მას შემდეგ რაც ითქმის ასამაღლებელი: კურთხეულ არს მეუფება.... იკითხება ჟამნები, მღვდელი ლიტურგიისთვის ემზადება. იგი იწყებს კვეთას — სეფისკვერიდან ნაწილის ამოღებას. მრევლი ეკლესიაში მოგვიანებით მოდის და პროსკომიდიას არ ესწრება. დასანანია, მაგრამ ჩვენ საეკლესიო პრაქტიკაში ასეა დამკვიდრებული, კვეთა შესაძლოა ქერუბიმთა გალობამდეც გაგრძელდეს, თუმცა წესის მიხედვით იგი პროსკომიდიაზე აღესრულება. ამიტომ უმჯობესია მოსახსენებელი ჟამნების კითხვის დროს გადავცეთ.
მღვდელი თაყვანისცემის შემდეგ წმინდა ჭურჭელს ემთხვევა და დიდი ხუთშაბათის ტროპარს წარმოთქვამს: მომიყიდენ ჩვენ წყევისა მისგან სჯულისა, პატიოსნითა სისხლითა შენითა. ამგვარად პროსკომიდიის დასაწყისი ქრისტეს გამომსყიდველ ღვაწლთან, მის ვნებებთან მიახლებაა. მღვდელი მსხვერპლშეწირვას იწყებს, რამეთუ ევქარისტიის დროს მთავარი მსხვერპლშეწირვაა.
გავიხსენოთ ძველი აღთქმის ყველაზე დრამატული მსხვერპლშეწირვა – აბრაამი მორიას მთაზე მხოლოდშობილ ძეს მსხვერპლად სწირავს. ისაკის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მისგან ახალი, საღმრთო ერი წარმოიშობა. აბრაამის მსხვერპლშეწირვა აღესრულა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აბრაამმა უფლისთვის შვილი მოკლა, არამედ მან უფლისთვის შვილი გაწირა ‒ ეს ევქარისტიული მსხვერპლშეწირვის წინასახეა. ამ უდიდეს მსხვერპლზე სახარებაც გვეუბნება: „რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა ეს სოფელი, რომ თავისი ძე, მხოლოდშობილი, მისცა, რათა ყოველი რომელიც ირწმუნებს მას, არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს ცხოვრება საუკუნო, რადგან არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ამ სოფლად, რათა დასაჯოს სოფელი. არამედ რათა აცხონოს სოფელი მის მიერ“ (იოანე 3.16). ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლი და ევქარისტია, რომელიც ეკლესიაში აღესრულება, მჭიდრო ურთიერთკავშირშია — ეს ერთი და იგივე მსხვერპლია. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ევქარისტია და ზიარება ისე აღვიქვათ, როგორც საიდუმლო სერობის მოგონება და არ ვაკავშირებთ მას შემდგომ მოვლენებთან. საიდუმლო სერობა გოლგოთის მსხვერპლშეწირვის დასაწყისია, ამ გზას პირველად გეთსიმანიაში მივყავართ, ბოლოს კი გოლგოთაზე, მათი ერთმანეთისაგან განყოფა შეუძლებელია. საიდუმლო სერობა პურის განტეხით ეს ჩვენი ლიტურგიაა ‒ იგი ჩვენთვის თეატრალური წარმოდგენა არ გახლავთ ‒ ჩვენ ამით ვცხოვრობთ. ეს მარადისობასთან, აბსოლუტურ რეალობასთან მიახლებაა და ჩვენ ამ უდიდესი მოვლენის მოწმენი და თანამონაწილენი ვხდებით.
