მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

დეკანოზი ალექსი უმინსკი
საღმრთო ლიტურგია

 

მრჩობლი კვერექსი


 

 

სახარების წაკითხვის შემდეგ მრჩობლი კვერექსი ითქმის. მთავრდება კათაკმეველთა ლიტურგია. მრჩობლი კვერექსი ყოველი მსახურების შემადგენელი ნაწილია, იგი ემსგავსება მშვიდობიან კვერექსს, რომლითაც ჩვეულებისამებრ ღვთისმსახურება იწყება.

ღვთისმსახურების დასაწყისში ოდიკი ტრაპეზზეა დაბრძანებული. მღგდელი მას სამი მხრიდან გაშლის. გაუშლელი მხოლოდ ზედა ნაწილი რჩება, მას მოგვიანებით, კათაკმეველთა კვერექსის დროს გადაშლის.

მრჩობლი კვერექსი ყოვლისმომცველია. იგი თავის თავში ყველა ვედრებას შეიცავს, ყველა ამქვეყნიურ ჭირ-ვარამს. მიუხედავად იმისა, რომ ვედრება საზოგადო საკითხებზე მიმდინარეობს, ეკლესია მაინც ლოცულობს თითოეულ ჩვენგანზე. ქრისტიანი მონაწილეობს ლიტურგიაში და მისი თანამსახურია. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მოვიდა ტაძარში, არამხოლოდ იმისთვის, რომ პირადად ითხოვოს რაიმე, არამედ ამ დროს თავად გადაიქცეს ეკლესიად. ამიტომ ლიტურგია თავის თავში არა მარტო მთელ სამყაროს მოიცავს, არამედ თითოეულ ადამიანსაც – მთელი თავისი წუხილითა და სატკივარით. გწამდეს წმინდა სამოციქულო ეკლესია – ნიშნავს გჯეროდეს, რომ ეკლესია ყოველ შენს ვედრებას, მთელ შენს მწუხარებას, შენს სიხარულს, შენს მღელვარებასა და სამადლობელს უფლის საყდრის წინაშე მიიტანს.


※ ※ ※


ადამიანები, რომელნიც ვერ აცნობიერებენ ეკლესიის ყოვლისმომცველ მნიშვნელობას, ხშირად თხოვენ მოძღვარს, რომ საგანგებოდ ილოცოს რომელიღაც გარკვეული მიზეზის გამო, თუმცა კი თვით ლიტურგიაშია ყველა ვედრების აღსრულება. ეკლესიურ ცხოვრებაში დამკვიდრდა პანაშვიდის ან პარაკლისის ლიტურგიის შემდეგ გადახდა. მაგრამ თუ ეკლესიაში დგახარ, მიუხედავად იმისა შეაგზავნე თუ არა ქაღალდზე ჩამოწერილი სახელები, ღმერთი შენს გასაჭირს მაინც ხედავს. მეტიც, შენი საწუხარი მან შენზე ადრე უწყის. ჩვენი აზრით, ლიტურგიის შემდეგ პარაკლისის გადახდა აზრს მოკლებულია. ეს ტრადიცია დამკვიდრდა მხოლოდ იმიტომ, რომ ტაძარში მოსულ ადამიანთა ნაწილი ლიტურგიაში მონაწილეობს, ნაწილი კი მხოლოდ დამსწრეა „მთავარის“ მოლოდინში: აი ახლა გაჟღერდება პირადი თხოვნები და მღვდელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, წარმატებისა და კეთილდღეობისთვის დაიწყებს ლოცვას არადა, ყველა ეს თხოვნა ისედაც ჩართულია ლიტურგიაში – მაცხოვარმა მსხვერპლი ყოველთა და ყოველთათვის გაიღო.

ისმის ბუნებრივი კითხვა: რისთვის არსებობს პარაკლისები ან რატომ ვიხდით პანაშვიდებს? ისინი ეკლესიის ცხოვრებაში თავისთავად არსებობენ, ლიტურგიის გარეშე. არც საბერძნეთში და არც ბულგარეთში ლიტურგიის შემდეგ პარაკლისს არ იხდიან, ჩვენშიც არ იყო მსგავსი ჩვეულება. მღვდელს შინ ან რომელიმე სხვა ადგილას მიიწვევდნენ, სადაც იგი პარაკლისს იხდიდა გარკვეული მიზეზის გამო. მაგალითად, გვალვის დროს.

