დიდი კვერექსის შემდეგ ანტიფონები იგალობება. წესისამებრ ტაძარში ორი – მარჯვენა და მარცხენა კლიროსი და ანტიფონური ანუ შენაცვლებითი გალობა უნდა არსებობდეს.
ანტიფონური გალობა ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდანაა ცნობილი. ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში იგი საკმაოდ ადრეული პერიოდიდან დამკვიდრდა. ბიზანტიელი ისტორიკოსი სოკრატე სქოლასტიკოსი ამბობს, რომ ასეთი გალობა ანტიოქიის ეკლესიაში ეგნატე ღმერთშემოსილმა შემოიღო, დასავლურ ეკლესიაში წმ. ამბროსი მედიოლანელმა, ხოლო კონსტანტინოპოლში წმ. იოანე ოქროპირმა.
შესაძლოა ანტიფონები ჯვრით მსვლელობის დროიდან დაიწყო. ჯვრით მსვლელობა ამ ქვეყნისათვის ეკლესიის დამოწმებაა. ხალხი ტაძრიდან გამოდის და მთელი გარემომცველი სივრცე მას უერთდება. ეს არის ქალაქის ქუჩებში ხატებითა და ჯვრებით მსვლელობა და მთელი სამყარო, სურს მას თუ არა, ამ მსახურებაში მონაწილეობს. ჯვრით მსვლელობა ეკლესიის ძლევამოსილებისა და სისავსის დამოწმებაა.
ძველ ეკლესიაში, ჩვეულების თანახმად, სხვადასხვა ტაძრის მრევლი ჯვრით მსვლელობით თავს იყრიდა იმ ტაძართან, რომელიც ღირშესანიშნავ თარიღს აღნიშნავდა. მსვლელობის დროს სხვადასხვა ეკლესიის მრევლი სადღესასწაულო საგალობლებს მონაცვლეობით გალობდა. ანტიფონები მსვლელობის ჰიმნებია ‒ თავმოყრის, განმზადების ჰიმნები.
ყოველდღიური მსახურების დროს სადაგი დღის ანტიფონები იგალობება, კვირა დღეს და დღესასწაულებზე საკვირაო და სადღესასწაულო. ანტიფონები წინასწარმეტყველურად გამოხატავენ ღვთის იმ გამოუთქმელ მოწყალებას, მხოლოდშობილი ძის ამქვეყნად მოვლინებით რომ გაიღო. ანტიფონების გალობის დროს მღვდელი საკურთხეველში საიდუმლო ლოცვებს კითხულობს. ადრე საიდუმლო ლოცვები ხმამალლა იკითხებოდა. მათში არაფერია საიდუმლო, ამ ლოცვების არსი მის მიუწვდომლობასა და სიდიადეშია. VI საუკუნიდან საკურთხეველში ისინი ხმადაბლა იკითხება, რითაც გამოიხატება გარეგნული განსხვავება მათ შორის ვინც ტრაპეზთან აღასრულებს მღვდელმსახურებას და ვინც მსახურობს, როგორც ღვთის ერი. ღვთისმეტყველთა აზრით ამ შემთხვევაში, ღვთისმსახურების ძალა დაკნინებულია, სამწუხაროდ, ჩვენ ამ დაკნინების ნაყოფს ვიმკით, რამეთუ ზოგიერთი ადამიანის ცნობიერებაში ლიტურგიას მხოლოდ მღვდელი აღასრულებს, მხოლოდ იგი ლოცულობს, სხვანი კი დამსწრენი არიან. სინამდვილეში ასე არ არის: ლიტურგიის დროს ლოცვა ყველას მიერ აღევლინება, იგი ყოველი ჩვენგანისთვის გასაგები და ნაცნობი უნდა იყოს. ანტიფონები და კვერექსები მღვდლის ლოცვების ნაცვლად არ ითქმის, ისინი მათ გაგრძელებას წარმოადგენენ.
პირველი ანტიფონი 102-ე ფსალმუნია: „აკურთხებს სული ჩემი უფალსა“... ამ დროს საკურთხეველში იკითხება ლოცვა: უფალო ღმერთო ჩვენო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ და დიდება მიუწთომელ, რომლისა წყალობა აურაცხელ და კაცთმოყვარება მიუთხრობელ არს, შენ მეუფეო, მოწყალებისაებრ შენისა, მოიხილე ჩვენ ზედა და წმიდასა ამას სახლსა ზედა და ჰყვენ ჩვენ თანა და მლოცველთა ჩვენთა თანა მდიდრად წყალობანი და მოწყალებანი შენნი.
მეორე ანტიფონამდე მცირე კვერექსი გაისმის და აღევლინება ლოცვა: უფალო ღმერთო ჩვენო, აცხოვნე ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ, წმიდა ჰყვენ მოყვარენი სახლისა შენისა შვენიერებისანი, შენ იგინი ნაცვლად ადიდენ ღვთაებრივითა ძალითა შენითა და ნუ დამიტევებ ჩვენ მოსავთა შენთა.
სიტყვა „სავსება“ ამ შემთხვევაში სისავსეს ნიშნავს. მღვდელი ლოცულობს, რომ ეკლესიის მთლიანობა დაცული იყოს, რათა სასუფეველს ყოველი ადამიანი ეზიაროს.
