იოანე ნათლისმცემელი თავის ქადაგებას იწყებს ფრიად საგულისხმო სიტყვებით: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა“. ადრეული ეკლესია მთლიანად ამ ესქატოლოგიური მოლოდინით ცხოვრობდა. როდესაც „მამო ჩვენოს“ ვამბობთ, ცათა სასუფევლის მოახლოებას ვაუწყებთ: „მოვედინ სუფევა შენი, ჩვენ მეორედ მოსვლის ჟამს გამოვიძიებთ, მოუთმენლად მოველით მას, მის შესახვედრად ვემზადებით. წმინდა წერილის დასასრულიც ხომ სასუფევლის მოლოდინია: „ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე უფალო იესო!" ნუ დავივიწყებთ, რომ საღმრთო ლიტურგია სრული კონცენტრაციაა არა ოდენ ჩვენი მოლოდინისა ‒ იგი ცათა სასუფევლის გაცხადებაა. ლიტურგიის დასაწყისშივე ჩვენ ვამოწმებთ, რომ სასუფეველი გაცხადებულია, ის მთელი თავისი მიუწვდომელი დიდებულებით ჩვენ წინაშეა და ჩვენ მასში შესაბიჯებლად ძრწოლით ვემზადებით. ეკლესია, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ამქვეყნიური დროებითობისაგან გამიჯნულია, ამსოფლიური კანონები ძალას კარგავენ, სიკვდილის ადრინდელი მეუფების მსგავსად. ლიტურგიაში მონაწილეთა მიერ დრო დაძლეულია, ზეცა დედამიწაზე ეშვება და უფლის ტაძარი ზეცად გადაიქცევა.
ჩვენ კვლავ ვლოცულობთ ცათა სასუფევლის მოახლოებისთვის. უპირველესად იმისთვის, რომ მან საიდუმლო ძალით ჩვენ შორის სამარადჟამოდ დაიმკვიდროს. ამაოდ არ გვეუბნება უფალი: „არ მოვა სასუფეველი ღვთისა ხილულად, არც იტყვიან: აჰა აქ არის, ან იქ, რადგან, აჰა, სასუფეველი ღვთისა თქვენშია“ [ლუკა 17,21).
ტაძარში მოსულ ადამიანებს თან ამქვეყნიური ამაოება მოაქვთ, მაგრამ ცათა სასუფევლის ურყევი კანონები ამქვეყნიურ დადგენილებებს მუდამ სძლევენ. ადრე თუ გვიან ყოველი ჩვენგანი დაუტევებს ამქვეყნიურს და ტაძარში სულ სხვა ადამიანად შეაბიჯებს, მზად იქნება ეს მეუფება აღიქვას, დაიმკვიდროს და მარადიულ ცხოვრებას ეზიაროს.
ცათა სასუფეველი უფალმა იგავებით გამოხატა. ერთი მათგანი, საქორწინო წვეულების შესახებ, შობის წინა ერთ-ერთ კვირას, მამამთავრების ხსენების დღეს იკითხება. უფალი ყველას მოუწოდებს: „ჩემი მამის სახლში სავანე მრავალია, ასე რომ არა, გეტყოდით თქვენ: მივდივარ, რომ განგიმზადოთ თქვენ ადგილი. და თუ წავალ და გაგიმზადებთ ადგილს, კვლავ მოვალ და წაგიყვანთ თქვენ ჩემთან, რათა სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ და სადაც მე მივდივარ იცით და ზაც იცით“ (იოანე 14,2).
უფალს ყოველი ჩვენგანის ცხონება ნებავს: „მოდით კურთხეულნო მამისა ჩემისა, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის განმზადებული ქვეყნის დასაბამიდან (მათე 25,34). ცათა სასუფეველთან ერთად საშინელი სამსჯავროს შესახებაც გვეუწყება, ქრისტეს მეორედ მოსვლაც ხომ მასთან ერთად აღიქმება. ყოველ ჩვენგანს ხომ, ღვთის მადლით, საქორწინო სამოსელი ეძლევა, — თუ მიიღე იგი, საქორწინო წვეულებაზე მიდიხარ და იქ რჩები. თუ არ გერგო, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანე: „ეს არის სასჯელი, რომ ნათელი მოვიდა სოფლად და შეიყვარეს ადამიანებმა უფრო მეტად ბნელი“ (იოანე 3,19).
ლიტურგია იწყება სიტყვებით: კურთხეულ არს მეუფება.., ეს სიტყვები სიხარულით აღგვავსებს, რამეთუ ცათა სასუფეველს ვეძიებთ და ველოდებით. ძრწოლა გვიპყრობს, რადგან ჩვენ სასუფეველს არ ვიმსახურებთ და საქორწინო სამოსელის გარეშე მოვდივართ. უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი შინაგანი სამყარო: არის კი ჩვენში ცათა სასუფეველი? მზად ვართ კი იმისთვის, რომ მას მივეახლოთ? ნამდვილად ველით ქრისტეს მეორედ მოსვლას, თუ ეს ჩვენთვის უბრალო ფრაზაა, რომლის აზრი დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, არის კი ჩვენთვის ქრისტეს მეორედ მოსვლა დიადი დღესასწაული, ჩვენი მოლოდინის აღსრულება?
წინა - სარჩევი - შემდეგი