მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

დეკანოზი ალექსი უმინსკი
საღმრთო ლიტურგია

 

წმინდა ჭურჭელი


 

 

ბარძიმ-ფეშხუმი ღვთისმსახურების უმნიშვნელოვანესი ჭურჭელია, რომელიც მაცხოვარმა საიდუმლო სერობის ჟამს გამოიყენა. ფეშხუმი სადგამიანი თეფშია, მასზე ახალი აღთქმის რომელიმე ეპიზოდი, უფრო კი ქრისტეშობაა გამოსახული. ფეშხუმი ამავე დროს ბეთლემის გამოქვაბულისა და უფლის საფლავის სიმბოლოა.

ორი ჯვრის ფორმის დაფარნა, რომელსაც ბარძიმსა და ფეშხუმს აფარებენ და დიდი დაფარნა, ერთი მხრივ, ჩვილის სახვევებს განასახიერებს, რომელშიც ახალშობილი მაცხოვარი იყო გახვეული. მეორე მხრივ – სუდარას, რომელშიც გარდამოხსნის შემდეგ ქრისტე წაგრაგნეს.

პატარა გრძელტარიანი კოვზი, რომელიც ერისკაცთა საზიარებლად გამოიყენება, ღვთისმსახურებაში მოგვიანებით დამკვიდრდა. იგი ესაიას წინასწარმეტყველებას გვაგონებს: „და მოივლინა ჩემდამო ერთი სერაფიმთაგანი და ხელსა შინა ჰქონდა ნაკვერცხალი, რომელი მარწუხითა აიღო საკურთხევლისაგან, და შეახო პირსა ჩემსა და თქვა: აჰა, შევახე ესე ბაგეთა და მოგისპნეს უშჯულოებანი შენნი და ცოდვანი შენნი განწმიდნეს“ (ესაია 6.6). ეს ზიარების ძველაღთქმისეული სახეა: კოვზი მარწუხის სიმბოლოა, რომლითაც მთავარანგელოზმა მაყალიდან ნაკვერჩხალი აიღო.

ჯვარზე გაკრული მაცხოვარი რომაელი მეომრის მახვილით განიგმირა, ლიტურგიის დროს კი გამოიყენება ლახვარი (ბასრი დანა), რომლითაც სეფისკვერიდან ნაწილები ამოიღება.

ვარსკვლავი, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს, ჯვარცმას გამოხატავს და ამავე დროს ბეთლემის ვარსკვლავს, მოგვებს ახალშობილი ყრმის სამყოფლისაკენ რომ მიუძღოდა.

ლიტურგიისთვის აუცილებელია წითელი ღვინო და წყალი, მოსაგონებლად იმისა, რომ მაცხოვრის განგმირული გვერდიდან სისხლი და წყალი გარდამოხდა.

მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში სეფისკვერი, ანუ ხორბლის გაფუებული პური გამოიყენება. სეფისკვერი მრგვალი ფორმისაა და ორი ნაწილისაგან შედგება, ნიშნად იმისა, რომ ქრისტე ორბუნებოვანია და ერთი ღმერთკაცობრივი პიროვნება, სეფისკვერზე არის ბეჭედი ჯვრის გამოსახულებით. მის ოთხივე მხარეს წარწერაა: იესო ქრისტე, მაცხოვრის სახელი, ხოლო ქვედა ნაწილზე ძლევა. სეფისკვერებზე შესაძლოა ღვთისმშობელი ან წმინდანებიც იყოს გამოსახული.

ლიტურგიის დროს ტრადიციისამებრ, ხუთი დიდი სეფისკვერი და პატარა სეფისკვერების გარკვეული რაოდენობა, გამოიყენება ცოცხალთა და მიცვალებულთა მოსახსენებლად, რომელთა სახელები წერილობით არის მითითებული. ეს ჩვეულება დროთა განმავლობაში იქნა მიღებული. პროსკომიდია, დღევანდელი სახით, მხოლოდ პირველი ათასწლეულის მიწურულს დამკვიდრდა.

მოციქულთა საქმეში ლიტურგიას „პურის განტეხა“ ეწოდება. დევნილობის ჟამს, როდესაც ლიტურგია კატაკომბებში აღესრულებოდა, პროსკომიდიისთვის მხოლოდ ორი ჭურჭელი გამოიყენებოდა: ბარძიმი და ფეშხუმი, სადაც განტეხილი „ქრისტეს ხორცი“ იყო მოთავსებული. მორწმუნენი ფეშხუმიდან იღებდნენ „ხორცს“ და ბარძიმიდან „სისხლს“ შესვამდნენ. ისინი ეზიარებოდნენ ისე, როგორც ამჟამად საკურთხეველში მღვდლები ეზიარებიან ხოლმე.

მოგვიანებით, კონსტანტინე დიდის მეფობის ჟამს მორწმუნეთა რიცხვი გაიზარდა, გაჩნდა სამრევლო ტაძრები და „პურის განტეხა“ მრავალრიცხოვანი მრევლისთვის გაძნელდა. კოვზი და ლახვარი იოანე ოქროპირის დროს შემოიღეს, ღვთისმსახურებაში თავისთავად არაფერი ხდება, ყველა ეს ნივთი საიდუმლოს არსის სრულ გამოვლინებას ემსახურება.



წინა - სარჩევი - შემდეგი