თუ ვინმესთვის განსაკუთრებული ლოცვაა აუცილებელი, მაგალითად სნეულისთვის, მთელმა ეკლესიამ უნდა ილოცოს და არა მხოლოდ მღვდელმა. ამისთვის არსებობს საგანგებო ვედრება, რომელიც მრჩობლ კვერექსს ერთვის – მოგზაურთათვის, ტყვეთათვის, შეჭირვებულთათვის და სნეულთათვის.


※ ※ ※


მთავრდება კათაკმეველთა ლიტურგია. რევოლუციამდე კათაკმევლები არ არსებობდნენ და არც შეიძლება ყოფილიყვნენ. ამჟამად კი ისინი კვლავ გამოჩნდნენ ეკლესიაში. კათაკმეველია ის, ვისაც ნათლისღებისათვის მომზადება სჭირდება. დღეს ბევრი მიეახლება ემბაზს, კათაკმევლად დადგინების გარეშე, ეს არ არის მართებული. ნათლისღებისათვის ადამიანთა მომზადება, მათთვის ეკლესიის ლოცვა აუცილებელია.

კატეხიზაციის ინსტიტუტი საეკლესიო ცხოვრებაში დიდხანს შემორჩა. ყველა, ვისაც ნათლისღება სურდა, კატეხიზაციას გადიოდა. IV-V საუკუნეებში, როდესაც რომის იმპერია გაქრისტიანდა, მიუხედავად განხეთქილებისა და მრავალი მწვალებლობისა, მხოლოდ ზრდასრული ადამიანები ინათლებოდნენ – ყრმებს თითქმის არ ნათლავდნენ. ასეთ ტრადიციას ნათლისღებისადმი მოკრძალებული დამოკიდებულება განაპირობებდა. ამასთან, ქრისტიანები წარმართებს მხოლოდ დიდი გამოცდის შემდეგ იღებდნენ. ეკლესიის დევნის დროს, კათაკმევლად დადგინების პირობები არ არსებობდა – გულით ირწმუნე ქრისტე? თავად ცხოვრება გამოცდის შენს რწმენას.

როდესაც დევნა შეწყდა, ეკლესია ახალმოქცეულებით შეივსო. კათაკმევლად დადგინებამ სხვა ხასიათი მიიღო, მათ მოსამზადებლად გაიხსნა სასწავლებლები. ალექსანდრიის სკოლის პირველი მასწავლებლები იყვნენ კლიმენტი ალექსანდრიელი (150-215 წწ.) და მისი მოსწავლე ორიგენე (185-254 წწ.). სწავლის პერიოდი ორმოცი დღიდან სამ წლამდე გრძელდებოდა. ნათლისღება ყოველდღე არ სრულდებოდა ‒ ძირითადად აღდგომის წინ, დიდ შაბათს, რაც ძალიან სიმბოლურია. ნათლისღება აღიქმებოდა, როგორც ქრისტეს სიკვდილთან ნათელღება.

ნათლისღების დროს იკითხება პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ: „არა უწყითა, რამეთუ ვინც ნათელ ვიღეთ ქრისტე იესოს მიერ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელ-ვიღეთ? და ნათლისღებით მასთან ერთად დავეფლენით მის სიკვდილში, და ვითარცა აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისათა, ასევე ჩვენც განახლებული ცხოვრებით უნდა ვიაროთ“ (რომ.6,3).

ქრისტესთან დაფვლის რეალობა, ყოველი ახალი ნათელღებულისთვის ცხადი გახლდათ, ეს იყო ძველი ადამიანის სიკვდილი და აღდგომა განახლებული ცხოვრებისათვის. დღემდე ქრისტეშობის, ნათლისღების, აღდგომის და სულთმოფენობის დღესასწაულზე „წმიდაო ღმერთოს“ ნაცვლად იგალობება „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს“, რადგან ამ დღეებში ეკლესიის ტრადიციის მიხედვით კათაკმეველთა ნათლისღება აღესრულებოდა.

მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი სასიკვდილო სარეცელზე მოინათლა. როდესაც პირველი მსოფლიო კრება გახსნა და რომი ქრისტიანულ იმპერიად გამოაცხადა, თავად იმპერატორი ჯერ კიდევ კათაკმეველი იყო. მან დიდხანს ვერ შეძლო ნათლისღება, რამეთუ მისი სინდისი მრავალი ცოდვით იყო დამძიმებული. კონსტანტინე იბრძოდა, დამნაშავეებს სჯიდა, და სისხლს ღვრიდა, მას არ შეეძლო სახარებისეული ცხოვრება იმპერატორის ვალდებულებებთან შეეთავსებინა.

