მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

დეკანოზი ალექსი უმინსკი
საღმრთო ლიტურგია

 

რწმენის სიმბოლო


 

 

დასრულდა დიდი გამოსვლა, სამეუფო კარი იხურება, კრეტსაბმელი ჩამოეშვება. თხოვნითი კვერექსით ეკლესია ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებისათვის მლოცველთა შემზადებას იწყებს: წინადაგებულთა პატიოსანთა ძღვენთათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ამ დროს მღვდელი წინადაგების ლოცვებს კითხულობს, უფალს თხოვს მსხვერპლი შეიწიროს: ღირს მყვენ ჩვენ პოვნად მადლსა წინაშე შენსა, კეთილმითუალულ ყოფად შენდა მსხვერპლი ჩვენი და დამკვიდრებად სულსა მადლისა შენისასა, სახიერსა ჩვენ ზედა და წინა მდებარეთა ამათ ძღვენთა ზედა და ყოველსა ერსა შენსა.


※ ※ ※


დიაკვანი წარმოთქვამს: ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ... ადრე ამ სიტყვების შემდეგ ქრისტიანები რწმენის, სიყვარულისა და ერთსულოვნების ნიშნად ერთმანეთს ეამბორებოდნენ. მღვდელმსახურთა შორის ეს ჩვეულება დღემდე შემონახულია. მღვდელმსახურნი ემთხვევიან ბარძიმს, ფეშხუმს, ტრაპეზს და ბოლოს ერთმანეთს სიტყვებით: „ქრისტე არს ჩვენ შორის“, პასუხია – „არს და იყოს“. დიაკვანი წარმოთქვამს: კარნი, კარნი სიბრძნით მოხედენ. ადრე ამ სიტყვებით მიმართავდნენ მეკარეებს, რომელნიც ეკლესიის კართან იდგნენ ‒ მათ არ უნდა შემოეშვათ კათაკმეველნი და მონანულნი, ისინი, ვისაც არ ჰქონდათ უფლება დასწრებოდნენ ზიარების საიდუმლოს.


※ ※ ※


რწმენის სიმბოლოს გალობის დროს, ჩვენ არაფერს ვითხოვთ, ცოდვებსაც არ ვინანიებთ – მხოლოდ აღთქმას ვდებთ. მრწამსს პირველად ჩვენ ნათლობის დროს ვგალობთ. ჩვენ ერთგულების ფიცს ვდებთ, რის შემდეგაც რწმენის სიმბოლო იკითხება. ერთითა პირითა და ერთითა გულითა ვაღიარებთ, რომ ამ რწმენით ვიცხოვრებთ, რათა ჩვენი რწმენა ნაყოფით შეიცნონ. რწმენის სიმბოლო კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თუ თავი მართლმადიდებლად მიგვაჩნია, ეს აღქმული უნდა იყოს როგორც გზა, რომელიც ავირჩიეთ და რომელსაც მივყვებით და არა როგორც უკვე შემდგარი ფაქტი. ეს შესაძლებლობაა და არა მოცემულობა. მართლმადიდებლობა არ გახლავთ მხოლოდ თანამოაზრეთა კრებული, რომელთაც სხვის ხარჯზე სურთ პირველობის მოპოვება. ერთადერთი რასაც ჩვენ უფალი მოგვკითხავს, არის ის, გვიყვარდა თუ არა ჩვენ ერთმანეთი. ეს მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი კრიტერიუმია, რამეთუ „ღმერთი სიყვარული არს”, ადამიანისთვის სრულიად მიუღწეველი და მიუწვდომელი, რომელიც ქრისტეში მისაწვდომი გახდა. არა დოგმატების სქოლასტიკური ცოდნა, არამედ ნამდვილი, ცოცხალი რწმენა მიგვიყვანს ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნებამდე და ერთმანეთის სიყვარულს შეგვაძლებინებს.

ქრისტეს ცხოვრება – ეკლესიის ცხოვრებაა, რამეთუ ქრისტე ღმერთკაცია, ეკლესია კი ღმერთკაცობრივი ორგანიზმი. „ეკლესია – სიყვარულის ორგანიზმია", ამბობს ღვთისმეტყველი ხომიაკოვი. ეკლესიური ადამიანი, ამ ორგანიზმის ნაწილი ხდება და მისტიურად, ზებუნებრივად ამ სიყვარულს ეზიარება. „ვიყვარებოდეთ ურთიერთარს", არა მარტო ჩვენდამი მიმართვაა, ეს ჩვენი რწმენის აღმსარებლობაა ქვეყნიერებისადმი გაცხადებული, ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ ქმედითია, გონებისმიერი სიყვარული კი არ არსებობს.

ეკლესიის ერთიანობის აზრი არის ის, რომ ჩვენთვის ქვეყანაზე უცხო ადამიანი არ არსებობდეს. ჩვენ კი, მაშინაც როდესაც ეკლესიაში თანამოაზრეთა შორის ვიმყოფებით, ისინი მეტწილად არ გვიყვარს და ვცდილობთ გავერიდოთ მათ, ვის მიმართაც კეთილგანწყობა არ გაგვაჩნია. თუკი ასეა, როგორ წარმოგვიდგენია ცათა სასუფეველი, – იქ საშუალება არ გვექნება ვინმეს თვალი ავარიდოთ, ან დავემალოთ. თუ ამქვეყნად ვინმე გვეუცხოება, როგორ შევხვდებით მას ცათა სასუფეველში? როგორ ჩავხედავთ ერთმანეთს თვალებში? ეს გაუცხოება უნდა დაიძლიოს. თუ ჩვენ თავს მართლმადიდებლებს ვუწოდებთ და ერთმანეთი არ გვიყვარს, მაშასადამე, ღმერთიც არ გვიყვარს. გამოდის რომ „ერეტიკოსები“ ვართ. თურმე შესაძლებელია იყო „ერეტიკოსი“ და ამავე დროს ფორმალურად ეკლესიის წიაღში დარჩე.

ლიტურგიაზე წარმოითქმის: ვიყვარებოდეთ ურთიერთარს რათა ერთობით ვაღიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა. ერთმანეთის სიყვარული და წმიდა სამების აღიარება ერთი და იგივეა. თუ სიყვარული არ გაგვაჩნია, მაშინ წმინდა სამების აღიარებაც არ არსებობს. და პირიქით თუ არ გვაქვს მართალი სარწმუნოება, მაშინ ნამდვილი სიყვარულიც შეუძლებელია. თუმცა ცნობილია ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები სიყვარულისა და რწმენის ღვაწლით მართლმადიდებლობას ეზიარნენ.

ჩვენ მართლმადიდებლები იმიტომ კი არა ვართ, რომ სარწმუნოების დოგმატი შეუბღალავად შევინარჩუნეთ, არამედ იმიტომ, რომ ღმერთმა მოგვცა შესაძლებლობა მისი ჭეშმარიტი შემეცნებით, თუ იგი ადამიანის ამპარტავნებითა და სიცრუით არ იქნება გაუკუღმართებული, სიყვარული მთელი სისავსით აღვიქვათ. დოგმატები ჩვენ მხოლოდ ერთი მიზნით მოგვეცა – რათა სიყვარულში განვისწავლოთ.



წინა - სარჩევი - შემდეგი