მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

დეკანოზი ალექსი უმინსკი
საღმრთო ლიტურგია

 

დიდი კვერექსი


 

 

კვერექსები ყველა მართლმადიდებლური ღვთისმსახურების დროს წარმოითქმის. პირველ კვერექსს დიდი, ანუ მშვიდობიანი კვერექსი ეწოდება, დიაკვანი ან მღვდელი წარმოთქვამს: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ... ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სულიერი მშვიდობა უნდა გვქონდეს. ლიტურგიაზე მოსულ ადამიანს ღმერთთან მშვიდობა უნდა ჰქონდეს – მშვიდობა საკუთარ თავსა და ახლობლებთან. სახარება გვასწავლის: როდესაც უფალს სწირავ შესაწირს და მოგაგონდება, რომ შენი მოყვასი გულძვირად არის შენზე, დატოვე შესაწირი, პირველად შეურიგდი შენს ძმას და შემდეგ შეწირე შესაწირი. (მათე 5,23)

ნათქვამია: „ნეტარნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღვთის ძეებად იწოდებიან“. უფალი აქ ისეთ ადამიანს არ გულისხმობს, რომელსაც მრავალი კომპრომისის გზით ერთმანეთზე გადამტერებული ხალხის შერიგება ხელეწიფება. სახარებისეული გაგებით მშვიდობისმყოფელია ადამიანი, ვისაც საკუთარ თავში მშვიდობის მოხვეჭა და შემდგომ მისი დაუნჯება ძალუძს. ასეთი მდგომარეობა კი დიდი ძალისხმევით მოიპოვება. ღირსი სერაფიმე საროველი ამბობდა: „მოიხვეჭეთ მადლი სულიწმიდისა და თქვენს ირგვლივ ათასები ცხონდებიან“. ადამიანმა, ვინც სულიერი მშვიდობა მოიპოვა, სძლია საკუთარ თავს და სძლია სატანას, რამეთუ ეშმა ამ ქვეყნის დანგრევას გამუდმებით ცდილობს.

სულიწმიდის მოხვეჭა ქრისტიანული ცხოვრების მიზანია. შინაგანი მშვიდობა ეს ისეთი მადლიანი მდგომარეობაა, რომლისკენაც ჩვენი სული უნდა მიილტვოდეს. მშვიდობის თესვა და დაუნჯება არის სწორედ „მშვიდობისმყოფელობა“. ადამიანი, რომელსაც ძალუძს დაიუნჯოს და დაიცვას მშვიდობა, ამ მშვიდობას თავის გარშემოც ქმნის და იგი ტაძარშიც მოაქვს.

მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ... ლოცვას ვიწყებთ იმაზე, რაც თითქოს თავისთავად ცხადია, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ დიდი ანუ მშვიდობიანი კვერექსი ნამდვილად დიდია და თავისი ხასიათით საყოველთაო. იგი ყველა ამქვეყნიურსა და ზეციურ, მატერიალურსა და სულიერ სავედრებელს მოიცავს.

ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ... სულიერი მშვიდობა კომფორტში არ უნდა აგვერიოს, ხშირად ვერაგობითა და პირმოთნეობით რომ მიიღწევა. დღეს ფრიად პოპულარულია დეილ კარნეგის ურთიერთობების თეორია, რომელიც გვთავაზობს მცდელობებს, თუ როგორ უნდა შთააგონოს ადამიანმა საკუთარ თავს, რომ იგი კარგია, რომ გარჯის გარეშეც შეუძლია თავის გარშემო ჯეროვანი ურთიერთობები დაამყაროს. სინამდვილეში კი მშვიდობა ადამიანს ზეცით ეძლევა. ამიტომაც ვლოცულობთ ზეგარდამო მშვიდობისათვის, რომელსაც უფალი გვიგზავნის.

ქრისტეს აღდგომის შემდეგ, მოციქულები დახშული კარის მიღმა შეიკრიბნენ. ქრისტე აღდგა, მაგრამ მათ სულებში მშვიდობა არ იყო. ურიათა შიშით კარები და დარაბები დაეხშოთ. აი, ამ დროს მათ წინაშე წარდგა მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვარი და მიმართა: „მშვიდობა თქვენდა!“ იგი შიშით შეპყრობილ გულებს მშვიდობას მიმადლებს.