პროსკომიდია მხოლოდ მაცხოვრის გამომსყიდველი მსხვერპლის გახსენება არ არის, არამედ მისი განხორციელებისა და შობის, რამეთუ ძე ღვთისა განკაცდა არა იმისათვის, რომ ეცოცხლა, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი ცოდვებისათვის მომკვდარიყო. პროსკომიდიის თითოეულ სიტყვას და ქმედებას ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი მხრივ, ის მაცხოვრის შობას განასახიერებს, მეორე მხრივ, მის ჯვარცმასა და სიკვდილს. ფეშხუმზე ქრისტეს შობაა გამოსახული. შობის დღესასწაული მხიარულებაა – თითქმის ბავშვური სიხარული, სინამდვილეში კი ის თავისი არსით ტრაგიკულია, იმას, რაც შობას უკავშირდება, ვნების შვიდეულშიც ვხვდებით. ბეთლემის გამოქვაბული და მაცხოვრის საფლავი ერთი და იგივეა. ბაგაში მიწვენილი ყრმის სახვევები ის სუდარაა, რომლითაც მაცხოვარი იოსებმა და ნიკოდიმოსმა წაგრაგნეს; იმ მირონით, მოგვებმა ახალშობილ ყრმას რომ მიართვეს, ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვარი შემურეს.
ფეშხუმი ბეთლემსაც გამოხატავს და მაცხოვრის საფლავსაც. ჩვენ მაცხოვრის შობასა და განხორციელებას მის ჯვარცმასთან უწყვეტ კავშირში აღვიქვამთ. ამგვარად, პროსკომიდიაზე განკაცებასთან ერთად მისი ჯვარცმაც აღესრულება. პროსკომიდია მსხვერპლშეწირვაა და ჩვენ მისი მონაწილენი ვართ. მღვდელი არის ის, ვინც მსხვერპლს სწირავს. სატარიგე სეფისკვერიდან იგი ლახვრით ოთხკუთხედად ამოჭრის დაბეჭდილ ნაწილს და ფეშხუმზე ათავსებს. ამ ნაწილს ტარიგი ეწოდება. იგი ამოწმებს იესო ქრისტეს განხორციელებას, იმას, რომ ძე ღვთისა ძე კაცისა შეიქმნა, ტარიგი კრავია, ღვთისმასახურებაში იგი მსხვერპლს ნიშნავს. ძველ აღთქმაში კრავი ყველაზე წმინდა მსხვერპლად ითვლებოდა, იგი კაცთა ცოდვებისათვის შეიწირებოდა, იუდეველთათვის კრავის შეწირვა იმას ნიშნავდა, რომ ადამიანმა ბოროტება ჩაიდინა, შესცოდა და მის სანაცვლოდ უდანაშაულო იტანჯება, სრულიად უცოდველი კრავი, რომელიც სიწმინდის, თვინიერების, და დაუცველობის სიმბოლოა. წმინდა წერილში ტარიგი მაცხოვარია. როდესაც იოანე ნათლისმცემელი იორდანეზე განხორციელებულ ძე ღვთისას იხილავს, მასზე მიუთითებს და იტყვის: „აპა, ტარიგი ღვთისა, რომელმან აიღო ცოდვანი სოფლისანი“. ამიტომ იმ სეფისკვერს, რომელიც მსხვერპლშეწირვისთვის არის განკუთვნილი, სატარიგე ეწოდება.
მლვდელი სეფისკვერის მარჯვენა მხარეს ლახვრით განკვეთს და წარმოთქვამს: ვითარცა ცხოვარი კვლად მიიგვარა... და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა თვისისა უხმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა. ეს წინასწარმეტყველება ქრისტეს ეძღვნება, მის სვლას გოლგოთის სამსხვერპლოზე. შემდეგ მღვდელი ლახვრით სეფისკვერის მარჯვენა მხრიდან ამოკვეთს წმინდა ნაწილს სიტყვებით: რამეთუ აღებულ არს ქვეყანით ცხოვრებაი მისი.
მღვდელი ტარიგს ჯვრის სახით განკვეთს სიტყვებით: დაიკვლის ტარიგი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა, ცხოვრებისათვის სოფლისა და ცხოვნებად. მსახურების ამ ნაწილის დასასრულს მღვდელი ლახვრით უგმირავს სეფისკვერის მარჯვენა მხარეს, იმ ადგილას სადაც აღბეჭდილია იესო და წარმოთქვამს: ერთმან მხედართმთავარმან ლახვრითა განაღო გვერდი მისი... მღვდელი ბარძიმში წყალსა და ღვინოს ასხამს: ...და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი, და რომელმან იხილა სწამა და ჭეშმარიტ არს წამებაი მისი.
