დიაკვანი საკურთხეველში შედის და მიმართავს მღვდელს, რომელმაც ტარიგი ფეშხუმზე მოათავსა: განტეხე მეუფეო წმიდა პური. მღვდელი იღებს ტარიგს და ჯვრის სახედ მას ოთხ ნაწილად განტეხს: განიტეხების და განიყოფის ტარიგი ღვთისა, განიტეხების და არა განიყოფის, მარადის იჭამების და არ დაილევის, არამედ მზიარებელთა განსწმენდს.
როგორც ვიცით ტარიგზე ამოტვიფრულია ქრისტეს სახელი და სიტყვა ძლევა. ფეშხუმის ზემოთა მხარეს დაიდება ნაწილი წარწერით იესო, ქვემოთა მხარეს კი წარწერით ქრისტე. ტარიგის ზედა ნაწილი „წინდად“ იწოდება. წინდი სულიერი მნიშვნელობით სამერმისოდ აღთქმული ნეტარების გარდაუალობის უეჭველი წინაპირობაა. ქიროტონიის საიდუმლოს აღსრულების ჟამს ხელდასხმული მღვდელი მიჰყავთ წმინდა ტრაპეზთან, ეპისკოპოსი იღებს „წინდს“ და მღვდელს ხელში ჩაუდებს სიტყვებით: მიიღე წინდი ესე, და დაიცევ იგი მართლად და უვნებელად ვიდრე უკანასკნელად აღმომშვინვადმდე შენდა, რამეთუ განკითხვაი ჯერ-გიჩნს მაგისთვის საშინელსა მას მეორედ მოსლვასა დიდისა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა. მღვდელს იგი უჭირავს ხელში ტრაპეზთან, მსახურების მთელ დანარჩენ დროს, როგორც მღვდლობის წინდი, საწინდრად იმისა, რაც მღვდლის ცხოვრებაში ყველაზე მთავარია: ლიტურგიული მსახურება და საღვთო ერის ქრისტესთან ზიარება, ამისთვის იგი საშინელ სამსჯავროზე პასუხს აგებს.
როდესაც ტარიგი განტეხილია და ფეშხუმზეა მოთავსებული მღვდელი ბარძიმში წინდს ჩაუშვებს და წარმოთქვამს: აღვსება სულისა წმიდისა, ამინ. ამის შემდეგ დიაკვანს მოაქვს მდუღარება და იტყვის: აკურთხე მეუფეო მდუღარება, და მას ბარძიმში ჩაასხამს შემდეგი სიტყვებით: მდუღარება სარწმუნოებისა, აღვსება სულისა წმიდისა. ამინ.
※ ※ ※
ლოცვის შემდეგ მღვდელმსახურნი წმინდა ტრაპეზის წინ მეტანიას აღასრულებენ, ერთმანეთისგან და ტაძარში მყოფთაგან შენდობას ითხოვენ და კრძალვით ეზიარებიან მაცხოვრის ჯერ ხორცს და მერე სისხლს.
სამღვდელოების ზიარების დროს გალობენ და ზიარების ლოცვებს კითხულობენ. მრევლი მადლიერებითა და შემუსვრილი გულით უნდა უსმენდეს და წმინდა საიდუმლოს მისაღებად ემზადებოდეს. ამის შემდეგ განიტეხება ტარიგის ის ნაწილი, რომელზედაც ძლევა არის აღბეჭდილი. იგი ერისკაცთა ზიარებისთვის არის განკუთვნილი. ამ ქმედებას თან ახლავს სიტყვები: აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ... მღვდელი ხელში იღებს ლახვარს და კრძალვით განტეხს ტარიგს, მის ნაწილებს ბარძიმში მოათავსებს და დაფარნას აფარებს. იღება სამეუფო კარი და დიაკვანი წმინდა ბარძიმს გამოაბრძანებს, ფეშხუმი კი პროსკომიდიის ნაწილებით ტრაპეზზე რჩება. მასზე მოთავსებულია ნაწილები, რომლებიც სეფისკვერიდან იქნა ამოღებული: ღვთისმშობლის, იოანე წინამორბედის, მოციქულების და წმინდანთა სახელზე.
შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით... ჩვეულებისამებრ, პირველად ყრმებს აზიარებენ, თანაც მხოლოდ სისხლით, მორწმუნენი ეზიარებიან და ბარძიმის კიდეს კრძალვით ემთხვევიან. ეს სიმბოლურად მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვართან შეხებაა, მისი ჭეშმარიტი აღდგომის დასტურად. ზოგიერთი განმმარტებლის აზრით ბარძიმის კიდე ქრისტეს გვერდს განასახიერებს.
