მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

პავლეს ჩასვლა რომში და იუდეველთა წინაშე ქადაგება (28.11-29)


 

 

„კუნძულ მალტაზე ჩასვლიდან 3 თვის შემდეგ გავემგზავრეთ ალექსანდრიული ხომალდით, რომელსაც „დიოსკორე“ ეწოდება. ჩავედით სვირაკოსად, სადაც გავჩერდით სამი დღე, იქედან მივედით რეგონდში, ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაბერა და მეორე დღეს მოვედით პონტიოლში, სადაც ვნახეთ ჩვენი ძმები და მათი თხოვნით 7 დღე დავრჩით იქ, შემდეგ კი რომში წავედით“ (28.11-14). ალექსანდრიულ ხომალდს, რომელიც რომში მიდიოდა, „დიოსკორე“ ერქვა, მისი სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული კერპისაგან „დიოს“ და ითარგმნება როგორც დღის მწყობრი. რომში ჩასვლამდე ისინი ჩავიდნენ სიცილიის ქალაქ სირაკუზში, რათა მოციქულის ქადაგების ხმა იქამდეც მიღწეულიყო. პონტიოლში აღმოჩნდნენ ქრისტიანები, რომელთა თხოვნითაც პავლე მათთან დარჩა 7 დღე. ეს გარემოება ასისთავ ივლიოსის პავლეს მიმართ დიდ პატივისცემასა და ნდობაზე მიუთითებს. 7 დღის შემდეგ პავლემ და მისმა თანამგზავრებმა გზა რომისაკენ განაგრძეს.

„იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და გამოვიდნენ ჩვენს შესახვედრად „ვიდრე აჰპიოფორადმდე და მესამე ღვინის საფარდულად“. პავლემ ისინი რომ დაინახა, ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა. რომში ჩასულ მოციქულს უფლება მისცეს, რომ თავისთვის ყოფილიყო მცველ ჯარისკაცებთან ერთად“ (28.15-16). მოციქული არა მარტო ზეგარდამო ჩვენებით, არამედ ძმათა ხილვითაც იღებს ნუგეშს. გაიგეს რა იქაურმა მორწმუნეებმა მისი ჩამოსვლა, არ დაელოდნენ მოციქულის ქალაქში ჩამოსვლას და ქალაქგარეთ შეეგებნენ.

მას შემდეგ, რაც ამდენი სასწაული იხილა ივლიოს ასისთავმა, ისიც პატივისცემითა და თავისუფლად ეპყრობოდა პავლეს, მან მოციქულს მხოლოდ ერთი მცველი მიუჩინა, რადგან მაინც პატიმარი იყო და კეისრის წინაშე უნდა წარედგინა, ამიტომ წესი მოითხოვდა ამას.

„რომში ჩასვლიდან სამი დღის შემდეგ პავლემ რომის ყველაზე წარჩინებული, ცნობილი იუდეველები მოიწვია და უთხრა მათ: „კაცნო, ძმანო, მე არაფერი არ ჩამიდენია ხალხისა და სჯულის საწინააღმდეგო, მაგრამ პატიმრად გადამცეს იერუსალიმელებმა რომაელების ხელში. მათ დამკითხეს და უნდოდათ ჩემი გათავისუფლება, რადგან არაფერი სასიკვდილო ბრალი არ მქონდა, მაგრამ რაკი იუდეველნი წინ აღგვიდგნენ, იძულებული გავხდი, კეისრის სამსჯავრო მომეთხოვა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ხალხისათვის ბრალი დამედო. აი ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რამეთუ „სასოებისათვის ისრაელისა ჯაჭვი ესე ზედა-მაც მე“ (28.17-20). პავლე უხსნის რომაელ ებრაელებს, რომ აქ თავისი ხალხის დასასმენად არ ჩამოსულა, არამედ იძულებული გახდა, კეისრის სამსჯავრო მოეთხოვა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი გაამართლეს მთავრებმა, ჰურიებმა არ დაანებეს და მის სიკვდილს ითხოვდნენ.

