სამწმიდაოს გალობას მოციქულთა ეპისტოლეების, ანუ სამოციქულოს კითხვა მოსდევს. ლიტურგიის ეს ნაწილი უძველესია. პირველ საუკუნეებში, როდესაც ქრისტიანული თემი, საიდუმლო სერობის მოსაგონებლად იკრიბებოდა, მას უპირველესად სასიხარულო ამბავს აუწყებდნენ. მოდიოდა მოციქული და წმინდა წერილის კითხვას იწყებდა. იგი ძველი აღთქმიდან ამონარიდებს კითხულობდა, წინასწარმეტყველებებს მესიის შესახებ და მიუთითებდა, რომ საუბარი იყო იესოზე, ვინც ჯვარს აცვეს და აღდგა. ეს მოციქულის ხარების უმთავრეს ნაწილს შეადგენდა.
ამ ქადაგებათა ნაწყვეტები, სამწმიდაოს გალობის შემდეგ, წარდგომის სახით, სამოციქულომდე დღესაც იკითხება. წარდგომა (ანუ „წინამდებარე“) არაერთგზის განმეორებული საგალობელია, რომელიც ხშირად ფსალმუნიდან ამოღებული ორი პწკარედისაგან შედგება, თუმცა არსებობს წარდგომები, რომელთა სიტყვები სახარებიდან და სამოციქულოდანაც არის აღებული. მათში უფრო ხშირად ვხვდებით წინასწარმეტყველებებს ქრისტეს მოსვლის შესახებ. ადრე ისინი მთლიანად იკითხებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ორ პწკარედამდე შეამოკლეს, რომელთაგან პირველი, ტექსტის დასაწყისიდან არის ამოღებული, მეორე კი შუა ნაწილიდან.
კათოლიკურ ევქარისტიაში, მესაში, ფსალმუნი დღემდე სახარების წინ მთლიანად იკითხება და წარდგომას ახალი აღთქმის მაუწყებელს წარმოადგენს. მართლმადიდებლურ ეკლესიაში ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებანი სრულად დღესასწაულის მწუხრზე იკითხება და შინაარსით დღესასწაულს შეესატყვისება. გამოკრებილი ფსალმუნები ცისკარზეც იგალობება, გუნდი გალობს ფსალმუნიდან გამოკრებილ სტრიქონებს, რომელიც დღესასწაულს ეძღვნება, მას სადიდებელი მოჰყვება. ყოველივე ეს ძველი ლიტურგიის გამოძახილია, როდესაც წმინდა წერილის კითხვა ძველი აღთქმიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. შემდეგ მოციქული ქრისტეს შესახებ მოუთხრობდა, იგი მის მოძღვრებას აუწყებდა, რომელიც დროთა განმავლობაში სახარებად დაიწერა.
თავიდან სახარება ქრისტეს შესახებ გარდამოცემას წარმოადგენდა. მოგვიანებით იგი წერილობითი სახით ჩამოყალიბდა. ყოველი მოციქული თან ატარებდა სახარებას, რომელიც იესოსთან მისი პირადი ურთიერთობის ნაყოფი იყო, ან მონათხრობი იმ ადამიანთა, რომელთაც ეხილათ იგი. როგორც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „რომელი გვესმა და ვიხილეთ, გითხრობთ თქვენ".
ეკლესია მოციქულთა ქადაგებებით სულდგმულობს. ეპისტოლეების კითხვის დროს ტაძარში თავად მოციქულნი მყოფობენ. ისინი ეკლესიებს წერილებს უგზავნიდნენ. ჩვენთვის ნაცნობი ეპისტოლეები მათი წერილებია – ჩვეულებრივი წერილები, ახლობლებს მოგზაურობის ან გადასახლების ადგილიდან რომ უგზავნიან ხოლმე. ეს იმ მოძღვრის წერილებია, რომელიც თავის სამწყსოსთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობას იყო მოკლებული. თემი მათ დიდი გულისხმიერებითა და სიყვარულით კითხულობდა და შემდეგ მახლობელ ტაძარს და მის თემს გადასცემდა. ეს წერილები ყველასთვის მისაწვდომი იყო, ჩვენ ახლაც ვკითხულობთ და ვისმენთ მათ. ღვთისმსახურების დროს სამოციქულო სახარების წინ იკითხება – ქრისტეს შესახებ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა შემდეგ და ახალ აღთქმაში ამ წინასწარმეტყველებათა აღსრულებამდე. მკითხველი შუა ტაძარში დგას, ვითარცა მოციქული, რომელიც ქრისტეს თემში მოვიდა და აუწყებს ცხონების შესახებ ღმერთმა ქვეყნიერებას რომ მოუტანა. ამ დროს დიაკვანი საკურთხეველს აკმევს, შემდეგ – მკითხველს და მთელ მრევლს. სამოციქულოს კითხვის დროს მღვდელი ზის ვითარცა მოციქულთასწორი და თემში მოციქულის ყოფნას განასახიერებს. იგი მოციქულთა მსახურებას აგრძელებს, ადამიანები ქრისტესთან მიჰყავს. ეს არის სამოციქულოსა და სახარების კითხვის აზრი. სამოციქულოს შემდეგ მკითხველი წარმოთქვამს – ალილუია! რაც ივრითულად ნიშნავს „აქებდით უფალსა!“
წინა - სარჩევი - შემდეგი