მაცხოვრის ამქვეყნიური სახელი „იესო“ ლახვრით განიგმირება. ღმერთისთვის ტანჯვა უცხოა. ჯვარზე ღმერთკაც იესო ქრისტეს კაცობრივი ბუნება ევნო. ამიტომაც განიგმირება უფლის ამქვეყნიური სახელი ‒ "იესო". ამის შემდეგ ტარიგს ფეშხუმის შუაგულში ათავსებენ.
※ ※ ※
როდესაც ტარიგი გამზადებულია, მღვდელი მეორე სეფისკვერიდან ღვთისმშობლის მოსახსენებელად ნაწილს ამოიღებს და წარმოთქვამს: დასდგა დედოფალი მარჯვენით შენსა, შემოსილი ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ... და მას ფეშხუმზე ტარიგის მარჯვნივ მოათავსებს.
მესამე სეფისკვერი, რომელსაც „ცხრა დასთა“ ეწოდება, ყოველთა წმინდანთა მოსახსენებლად არის განკუთვნილი, მისგან ცხრა მცირე ნაწილი ამოიღება მოსახსენებლად იოანე ნათლისმცემლისა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, განმანათლებელთა, მოწამეთა, ღირსთა, უვერცხლოთა მკურნალთა, მართალთა იოაკიმე და ანასი, და აგრეთვე წმინდანთა, რომელთა სახელზეა ტაძარი ნაკურთხი და წმინდანთა, რომელთა ხსენებაც იმ დღეს აღესრულება. ბოლო ნაწილი ბასილი დიდის ან იოანე ოქროპირის სახელზე ამოიღება.
პროსკომიდიის დროს წმინდანთა მოხსენიებას ფრიად დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მივმართავთ ყველა წმინდანს, ისინი ზეციურ მხედრობას მიეკუთვნებიან და ზეციურ ეკლესიას წარმოადგენენ. წმინდანები, უფალს ვითარცა გულმოწყალე მსაჯულს, ტაძარში მყოფთათვის ევედრებიან. ეკლესიას არცთუ იშვიათად „მებრძოლ ეკლესიას“ უწოდებენ, რამეთუ იგი მუდმივად სულიერ ბრძოლაშია. ჩვენ ქრისტეს მხედრობას წარმოვადგენთ, ვინც სიმართლისა და სიყვარულისთვის იბრძვის, იმისათვის, რომ საკუთარ თავში ქრისტეს ხატება დაიცვას. „ზეციური ეკლესია“ კი მოზეიმე ეკლესიაა, მარჯვენით ღვთისმშობელია, მარცხენით კი წმინდანები, ვითარცა ძლევამოსილი მხედრობა, ქრისტეს გვერდით დგანან.
შემდეგ იწყება ლოცვა ამქვეყნიური ეკლესიისათვის. მღვდელი მეოთხე სეფისკვერს იღებს და დღეგრძელობისთვის ამოიღებს ნაწილს, მოსახსენებელად ჩვენი უწმინდესი პატრიარქისა და სხვა პატრიარქთათვის, რომელნიც ეკლესიაში უფლის წინაშე დგანან, ვითარცა მხედართმთავარნი, პირველნი მიდიან ბრძოლაში და ეკლესიისათვის პასუხისმგებლობის მძიმე ჯვარს ეზიდებიან.
ამის შემდეგ მღვდელი ამოიღებს ნაწილს ეპისკოპოსთათვის, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის და სამშობლოსათვის ლოცვას აღავლენს. შემდეგ აიღებს სეფისკვერს შესვენებულთათვის, ამოიღებს ნაწილს და ლოცულობს ტაძრის აღმშენებელთათვის, ადრე შესვენებულ პატრიარქთათვის და განსვენებული მრევლისთვის.