საუბარია მოციქულებზე, ‒ მოწაფეებზე, ქრისტეს სხვებზე უკეთ რომ იცნობდნენ! როგორ წააგავს ეს ამბავი ჩვენს ყოფას. განა არ ვიცით, რომ უფალი აღდგა და არასდროს მიგვატოვებს? განა სახარება არ გვაუწყებს და ეკლესია არ გვიქადაგებს უფლის საკვირველ საქმეთა შესახებ? ვიცით, რომ უფალი ჩვენთან არს, და მაინც „მიშისათვის ჰურიათასა" ცხრაკლიტულში გამომწყვდეულნი, საკუთარ თავსაც და ერთმანეთსაც ვემალებით, ჩვენს სულებში მშვიდობა არ სუფევს... მშვიდობას ოდენ უფალი გვანიჭებს. ჩვენ კი შეგვიძლია მივიღოთ იგი ან უარვყოთ, დავიუნჯოთ და ვამრავლოთ ჩვენში ან უგუნურად განვაბნიოთ.

მშვიდობიან კვერექსში კიდევ ერთი სიტყვაა – კეთილად დგომისათვის. აქ საუბარია ღვთის ჭეშმარიტებაში კეთილად დგომაზე. ეკლესია შეურყეველი სვეტია, რომელიც უფლის ჭეშმარიტებას ამოწმებს არა მხოლოდ დოგმატებით, გარდამოცემით, წმინდა მამათა თხზულებებით, მორალურ-ეთიკური სწავლებით. უფლის ჭეშმარიტებას უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვამოწმებთ. ჩვენი გარემომცველი სამყარო არ იცნობს მამათა თხზულებებს, არც ეკლესიის დოგმატებს, სახარებაც კი თითქმის უცხოა მისთვის – ჩვენ ამ სამყაროს გარემოცვაში ვიმყოფებით. ეკლესიის კეთილად დგომა, ყოველი ჩვენგანის კეთილად დგომაა. ეს არის ქვეყნიერების წინაშე ჭეშმარიტების დამოწმება. ჩვენ შეგვწევს ძალა დავამოწმოთ, რომ ეკლესია სულიწმიდის ჭეშმარიტების მატარებელია, მხოლოდ თავისი ცხოვრების წესით და თავისი ერთობით. შეუძლებელია ქვეყანას შეასმინო, რომ თუმცა ჩვენ უღირსნი ვართ, მაგრამ ჩვენ შორის საუკეთესონიც არიან, ამას ვერ გაიგებენ. ეკლესია ხარ შენ და დანარჩენებსაც შენით განსჯიან. ჩვენ ვლოცულობთ კეთილად დგომისათვის, ანუ იმისათვის, რომ ბოლომდე მტკიცედ ვიდგეთ. ჩვენ ვლოცულობთ იმისათვის, რომ სიყვარულმა გაგვაერთიანოს.

ჩვენი ეკლესია ჭეშმარიტად საყოველთაოა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მოძღვრება მსოფლიო კრებებს ეფუმნება, და არც იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოშია განფენილი, არამედ უპირატესად იმის გამო, რომ იგი ყველას გვაერთიანებს. აბბა დოროთე გვთავაზობს ამგვარ სქემას: სამყაროს ცენტრში წრის სახით თავად უფალია გამოსახული, გარშემო კი ადამიანები. თითოეული მათგანიდან წრის ცენტრამდე რადიუსებს თუ გავავლებთ, ამით ჩვენსა და ღმერთს შორის არსებულ მანძილს გამოვსახავთ, და რაც უფრო ვუახლოვდებით ღმერთს ერთმანეთსაც მეტად ვუახლოვდებით. ასეთია სულიერი ცხოვრების უცილობელი კანონი. ამაშია აზრი ჩვენი ლიტურგიული მსახურებისა, და აზრი ეკლესიის არსებობისა, რამეთუ ეკლესიამ ყველა უფლის ფერხთით უნდა გააერთიანოს: „რათა ყველა ერთი იყოს, – მაცხოვარი უფალს შესთხოვს - როგორც შენ მამაო, ჩემში და მე შენში, რათა ისინიც ჩვენში ერთნი იყვნენ“ (იოანე 17,21).

წმიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, კრძალულებით და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ამ ვედრებაში არის სიტყეები: „კრძალულებით" და „შიშითა ღვთისათა". მარხვის ჟამს სულიერი კრძალულება გვმართებს. მარხვა ამაღლებული სულიერი განწყობილებით უნდა გავატაროთ, სიმშვიდისა და ცათა სასუფევლის სიახლოვის განცდით ‒ ეს არის სულიერი კრძალულება. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება გასაგები, თუ რისთვის მარხულობს ადამიანი – არა იმისათვის, რომ მარხვის დამთავრებისთანავე დავიწყებას მისცეს იგი და უმალ ჩაეფლოს იმაში, რისგანაც მარხვა იფარავდა: „აქამდე ვლოცულობდი, ახლა შემიძლია აღარ ვილოცო, თავს ვიკავებდი არასამარხვო საკვებისაგან, ახლა კი უფლება მაქვს განვლაღდე“. ხშირად ასე ხდება. ბევრი ჩვენგანი მარხვას, ვითარცა მძიმე ტვირთს ისე აღიქვამს. წმიდა კასაიანე რომაელი წერს: „თუ მარხვა ჩვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი არ გახდება, თუ მისი დამთავრების შემდეგ კვლავ იმ ადგილს ვუბრუნდებით საიდანაც დავიწყეთ, თუ ჩვენ ფერს არ ვიცვლით, მაშინ ჩვენი მარხვა ამაოა“.

კეთილკრძალულება იშვება მაშინ, როდესაც ისე ვმარხულობთ, რომ სულიერი ცხოვრების ახალ ჩვევას ვიძენთ. აბბა დოროთე ამბობს, რომ სულიერ ცხოვრებაში ჩვევა მთავარია. ჩვევას სიკეთეში ან ბოროტებაში აქვს ფესვი გადგმული. თუ ადამიანი თავის თავში კეთილ ჩვევას დანერგავს, იგი კეთილისმყოფლად გარდაიქმნება. რა არის სათნოება? თუ ადამიანი მოწყალეა, იგი ყოველთვის მოწყალეა, ეს განწყობა მასში უცვლელია. კეთილი ადამიანი მუდამ კეთილია, შეუძლებელია მისი გაბოროტება. თუ ადამიანი უბიწოა, მაშინ იგი არ შეიბღალება, არც სმენით და არც მზერით. ჩვენ კარგები მხოლოდ დროდადრო ვართ, სიკეთეს მხოლოდ დროდადრო ვიქმთ. ეს იმიტომ, რომ ჩვევა არ გაგვაჩნია. მარხვა კი ერთგვარ ჩვევას აყალიბებს, რომელიც ადამიანს კეთილკრძალულს ხდის.

უწმინდესისა.. კათოლიკოს-პატრიარქისათვის მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა, პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკვანთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის,მუფლისა მიმართ ვილოცოთ!.

(ამ კვერექსის დროს ყველა ქვეყანა საკუთარ პატრიარქს მოიხსენიებს.)

ეს არის კვერექსი ეკლესიის მამამთავარზე. ის, ვითარცა მწყემსი კეთილი, ყველა პირმეტყველ ცხოვართა ქომაგად ქრისტეს წინაშე წარდგება. ამგვარად ლოცულობდა მოსე, რომელსაც თავისი ერი უდაბნოს გავლით მიჰყავდა, ერი მეამბოხე, ურჩი და მცირედმორწმუნე. იყო დრო, როდესაც მოსემ ღმერთს შეჰღაღადა: უფალო, ეს ხალხი მე ხომ არ შემიქმნია, რისთვის მერგო მე ესოდენ მძიმე ტვირთი? უფალი მოსეს განამტკიცებდა და იგი ამ ერისთვის შუამავლად დაადგინა. მოსეს ლოცვით უფალი მათ ცოდვებს შეუნდობდა, ზეციურ მანანას უგზავნიდა. მოსე ამ ხალხს, ვითარცა დედა საკუთარ შვილს, ისე დაატარებდა. აი რას ნიშნავს ერისთვის პატრიარქის ან ეპისკოპოსის უფლის წინაშე დგომა.

პატრიარქს შესწევს ძალა უფლისგან ჩვენთვის შენდობა გამოითხოვოს, მიუხედავად ჩვენი ესოდენი უძლურებისა. მას შესწევს ძალა უფლისგან კადნიერად გამოითხოვოს ვინმეს დასჯა ან რაიმეს აკრძალვა. თუ მთავრობა უკანონობას ჩადის, ეკლესიას შეუძლია ერს დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდოს. ჩვენ ვლოცულობთ პატრიარქისთვის, ვითარცა თითოეული ჩვენგანის შუამავლისთვის, აგრეთვე მთელი სამღვდელოებისთვის და ყველა ადამიანისთვის.

ღვთივდაცული ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

პავლე მოციქული ამბობს: „არ არსებობს ხელმწიფება ღვთის ნების გარეშე, ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ არის განწესებული“ (რომ. 13,1). ეს სიტყვები ადამიანთათვის ხშირად დამაბრკოლებელია, მით უფრო მაშინ, როცა მთავრობა ეკლესიას შეურაცხყოფს. მაგრამ გავიხსენოთ, რომ მოციქულმა ეს სიტყვები რომაელებს მისწერა მაშინ, როცა ბევრის მიერ ანტიქრისტედ შერაცხული ნერონი მეფობდა, და ვის მიერაც თავად პავლე სიკვდილით დაისაჯა. მიუხედავად ხელისუფლების უღმერთობისა, მოციქული ხალხს მოუწოდებდა მისთვის ელოცათ.

