მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

დეკანოზი ალექსი უმინსკი
საღმრთო ლიტურგია

 

როგორ ჩამოყალიბდა პროსკომიდია


 

 

ლიტურგიაში შეიძლება გამოიყოს სამი ნაწილი: პროსკომიდია, კათაკმეველთა ლიტურგია და მართალთა ლიტურგია. უწინარეს ყოვლისა განვიხილოთ, როგორ ჩამოყალიბდა პროსკომიდია, რომლის ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ტაძარში მოტანილი პური და ღვინო საიდუმლოს აღსრულებისთვის მომზადდეს. ამ დროს ხდება ამქვეყნიური და ზეციური ეკლესიის ყველა წევრის მოხსენიება.

პროსკომიდია ანუ წინადაგება, ბერძნული სიტყვაა და ძღვენს ან შესაწირს ნიშნავს. მოციქულთა დროს ყოველ ქრისტიანს თავისი შესაწირი მოჰქონდა, აქ ყველაფერი საერთო იყო. როგორც მოციქულთა საქმეშია ხაზგასმული: მორწმუნეთა კრებულს ერთი აზრი და სურვილი აერთიანებდა, პირადი საკუთრება არ გააჩნდათ, თითოეული მათგანი საერთო კეთილდღეობისთვის არაფერს იშურებდა.

მოციქულთა საქმის მეხუთე თავში მოთხრობილია ამბავი ანანიასა და საფირას შესახებ, რომელიც ბევრისთვის გაუგებარია. გავიხსენოთ ეს ეპიზოდი: „ვინმე ანანიამ ცოლთან საფირასთან ერთად, გაყიდა აგარაკი. მან ცოლის თანხმობით, დამალა ფასი და მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო. პეტრემ ჰკითხა: ანანია, რისთვის აღძრა შენი გული ეშმაკმა სულიწმიდისათვის რომ გეცრუა? განა რაც გქონდა შენი არ იყო, და განსყიდულის საფასურიც შენს ხელთ არ გეპყრა? არა ეცრუე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა! ამ სიტყვის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. აღდგნენ ჭაბუკნი, შემოსეს იგი და დაფლეს. სამიოდე საათის შემდეგ, მოვიდა საფირა, ანანიას ცოლი, რომელმაც მომხდარის შესახებ არაფერი უწყოდა და შევიდა. პეტრემ ჰკითხა: მითხარ მე, ამდენად გაყიდეთ დაბა? მან მიუგო: დიახ, ამდენად. პეტრემ მას უთხრა: რატომ შეთანხმდით, რომ გამოგეცადათ სული უფლისა? აჰა, კარს მოადგნენ შენი ქმრის დამფვლელთა ფერხნი და განგიღონ შენცა? საფირა მყისვე დაეცა და სული განუტევა. შემოვიდნენ ჭაბუკნი, ნახეს, რომ საფირა მომკვდარიყო, წაიღეს და ქმრის გვერდით დამარხეს. და იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა კრებულსა და ყოველთა რომელთა ესმა ესე".

ეპიზოდი შიშის მომგვრელია. თუ ამ ამბავს თანამედროვე პრაგმატული თვალსაზრისით განვიხილავთ, ცოლ-ქმრის დანაშაული არც ისეთი თვალსაჩინოა. მათ ეკლესიაში საკუთარი ფული იძულების გარეშე მოიტანეს, მაგრამ რისთვის დაისაჯნენ ისინი ასე მკაცრად? საკითხი ფრიად დამაფიქრებელია. კითხვაზე პასუხი აუცილებელია, რათა ამ სნეულებისაგან ჩვენც განვიკურნოთ. ჩვენი ეკლესიის ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან წააგავს ანანიასა და საფირას სულიერ მდგომარეობას. ანანია და საფირა თემში მოვიდნენ, სადაც ყველაფერი საერთო იყო, და სადაც უფალი მეფობდა. მოვიდნენ არა იმისთვის რომ თავისი გაეღოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთე თავად მიეღოთ, ისინი შინაგანად არ შეცვლილან, დარჩნენ ანგარების მოყვარენი.