ბოლოს მღვდელი ჩვენ მიერ მიწოდებულ მოსახსენებელს კითხულობს. ჩვენ ხშირად არ გვესმის თუ რისთვის ვაწვდით ამ მოსახსენებელს. პროსკომიდიაზე მოხსენიება ერთ-ერთი უმნიშენელოვანესი ლოცვაა. ჩვენი მოსახსენებლები ქრისტესთან მიტანილი ლოცვაა მოქცევის, კურნებისა და ცხონებისათვის. როცა ჩვენ ვლოცულობთ, ეკლესია შეჭირვებულებით ისე ივსება, ვითარცა სილუამის საბანელი. ეკლესიას ლიტურგიულ ლოცვაზე ძლიერი ლოცვა არ გააჩნია.
პროსკომიდიაში, როგორც მღვდელმოქმედებაში ‒ ხაზს ვუსვამ – სწორედ რომ მღვდელმოქმედებაში, თითოეული ჩვენგანი მონაწილეობს. ჩვენი შესაწირი მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, რომ თანხა გადავიხადოთ და მოსახსენებელი შევაგზავნოთ. როდესაც მღვდელი პროსკომიდიას აღასრულებს, ამ დროს ყოველი დამსწრე პროსკომიდიულ მღვდელმოქმედებაში თავისი ლოცვით მონაწილეობს.
თითოეულის სახელზე ნაწილი ამოიღება და აი, ქრისტესთან, – ღვთის კრავთან, „რომელმან აიღო ცოდვანი სოფლისანი“, ღვთისმშობელთან, ზეციურ ეკლესიასთან თავს იყრის უამრავი ნაწილი. მთელი ეკლესია ფეშხუმზეა მოთავსებული, იგი უფლის მიერ შექმნილი სამყაროს სიმბოლოა, რომლის შუაგული ქრისტეა, აქვეა მოზეიმე ეკლესიაც – დედა ღვთისა, წმინდანთა დასი და ბოლოს, ურიცხვი ნაწილი ცოცხალთა და შესვენებულთათვის – მართალნი და ცოდვილნი, ჯანმრთელნი და სნეულნი, მწუხარენი და გზააბნეულნი, ისინიც კი ვინც უფალს განეშორნენ, დაივიწყეს იგი, ყველა ვისთვისაც ეკლესია ლოცვას აღავლენს. აქ ცოდვილი ბევრად უფრო მეტია ვიდრე წმინდანი. ჩვენ ხომ მათთვის უფრო ვლოცულობთ, ვინც შეწევნას მეტად საჭიროებს. ვინც უძღები შვილის მსგავსად შორს იმყოფება. ჩვენ იგი მოგვყავს ეკლესიაში, როგორც ოთხმა მოყვასმა განრღვეული მოიყვანა და უფლის ფერხთით დასდო. ახლა კი ყველა ერთ სივრცეში იმყოფება, ერთ ეკლესიაში, სადაც ზეციური ამქვეყნიურისაგან განუყოფელია, ამიტომ ითქმის, რომ ეკლესია ერთიანია. აქ წმინდანები ცოდვილთათვის ლოცვას აღავლენენ, ყოველი მათგანი ქრისტესთანაა, ყველა მისი სისხლით განიბანება და გოლგოთას მსხვერპლით განმართლდება. ეკლესია საოცარი და დიდებული სახეა ჩვენი უფალთან ერთობისა.
※ ※ ※
პროსკომიდია სრულდება მოლოდინით: უფალი საფლავში განისვენებს, მღვდელი ტაძარში აკმევს. იგი აკმევს ვარსკვლავს და მას ფეშხუმზე ათავსებს, შემდეგ აკმევს დაფარნებსაც და მათ წმინდა ჭურჭელს გადააფარებს, ნიშნად იმისა, რომ ყრმა იესო გახვეული იყო სახვეველში, ხოლო მაცხოვარი სუდარაში.
პროსკომიდია მეშვიდე დღის დიდი საიდუმლოა, როდესაც ღმერთმა ყველა საქმეთაგან განისვენა. ეს ის კურთხეული შაბათია, რომლის შემდეგაც ჩვენ ქრისტეს აღდგომის მოლოდინში ვართ, ეს განცდაა ჩვენი ხსნისა და მარადიული ცხოვრებისა.
