კათაკმეველთა კვერექსის შემდეგ ოდიკი გაშლილია, ტაძარი მზად არის უსისხლო მსხვერპლის აღსრულებისთვის. ეკლესიამ აღავლინა ლოცვა ცოცხალთა, გარდაცვლილთა და კათაკმეველთათვის. დიაკვანი წარმოთქვამს: კათაკმეველნო განვედით... ამის შემდეგ ტაძარში მხოლოდ მართალნი უნდა დარჩნენ. ევქარისტიული სიტყვით „მართლებად” ქრისტიანები იწოდებიან. კათაკმეველთა კვერექსის შემდეგ მართალთა ორი ლოცვა წარმოითქმის. პირველ მათგანს მღვდელი წარმოთქვამს მცირე კვერექსის დროს: გმადლობ შენ, უფალო, ღმერთო ძალთაო, ღირსმყოფელსა ჩვენსა წარდგომად აწცა წმიდასა შენსა საკურთხეველსა და შევრდომად შენთა მოწყალებათა ჩვენთა ცოდვათათვის და ერისა უმეცრებისათვის. მიითვალე ღმერთო, ვედრება ჩვენი, მყვენ ჩვენ ღირს ყოფად შეწირვად შენდა ვედრებათა და ოხათა და მსხვერპლთა უსისხლოთა, ყოვლისათვის ერისა შენისა და კმა-მყვენ ჩვენ, რომელნი დასხენ მსახურებასა ამას შენსა, ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, უბრალოდ და დაუბრკოლებელად, წმიდათა მოწამებითა სვინიდისისა ჩვენისათა, ხდად შენდა ყოველსა ჟამსა და ადგილსა, რათა მსმენელი ჩვენი, მწყალობელ ჩვენდა იყო სიმართლითა შენითა სახიერებისათა.
მართალთა პირველ ლოცვაში საუბარია იმ ადმიანთა შესახებ, რომელნიც იღწვიან ამ ერთგულების შენარჩუნებისათვის. და თუ ისინი ამას არ ცდილობენ, ძნელია მათ მართალნი ანუ ქრისტიანები ვუწოდოთ.
მეორე კვერექსის დროს მღვდელი კითხულობს ლოცვას: კვალადცა და მრავალგზის შენ შეგივრდებით და შენ გევედრებით, სახიერო და კაცთმოყვარეო, რათა მოხედვითა ვედრებასა ჩვენსა განსწმიდნე სულნი ჩვენნი და ხორცნი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა და მომეც ჩვენ უბრალოდ და დაუსჯელად წარდგომად წმიდასა შენსა საკურთხეველსა. მომადლე, ღმერთო, ჩვენთანა მლოცველთაცა წარმართებაი ცხოვრებისა და სარწმუნოებისა და გულისხმის-ყოფისა სულიერისა. მოეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყვარულით მსახურთა შენთა, უბრალოდ და დაუსჯელად მოღებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა და ზეცისა სასუფეველსა ღირს ყოფა.
მღვდელი ლოცულობს, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც ამ დროს ტაძარშია, ქრისტეს წმინდა საიდუმლოს დაუსჯელად ეზიაროს, ეს ნიშნავს, რომ მაზიარებელნი წმინდა საიდუმლოს მისაღებად მზად არიან. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, თუ რისთვის ითქმის ეს ლოცვა.
ზოგჯერ ადამიანი წირვაზე მოდის, ზიარება კი არ სურს. რატომ ხდება ასე? ზიარებისგან ჩვენი განყენება შეუძლია მხოლოდ მომაკვდინებელ ცოდვას და სხვას არაფერს. ჩვენ კი უმეტესად სიზარმაცის გამო არ ვეზიარებით. გვეზარება საღამოს ლოცვაზე მოსვლა, საკუთარ თავთან მუშაობა, არ გვსურს მოყვასთან შერიგება, აღსარების თქმა. მაშ, რისთვის იკითხება მართალთა ლოცვა? ნათლობის დროს ხომ ყველა ჩვენგანმა აღთქმა დადო? ქრისტიანად ადამიანი მხოლოდ იმიტომ კი არ იწოდება, რომ თავისი ცხოვრება ღმერთს მიანდოს, არამედ იმიტომ, რომ მას ერთგულება აღუთქვას. ამ ერთგულებისთვის მიმადლებს უფალი ადამიანს წმინდა საიდუმლოს. ერთგულების აღთქმა კი მარადისობას განეკუთვნება.