გავიხსენოთ სახარებისეული ტექსტი: „თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, არ იყო მათთან, როცა მოვიდა იესო. ეუბნებოდნენ მას სხვა მოწაფეები: ვიხილეთ ჩვენ უფალი, ხოლო მან უთხრა მათ: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე სამსჭვალთა კვალს და არ დავადებ ჩემს თითს სამსჭვალთა ადგილს და ჩემს ხელს მის გვერდს, არ ვირწმუნებ. და რვა დღის შემდეგ კვლავ იყვნენ მისი მოწაფეები შინ და თომაც მათთან ერთად, და მოვიდა იესო, როცა კარები დაკეტილი იყო და დადგა შუაში და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. შემდეგ უთხრა თომას: გამოიწოდე შენი თითი აქ და იხილე ჩემი ხელები და გამოიწოდე შენი ხელი და დაადე ჩემს გვერდს და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ იყავი მორწმუნე; მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! უთხრა მას იესომ: რადგან მიხილე, ირწმუნე; ნეტარნი არიან, რომელთა არ იხილეს და ირწმუნეს“ (იოანე 20.24). ჩვენ ბარძიმს ვემთხვევით და ვითარცა მოციქული თომა ვამოწმებთ, რომ ქრისტე ხორციელად აღდგა.
მღვდელი აზიარებს და ამბობს: ესერა შეეხო ბაგეთა ჩემთა, და მომიტევებს უსჯულოებასა ჩემსა და ცოდვასა ჩემსა განწმენდს.. და იგონებს წინასწარმეტყველის სიტყვებს: „აჰა, აღვხოცე, ვითარცა ღრუბელი უშჯულოებანი შენნი და ვითარცა ნისლი ცოდვანი შენნი, მოიქეცი ჩემდამო და გამოგიხსნა მე შენ“ (ესაია 44,22).
※ ※ ※
როდესაც მაცხოვარი გვეხება, ამ დღეს მნიშვნელოვანი რამ ხდება – ჩვენ ცათა სასუფეველში შევდივართ. ადამიანი უღირსია, არაწმინდა, ბიწიერებით აღსავსე, მაგრამ ქრისტე სწორედ ასეთს იწყნარებს.
მაინც, როგორ უნდა შეგვეხოს უფალი? ‒ მხოლოდ თავისი ჯვარცმით. ქრისტე მოგვიწოდებს, რომ გავყვეთ მას, მაგრამ ამაში სასიამოვნო და სასიხარულო არაფერია, როდესაც უფალი თავის ტანჯვას გვაგრძნობინებს, ეს ჩვენთვის ტკივილის მომგვრელია. ამ დროს უფალი გვიახლოვდება და თავისი ტანჯვის თანაზიარს გვხდის. ეს არ არის იოლი, თუმცა ტაძარში სწორედ ამისთვის მოვდივართ, სწორედ ამისთვის ვიკრიბებით საზიარებლად. მაგრამ ვის შესწევს ძალა საკუთარი თავი უარყოს, მთელ თავის ცხოვრებას ხაზი გადაუსვას და უფალს ბოლომდე გაჰყვეს? ვის შეუძლია ქრისტესა და სახარებისათვის ყვლაფერზე უარი თქვას? მზად ვართ კი ნამდვილად ამისათვის?... ასეთ კითხვებზე პასუხი არ არსებობს, ადამიანური საზომით ეს ალბათ შეუძლებელია.
ჩვენი ბუნება აღშფოთებულია და დრტვინავს: როგორ შეიძლება ყველაფრის დავიწყება? როგორ შეიძლება ნებაყოფლობით ყველაფერზე უარის თქმა? საშინელი რამ ხდება ‒ ჩვენ ცხოველსმყოფელ ჯვარს თაყვანს ვცემთ, ქრისტეს სახელით ნათელს ვიღებთ, რომ ეს ჯვარი ვზიდოთ და მისთანა ჯვარს ვეცვათ ‒ ამისი ძალა კი არ შეგვწევს. მაგრამ არც სხვაგვარად მოქცევა შეგვიძლია, რადგან სიტყვა უკვე მივეცით, აღთქმა დადებულია და უკან დასახევი გზა მოჭრილი. ჩვენ სულიერად გაორებულნი ვართ: მაცხოვარი თავისკენ გვიხმობს, ჩვენ კი ამ მოწოდებას წინ აღვუდგებით, ვდრტვინავთ, ვიტანჯებით და ვერაფერი გადაგვიწყვეტია.
ასეთ ყოფაში ვართ, დაუძლურებულნი და უმწეონი მოვდივართ ეკლესიაში, ვეზიარებით ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს და უფალს ვთხოვთ სულიერი და ხორციელი კურნება მოგვმადლოს. ვიყოთ ჭეშმარიტი ქრისტიანები – ეს ადამიანურ ძალებს აღემატება. ამიტომაც ამა ქვეყნისთვის ქრისტიანობა ყოველთვის უცხო იყო.