შაბათის განსრულების შემდეგ ჩვენ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს ვეგებებით, ამ დიდებულ სასწაულს პასექის დღესასწაული გამოხატავს, პასექის მსახურება ერთგვარი გარეგნული გამოხატულებაა ჩვენი ლიტურგიული ზეიმისა. პროსკომიდიიდან ლიტურგიაზე გადასვლა შაბათის განსრულებაა, მეშვიდე დღისა. ეს არის სამყაროს აღსასრული – დრო, რომელშიც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით.
საკურთხევლის კმევის დროს მღვდელი სააღდგომო ტროპარს კითხულობს: „საფლავად ხორცითა შეხვედ, ხოლო ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი და სამოთხეს ავაზაკისა თანა და საყდართა მამისა და სულისა თანა განუშორებელ იყავ ქრისტე, რომელი ყოველსავე აღავსებ გარე·მემოუწერელო უფალო, დიდება შენდა". ეს ტროპარი ფრიად მნიშვნელოვანია ლიტურგიის, როგორც მერვე დღის გააზრებისთვის. იგი მიგვანიშნებს, რომ პროსკომიდია და ლიტურგიის დასაწყისი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულსა და ცათა სასუფეველში შესვლას მიესადაგება. მას შემდეგ რაც მღვდელი საეკლესიო ჭურჭელს და მთელ ტაძარს აკმევს, მიუახლოვდება სამეუფო კარს და გადასწევს კრეტსაბმელს, ნიშნად უფლის მოსვლისა და ნიშნად ჩვენი ხსნისა.
※ ※ ※
იწყება ლიტურგია. მღვდელი და დიაკვანი ლოცულობენ და ტრაპეზის წინ სამგზის თაყვანს სცემენ. მღვდელი წარმოთქვამს ლოცვას: მეუფეო ზეცათაო... გაისმის ანგელოზთა გალობა: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. მსახურება, რომელიც მღვდელმა უნდა აღასრულოს ანგელოზებრივია. ადამიანს თითქოს ანგელოზის მოვალეობა ეკისრება. ლიტურგიაში მთელი ეკლესია მონაწილეობს და თავის ერთობას ამით კიდევ ერთხელ ამოწმებს, მღვდელი აცნობიერებს რა თავის ადამიანურ უძლურებას, წარმოთქვამს: უფალო ბაგენი ჩემნი აღახუენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა... დიაკვანი მღვდლისგან კურთხევას იღებს: ჟამი არს მსახურებისა ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ! ეს სიტყვები ნიშნავს, რომ დადგა ჟამი უფალმა თავად იმსახუროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი ის, რაც ადამიანს მოეთხოვებოდა უკვე აღსრულებულია: საღმრთო ძღვენი მორთმეულია, ღვინო და პური სამსხვერპლოზეა, დადგა ჟამი, უფალმა თავად იღვაწოს, ჟამი, როდესაც უფალმა მღვდელმსახურება თავად უნდა აღასრულოს.
ლიტურგიის დაწყებისთანავე ჩვენ უფლის დროში შევდივართ, სადაც არც წარსულია და არც მომავალი, იქ ოდენ აწმყო ჰგიეს. ვითარცა ქრისტემ თავისი სისხლი, ვიდრე იგი გოლგოთაზე დაიღვრებოდა, საიდუმლო სერობის ჟამს მისცა მოწაფეებს, ასევე ჩვენც, ევქარისტიაში მონაწილენი, სიონის სამყოფელში შევდივართ, იმ ერთადერთ საიდუმლო სერობაზე, რამეთუ უფლის დრო ამქვეყნიურ დროს აღემატება...
მთავრდება ლოცვა, მღვდელი დგას ტრაპეზის წინ და მას ოდიკს გადააფარებს. იგი სახარებას აღამაღლებს, ლოცულობს და უფლისაგან შეწევნას ითხოვს. ამ დროს სამეუფო კართან დიაკვანი წარმოთქვამს: ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ! მღვდელი მიუგებს: კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წინა - სარჩევი - შემდეგი