მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

დეკანოზი ალექსი უმინსკი
საღმრთო ლიტურგია

 

სახარების კითხვა


 

 

კათაკმეველთა ლიტურგიაში უმთავრესი ადგილი სახარებას უკავია. შეიძლება ითქვას, რომ ლიტურგიის ეს ნანილი სახარებას ეძღვნება და ყველაფერი, რაც ამ დროს ხდება შემზადებაა იმისათვის, რომ სახარება გაცხადდეს. კათაკმეველთა ლიტურგია არის ერთგვარი დამოუკიდებელი ცხოვრება და განსრულება, რადგან კათაკმეველთათვის იგი სახარების წაკითხვით მთავრდება, რის შემდეგაც, ადრე არსებული წესისამებრ, მათ ტაძარი უნდა დატოვონ.

სახარების ოთხთავი, რომელსაც ჩვენ ახლა ვკითხულობთ, პირველ-მეორე საუკუნეების მიჯნაზე დაიწერა (დაახლოებით 60-115 წწ). რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, სახარება წმინდა გარდამოცემას წარმოადგენდა, რომელსაც მოციქულები თავის მიმდევრებს ზეპირად გადასცემდნენ. და მაინც, ეს ჭეშმარიტი სახარება, ღვთის სიტყვა იყო და მის მიმართ მორწმუნეთა დამოკიდებულება ფრიად გულისხმიერი გახლდათ.

აღდგომის დღესასწაულზე ვკითხულობთ: „დასაბამად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“ (იოანე 1,1). ხშირად წმინდა წერილში და წმ. მამათა თხზულებებში იესო ქრისტე, ძე ღვთისა, ღვთის სიტყვად არის წოდებული. შესაქმის დასაწყისი ძალიან ჰგავს იოანეს სახარების პირველ სტრიქონებს: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცა და ქვეყანა, ხოლო ქვეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი იყო ზედა უფსკრულთა და სული ღვთისა იქცეოდა ზედა წყალსა“. ამის შემდეგ აღწერილია სამყაროს შექმნა: „და თქვა ღმერთმან იქმენინ ნათელი! და იქმნა ნათელი".

ღმერთი წარმოთქვამს სიტყვას და მთელი სამყარო მის მიერ იქმნება. მეფსალმუნე ამბობს: „სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა ყოველი ძალი მათი“. შეიძლება ითქვას, რომ სამყარო „მეტყველია“ – ის თავის ყოფიერებას „სიტყვის“ მეშვეობით მიიღებს. „ღვთის სიტყვა“ იმდენად ძალმოსილი და ყოვლისშემძლეა, რომ ყოვლადწმიდა სამების მეორე იპოსტასის მეშვეობით, მთელი სამყარო არაარსიდან არსად შეიქმნება. ღვთის სიტყვას პავლე მოციქული ასე განსაზღვრავს: „ცოცხალია სიტყვა ღვთისა, უფრო ძლიერი და მკვეთრი ვიდრე ორლესული მახვილი და მისწვდება იგი ვიდრე განსაყოფელამდე სამშვინველისა და სულისა, ნაწევართა და ტვინთა, განიკითხავს გონებათა და გულის ზრახვათა“ (ებრ.4,12).

და აი სიტყვა განხორციელდა: უფალი ქვეყნიერებას მოევლინა და სახარებაში ჩაბეჭდილი სიტყვა მოიტანა – სიტყვა ცოცხალი და ქმედითი.

სახარება ჩვეულებრივი ფრაზებისგან შემდგარი, თავებად და ქვეთავებად დაყოფილი გარკვეული ინფორმაციის შემცველი ტექსტი არ გახლავთ, და მისი ავტორთან გაიგივება არ შეიძლება. ადამიანის მიერ შექმნილი წიგნი, მხატვრული ტილო ან მუსიკაც კი არ შეიძლება იყოს თავად ავტორი, თავად შემოქმედი. სახარება კი თავად ღმერთმა დაგვიტოვა, ვითარცა ღმერთის „სიტყვაში“ მყოფობის სასწაული, რაზედაც ღვთისმსახურების ზოგიერთი ადგილი მიუთითებს. მაგალითად, სამღვდელმთავრო წირვის დროს, ეპისკოპოსი თავისი მღვდელმთავრობის ნიშნებს – ომოფორსა და მიტრას მოიხდის, რადგან ისინი მიგვანიშნებენ, რომ იგი წარმართავს ლიტურგიას ქრისტეს მსგავსად, რომელმაც საიდუმლო სერობა წარმართა. ის განზე დგება, რამეთუ ახლა ღმერთი თავად მოქმედებს და თავად მეტყველებს.

როდესაც ღვთისმსახურების დროს სახარებას გამოაბრძანებენ, ჩვენ მას ქრისტეს აღდგომის ხატის მსგავსად ვემთხვევით, რამეთუ იგი თავად არის სიტყვა განხორციელებული და მკვდრეთით აღმდგარი, ლიტურგიაზე ქრისტეს მყოფობის მაუწყებელი. სახარება თავად ღვთის ხატია. მას მღვდელი უკმევს და ჩვენ ვეამბორებით.

