა თჳსისათჳს და ცოდვათა თჳსთათჳს, იგი ამას სარგებელ ეყოს სულსა თჳსსა, რამეთუ სიკუდილი ხარკი არს სათანადოჲ, იგი ამას სარგებელ ეყოს სულსა თჳსსა, 82. რამეთუ სიკუდილი ხარკი არს სათანადოჲ, და ვერ ეგების, ვითარმცა არა ყოველთა შევსუით სასუმელი მისი, სავსჱ სიმწარითა, რომელიცა მოიგო მამამან ჩუენმან ადამ ურჩებითა, რაჟამს-იგი გარდაჰჴდა ბრძანებასა უფლისა თჳსისასა. 83. რამეთუ დაუტევნა მცნებანი მისნი და ეშმაკისაგან განცდილ იქმნა და ძლეულ, ვიდრემდის განივლინა იგი სამოთხისა მისგან საშუებლისაჲსა და მოიცვალა იგი სოფელსა ამას საჭირველსა, და ეუფლა მას სიკუდილი ბრძანებითა ღმრთისაჲთა. 84. და ყოველთა ნაშობთა მისთა ზედა განწესებულ არს და დაბეჭდულ და ვერ ეგების, ვითარმცა არა ყოველნი წარვდეგით მის წინაშე დღესა მას სარჩელისასა შეშინებულნი ძრწოლითა დიდითა. 85. მაშინ მიაგებდეს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ, უკუეთუ ვინმე კეთილი ქმნა, გინა ბოროტი. 86. რამეთუ ყოველნი საქმენი ჩუენნი დამარხულად დგენ წინაშე მისსა და არარაჲ მათგანი თანა-წარჰვალს მას. 87. არცა მცირე და არცა დიდი, არცა ცხადი და არცა დაფარული. 88. ამისთჳს ვევედრნეთ ღმერთსა და შემწე ვიყოთ ჟამისა მისთჳს საზარელისა, რამეთუ არავინ მიჴსნეს ჩუენ და შემეწიოს ჟამსა ჭირისასა თჳნიერ მისა. 89. და აწ ვითარ-მე ვიგლოვოთ მათთჳს, რომელნი წარვიდეს ჩუენგან და მიიცვალნეს და ჩუენ ადრჱ კუალსა მათსა მიდგომად ვართ, და იგინი ჩუენდა არღარა მოიქცევიან? 90. არამედ ესეღა მითხართ თქუენ, რომელნი დაჰფლავთ მკუდართა: რაჲსათჳს ესრჱთ მოსწრაფჱ ხართ და ადრჱ-ადრჱ გნებავს მკუდრისაჲ მის განღებაჲ სახლისაგან თქუენისა, თქუენგან, რომელი-იგი გუშინ სასურველ იყო თქუენ წინაშე და საყუარელ? 91. ხოლო იგი იტყჳს: რაჲთა არა დაიჴსნეს და დალპეს და ეუფლოს მას სიმყრალჱ. 92. და უკუეთუ ესე უწყი, ვითარმედ ესევითარსა ჴრწნილებასა მიიცვალის კაცი, რაჲსათჳს უდებ ვართ და მცონარ და ვჰგონებთ, ვითარმედ მრავალთა წელთა ცოცხალ ყოფად ვართ. 93. და მწოდებელი იგი ჩუენი კართა ზედა დგას, ხოლო ჩუენ ვისწრაფით მონაგებთა შეკრებასა, რაჲთა სხუათა დაიუნჯონ და იხარებდენ მათ ზედა შემდგომად ჩუენსა. 94. და ჩუენ მისგანსა თანა ვერ წარვიტანებთ და არცა რაჲ სარგებელ არს ჩუენდა, არამედ ცოდვაჲ და ბრალი...
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|