უფლისთვის ჩვენც გავიღებთ ჩვენსას, ოღონდ სრულად არა, რადგან საკუთარი თავი უფლისათვის ბოლომდე არ გვემეტება. თავი შინაურებად მოგვაქვს, ქრისტეს მადლით როგორც შინაურები, ისე ვსარგებლობთ – იგი ხომ ყველას უანგაროდ ეძლევა, ვითარცა სიყვარულის ნიჭი ‒ მას ვერ იყიდი, ვერ მოიპარავ, ვერ მიითვისებ; და თუ ადამიანი მოდის იმისათვის, რომ ეს ნიჭი მოიპაროს, იგი გმობს სულიწმიდას. ეს სიცრუე მიუტევებელია, ამ სიცრუით ადამიანი ეკლესიის არსს ამახინჯებს.

რაოდენ იოლია ცხოვრება სიყვარულის გარემოცვაში ანგარებისმოყვარე, ცრუ და სასტიკი ადამიანისათვის, რაოდენ იოლია დამორჩილება ქვეყნიერებისა, სადაც ყველაფერი სიყვარულსა და ნდობაზეა დაფუძნებული და მაინც რაოდენ შემზარავია ასეთი ადამიანის ცხოვრება.

საშინელია ეს ცოდვა. მოციქული მას არა მარტო განკვეთს, იგი დაამოწმებს, რომ სულიწმიდა ამოძირკვავს მას პირველქრისტიანული თემის ცხოვრებიდან, რადგან ასეთი რამ ეკლესიაში დაუშვებელია.

ყველას ვინც ეკლესიაში მოდიოდა, უთუოდ მოჰქონდა რაიმე მრევლისთვის აუცილებელი – გული, გონება, თავისი ნაღვაწი. ასეთი შემოწირულობებით შეეწეოდნენ ქვრივ-ობლებს, არავინ იყო ნაკლულევანი მათ შორის და სულიწმიდა იყო მადლის მომნიჭებელი. დიაკვნები შემოწირულობებს ანაწილებდნენ. ასე ჩამოყალიბდა ლიტურგიის ის ნაწილი, რომელსაც პროსკომიდია ეწოდა, როდესაც დიაკვანი გამოარჩევს საღმრთო ძღვენს – საუკეთესო პურსა და საუკეთესო ღვინოს.

უპოვრებსა და ობლებს ლიტურგიისთვის წყალი მოჰქონდათ, რათა განბანისთვის გამოეყენებინათ, არავინ უნდა მისულიყო მხოლოდ იმისათვის, რომ მიეღო, ყველა მოდიოდა რათა გაეცა ‒ მოიტანე თუნდაც წყალი, ოღონდ ხელცარიელი ნუ მოხვალ.


※ ※ ※


ღმერთი მხოლოდ გასცემს, მისგან ვერაფერს იყიდი. რაიმეს მოცემას ის მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ ხელები წყალობის მისაღებად თავისუფალი გაქვს. როდესაც ორივე ხელში ჩანთები გიჭირავს, მათ ღვთისკენ ვერ გაიწვდი.

მსხვერპლშეწირვის გააზრებისას ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადრე ადამიანებს რაც გააჩნდათ, ის მოჰქონდათ. დღეს კი ამან გადასახადის ხასიათი მიიღო, რაც ეკლესიასთან ჩვენ დამოკიდებულებას ბუნდოვანს ხდის. სამწუხაროდ ზოგიერთისთვის ეკლესია ერთგვარ სავაჭრო ადგილად იქცა: მოდი, გადაიხადე ფული, იყიდე სეფისკვერი, დატოვე მოსახსენებელი... არაეკლესიურ ან ახალმოქცეულ ადამიანთა ცნობიერებაში მსხვერპლშეწირვის ცნება თანდათან ქრება. მსხვერპლში პირადი ღვაწლი იგულისხმება, ადამიანი მსხვერპლის შეწირვის დროს ყოველთვის საკუთარი გულის ნაწილს სწირავს ღმერთს. ჩვენ ეკლესიაში მსახურების სურვილით უნდა მოვიდეთ. მოსახსენებელი მხოლოდ იმ მიზნით არ უნდა შევაგზავნოთ, რომ მამაო ილოცებს, ეს ჩვენი ლოცვაც და ჩვენი მსხვერპლიც უნდა იყოს. უფლისადმი ჩვენი ძღვენი შემუსვრილი სულია და სხვა არაფერი. ეკლესიას ჩვენი მსხვერპლის მატერიალიზება არ სჭირდება – მას დუქნად ნუ გადააქცევთ! აქ რამის შესაკვეთად, საყიდლად და ნავაჭრის შინ წასაღებად ნუ მოხვალთ! ღმერთს მხოლოდ ჩვენი გული ესათნოება. პროსკომიდია ლიტურგიის პირველი ნაბიჯია, საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება.



წინა - სარჩევი - შემდეგი