მცირე შესვლა სამწმიდაოს გალობით მთავრდება. ცნობას ამ ლოცვის შესახებ წმინდა წერილსა და გარდამოცემაში ვხვდებით. იგი ესაია წინასწარმეტყველს უკავშირდება, რომელსაც „ძველი დღეთა” – მაღალ საყდარზე დაბრძანებული უფალი უხუცესის სახით გამოეცხადა. „სერაფიმნი დგეს გარემოის მისსა ექვსნი ფრთენი ერთსა და ექვსნი ფრთენი ერთსა, და ორითა უკუე დაიბურვიდეს პირსა, ხოლო ორითა იბურვიდეს ფერხთა და ორითა ფრინვიდეს. ღაღადებდეს და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა”. უფლის ხილვისას ესაიას აღმოხდა: „ჰოი მე უბადრუკსა, რამეთუ შეკდიმულ ვარ, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელისა მკვიდრ ვარ მე და მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა ჩემითა. და მოივლინა ჩემდამო ერთი სერაფიმთაგანი და ხელსა შინა ჰქონდა ნაკვერცხალი, რომელი მარწუხითა აიღო საკურთხეველისაგან და შეახო პირსა ჩემსა და თქვა: „აჰა, შევახე ესე ბაგეთა შენთა და მოგისპნეს უშჯულოებანი შენნი და ცოდვანი შენნი განწმიდნეს” (ესაია 6,5).
არსებობს გარდამოცემა კონსტანტინოპოლში მომხდარი სასწაულის შესახებ: ყრმას, რომელიც მიწისძვრის დროს ზეცად აღტაცებულ იქნა, ანგელოზთა გალობა: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო” მოესმა, როდესაც ყრმა გონს მოეგო და ამის შესახებ ეპისკოპოსს ამცნო, ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა ქალაქის გალავნისთვის სამწმიდაოს გალობით შემოევლოთ და ამ გალობისთვის დაემატებინათ სიტყვები შეგვიწყალენ ჩვენ". ამ მსვლელობის შემდეგ, მიწისძვრა შეწყდა და ქალაქი გადარჩა. ასეთი სახით სამწმიდაოს გალობა შედის ღვთისმსახურებაში. ასეთია ეკლესიის გარდამოცემა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ის პირველად ქალკედონის კრებაზე (451 წ.) გაისმა, როდესაც წმ. მამები ტაძრიდან სამწმიდაოს გალობით გამოვიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ სამწმიდაოს გალობა ყოველთვის არ აღევლინება. ქრისტეშობის, ნათლისღების, აღდგომის და სულთმოფენობის დღესასწაულებზე ითქმის „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს... ადრე ამ დღესასწაულებზე ეკლესიის ახალ წევრთა ნათლობა აღესრულებოდა, რომელთა კატეხიზაციაც ზოგჯერ წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
მცირე გამოსვლის დროს ჩვენ პირველად ვხვდებით იმას, რომ ლიტურგიული მსახურება ანგელოზთა მსახურებამდე მაღლდება. მღვდელი მცირე გამოსვლის დროს წარმოთქვამს ლოცვას: ...ჰყავ შესვლასა ჩვენსა თანა წმიდათა ანგელოზთა შესვლა, თანამწირველად ჩვენდა და თანა დიდების მეტყვეულებად შენისა სახიერებისა.... ევქარისტიის დროს მუდამ ხაზი ესმება იმას, რომ ამ დროს ზეციური და ამქვეყნიური ეკლესია საერთო მსახურებისათვის ერთიანდება, განსაკუთრებით კი პირველშეწირულთა ლიტურგიის დროს, როდესაც იგალობება; აწ ძალნი ცათანი ჩვენთანა უხილავად მსახურებენ... სამწმიდაოს გალობა, რომელსაც ჩვენ, ცოდვილნი აღვავლენთ, უფლის მიერ ვითარცა ანგელოზთა გალობა ისე შეიწირება, რამეთუ ყოველი ვინც ლიტურგიას ესწრება სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე დგას. ჩვენ წარმოვთქვამთ: კურთხეულ არს მეუფება, და ამით ცათა სასუფევლის გაცხადებას ვაუწყებთ – სასუფევლის ყველა კანონი ჩვენთან რეალურად თანამყოფობს და ჩვენ ძალგვიძს ვადიდოთ უფალი ანგელოზების მსგავსად. არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უეჭველად გავმართლდებით და ვცხონდებით, როგორც ეს პროტესტანტებს მიაჩნიათ, რომელნიც თავს უკვე გადარჩენილად თვლიან. თუმცა გარკვეული მნიშვნელობით ეს მართლაც ასეა, რამეთუ ცხონებაც და წარწყმედაც ჩვენზეა დამოკიდებული. გავიხსენოთ როგორ შესთავაზა ჭაბუკს მაცხოვარმა: „აიღე ჯვარი და შემომიდეგ მე”. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ უფლის ეს მოწოდება და ასევე შეგვიძლია, ამ ჭაბუკის მსგავსად, დამწუხრებული განვეშოროთ. არჩევანი ჩვენზეა: ან უფლის კვალს მივყვებით, ან ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება აღვიქვამთ ისე, თითქოს ჩვენ არ გვეხებოდეს.
იწყება ანგელოზებრივი დიდებისმეტყველება და ჩვენ შემოქმედს განვადიდებთ. მალე სახარებას წაიკითხავენ. ტაძარში გაცხადდება სიტყვა ღვთისა ‒ ის, ვინც სამყარო შექმნა, ვინც ხორცი შეისხა და ჩვენ შორის იქცეოდა სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. სახარების სიტყვების მოლოდინში, ანგელოზთა გალობა გაისმის და სამწმიდაო, რომელიც სახარების ეკლესიაში შემოტანის წინ იგალობება, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენ რეალურად ზეციური მეუფების წინაშე ვდგავართ და არჩევანი ჩვენზეა – მივიღებთ თუ არა ქრისტეს, გავყვებით თუ არა მას.
ამ დროს ჩვენ წინაშე ხდება ის, რაც ორიათასი წლის წინ ხდებოდა. მოვიდა ქრისტე და ქადაგებს. მის გარშემო ხალხის სიმრავლეა, ვითარცა კაპერნაუმის სინაგოგაში, ოდეს იგი ზეცით მოვლენილ პურზე ქადაგებდა. ზოგი უსმენს, ზოგს კი არ სჯერა და განეშორება – მათ ვერ დაიტიეს სიტყვა, სხვანი კი ამბობენ: „უფალო ვისთან წავიდეთ? რადგან სიტყვები საუკუნო ცხოვრებისა შენ გაქვს” და მასთან რჩებიან, მიუხედავად თავისი ნაკლულევანებისა და უგულისხმოებისა.
ასევე ხდება ყოველთვის, როდესაც ლიტურგია აღესრულება. როდესაც ქრისტე ჩვენ წინაშე წარდგება და სამწმიდაოს გალობას ვუგალობთ. ეს ანგელოზთა დიდებისმეტყველება ჩვენ გვეძლევა, ვითარცა ცათა სასუფევლის რეალურ მონაწილეთ.
წინა - სარჩევი - შემდეგი