მართალთა ლიტურგიის დასასრული ზიარებისათვის მადლიერებაა და ტაძრიდან გასვლის კურთხევა. გუნდი გალობს: აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა უფალო, რათა უგალობდე დიდებასა შენსა...
დიაკვანი გამოდის ბოლო სამადლობელი კვერექსით: შეგვეწიენ გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ.., მღვდელი დაკეცავს ოდიკს, იღებს სახარებას, ტრაჰეზს ჯვარს გადასახავს და კითხულობს: რამეთუ შენ ხარ განმწმენდელი ჩვენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ... ამბიონისაკენ მიემართება და წარმოთქვამს ლოცვას: რომელი აკურთხებ მაკურთხეველთა შენთა, უფალო..., გუნდი გალობს: იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე.
მღვდელი წარმოთქვამს განსატევებელს: მკვდრეთით აღდგომილმან, ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან.. მრევლს ჯვარს გადასახავს და მბორისათვის ჯვარს გაუწვდის. ჩვეულებისამებრ იკითხება სამადლობელი ლოცვა.
მღვდელი მრევლს კიდევ ერთხელ გადასახავს ჯვარს და საკურთხეველში ბრუნდება, ხურავს სამეუფო კარს და კრეტსაბმელს ჩამოაფარებს.
※ ※ ※
ღვთისმსახურება დასრულებულია. მაინც რა არის ღვთისმსახურება? ერთი შეხედვით პასუხი ნათელია: ქრისტიანები მოდიან ტაძარში, რათა უფალს ემსახურონ, მაგრამ თუ ღრმად ჩავუფიქრდებით ამ სიტყვას, ძნელი სათქმელია ვინ ვის ემსახურება. ღვთისმსახურების დროს ხდება ის, რაც აღასრულა იესომ საიდუმლო სერობის ჟამს. მან თავი მოუყარა მოციქულებს, წყლით სავსე თასი აიღო და სიყვარულითა და სიმდაბლით შეუდგა ფეხთბანას. დაბანო ფეხი ყველას — მათ შორის გამცემსაც კი, იმას ვინც მალევე გაგცემს ‒ სახეა ჭეშმარიტი მსახურებისა.
ჩვენ ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ტაძარში მოსვლით დიდ სულიერ ღვაწლს ვეწევით: აღსარების რიგში მოთმინებით ვდგავართ, მოსახსენებლებს გადავცემთ... მაგრამ ვერც კი ვხვდებით, რომ ეკლესიაში მოსვლით უხილავად გადავინაცვლებთ სიონის მთაზე, სადაც უფალმა თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა, ახლა კი ჩვენმა რიგმაც მოაწია...
უფლისაგან შეწევნას ვითხოვთ, და იგი უმალ იწყებს მსახურებას, გვისრულებს წვრილმან სურვილებს, საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრაში შეგვეწევა. ჩვენ აღსარებას ვამბობთ და იგი კვლავ გვემსახურება, განგვწმენდს ბიწისაგან. ვინ ვის ემსახურება საღმრთო ლიტურგიაზე? უფალი გვაძლევს თავის სისხლსა და ხორცს! იგი თავად აღასრულებს მსახურებას.
იგივე ხდება ეკლესიის ყოველი საიდუმლოს დროს – ყველგან ფეხთბანის სახეა ნაგულისხმები. ესაა ჭეშმარიტი ღვთისმსახურება. ყველაფერი რაც ტაძარში ხდება, ჩვენთვის უფლის განუწყვეტელი მსახურებაა. ყველას ვინც ტაძარში მოდის, უფალი ფეხებს ბანს, იგი ყველას გვიწყნარებს და ჩვენთვის ღვთისმსახურებას აღასრულებს, ჩვენგან კი მხოლოდ ერთ რამეს მოელის – ვცდილობდეთ ვემსგავსოთ მას. უფალმა, როდესაც მოწაფეებს ფეხები დაბანა, მისცა მცნება: „თუ მე დაგბანეთ ფეხები, უფალმა და მოძღვარმა, თქვენც გმართებთ ერთმანეთისთვის ფეხების დაბანა“ (იოანე 13,14). უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ღვთისმსახურება მაშინ აღესრულება, როდესაც მოყვასს ვემსახურებით, როდესაც პირმოთნეობის გარეშე, მთელი გულით აღვასრულებთ უფლის მცნებას. სხვა მხრივ როგორ უნდა ვემსახუროთ უფალს? რა უნდა სჭირდებოდეს მას ჩვენგან? - სანთლები, ფული, ლოცვები, მოსახსენებლები, თუ მარხვები? ცხადია ყოველივე ეს ღმერთს არ სჭირდება, მას მხოლოდ ჩვენი გულითადი, წრფელი სიყვარული ესათნოება. ამ სიყვარულის გამოვლენა კი ჩვენი ღვთისმსახურებაა და როდესაც იგი ჩვენი ცხოვრების აზრად იქცევა, რასაც უნდა ვიქმოდეთ, ყველაფერი უფლისადმი მსახურება და საღმრთო ლიტურგიის გაგრძელება იქნება.
ღვთისმსახურებისა და მადლიერების ერთობლიობაა, როდესაც უფალი ჩვენ გვემსახურება, ჩვენ კი მას ვემსახურებით. სწორედ ეს არის საღმრთო ლიტურგია – უფლისა და ღვთის ერის ერთობლივი საქმე. ამ ერთობაში ეკლესია ღმერთკაცობრივ ორგანიზმად განხორციელდება ‒ იგი მსოფლიო მოვლენად იქცევა, კათოლიკე, ყოვლისმძლე ეკლესიად.
განსრულდა სადიდებლად ღვთისა, ამინ.
წინა - სარჩევი - შემდეგი