ამბობენ, სახარება უცებ რომ გაქრეს, მისი აღდგენა ძველ მამათა ნაწერების მიხედვით შეიძლება. იმდენად ზუსტად მოჰყავთ მათ ყოველი სიტყვა, და რაოდენ საკვირველია, რომ ეკლესია თავად იყო კეთილმაუწყებელი იმ სახარებისა, რომელიც არავის წაეკითხა და მეტიც ‒ მას ხელითაც არავინ შეხებია!

ანტიკურ ეპოქაში წიგნი ძვირად ფასობდა და მისი შეძენა ბევრ მდიდარს არ შეეძლო. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები ღვთის სიტყვას მხოლოდ ღვთისმსახურების ჟამს ეზიარებოდნენ, ეცნობოდნენ მას, რათა მისით ეცხოვრათ, მისი გულისთვის წამებულიყვნენ და იგი თავის ცხოვრებაში განეხორციელებინათ.

სახარება ეკლესიის სულიერი საუნჯეა. მისი ტაძარში შემობრძანება ეკლესიაში ქრისტეს შემობრძანებად აღიქმებოდა. სახარების გახმიანება ლიტურგიის კულმინაცია იყო. უნდა ითქვას, რომ ეს ჭეშმარიტად ქრისტესთან ზიარებაა: გესმის ღვთის სიტყვა, აღიქვამ მას, უერთდები და ამ სიტყვით, ვითარცა ორპირი მახვილით ისე განიმსჭვალები, იგი განსჯის შენს აზრებსა და გულისთქმებს.

წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება ისეთი ამბები, როგორიც ანტონ დიდს შეემთხვა. იგი ტაძარში მოვიდა, მოისმინა საკვირაო სახარება მდიდარი ჭაბუკის შესახებ, დატოვა ტაძარი, მთელი თავისი ქონება მოწყალებაში გასცა და უდაბნოში დაემკვიდრა. ანტონმა გულისხმაყო, რომ წაკითხული უშუალოდ მას ეხებოდა, იგი ღვთის სიტყვას ეზიარა, თავისი ცხოვრება სავსებით შეცვალა და სულ სხვა ადამიანად იქცა.

სახარების ტაძარში კითხვა, თავისი მადლით არაფრით ჩამოუვარდება ორი ათასი წლის წინ გალილეაში ქრისტეს ცოცხალ ქადაგებას. ეს ის სიტყვაა სამყარო რომ შექმნა. ეს სიტყვა მკვდარს განაცოცხლებდა, კეთროვანს განსწმენდდა, ბრმებს თვალის ჩინს და ყრუთ სმენას ანიჭებდა... მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, რამეთუ ქრისტე იგივეა უკუნისამდე და მისი სიტყვა ძალას არ ჰკარგავს, არ უფასურდება. ამიტომ ეწოდება ეკლესიას წმინდა, რამეთუ თავისი არსებობის ნებისმიერ დროს იგი უცვლელია. ქრისტე სიტყვით გვმოძღვრავს და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გავითავისებთ ამ სიტყვებს. დასანანია, რომ ლიტურგიის დროს ჩვენ რატომღაც ველოდებით „ყველაზე მთავარს“ – დიდ შესვლას, ევქარისტიას, ზიარებას. „აი მაშინ დავიწყებთ გულმოდგინე ლოცვას“. ვფიქრობთ ჩვენ. მაგრამ რახანია ყველაფერი დაწყებულია; როდესაც მღვდელი ამბობს კურთხეულ არს მეუფება... – ეს მეუფება უკვე მოსულია.

კათაკმეველთათვის სახარების კითხვა ღვთის სიტყვასთან მთავარი შეხვედრაა – დანარჩენი მათთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია, ისინი ჯერ არ შობილან ქრისტეში, მაგრამ ღვთის სიტყვა მათ უკვე გარდაქმნის. მაშინაც კი, როცა ეს სიტყვები უფლის მიერ წარმოითქმოდა, ადამიანები მათ განსხვავებულად აღიქვამდნენ. შვიდი ათასმა ადამიანმა უდაბნოს მიაშურა მხოლოდ იმისათვის, რომ იესოსთვის მოესმინათ. უფალი მოუთხრობდა მათ პურზე, რომელიც ზეცით მოევლინათ, მაგრამ მათი ნაწილი მხოლოდ მიწიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ელოდა მოუთმენლად და იმედგაცრუებული განეშორებოდა. მოციქულები კი მასთან დარჩნენ, რამეთუ „სიტყვანი ცხოვრებისანი“ მხოლოდ მას გააჩნდა. სახარება სწორედ ამ მარადიული ცხოვრების სიტყვას გვაუწყებს.

ლიტურგიაზე გახმიანებული ღვთის სიტყვა ჭეშმარიტად ღვთის გამოცხადებაა, მაგრამ მისი მოსმენა და გულისხმისყოფა ჩვენზეა დამოკიდებული. ეს ის აუცილებლობაა, რომლის შემდეგაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს უნდა ვეზიაროთ.

ტაძარში სახარების კითხვა უფალთან შეხვედრის შესაძლებლობაა. რა ხდება ამ დროს ჩვენში? როგორები მივდივართ ტაძრიდან? როგორ ვცხოვრობთ ამის შემდეგ? ეს ის კითხვებია, რომელზედაც ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ.



წინა - სარჩევი - შემდეგი