ამის შემდეგ ჩვენ მთელი ქვეყნიერებისთვის ვლოცულობთ – იგი ჩვენ შუამდგომლობას საჭიროებს. ვლოცულობთ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, ვინც მასში სარწმუნოებით მოქალაქეობს, მოგზაურთათვის, მენავეთათვის, ჭირვეულთათვის, ვლოცულობთ ტყვეთა ხსნისათვის.

კეთილშეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილგამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ...

ამ დროს ჩვენ ამინდისთვის კი არა, იმ ჰარმონიისთვის ვლოცულობთ, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის უნდა არსებობდეს. სამყარო ისე შეიქმნა, რომ ადამიანს კეთილდღეობით ეცხოვრა. ბუნება ადამიანის მტერი კი არა ‒ მისი მსახურია. როდესაც ღმერთმა სამყარო ადამიანს მფლობელობაში გადასცა, რათა ეზრუნა მისთვის და გაემშვენებინა, ჰაერი კეთილად იყო შეზავებული, რამეთუ ბუნება საღმრთო კანონებს ექვემდებარებოდა. ჰაერთა კეთილშეზავებისათვის ლოცვა, უნდა გავიგოთ, როგორც ბუნებასა და ადამიანთა შორის პირვანდელი ურთიერთობის აღდგენისათვის ლოცვა. როდესაც ადამიანს სამყაროში ბოროტება შემოაქვს, პირვანდელი ჰარმონია ირღვევა და ბუნება მის წინააღმდეგ განეწყობა. თუ ადამიანი სამყაროში სიყვარულით შემოდის და ღმერთთან ჰარმონიაშია, ბუნებაც მას ემორჩილება. ამის მაგალითებს წმინდანთა ცხოვრებაშიც ვხვდებით. ძუ ლომი განდეგილის სამყოფელში შედის და ბერის სამოსელს ჩაბღაუჭებული მას ბუნაგისაკენ ექაჩება, სადაც მის ლეკვებს თათები ეკლებით აქვთ დასერილი. განდეგილი მათ ეკლებს ამოაცლის, სცხებს ზეთს და განკურნავს. ლომმა, უტყვმა ცხოველმა შეიგრძნო მასში სულიერი ჰარმონია, ცხოველებმა იციან, რომ ადამიანი მათი პატრონია.

ღირსმა გერასიმე იორდანელმა გაწვრთნა ლომი, რომელიც ვირს წყარომდე მიჰყვებოდა და როდესაც ღირსი მამა აღესრულა, მის საფლავთან ლომი მკვდარი იპოვეს. გავიხსენოთ ლომი, რომელმაც მამა ზოსიმეს თხოვნით მარიამ ეგვიპტელისათვის საფლავი გათხარა. ღირსი სერაფიმე საროველი თავისი ხელით აჭმევდა დათვს... ყველა ეს ამბავი მიგვანიშნებს არა ზებუნებრივ ნიჭზე, არამედ მოწმობს თუ რაოდენ ჰარმონია სუფევს ადამიანსა და ბუნებას შორის. მთავარი შინაგანი ჰარმონიის მიღწევაა, ადამიანის ღმერთთან ერთობა. ლიტურგია სწორედ ის სივრცეა, სადაც ეს ერთობა გვეძლევა.

ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ... შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა...

ასე ვლოცულობთ ჩვენ საკუთარი თავისთვის, რამეთუ ყოველ ჩვენგანს აქვს უფლისათვის სათხოვარი. ჩვენ უფალს აუცილებლად უნდა ვევედროთ, რათა მან ყოველგვარი მწუხარებისა და რისხვისაგან დაგვიფაროს და თუ წრფელი გულით ვითხოვთ უფალი აუცილებლად შეგვეწევა.

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ...

ეს ვედრება ზეციურ ეკლესიასთან გვაერთიანებს, ღვთისმშობელთან და ყველა წმინდანთან. ჩვენ საკუთარ თავს და ყველაფერს ვუძღვნით უფალს, მთელ ჩვენს ცხოვრებას, ვითარცა ძღვენს და შესაწირავს, ვითარცა ჩვენს პროსკომიდიას.



წინა - სარჩევი - შემდეგი