※ ※ ※
ჩვენ ქერუბიშებს საიდუმლოდ რომ განვასახიერებთ და ცხოვრების მომნიჭებელ სამებას სამწმიდაოს გალობას შევსწირავთ, ყოველივე ამსოფლიური საზრუნავი უნდა დაუტეოთ, „რათა შევიწყნაროთ მეუფე ყოველთა ანგელოზთა წესთა შორის ლახვარმოსილთა უხილავად მომავალი...“ რა საოცარი სიტყვები აღევლინება ლიტურგიის ჟამს, ვის ძალუძს ძრწოლის გარეშე მისი მოსმენა? ჩავუფიქრდეთ... ჩვენ ხომ ქერუბიმებს საიდუმლოდ ვემსგავსებით. განა მსგავსს მსგავსი არ განასახიერებს? და ჩვენ ქერუბიმებს განვასახიერებთ...
მღვდელი პავლე ფლორენსკი
რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, – რას ნიშნავს ეს სიტყვები? როდესაც ლიტურგიაზე მოვდივართ, ბევრ სხვა სიტყვებთან ერთად, თითქმის არავის ესმის სადღესასწაულო ტროპარის მნიშვნელობა. ეს დაუშვებელია. რა თქმა უნდა, ეკლესიაში არის საიდუმლო, მაგრამ არაფერია დაფარული, რომელიც განკუთვნილი არ იყოს მათთვის, ვინც სამეუფო კარის მიღმა დგას. ეკლესიის მიმართ გამოთქმული საყვედური, რომ ჩვენ გაუგებარ ენაზე ვსაუბრობთ, თითქოს სამართლიანია. თუ "მართლმადიდებლურ ენას" ვერ ვფლობთ, მაშინ მასზე უარი უნდა ვთქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე სიცრუესთან გვაქვს და ჩვენ ვფარისევლობთ. გარეგნული ფორმა დაცულია, სულიერებისაგან კი სავსებით დაცლილი.
რატომ არ ვიცვლებით, რატომ არ ვიზრდებით სულიერად? სრულიად მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ ბევრ რამეს ფორმალურად ვუდგებით. ლიტურგიისთვის, დღესასწაულისთვის უნდა ვემზადებოდეთ, რათა ყველამ ერთად ვიგალობოთ სადიდებელი, ტროპარები, ერთად ვხმობდეთ: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ...“, რომ ეს წარმოითქმოდეს „ერთითა გულითა და ერთითა პირითა". ჩვენ ხომ თეატრში ან კონცერტზე არ ვიმყოფებით. ჩვენთვის სხვები კი არ გალობენ – ჩვენ ყველანი ამ დიდი ზეციური საიდუმლოს მონაწილენი ვართ.
დასანანია, რომ ლიტურგიიდან ბევრი მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენთვის გაუგებარია. ყველას ვურჩევდი, რომ ლოცვები გავიაზროთ, უფალს გაუგებარი სიტყვებით ნუ მივმართავთ, ჩვენ ხომ საკუთარ მამას ვესაუბრებით. აი, რას ნიშნავს ეს სიტყვები: თქვენ ტაძარში მყოფნი, ვინც საიდუმლოდ ქერუბიმებს ემსგავსებით და საიდუმლო გალობას აღავლენთ, ყოველგვარი ამსოფლიური საზრუნავი განზე უნდა გადადოთ. თითოეულ ჩვენგანს შესაძლებლობა ეძლევა, სერაფიმთა და ქერუბიმთა გვერდით დადგეს. ისინი ლაღადებენ: „წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ...“ ჩვენც ამ ანგელოზებრივ გალობას უნდა შევუერთდეთ.
ამ საიდუმლოს აღსრულების ჟამს ჩვენ მოქმედი პირები ვართ და არა მაყურებელნი. ჩვენ ანგელოზთა თანამსახურნი ვართ — ეს კი მსახურების მწვერვალია, ჟამი, როდესაც ამსოფლიური საზრუნავი უნდა გადავდოთ.
და ვითარცა მეუფესა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად ძღვნის შემწირველთა წესთასა..., – ეს ანტიკური, ან ბიზანტიური სამყაროს გამოძახილია: იმ დროს ხელში აყვანილ გამარჯვებულს ტრიუმფალური თაღის ქვეშ გაატარებდნენ, ჩვენ კი ქრისტე უნდა ვიტვირთოთ.
※ ※ ※
ქერუბიმთა გალობის დროს დიდი გამოსვლა აღესრულება. მეუფე დიდებისა – ქრისტე მიდის, რათა ჯვარს ეცვას. დიდი გამოსვლა მაცხოვრის სვლაა გოლგოთისაკენ, – აჰა, ესერა შემოვალს მეუფე მეუფეთა და უფალი უფლებათა დაკვლად საჭმლად და მიცემად მორწმუნეთა...