საინტერესოა ის, რაც წმ. ამბროსი მედიოლანელს შეემთხვა. როდესაც მედიოლანში ეპისკოპოსს ირჩევდნენ, ქრისტიანებმა ამბროსი დაასახელეს. იგი ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, მისი და მონაზონი იყო, ბებია მოწამებრივად აღესრულა, თავად ამბროსი კი ორმოც წლამდე არ მონათლულა‚ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ეპისკოპოსად გამოარჩიეს, კურთხევის ყველა საფეხური ოთხი დღის განმავლობაში გაიარა: პირველ დღეს მოინათლა, მეორე დღეს დიაკვნად აკურთხეს, მესამე დღეს ‒ მღვდლად‚ მეოთხე დღეს კი კვართით შემოსილს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. რამეთუ ახალმოქცეულებს, ტრადიციის მიხედვით, ცხრა დღის განმავლობაში ნათლისღების თეთრი სამოსელი უნდა ეტარებინათ. ასევე გრიგოლ ღვთისმეტყველი, ვისი მამაც ეპისკოპოსი იყო, ბასილი დიდი და იოანე ოქროპირიც ოცდაათი წლის ასაკში მოინათლნენ. იმ დროს ნათლისღება, თითქმის მონაზვნად აღკვეცად აღიქმებოდა: იშვებოდა ახალი ადამიანი, რომელსაც სრულიად სხვაგვარად უნდა ეცხოვრა, უარი ეთქვა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე და თავი ქრისტესთვის მიეძღვნა. ნათლისღების ჭეშმარიტი მნიშვნელობა, იმდროინდელ ქრისტიანთათვის ბევრად უფრო ნათელი იყო, ვიდრე თანამედროვე ადამიანისთვის. მოგვიანებით ჩვეულებად იქცა ყრმათა მონათვლა. კატეხიზაციას ანუ კათაკმეველთა განსწავლას, ეკლესია ნათლიებს ავალებდა, რომელნიც ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდნენ. მაგრამ ხშირად ნათლიები ამ მოვალეობას თავს ვერ ართმევდნენ. კარგად შენიშნა ლესკოვმა: „რუსეთი მოინათლა, მაგრამ ვერ განათლდაო”.

ამჟამად ჩვენ ვხვდებით ბევრ მონათლულს, რომელთა ცნობიერებაში ეს დიდი საიდუმლო ფორმალურ აქტად რჩება. მოინათლნენ და მიიღეს ცხონების შესაძლებლობა, მაგრამ სულიერ ცხოვრებას ჯერ არ შედგომიან. ადამიანთა საქციელს მეტწილად ტრადიცია განსაზღვრავს, რადგან დავიბადეთ და გავიზარდეთ მართლმორწმუნე ქვეყანაში, რადგან თავადაც მოვინათლეთ, ამიტომ შვილებიც უნდა მოვნათლოთ, რომ ნაკლებად იავადმყოფონ. ნათლობისადმი ასეთი მიდგომა სავსებით წარმართულია, რამეთუ ნათლისღების ჭეშმარიტი არსი დაკარგულია. ნათლისღება ლამაზ, სანახაობრივ ჩვეულებად გადაიქცა. ადამიანები ღვთის წინაშე დადებული აღთქმის მიმართ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ. დადგა დრო, კათაკმეველთა მომზადების პრაქტიკას დავუბრუნდეთ. ადამიანის სულიერ ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვანი პერიოდია. დღეს ბევრს აქვს მონათვლის სურვილი, მაგრამ რომელი ღმერთი იწამეს და რამ განაპირობა მათი გადაწყვეტილება, ხშირად ვერ აუხსნიათ. მათი აზრით, ნათლისღება და ეკლესიური ცხოვრების დაწყება ორი ისეთი მოვლენაა, რომელთაც ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. ისინი ნათლობას ღმერთთან გარიგებად აღიქვამენ: მე მოვინათლე, მაშასადამე, ამიერიდან ღმერთი დამეხმარება, ეკლესია აქ არაფერ შუაშია – ღმერთი ჩემს სულშია.

თუ ვინმე თქვენგან ითხოვს, რომ მისი ნათლია გახდეთ, გახსოვდეთ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. უხილავი კავშირი ნათლიასა და მის ნათლულს შორის მომავალ ცხოვრებაშიც გრძელდება. უფალი გვკითხავს სად არიან ჩვენი ნათლულები, რატომ არ არიან ისინი ეკლესიაში, რატომ არაფერი გავაკეთეთ მათთვის. თავისთავად ცხადია, რომ ნათლულისთვის ნათლიას ლოცვა ევალება, მეტიც ‒ ის ვალდებულია მუდმივად იზრუნოს მის სულიერ ცხოვრებაზე.



წინა - სარჩევი - შემდეგი