მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

დეკანოზი ალექსი უმინსკი
საღმრთო ლიტურგია

 

სამღვდელო შესამოსელი


 

 

ეკლესიაში მღვდლის შემოსვას თან ახლავს ლოცვები, რომელთაც იგი, ჯერ კიდევ შეუმოსავი, სამეუფო კარის წინაშე წარმოთქვამს მღვდელი საიდუმლოს აღსრულების წინ უფლისაგან სულიერ ძალასა და ცოდვათაგან განწმენდას ითხოვს, რათა მსახურება დაუბრკოლებლად შეძლოს. ლოცვა ასეთია: უფალო გარდამოავლინე სული შენი მაღლით სამკვიდრებელით შენით, და განმაძლიერე მე მსახურებასა ამას შენსა ზედა, დაუსჯელად წარდგომად წინაშე საშინელსა საკურთხეველსა შენსა, და შეწირვად შენდა უსისხლო იგი მსხვერპლი, რამეთუ შენი არს ძალი, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვის დასრულების შემდეგ იგი მრევლისაგან შენდობას ითხოვს და საკურთხეველში შედის ფსალმუნის კითხვით: შევიდე სახლსა შენსა, თაყვანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა უფალო. სამგზის თაყვანს სცემს წმინდა ტრაპეზს და შემოსვის დროს კითხულობს ლოცვებს, რომელნიც სამღვდელო შესამოსლის მნიშვნელობას განმარტავენ.

თავდაპირველად მღვდელმსახურებს შესამოსელი არ ჰქონდათ. მათ მოგვიანებით მიიღეს ეკლესიის სხვა წევრთაგან საგანგებო განმასხვავებელი ნიშნები. დიაკვნის, მღვდლის, ეპისკოპოსის შესამოსელი უმეტესწილად ერთმანეთის მსგავსია. დიაკვნის შესამოსელი სტიქარის, ორარისა და სამკლავეებისაგან შედგება. მღვდლის შესამოსელს ემატება ეპიტრახილი ანუ ოლარი, სარტყელი და ფილონი. შესამოსლის ყველა დეტალი ბიზანტიურია და მას სიმბოლური დატვირთვა აქვს. შემოსვისას მღვდელი ლოცვებს წარმოთქვამს, რომლებშიც საუბარია თითოეული შესამოსლის მნიშვნელობაზე. სამღვდელო სტიქარს კვართი ეწოდება. კვართით შემოსვისას მღვდელი მოიხსენიებს ნათლისღების უხრწნელობას, რომლითაც ადამიანებმა ქრისტე შეიმოსეს. თეთრი კვართი სიწმინდესა და უბიწოებაზე მიგვანიშნებს – ეს საქორწინო შესამოსელია, რომლითაც უფლის წინაშე უნდა წარვდგეთ. ქრისტეს სასძლო ეკლესიაა, ეკლესიას კი ჩვენ წარმოვადგენთ. ლიტურგიის დაწყებამდე მღვდელი, რომელიც თეთრი კვართით იმოსება, ეკლესიისა და ქრისტეს ქორწინებას განასახიერებს. იგი შედის საკურთხეველში, როგორც საღმრთო ერის წარმომადგენელი, არ გამოიყოფა ეკლესიაში მყოფ სხვა ერისკაცთაგან, არამედ ღვთის წინაშე წარდგება, როგორც ამ ერის წინამძღვარი.

მღვდელი და დიაკვანი ხელებზე სამკლავეებს იკეთებენ. ნიშნად იმისა, რომ ისინი არა საკუთარი ხელით, ძალაუფლებით და გონებით აღასრულებენ მსახურებას, არამედ ღვთის ძალითა და მადლით. მღვდელი სარტყელს შემოირტყამს და წარმოთქვამს: კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე ძალი – ეს მზადყოფნაა მორჩილებისა და მსახურებისთვის. მღვდელი მზად არის დაადგეს იმ გზას, რომლისკენაც უფალი მიუთითებს, ყველა მისი ბრძანება და მოწოდება შეისმინოს. მას მოეთხოვება იყოს ქრისტეს მხედარი.