28.18-19 მუხლიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ პავლე მოციქულმა აღიარა რომაული სასამართლოს ღირსება იუდაურთან შედარებით. რჯულის მიხედვით, პავლე წარმართის წინაშე განსასჯელად არ უნდა წარმდგარიყო, მაგრამ რადგანაც სინედრიონთან არსებული სასამართლო მიკერძოებული იყო, პავლემ ამიტომ მოითხოვა კეისრის სამსჯავრო. მან სჯულს გვერდი აუარა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ ქრისტეს სიმართლე დამტკიცებულიყო.

პავლე მოციქული ამბობს, რომ „სასოებისათვის ისრაელისა ჯაჭვი ესე ზედა-მაც მე“ (28.20). ისრაელის სასოებაში, ცხადია, ისრაელის იმედი იგულისხმება. ძველაღთქმისეული განმარტებით ეს არის მოლოდინი მესიისა, ახალაღთქმისეული გააზრებით კი იესო ქრისტე, ე.ი. რადგან მე ვსასოებ და ვქადაგებ იესო ქრისტეს, სწორედ მისი სახელის ქადაგების გამო მადევს მე ეს ბორკილები.

როგორც ცნობილია, არამარტო იერუსალიმელმა ებრაელებმა არ მიიღეს ქრისტე, არამედ მსოფლიოში მიმოფანტულ ებრაელებსაც ამცნეს, არ მიეღოთ მოციქულთა ქადაგება. „იუდეველებმა უთხრეს, რომ მასზე არანაირი წერილი არ მიუღიათ, არც ვინმე მოსულა ძმათაგან და არ უთქვამს შენზე რაიმე ძვირი. ჩვენ გვინდა, რომ მოვისმინოთ შენგან თუ რას ფიქრობ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ მოძღვრებას ყველგან ეწინააღმდეგებიან. დაუნიშნეს დღე და ბევრი მოვიდა სასტუმროში, არამარტო ყველაზე ცნობილი იუდეველები, არამედ მისი მოსმენის მსურველნიც. მოციქულიც დილიდან საღამომდე ღვთის სასუფეველზე და იესოზე ამოწმებდა მოსეს სჯულისგან და წინასწარმეტყველთაგან, ზოგმა დაიჯერა, ზოგმა კი არა. როდესაც ვერ შეთანხმდნენ და უნდა დაშლილიყვნენ, პავლემ მოიყვანა ესაიას წინასწარმეტყველება: „მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისხმა-ჰყოთ და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ, რამეთუ განზრქნა გული ერისაი ამის და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუსადა იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისხმა-ყონ და მოიქცენ და განვკურნე იგინი. საცნაურ უკუე იყავნ თქუენდა, რამეთუ წარმართთათვის მოივლინა მაცხოვარებაი ღმრთისაი და მათცა ისმინონ“ (28.23-28), ანუ მიდი ამ ხალხთან და უთხარი, რომ მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ. იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ, რადგან გაუქმდა ამ ხალხის გული, ყურებით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ ვერ ხედავდნენ, ყურებით კი არ ესმოდეთ, გულით ვერ ხვდებოდნენ, რომ არ განვკურნო ისინი. ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს და მოისმინეს კიდეც. ეს რომ თქვა მოციქულმა, იუდეველები წავიდნენ და დიდი დავა ჰქონდათ ერთმანეთში“ (28.29). პავლეს ერთი სურვილი აქვს, რომ ყველას უქადაგოს სახარება, ხოლო ვინც არ მიიღებს მისას, ის ეურჩება სულიწმინდას და შეახსენებს მათ ესაიას წინასწარმეტყველებას, რომელსაც წინასწარ ეუწყა ჰურიათა ბრალი, რომლებმაც იხილეს განხორციელება ქრისტესი, მაგრამ არ მიიღეს იგი. აქაც იმხილნენ იუდეველნი პავლესგან და მდრტვინავნი წავიდნენ, მაგრამ მათ არ ხელ-ეწიფებოდათ მოციქულის წინააღმდეგ შფოთის ატეხა, როგორც ეს იერუსალიმში ქნეს.



წინა - სარჩევი - შემდეგი