დიაკვანი საკურთხეველში და ტაძარში მყოფთ აკმევს. იგი თავისთვის კითხულობს სინანულის ორმოცდამეათე ფსალმუნს. ამ დროს შეგვიძლია ეს ფსალმუნი ჩვენთვის წარმოვთქვათ. ქერუბიმთა ეს მოწოდება ყველა ჩვენგანს საკუთარ უღირსობას განაცდევინებს. შემთხვევითი არ გახლავთ, რომ ქერუბიმთა გალობის წინ მღვდელი სამეუფო კარს განაღებს და კითხულობს ერთადერთ ლოცვას, რომელიც მხოლოდ მას ეხება: არავინ არს ღირს თანაშეკრული ხორციელთა გულისთქმათა და გემოთა წარდგომად, ანუ მიახლებად, გინა მსახურებად შენდა, მეუფეო დიდებისაო, რამეთუ მსახურება შენი დიდ არს და საშინელ თვით მათ ზეცისა ძალთაცა.... ეს ლოცვა ეძღვნება უფალ იესო ქრისტეს, ვითარცა მღვდელმთავარს, რომლის წინაშეც დგას „უღირსი“ მღვდელი, ღვთისმსახურების საშინელ სფეროში რომ შედის. იგი ყველა თანამსახურს და მრევლს შენდობას სთხოვს. აკმევს წინადაგებულ ძღვენს და ქერუბიმთა გალობის თანხლებით ამბიონზე გამოდის. მას მოაქვს წმინდა პროსკომიდია – ბარძიმი ღვინით, რომელიც ქრისტეს სისხლად უნდა გადაიქცეს და ფეშხუმი პურით, რომელიც ქრისტეს ხორცად უნდა გადაიქცეს. დიდი გამოსვლის დროს მთელი ეკლესია განსაკუთრებულად მოიხსენიება: ყოვლისმპყრობელი უფლის მსგავსად, რომელიც თავისი ხელით მთელ ქვეყნიერებას ატარებს, საკურთხევლიდან გამომავალ მღვდელსაც მოაქვს პროსკომიდია, როგორც სახე ეკლესიისა და მთელი სამყაროსი, რისთვისაც ქრისტე მსხვერპლად ეწირება.
დიდი გამოსვლა უფლის იერუსალიმში შებრძანებას განასახიერებს: ქრისტე მიდის, რათა ევნოს. ეს გამარჯვებაა, რომელიც უფალს ხილული დამარცხების გზით ეძლევა. ეს არის სიმდაბლით და სიყვარულით ქვეყნიერების ცოდვების ტვირთვა, რათა სამყარო გადარჩეს. ჩვენ საიდუმლოდ ქერუბიმებს განვასახიერებთ, მაგრამ ამავე დროს ვართ ისინი, ვინც ქრისტე ჯვარს აცვა. ის, რაც ჩვენ სულებში სატანამ ჩათესა, აიძულებს უფალს, რომ სიკვდილი იტვირთოს. დიდი გამოსვლა ყოველი ადამიანისთვის სამსჯავროა, მისი ცხოვრების შეფასება, შეფასება იმისა თუ რა წილი მიგვიძღვის ქრისტეს ჯვარცმაში.
※ ※ ※
მღვდელი საკურთხეველში შედის, ბარძიმსა და ფეშხუმს წმინდა ტრაპეზზე დააბრძანებს, მათ დაფარნას მოაშორებს და დიდი ხუთშაბათის ტროპარს კითხულობს: შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი ხორცი შენი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა – უფლის ჯვრიდან გარდამოხსნის ლოცვას, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ დიდი გამოსვლა ეს გოლგოთაა და მსხვერპლი. ტრაპეზზე წმინდა ძღვენი ისევ დაფარნით იფარება. საღმრთო ძღვენი სამკვეთლოზე, ეს სახვეველში გახვეული ჩვილი იესოა, ახლა კი ქრისტე სუდარაშია. მღვდელი კმევას დაასრულებს და ლოცულობს: კეთილი უყავ უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალემისანი...
თქვენ, რომელნი ქერუბიმთა ემსგავსენით, ნუთუ არ ძრწით ერთმანეთის წინაშე? ძრწოდეთ და ძრწოდეთ უფრო მეტად. კიდევ უფრო მეტად შეძრწუნდით. ნუთუ ვერ აცნობიერებთ ვინ მყოფობს აქ? – მეუფე ჩვენი ქრისტე და ანგელოზთა დასი მას უხილავად მსახურებს. ეკლესია ანგელოზებმა მოიცვეს და თქვენ ყველანი მათ შორის იმყოფებით – ღმერთი ჩვენთანაა, ვითარცა აღგვითქვა. ნუთუ ახლაც არ განეშორებით ცხოვრებისეულ საზრუნავს? დაე, აღგვეხილოს თვალნი, დაე, ჩამოიშალოს კედელი, რომელიც გულებს ერთმანეთისაგან განაშორებს. ბედნიერებაა, როდესაც ყველა ყველაში ქერუბიმს ხედავს. პოი, საუკუნო ნეტარებავ, ყოველივე მსოფლიო დაუტეოთ ზრუნვაი...
მღვდელი პავლე ფლორენსკი
წინა - სარჩევი - შემდეგი