დიაკვნის ორარს მღვდლის ოლარი ცვლის. იგი მღვდლობის მადლის სიმბოლოა. ოლარი ხარის უღელს წააგავს: „მოსეს შჯულში წერია: არა შეუკრა პირი ხარსა მლეწველსა“, ამბობს პავლე მოციქული. ხარი უღელშია შებმული და კალოს ლეწავს – ეს ევქარისტიული სახეა. ოლარი განასახიერებს მღვდლის მზადყოფნას გუთანში შებმული ხარის მსგავსად ზიდოს ჭაპანი. უღელი ღვთის მადლია, რომლის შესახებაც ითქვა: „უღელი ჩემი ტკბილ არს..“ ოლარის გარეშე არც ერთი მსახურება არ აღესრულება. ბოლოს მღვდელი ფილონით იმოსება, ეკლესიის დიდებას, მის სიწმინდეს, მადლმოსილებას რომ განასახიერებს და რომელიც ყველა ადამიანურ უძლურებას გადაფარავს. ამის შემდეგ მღვდელი ხელთბანას აღასრულებს, რაც მისი სულისა და ცხოვრების უბიწოების სიმბოლოა.

დიაკვნის სტიქარსა და სამკლავეებს იგივე მნიშვნელობა აქვთ და შემოსვისას დიაკვანი იმავე ლოცვებს კითხულობს. ორარი ანუ გინგილა ანგელოზის ფრთებს განასახიერებს, რომელნიც უფალს დაუდუმებლად მსახურებენ. დიაკვნის მსახურებაც ანგელოზთა მსახურების ხასიათს ატარებს.

ეპისკოპოსის შესამოსელია: კვართი, ოლარი, სარტყელი და სამკლავეები. საკოსი ფილონის შემცვლელია, იგი დიაკვნის სტიქარს წააგავს, მაგრამ შედარებით ფართო და მოკლეა. მას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ფილონს. ომოფორი წარწყმედილი ცხოვარის სიმბოლოა და შეგვახსენებს ეპისკოპოსის მოვალეობას, მოიძიოს წარწყმედილი ცხოვარი და მაცხოვარს მიჰგვაროს. ეპისკოპოსის კვერთხი ეკლესიის დაუსრულებელი მოგზაურობის სიმბოლოა, მას ნავთსაყუდელი არ გააჩნია, იგი სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზეა, რამეთუ იქ არის ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო. ეპისკოპოსის მიტრა ქრისტეს ეკლიან გვირგვინს განასახიერებს. ეკლესია რომელსაც ეპისკოპოსი მართავს ქრისტეს სხეულია, მარად გვემული, შეურაცხყოფილი და ჯვარცმული.


※ ※ ※


ყველა ეკლესიური სიმბოლო მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ფრიად მნიშვნელოვანია, მაგრამ არა აბსოლუტური. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ მისი დროებითი ისტორიული ხასიათი და შინაარსი. თუ მღვდელმსახური მოცემულ დროს შემოსილი არ გახლავთ, იგი მაინც მღვდელმსახურია. საპყრობილეში და გადასახლებაში შესამოსელი არ გააჩნდათ, მაგრამ საიდუმლოებებს მაინც აღასრულებდნენ.

ძველ დროში სიმბოლო ხის ან თიხის ბეჭედს ეწოდებოდა. როდესაც ორი ახლობელი ადამიანი ერთმანეთს შორდებოდა მას შუაზე გადატეხდნენ და სიმბოლოს ნაწილებს ერთგულების ნიშნად ინახავდნენ. სიმბოლო ადამიანების გაერთიანების ნიშანი იყო. ამჟამად სიტყვაში „სიმბოლო“ ხშირად იგულისხმება გამოსახულება იმისა, რაც სინამდვილეში არ არსებობს. იგი ასრულებს რაღაც ხელოვნურ, თითქმის თეატრალურ როლს. მაგალითად, ლიტურგიკის ზოგიერთ წიგნში მითითებულია, რომ მცირე გამოსვლის დროს, მღვდელი ქრისტეს საქადაგებლად გამოსვლას „განასახიერებს'. ლიტურგიის ასეთი განმარტება მოქმედების აზრს უფრო ბუნდოვანს ხდის. ამ დროს, გარკვეული აზრით, სიწმინდის პროფანაცია ხდება, იმისა რასაც სიტყვით ვერ განმარტავდა რაც ოდენ სულისა და ძალის გამოვლინებაა. სინამდვილეში არავინ არაფერს არ განასახიერებს. ლიტურგია იმისათვის არ არის მოწოდებული, რომ რაიმე განასახიეროს. ყოველი ეკლესიური სიმბოლო არსებული რეალობაა და არარსებულის ადგილს არ იკავებს. ხატი ქრისტეს შემნაცვლებელი სიმბოლო რომ იყოს, უმალ კერპად გადაიქცეოდა. სიმბოლო ლიტურგიაში გამოუთქმელი რეალობის ნიშანია, რამეთუ სიტყვა უძლურია და არსებულ რეალობას სათანადოდ ვერ გამოხატავს, სიმბოლო კი იგავის მსგავსად ჭეშმარიტების აღქმაში გვეხმარება.



წინა - სარჩევი - შემდეგი