„საქმე მოციქულთა“ სრულდება იმაზე მოწმობით, რომ პავლე რომში „დაადგრა ორ წელ ყოვლად თვისითა სასყიდლითა და შეიწყნარებდა ყოველთა, რომელნი მოვიდოდეს მისა, ქადაგებდა სასუფეველსა ღმრთისასა და ასწავებდა უფლისა იესუ ქრისტესთვის ყოვლითა განცხადებულებითა დაუბრკოლებელად“ (28. 30-31). პავლე, როგორც პატიმარი, ორი წელი რჩება რომში და საკუთარი შრომით ( მეპრატაკეობა, ასევე ამზადებდა კალათებსა და კარვებს) ირჩენდა თავს. მას რომში ქადაგების უფლება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი პატიმარია. ჯერ სასამართლო არ ყოფილა, დაახლოებით 63 (ან 64) წელს შედგა პავლეს სამსჯავრო, სადაც ნერონმა იგი გაამართლა. ეს გახლავთ ქრისტიანობის გამარჯვება. იუდეველთაგან დევნილი ქრისტიანი წარმართის მიერ გამართლდა, შესაბამისად დამტკიცდა პავლეს მოძღვრების ჭეშმარიტება. პავლეს სასამართლოზე იმდენად თავის გადარჩენა არ უნდოდა, რამდენადაც სხვებზე ზრუნავდა.
პავლეს ქადაგების გამო ადგილობრივებში რაიმე ამბოხი არ ყოფილა, რადგან ისინი წარმართები იყვნენ და არავითარი შური არ გასჩენიათ. რაც შეეხებათ ებრაელებს, ისინი მცირენი იყვნენ და ამიტომ, არ შეეძლოთ რაიმე ამბოხის მოწყობა. ზოგადად ვერც ებრაელები და ვერც წარმართები ვერ გაბედავდნენ, რომ სამეფო ქალაქში რაიმე შფოთი გამოეწვიათ, რადგან იცოდნენ ამის გამო როგორი მკაცრი სასჯელი ელოდათ. აქ ასრულებს თხრობას ლუკა მახარებელი, იგი მეტს აღარაფერს გვაუწყებს პავლეს შემდგომი ამბების შესახებ. თუმცა, ევსევი პამფილიელისაგან ვიგებთ, თუ რა მოხდა. ორწლიანი პატიმრობის შემდეგ პავლე რომში განიკითხა ნერონის მიერ და როგორც უდანაშაულო განთავისუფლდა და ამის შემდეგ კიდევ დაუბრკოლებლად ქადაგებდა სახარებას, ხოლო როდესაც ნერონმა კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა, მან მეორედ განიკითხა პავლე და 67 წელს თავი მოკვეთა.
პავლემ საპყრობილედან ეპისტოლეები გაუგზავნა ფილიპელებს, ეფესელებს, კოლასელებს, ფილომონსა და ებრაელებს. წიგნის მოულოდნელი დასრულება დამაჯერებლად მოწმობს მის ნამდვილობას და იმას, რომ იგი მართლაც თავთა მოციქულთა აღსასრულამდე, ანუ 67 წლამდეა დაწერილი.
პავლე მოციქულის მოგზაურობის ქრონოლოგია:
1. პავლეს მოგზაურობა დამასკოში: 37-40 წწ.
2. I მისიონერული მოგზაურობა: 45-47 წწ.
3. II მისიონერული მოგზაურობა: 51-53 წწ.
4. III მისიონერული მოგზაურობა: 54-58 წწ.
5. პატიმრობა იუდეაში: 58-60 წწ.
6. მოგზაურობა რომში: 60-61 წწ.
7. პატიმრობა რომში: 61-63 წწ.
8. ბოლო მოგზაურობა: 63-67 წწ.
P.S. ცხრილი მომზადებულია მთავარეპისკოპის ამბერკი ტაუშევის ცნობების მიხედვით.
(მთავარეპისკოპისი ამბერკი ტაუშევი, „საქმე წმიდათა მოციქულთა“ ტექსტი, განმარტება. გვ. 255).
წინა - სარჩევი - შემდეგი