მაგრამ მოდის მაცხოვარი და წმინდა საიდუმლოებებთან ზიარებით გვაძლევს საკუთარ თავს, — ის რაც ადრე ადამიანისთვის შეუძლებელი იყო ამიერიდან შესაძლებელია. ამ დროს ხდება რაღაც საშინელი და დიდებული: ადამიანი ეზიარება იმ ჯვარს, რომელსაც ასე უფრთხოდა, ჩვენ უფლის სისხლს ვეზიარებით და თუ უფალს სავსებით მივენდობით, იგი თან წაგვიყვანს. ჩვენ უნდა ვეზიაროთ ასეთი განწყობით: „უფალო, შენთან ერთად მზად ვარ გოლგოთის გზას შევუდგე“ – მაშინ იგი თავისთან ყოფნის მარადიულ სიხარულს გვაზიარებს.
※ ※ ※
ზიარების დასრულების შემდეგ გუნდი „ალილუიას“ გალობს. მღვდელი შედის საკურთხეველში და ბარძიმს ტრაპეზზე ათავსებს. დიაკვანი ფეშხუმზე დარჩენილ ნაწილებს ჩაუშვებს ბარძიმში სიტყვებით: "მიუტევენ, უფალო, ცოდვანი აქა მოხსენიებულთა, პატიოსნითა სისხლითა შენითა, მეოხებითა წმიდათა შენთათა".
მთავრდება ცოცხალთა და მიცვალებულთა მოხსენიება. ბარძიმი, რომელშიც ნაწილები არის მოთავსებული, არის სიმბოლო იმისა, რომ უფალმა მთელი სამყაროს ცოდვები იტვირთა ‒ თავისი სისხლით განწმინდა, ჯვარცმით გამოისყიდა, სიკვდილითა და აღდგომით ყველას მარადიული ცხოვრება მოგვმადლა.
როდესაც წარმოითქმის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა.. საუბარია არა მხოლოდ იმ წმინდანებზე, რომელთა ხსენებაც იმ დღეს აღესრულება (თუმცა კი ჩვენ მათ შეწევნასაც ვითხოვთ). აქ საუბარია ტაძარში თავმოყრილ ყველა ქრისტიანზე – ქრისტეს სისხლით და ეკლესიის ლოცვით განიწმინდება და მიეტევება ცოდვები. სწორედ ამიტომ ლიტურგიული ლოცვა არის საყოველთაო და ყოვლისშემძლე.
ამის შემდეგ ბარძიმს დაფარნა ეფარება. ფეშხუმზე მოათავსებენ დაფარნას, კოვზსა და ვარსკვლავს. მღვდელი აკურთხებს მრევლს და წარმოთქვამს: აცხონე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი.
გუნდი გალობს: ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ სარწმუნოება ჭეშმარიტი და განუყოფელსა სამებასა თაყვანის-ვცეთ, რათა მან გვაცხოვნა ჩვენ.
მღვდელს ბარძიმი სამკვეთლოზე გადააქვს და წარმოთქვამს ლოცვას: ამაღლდი ცათა შინა ღმერთო და ყოველსა ქვეყანასა ზედა არს დიდება შენი. მოსაგონებლად უფლის ხორციელი ამაღლებისა და ცათა სასუფეველში ჩვენი ‒ განღმრთობილთა მომავალი ამაღლებისა. ლიტურგიის ეს ადგილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანის ჭეშმარიტ დანიშნულებას, მისი ამქვეყნიური ცხოვრების უმაღლეს მიზანს.
ბუნების ყველა კანონი მიზიდულობის კანონს ენათესავება, ყველაფერი მიწაზე ეცემა – წვიმა, თოვლი, სეტყვა; თვით ამ ქვეყანასაც დაცემულს ვუწოდებთ. ზეცად ამაღლებულმა ქრისტემ კი ბოლო მოუღო დაცემული ქვეყნიერების კანონთა ულმობელობას, და გვიჩვენა, რომ ღმერთთან ნაზიარები ადამიანი მიწიერ მიზიდულობას ძლევს.
მისთვის ნაცნობია ყველა ჩვენი უძლურება, ცოდვისადმი მიდრეკილება, ის, რომ სულიერი ცხოვრებისადმი მისწრაფება არ გაგვაჩნია; და მაინც, უფალი ჩვენ ბუნებას გაითავისებს და აღამაღლებს. ადამიანს სიცოცხლის ნიჭი ეძლევა, მას ძალუძს დაცემული ქვეყნიერების კანონთა ძლევა და სწრაფვა ზეცად ამაღლებისაკენ – ქრისტიანისათვის სხვა გზა არ არსებობს, მღვდელი უკმევს წმინდა ძღვენს და ხელში იღებს ბარძიმს სიტყვებით. კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, რომელიც მაცხოვრის აღთქმას მოგვაგონებს — „აჰა, ესერა, მე თქვენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა...“
წინა - სარჩევი - შემდეგი