მეორე ანტიფონი 145-ე ფსალმუნია: „აქებს სული ჩემი უფალსა..." და დოგმატური ხასიათის საგალობელი: „მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა უკვდავი არსება... იგი ეკლესიის დოგმატს გამოხატავს ყოვლადწმიდა სამებაზე, ღვთის ძის განხორციელებაზე, რომელიც მამა ღმერთისა და სულიწმიდის ერთარსია. ეს საგალობელი შეთხზა ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ (483-565), რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ფსალმუნიც შემთხვევით არ გახლავთ შერჩეული, მასში ღრმა ლიტურგიკული აზრია. სამწუხაროდ, მხოლოდ რჩეული ადგილები იგალობება, გამოტოვებულია ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვები, როგორიცაა „უფალმან ზეცას განამზადა საყდარი მისი, და სუფევა მისი ყოველთა ზედა ეუფლების”, რომელნიც უშუალოდ ლიტურგიაზე ჩვენს დგომას მიესადაგება. მეუფებას, რომელიც ჩვენს ცხოვრებასა და გულებს განანათლებს, ყოველი ჩვენთაგანი ეკუთვნის და ამ საუფლოში ზედმეტი არვინაა. ლიტურგია მსხვერპლია მთელი ქვეყნიერებისათვის გალებული ‒ ცათა სასუფევლის სრული გაცხადება, რომელიც ყველას ფლობს და რომელსაც შესაძლოა ყველა ფლობდეს.
მეორე ანტიფონის შემდეგ სამეუფო კარი იღება და იგალობება მესამე ანტიფონი, რომელიც ნეტარებებს შეიცავს. მესამე ანტიფონის ლოცვა ასეთია: ზიართა ამათ და ერთხმობითა ლოცვათა ჩვენდა მომნიჭებელო, და ორთა და სამთა, შეთქმულთა სახელითა შენითა, თხოვათა აღსრულებისა აღმთქუმელო, შენ აწცა მონათა შენთა თხოვანი უმჯობესისა მიმართ სრულ-ჰყვენ, აწინდელსაცა ამას საუკუნესა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისა შენისასა მომცემელმან, ხოლო მერმისსა ცხოვრებისა ჩვენისა მომნიჭებელმან ჩვენდა.
ადამიანი, რომელიც ფსალმუნებს კითხულობს ღვთისმსახურებას იოლად აღიქვამს, ვინაიდან მწუხრი, ცისკარი, შუაღამიანი და ლიტურგია ძირითადად ფსალმუნთაგან შედგება, ბევრი საგალობელი ფსალმუნთა მიხედვითაა შედგენილი, ამიტომ მათი კარგად ცოდნა აუცილებელია.
※ ※ ※
მესამე ანტიფონის დროს მცირე გამოსვლა აღესრულება. ადრე ამას „სახარებით შესვლა“ ეწოდებოდა. წარსულში მრევლი ტაძრის დახურულ კართან იყრიდა თავს. ხალხი მღვდელმთავარს ეგებებოდა, „მცირე შესვლა” ეპისკოპოსის ტაძარში შესვლას ნიშნავდა. ამჟამად ეს შესვლა უფრო გამოსვლას ჰგავს, რადგან საკურთხევლიდან ჩრდილოეთის კარით გამოდიან და სამეუფო კარში შედიან. ძველად ეკლესიაში სახარება განსაკუთრებულ სათავსოში ინახებოდა და მას ამ შესვლის წინ ამოაბრძანებდნენ, ამიტომ სახარებით შესვლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. ეს ტრადიცია ჩვენმა ეკლესიამ სამღვდელმთავრო მსახურებისას შეინარჩუნა. ეპისკოპოსის ტაძარში შესვლის ჟამს სახარებას კურთხევისათვის გამოაბრძანებენ, მღვდელმთავარი ანტიფონების გალობის დროს შეიმოსება, იგი შემოსვის ლოცვებს კითხულობს. მღვდელმთავარი ლიტურგიის გამორჩეული მსახურია. ამჟამად სახარებით გამოსვლა სიმბოლურად ქრისტეს საქადაგებლად გამოსვლას გამოხატავს.
მღვდელი ტრაპეზიდან იღებს სახარებას, აღამაღლებს მას, სამადლობელი ლოცვების წარმოთქმით გამოდის ჩრდილოეთის კარიდან და შედის სამეუფო კარში. წინ მას სანთელი მიუძღვის.
ლიტურგია ამქვეყნიური და ზეციური ეკლესიის თანამსახურებაა. მღვდელი ლოცვებში ითხოვს, რომ საკურთხეველში მღვდელმსახურთა შესვლის ჟამს ღმერთმა ანგელოზებიც შეიყვანოს, რათა ერთად განადიდონ უფალი.
ლიტურგიის თანამიმდევრობის ცოდნა, მასში სრულყოფილი მონაწილეობისთვის, ფრიად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვესწრებით ლიტურგიას და ვაცნობიერებთ თუ რა ხდება ტაძარში, თუ რას ნიშნავს აქ წარმოთქმული სიტყვები. ეს არის ჩვენი ლიტურგიაში მონაწილეობა იმ ლოცვებში, რომელსაც მღვდელი საკურთხეველში წარმოთქვამს.
ანტიფონური გალობის დასრულების შემდეგ დიაკვანი ან მღვდელი სახარებას აღამაღლებს, ჯვრის სახით აკურთხებს მრევლს და წარმოთქვამს: სიბრძნით აღემართენით. ამ სიტყვებით იგი მრევლს განსაკუთრებული ყურადღებისა და კეთილკრძალულებისაკენ მოუწოდებს.
გუნდი გალობს: მოვედით თაყვანივსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა..., იკითხება ტროვარ–კონდაკები იმ წმინდანთა ღვაწლის შესახებ, რომელთა ხსენებაც იმ დღეს აღესრულება. ამ დროს მღვდელი საკურთხეველში მთელი მრევლის სახელით შესთხოვს უფალს, რათა ჩვენ ცოდვილთაგან სერაფიმთა სამწმიდაოს გალობა მიიღოს, მოგვიტევოს ცოდვები და განწმინდოს ჩვენი გული და გონება.
წინა - სარჩევი - შემდეგი